Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-217-207-2016 20 მაისი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს ,,ჯ-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ. ჩ-ე, ზ. ჩ-ე, თ. ჩ-ე, ლ. კ-ე (მოსარჩელეები)

მესამე პირები - მ. კ-ე, სს ,,ს-ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. დ. ჩ-ე, ზ. ჩ-ე, ლ. კ-ე და თ. ჩ-ე (შემდეგში: მოსარჩელეები, დაზარალებულები) არიან ქ. თბილისში, ო-ის ქ. №5-ში (ყოფილი გ-ის მე-3 შესახვევი, №3ა) მდებარე საცხოვრებელი სახლის თანამესაკუთრეები, რომელიც 2012 წლის სექტემბერში დაზიანდა შპს „ჯ-ის“ (შემდეგში: მოპასუხე, საწარმო, ზიანის მიმყენებელი ან კასატორი) საკუთრებაში არსებული წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანების შედეგად ფუძე-გრუნტში წყლის ჩადინებით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 992-ე, მე-1000 მუხლები).

2. დაზარალებულებმა 2014 წლის 11 ნოემბერს სარჩელი აღძრეს საწარმოს წინააღმდეგ და მოითხოვეს მიყენებული ზიანის - 177 589,10 ლარის ანაზღაურება.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საწარმოს დაზარალებულთა სასარგებლოდ დაეკისრა 164 460 (ას სამოცდაოთხი ათას ოთხას სამოცი) ლარის გადახდა, ასევე, მოსარჩელეების მიერ აუდიტორულ შეფასებასა და ექსპერტიზაზე გაწეული ხარჯების 8 852.33- ლარის ანაზღაურება.

4. საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდეგში ექსპერტიზის ეროვნული ბიურო) 2012 წლის 10 დეკემბრის, 2014 წლის 4 მარტის, 2015 წლის 16 მარტის დასკვნებს და ქართულ-გერმანული ექსპერტიზის ბიუროს 2015 წლის 17 აპრილის №174 აქტს.

5. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნების საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საცხოვრებელი სახლის დაზიანება გამოწვეულია 2012 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში წყალსადენის მაგისტრალური მილის მასშტაბური რღვევისა და ფუძე გრუნტში წყლის ჩადინების შედეგად საძირკვლის არათანაბარი ჯდენებით.

6. სასამართლომ არ გაიზიარა ქართულ-გერმანული ექსპერტიზის ბიუროს 2015 წლის 17 აპრილის №174 აქტი, რომლის მიხედვით 2012 წლის სექტემბრის თვეში წყალსადენის D 100 მმ მილის დაზიანება არ წარმოადგენს შენობის მზიდი კედლების დაზიანების და სახლის ავარიული მდგომარეობის გამომწვევ ძირითად და ერთადერთ მიზეზს.

7. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ქართულ-გერმანული ექსპერტიზის ბიუროს მიერ კვლევა შესრულებული იყო მიკერძოებულად და არ იყო მიმართული არსებული მიზეზების გამოსავლენად. სასამართლოს შეფასებით აღნიშნული დასკვნა არაობიექტური იყო, ვინაიდან გამოკვეთილი იყო მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნებში ასახული შედეგების გაბათილების მცდელობა.

8. სასამართლომ მოპასუხის ქმედება შეაფასა არა სსკ-ის 992-ე, არამედ მე-1000 მუხლით გათვალისწინებულ დელიქტურ სამართალდარღვევად, ხოლო ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით - არ გაიზიარა დაზარალებულთა მტკიცება, რომ მიყენებული ზიანი შეადგენდა 177 589,10 ლარს, როგორც ეს ი.მ „თ-ის“ 2013 წლის ხარჯთაღრიცხვაში (შემდეგში ხარჯთარღიცხვა - იხ. ტ.1, ს.ფ. 33-35) იყო მითითებული. სასამართლო დაეყრდნო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 4 მარტის დასკვნას, რომელშიც მითითებულია, საცხოვრებელი სახლის აღდგენა-გაძლიერების სამუშაოებისათვის, 174 991 ლარის ნაცვლად, 164 460 ლარი იყო რეკომენდირებული დასამტკიცებლად.

9. სასამართლომ, უსაფუძვლოდ ჩათვალა დაზარალებულთა მითითება იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ საწარმოს უნდა დაეკისროს ზიანის ანაზღაურება არა ეროვნულ, არამედ უცხოურ ვალუტაში და განმარტა, რომ სსკ-ის 389-ე მუხლი - “თუ გადახდის ვადის დადგომამდე გაიზარდა ან შემცირდა ფულის ერთეული (კურსი), ან შეიცვალა ვალუტა, მოვალე ვალდებულია გადაიხადოს იმ კურსით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს. ვალუტის შეცვლისას გადაცვლით ურთიერთობებს საფუძვლად უნდა დაედოს ის კურსი, რომელიც ვალუტის შეცვლის დღეს არსებობდა ფულის ამ ერთეულებს შორის” - ამკვიდრებს ნომინალიზმის პრინციპს სამოქალაქოსამართლებრივ ურთიერთობებში. კერძო-სამართლებრივ სივრცეში ამ პრინციპების გატარების მნიშვნელობაზე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება (საქმე №ს-468-1120-04), რომლის თანახმად „...ფულადი ვალდებულებების შესრულების დროს მოქმედებს ნომინალიზმის პრინციპი, რომლის თანახმად ნაკისრი უნდა დაიფაროს. უმართებულოა ფულადი ვალის გაიგივება გარკვეულ მსყიდველობითუნარიანობასთან, ფულადი ვალდებულების საგანს წარმოადგენს ფულადი ნიშნებით გარკვეული თანხა. ფულის მსყიდველობითუნარიანი ცვალებადობა არ ცვლის ვალის თანხას და არ წარმოადგენს გადასახდელი თანხის გადაფასების საფუძველს. აღნიშნული ცვლილებების მიუხედავად, ფულის მსყიდველობითუნარიანობა ნომინალის მიხედვით განისაზღვრება. მოვალე ინფლაციაზე პასუხს არ აგებს და ინფლაციაზე იურიდიული ნომინალიზმის პრინციპი წარმოადგენს ფულადი გაანგარიშების და გადახდების საფუძველს, რომელსაც შეაქვს საჭირო ფორმალური სიცხადე ურთიერთობებში...“ აქედან გამომდინარე, სასამართლომ აღნიშნა, რომ ექსპერტიზის დასკვნაში, რომელსაც დაეყრდნო სასამართლო, ზიანის ანაზღაურების დროს ზიანი ეროვნულ ვალუტაშია (ლარი) დაანგარიშებული, შესაბამისად, სახეზე არ არის სსკ-ის 389-ე მუხლით გათვალისწინებული ფულის ერთეულის გაზრდა, შემცირება ან ვალუტის ცვლილება.

10. მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, დაზარალებულთა სარჩელის უარყოფა.

11. საწარმოს სააპელაციო საჩივარი შემდეგ საფუძვლებს მოიცავს:

11.1. სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ დაზარალებულთა საცხოვრებელ სახლს 1990-იან წლებში ჩაუტარდა ფუძე-გრუნტის გამაგრების ღონისძიებები, გრუნტის მასივში ქვიშა-ცემენტის ხსნარის ინექტირების საშუალებით, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სახლს თავიდანვე ჰქონდა პრობლემები. სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 10.12.2012წ. დასკვნა, რომელშიც მითითებულია „...ავარიული ვითარება არ ნიშნავს, რომ ნაგებობაში ყველა დაფიქსირებული ბზარი წარმოქმნილია 2-2,5 თვის უკან, წყალსადენის მილის დაზიანების შედეგად, მათ შორის მრავალია ისეთი ბზარი, რომლის ასაკი რამდენიმე წელია და მიზეზიც ცნობილია: ფუძე-გრუნტის მასივში თაბაშირის საკმაოდ დიდი მოცულობის ჩანართები...”. დასკვნის სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად, სასამართლოს უნდა გაეზიარებინა ამავე დასკვნაში მითითებული გარემოებები იმის თაობაზე, რომ სახლზე არსებული დაზიანებები მხოლოდ წყლის მილის დაზიანებით არ არის წარმოშობილი. აქედან გამომდინარე, სასამართლოს უნდა გაეზიარებინა ქართულ-გერმანული ექსპერტიზის დასკვნა მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლის დაზიანებების გამომწვევი მიზეზების თაობაზე, რაც არასწორად, დაუსაბუთებლად არ იქნა გაზიარებული. მოპასუხის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში მითითებულია, რომ მოსარჩელეთა კუთვნილი საცხოვრებელი სახლის დაზიანებები გამოწვეულია სხვადასხვა მიზეზებით, მათ შორის ეს მიზეზები შეიძლება იყოს: სახლის პროექტირების და მშენებლობის დროს დაშვებული შეცდომები, კერძოდ, გრუნტის გეოლოგიური აგებულების გაუთვალისწინებლობა, სამსართულიანი სახლისათვის არასათანადო საძირკვლების მოწყობა, სეისმური სარტყელების არ არსებობა, შენობის ნაწილის საძირკვლების დაუცველობა ზედაპირული ნალექების შეღწევისაგან და ა. შ., რომელთა შორის ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენს 2012 წლის სექტემბრის თვეში წყალსადენის მილის დაზიანების შედეგად გაჟონილი წყლის საძირკვლის გრუნტების გაწყლიანება. თუ სასამართლო სრულყოფილად და თანმიმდევრულად გამოიკვლევდა დასკვნებს, არ უნდა გაეზიარებინა მოსარჩელეთა მითითება, რომ მათი კუთვნილი სახლი დაზიანებულია მთლიანად მოპასუხის ბრალით;

11.2. სსკ-ის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. მოცემულ შემთხვევაში დაირღვა კანონის წინაშე მხარეთა თანასწორობის პრონციპი და თუ სადავო გადაწყვეტილება ამ სახით შევა ძალაში, ადგილი ექნება მოსარჩელეთა მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენებას და მოსარჩელეები უსაფუძვლოდ გამდიდრდებიან, ვინაიდან სასამართლომ მოპასუხეს დააკისრა არა მარტო იმ ზიანის ანაზღაურება, რაც მისი კუთვნილი მილის გასკდომის შედეგად წარმოიშვა, არამედ მანამდე არსებული ზიანის ანაზღაურებაც, რაც არასწორია და არღვევს სამოქალაქო სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპებს. შესაბამისად, გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

12.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

13. სასამართლომ დეტალურად გამოიკვლია საქმეში წარდგენილი ყველა საექსპერტო კვლევა, ისევე, როგორც ამგვარი გამოკვლევის შესაძლებლობა მისცა პროცესის მონაწილე ყველა მხარეს და შეაფასა იგი მისი დამაჯერებლობის, ასევე, შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით.

14. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით მიუთითა, რომ:

14.1. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2012 წლის 10 დეკემბრის, N010106012 დასკვნით: „საცხოვრებელი სახლი იმყოფება არადამაკმაყოფილებელ ტექნიკურ მდგომარეობაში. შენობის მზიდი კონსტრუქციები განიცდიან რღვევით დეფორმაციებს, რაც გამოწვეულია 2012 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში წყალსადენის მაგისტრალური მილის მასშტაბური რღვევისა და ფუძე-გრუნტში წყლის ჩადინების შედეგად საძირკვლის არათანაბარი ჯდენებით. რღვევითი პროცესები ნაგებობის მზიდ კონსტრუქციებში გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ წყალსადენის ავარია ლიკვიდირებულია, რადგან დიდი წნევით წყლის დინებამ გამოიწვია ფუძე-გრუნტის მასშტაბური წარეცხვა. ამის გამო, მზიდ კონსტრუქციებში არსებული ბზარები უფრო მეტად გაიხსნა და ფაქტობრივად გადააჭარბა დასაშვებ ზღვარს. ამასთან ერთად, განვითარდა დიდი რაოდენობის ახალი ბზარები, არანაკლებ სახიფათო. საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა სასწრაფოდ მოითხოვს ადეკვატური ზომების მიღებას, რაც გულისხმობს აღდგენა-გაძლიერებითი ღონისძიებების ჩატარებას ყველა მიმართულებით: ფუძე-გრუნტის სათანადო მზიდუნარიანობის აღდგენა, საძირკვლის კონსტრუქციების აღდგენა-გაძლიერება, საცხოვრებელი სახლის დაბზარული მზიდი კედლების ორივე მხრიდან დაფარვა არმატურის ბადეებით და მათი მოჭიმვა, შემდგომი შელესვით მაღალი სიმტკიცის კედლების ორივე მხრიდან დაფარვა არმატურის ბადეებით და მათი მოჭიმვა. შემდგომი შელესვით მაღალი სიმტკიცის ქვიშა-ცემენტის ხსნარით. ყველა აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოები უნდა ჩატარდეს სათანადოდ დამუშავებული პროექტის მიხედვით. რაც შეეხება ზიანის ოდენობის დადგენას, მისი განსაზღვრა შესაძლებელი გახდება მხოლოდ შენობის აღდგენა-გაძლიერების პროექტის დამუშავების შემდეგ“ (ტ.1. ს. ფ. 20-31);

14.2. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 04 მარტის N001049114 დასკვნით: „საცხოვრებელი სახლის აღდგენა-გაძლიერების სამუშაოების ხარჯთაღრიცხვას დარიცხვებით, თანხით 174 991 ლარის ნაცვლად, 164 460 ლარს ეძლევა რეკომენდაცია დასამტკიცებლად” (ტ.1. ს. ფ. 55-62);

14.3. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 16 მარტის დასკვნით: „საცხოვრებელი სახლის მზიდი კონსტრუქციების დაზიანების მიზეზი არის 2012 წლის წყალსადენის და წნევითი მაგისტრალური მილის რღვევა და აქედან გამომდინარე მიმდებარე ტერიტორიის დატბორვა და გრუნტის მასივში წყლის ჩადინება. დამკვეთის შეკითხვაზე, დატბორვით გამოწვეული ბზარების პროცენტული სიდიდის დადგენასთან დაკავშირებით, ვპასუხობთ, რომ ეს ტექნიკურად შეუძლებელია, რადგან აღნიშნულის განსაზღვრისათვის სათანადო მეთოდიკა არ არსებობს“ ( ტ.1. ს. ფ. 226-235);

14.4. მოპასუხის მიერ სასამართლოში წარდგენილი ქართულ-გერმანული ექსპერტიზის ბიუროს №174 აქტის თანახმად, 2012 წლის სექტემბერში წყალსადენის D 100 მმ მილის დაზიანება არ წარმოადგენს შენობის მზიდი კედლების დაზიანების და სახლის ავარიული მდგომარეობის გამომწვევ ძირითად და ერთადერთ მიზეზს. დასკვნაში ასევე მიეთითა, რომ დაზარალებულთა საცხოვრებელ სახლში არსებული დაზიანებების გამომწვევი მიზეზებია: სახლის პროექტირებისა და მშენებლობის დროს დაშვებული შეცდომები, კერძოდ: გრუნტების გეოლოგიური აგებულების გაუთვალისწინებლობა; სამსართულიანი სახლისათვის არასათანადო საძირკვლების მოწყობა; სეისმური სარტყელების არ არსებობა; შენობის ნაწილის საძირკვლების დაუცველობა ზედაპირული ატმოსფერული ნალექების შეღწევისაგან; 2007 წელს მიმდებარე ტერიტორიის მასშტაბური დატბორვა - მრავალსართულიანი საცხორებელი კორპუსის საძირკვლის მოწყობის პროცესში მიმდინარე გრუნტის დატკეპნის სამუშაოებისას წარმოშობილი ბიძგები (2012 წლის აგვისტო); 2012 წლის სექტემბერში წყალსადენი მილის დაზიანების შედეგად გაჟონილი წყლით საძირკვლის გრუნტების გაწყლიანება, განსაკუთრებით დასავლეთ კედლის საფუძველში (ტ.1. ს. ფ. 259-300);

15. სასამართლომ აღნიშნა, რომ დაზარალებულთა მიერ წარდგენილი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2012 წლის 10 დეკემბრის და 2015 წლის 16 მარტის დასკვნების, სსსკ-ის 105-ე მუხლის საფუძველზე შეფასების შედეგად, ცალსახად დგინდება, რომ საცხოვრებელი სახლის დაზიანების გამომწვევი მიზეზია 2012 წლის სექტემბრის თვეში მოპასუხის საკუთრებაში არსებული წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანების შედეგად ფუძე-გრუნტში წყლის ჩადინება. რაც შეეხება ქართულ-გერმანული ექსპერტიზის ბიუროს 2015 წლის 17 აპრილის დასკვნას, არც ეს უკანასკნელი უარყოფს აღნიშნულ გარემოებას და ასევე მიუთითებს დაზიანების გამომწვევ სხვა მიზეზებზეც, მათ შორის, მოპასუხის პოზიციის გასაზიარებლად საკმარის მტკიცებულებას არ წარმოადგენდა ქართულ-გერმანული ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, რომელიც ასევე ადასტურებს სახლის დაზიანების ერთ-ერთ მიზეზად 2012 წლის სექტემბერში წყალსადენის D 100 მმ მილის დაზიანებას. შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხის ბრალეულობის გამომრიცხველი მტკიცებულება საქმეში წარდგენილი არ არის, ასევე, არ არსებობს მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი გახდებოდა მოპასუხის ბრალეულობის ხარისხის განსაზღვრა შერეული ბრალის პირობებში, თუმცა, აღნიშნულის თაობაზე, თავად აპელანტს (მოპასუხეს) დასაბუთებული პრეტენზია და მსჯელობა არ წარუდგენია.

16. მოპასუხის მიერ ექსპერტის დასკვნის კრიტიკული შეფასების საწინააღმდეგოდ, სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის უმნიშვნელოვანეს - შეჯიბრებითობის პრინციპზე, ასევე ამავე კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მითითებული ნორმების შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ მათ მიერვე მითითებულ გარემოებებზე. სსსკ ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, ეკისრება მითითებული გარემოებების მტკიცების ტვირთი. ამასთან, არა მარტო მოსარჩელეა ვალდებული, ამტკიცოს სარჩელში მოყვანილი გარემოებები, არამედ მოპასუხეცაა ვალდებული დაამტკიცოს მის მიერ შესაგებელში მითითებული გარემოებები (იხ. სუსგ # ას-129-122-2014 , 30 აპრილი, 2014 წელი).

17.სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნების გასაბათილებლად მოპასუხემ ვერ შეძლო სათანადო მტკიცებულების წარმოდგენა.

18. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, დაზარალებულთათვის მიყენებული ზიანიც - 164 460 ლარი, რაც დადასტურებული იყო ხარჯთაღრიცხვითა და ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 04 მარტის N001049114 დასკვნით (იხ. ამ განჩინების მე-4 და მე-8 პუნქტები). აღნიშნული მტკიცებულებების გამაბათილებელი მტკიცებულება მოპასუხეს არ წარუდგენია.

19. სს ,,ს-ის’’ (შემდეგში მესამე პირი) წარმომადგენლის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 04 მარტის დასკვნით საცხოვრებელი სახლის აღდგენა-გაძლიერების სამუშაოებისათვის დადგენილი 164 460 ლარი შეუსაბამო იყო საბაზრო ფასებთან, სასამართლომ მიუთითა, რომ სსსკ-ის 91-ე მუხლის თანახმად - მესამე პირები, რომლებიც არ აცხადებენ დამოუკიდებელ მოთხოვნებს დავის საგანზე, სარგებლობენ მხარეთა საპროცესო უფლებებით და მათ ეკისრებათ მხარეთა საპროცესო მოვალეობები, გარდა უფლებისა, გაადიდონ ან შეამცირონ სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, შეცვალონ სარჩელის საფუძველი ან საგანი, ცნონ სარჩელი, უარი თქვან სარჩელზე ან მორიგდნენ, აღძრან შეგებებული სარჩელი, მოითხოვონ სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება. შესაბამისად, მესამე პირებს აკისრიათ ვალდებულება, სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაამტკიცონ მათ მიერ მითითებული გარემოებები სათანადო მტკიცებულებებით, რაც მესამე პირმა ვერ შეძლო, ხოლო მარტოოდენ მისი ახსნა-განმარტება ვერ გახდებოდა ექსპერტიზის დასკვნის გამაბათილებელი მტკიცებულება.

20. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ქვემდგომი სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ იყო სსკ-ის 992-ე მუხლის გამოყენების წინაპირობები. მიუხედავად ამისა, საქმეზე მიღებული იქნა არსებითად სწორი გადაწყვეტილება, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

21. სააპელაციო სასამართლომ განჩინების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სსკ-ის 316-ე, 317-ე, 408-ე, 412-ე, 992-ე მუხლებზე.

22. სასამართლომ აღნიშნა, რომ სსკ-ის 992-ე მუხლის - “პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი” - შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დასაკისრებლად აუცილებელია ერთდროულად შემდეგი პირობების არსებობა:მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის და ზიანის მიმყენებლის ბრალი. ამ პირობების ერთობლიობა წარმოადგენს იურიდიულ შემადგენლობას და თუნდაც ერთ-ერთი მათგანის არარსებობა, გამორიცხავს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას.

23. სასამართლოს დასკვნით, განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ საცხოვრებელი სახლის დაზიანების გამომწვევი მიზეზია 2012 წლის სექტემბრის თვეში მოპასუხის საკუთრებაში არსებული წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანების შედეგად, ფუძე-გრუნტში წყლის ჩადინება. როგორც სარჩელიდან და მხარეთა ახსნა-განმარტებიდან დგინდება, წყალსადენი მილის დაზიანება მოხდა 2012 წლის 12 სექტემბერს, ხოლო მისი აღმოჩენა და ლიკვიდაცია მოპასუხის თანამშრომლების მიერ მოხდა 29 სექტემბერს, განმეორებითი შემოწმების შედეგად. იმის გათვალისწინებით, რომ წყალსადენი მილების ქსელი მოპასუხის საკუთრებაა, მასვე ევალება აღნიშნული ქსელის გამართული მდგომარეობის უზრუნველყოფა და დაზიანების შემთხვევაში, მისი დროული ლიკვიდაცია, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, მოპასუხის ბრალეული ქმედება სახეზეა, რომლის შედეგად დადგა ზიანი და აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დადასტურებულია სათანადო მტკიცებულებით (წარმოდგენილია როგორც ექსპერტიზის დასკვნები, ასევე ვიდეო და ფოტო მასალა), ასევე, სათანადო მტკიცებულებებით დადასტურებულია მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის; შესაბამისად, სახეზეა სსკ-ის 992-ე მუხლის კვალიფიკაციისათვის საჭირო ფაქტობრივი შემადგენლობა და მოსარჩელეთა მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების შესახებ საფუძვლიანია. მოპასუხემ ვერ უზრუნველყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების საპირისპიროდ შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა. მოპასუხის დასაბუთებამ სააპელაციო სასამართლოს არ მისცა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

24. მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება.

25.მოპასუხის საკასაციო საჩივარი სააპელაციო საჩივრის პრეტენზიების იდენტურია (იხ. წინამდებარე განჩინების მე-12 პუნქტი) და დამატებით მითითებულია, რომ:

25.1.სასამართლომ არასწორად გადაანაწილა მტკიცების ტვირთი, რადგან მოსარჩელის მტკიცების ტვირთია, დაადასტუროს, რომ მის საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზიანი, მთლიანად მოპასუხის ბრალითაა (რაც სარჩელზე დართული ექსპერტიზის დასკვნით ცალსახად არ დასტურდება) გამოწვეული; მოსარჩელის მიერ წარდგენილი ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულია შენობა-ნაგებობის მთლიანად აღდგენის ხარჯები, რომელიც მოიცავს როგორც ძველი, ისე ახალი ბზარების აღმოფხვრას. სწორედ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საცხოვრებელ სახლზე არსებობს ძველი ბზარებიც, ხოლო დღეის მდგომარეობით არ არსებობს დაზიანების ხარისხის კვლევის მეთოდიკა სასამართლოს არ უნდა დაეკმაყოფილებინა სარჩელი;

25.2. სააპელაციო სასამართლოს განჩინება ეწინააღმდეგება მსგავს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას (თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.11.2012 წლის #2/2004-12 განჩინება).

26.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2016 წლის 18 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე რომ საწარმოს საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

27. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

28.საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

29. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.

30.საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

31. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა)განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

32.საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ მოპასუხის ძირითადი პრეტენზიით, სასამართლომ არასწორად შეაფასა მის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რაც მოპასუხის ბრალეულობას ნაწილობრივ გამორიცხავდა და არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი;

33. საკასაციო სასამართლო მოპასუხის მსჯელობის არათანმიმდევრულობაზეც უთითებს, კერძოდ, ერთი მხრივ, კასატორი მოითხოვს, მის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, დაზარალებულთა სარჩელის უარყოფას, ხოლო მეორე მხრივ, ნაწილობრივ აღიარებს თავის ბრალეულობას ზიანის დადგომაში და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ზიანი მხოლოდ საწარმოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით არ არის გამოწვეული, აპროტესტებს მიყენებული ზიანის სრულად მასზე დაკისრებას.

34. საკასაციო სასამართლომ ანალოგიურ საქმეზე განმარტა: “პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით, მე-1000 მულის პირველი და მე-2 ნაწილებით და განმარტა, რომ მოხმობილი ნორმა მიუთითებს მომეტებულ საფრთხეზე, რომელიც გამომდინარეობს ნაგებობიდან. საფრთხე მომეტებულად უნდა ჩაითვალოს, თუ ის ქმნის ზიანის მიყენების მომეტებულ ალბათობას იმის გამო, რომ შეუძლებელია მასზე ადამიანის მხრივ სრული კონტროლის განხორციელება. წყლის მიმწოდებელი მოწყობილობების დაზიანებით გამოწვეული ზიანისათვის პასუხიმგებლობის დაკისრებისათვის მნიშვნელობა არა აქვს ამ მოწყობილობების მფლობელის ბრალეულობას და კანონმდებელი დამდგარ ზიანზე პასუხისმგებელ პირად განიხილავს ამ მოწყობილობების მფლობელ პირს” (იხ. სუსგ # ას-1287-1208-2016, 26.02.2016წ.). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ფაქტობრივი გარემოება, თუ როგორ მდგომარეობაში იყო საცხოვრებელი სახლი და როგორ შეიცვალა ვითარება სახლის მოპასუხის კუთვნილი მილის დაზიანების შედეგად, დადგენილი აქვს სასამართლოს, ხოლო სამართლებრივი კვალიფიკაციისათვის უმნიშვნელოა მოპასუხის ბრალეულობის (მათ შორის შერეული ბრალის) კვლევა და დადგენა, რადგან საკითხი მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელის პასუხისმგებლობას ეხება. შესაბამისად, სახეზეა ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, რაც მოპასუხეს უნდა დაეკისროს. სსკ-ის 408-ე მუხლის საფუძველზე შეუძლებელია პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, რის გამოც, სსკ-ის 409-ე მუხლით დადგენილი წინაპირობებიც სახეზეა.

35. სააპელაციო სასამართლომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების (სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული დელიქტური სამართალდარღვევის) დამადასტურებელ მტკიცებულებებად მართებულად მიიჩნია სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2012 წლის 10 დეკემბრის, 2014 წლის 4 მარტისა და 2015 წლის 16 მარტის დასკვნები და აღნიშნული დასკვნების გამაბათილებელ მტკიცებულებად არ მიიჩნია მოპასუხის მიერ წარდგენილი ქართულ-გერმანული ექსპერტიზის ბიუროს 2015 წლის 17 აპრილის №174 აქტი (იხ. წინამდებარე განჩინების 15-17 პუნქტები).

36.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

37. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ,,ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს ,,ჯ-ს“ (ს/კ 2....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8 000 ლარის (საგადახადო დავალება N 50, გადახდის თარიღი 2016 წლის 14 მარტი), 70% – 5 600 (ხუთი ათას ექვსასი) ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე