Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-178-171-2016 6 მაისი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს "D" (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლი :

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა (შემდეგში: მოპასუხე, შემსყიდველი ან კასატორი) და შპს-ას “D“ (შემდეგში: მოსარჩელე, საწარმო, გამყიდველი ან მიმწოდებელი) შორის, 2015 წლის 13 თებერვალს, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №063 (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 477-ე მუხლი, ს.ფ.15-20)

2. ხელშეკრულების საფუძველზე, მიმწოდებელს უნდა მოეწყო სანიაღვრე კანალიზაცია და წყალმომარაგების სისტემა. ეს სამუშაოები საწარმოს უნდა დაესრულებინა 2015 წლის 14 მაისის ჩათვლით. ხელშეკრულების ფასი იყო 52 813,12 ლარი, თუმცა, საბოლოოდ, შესრულებული სამუშაოების საერთო ღირებულებამ შეადგინა 48 501,65 ლარი.

3. ხელშეკრულების 11.2. პუნქტის შესაბამისად, ვადის დარღვევის შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0,2% (სსკ-ის 416-ე მუხლი).

4. საწარმომ ხელშეკრულების პირობა დაარღვია და, ნაცვლად 2015 წლის14 მაისისა, სამუშაო დაასრულა 2015 წლის 05 ივნისს, ანუ 22 დღის დაგვიანებით. ამის შესაბამისად, შემსყიდველმა მიმწოდებელს დაარიცხა პირგასამტეხლო, 2 323.86 ლარი.

5. მიმწოდებელმა 2015 წლის 12 აგვისტოს სარჩელი აღძრა შემსყიდველის წინააღმდეგ და მოითხოვა ხელშეკრულებაში დაფიქსირებული პირგასამტეხლოს შემცირება (სსკ-ის 420-ე მუხლი).

6. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით, მიმწოდებლის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მხარეთა შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შემცირდა და იგი ხელშეკრულების საერთო ღირებულების (52 813,12 ლარი) 0,2 %-ის ნაცვლად განისაზღვრა 0,1%-ით, ანუ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ნაცვლად 105,63 ლარისა - 52,81 ლარის ოდენობით, სულ 22 დღეზე კი ნაცვლად 2323,86 ლარისა - 1161,89 ლარი.

7. სასამართლომ, სსკ-ის 417-ე-420-ე, 115-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას. შესაბამისად, პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

8. სასამართლოს ზემოაღნიშნული დასკვნები ემყარება, როგორც განსახილველ ნორმათა განმარტებას, ასევე დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკას, რომლის თანახმადაც მიიჩნევა, რომ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს პირობებში, მისი, როგორც ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენციის მეთოდის, დანიშნულება იკარგება და იქცევა მოვალის დასჯის ერთ -ერთ მექანიზმად, რაც დაუშვებელია, რადგან ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს. განსახილველ შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, პირგასამტეხლოს სახით, ხელშეკრულების ღირებულების 0,2%-ის დაკისრება, სასამართლომ მიიჩნია ვალდებულების დარღვევისათვის არათანაზომიერად, არაგონივრულად და შეუსაბამოდ.

9. შემსყიდველმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის უარყოფა, იმ დასაბუთებით, რომ კანონი მხარეებს აძლევს საშუალებას, სახელშეკრულებო დათქმაში თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლოს თანხა. კანონი დასაშვებად მიიჩნევს ისეთ შეთანხმებასაც, როდესაც პირგასამტეხლოს თანხა აღემატება შესაძლო ზიანს. გადასახდელი თანხა პირდაპირ არის მითითებული სახელშეკრულებო დათქმაში, რის გამოც მისი ოდენობა სადავო ან საეჭვო არ არის.

10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

11. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო მართებულად შეამცირა.

12. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმის თაობაზე, რომ სასამართლოს არ უნდა შეემცირებინა პირგასამტეხლო, რადგან იგი მხარეთა მიერ იყო შეთანხმებული.

13. სასამართლომ, სსკ-ის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით, აღნიშნა, რომ პირგასამტეხლო სწორედ მხარეთა წერილობითი შეთანხმებით შეიძლება განისაზღვროს და ამავე კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სწორედ ამგვარი პირგასამტეხლოს შემცირების უფლება აქვს სასამართლოს.

14. თუ პირგასამტეხლო წერილობითი ხელშეკრულებით არ არის შეთანხმებული, სასამართლო მას ვერც შეამცირებს და ვერც მის გადახდას დააკისრებს მოვალეს, რადგან ამგვარი გარიგება დადებულად არ ჩაითვლება. ამის შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილი იყო, პირგასამტეხლო შეემცირებინა.

15. სასამართლომ, სსკ-ის 416-ე მუხლზე მიუთითა და აღნიშნა, რომ პირგასამტეხლო მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალებაა. იგი მოვალის მხრიდან ნაკისრი ვალდებულების ჯეროვან შესრულებას უზრუნველყოფს და მისი მიზანი კრედიტორის მიერ დამატებითი შემოსავლის მიღება არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში, კრედიტორი არა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებით, არამედ მისი შეუსრულებლობით იქნებოდა დაინტერესებული. ამიტომ, პირგასამტეხლო არც ისე მცირე უნდა იყოს, რომ მან მოთხოვნის უზრუნველყოფა ვერ შეძლოს და არც ისე მაღალი, რომ კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრება გამოიწვიოს.

16. სასამართლომ დაასკვნა, რომ 52 813,12 ლარის ღირებულების სამუშაოს დადგენილ ვადაში შესრულებას, ყოველდღიურად, 52,81 ლარის პირგასამტეხლო სავსებით უზრუნველყოფს.

17. მოპასუხემ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა საპელაციო სასამართლოს განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის უარყოფა შემდეგი დასაბუთებით:

17.1. ხელშეკრულებაში პირგასამტეხლოს მითითების მიზანი არ იყო და ვერ იქნებოდა შემსრულებლისთვის ზიანის მიყენება. ამგვარი მიზნის არც მოტივი და არც საფუძველი სახელმწიფოს არ გააჩნდა. განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფოს მიზანი იყო, ხელშეკრულებაში წინასწარ გათვალისწინებული სანქცია-საურავების დათქმით, შეექმნა დამატებითი მოტივაცია კონტრაქტორი საწარმოსათვის, რათა ამ უკანასკნელს, დათქმულ ვადაში და შეთანხმებული ხარისხით შეესრულებინა ის სამუშაოები, რაც კონტრაქტით იქნა გათვალისწინებული;

17.2. კანონით გათვალისწინებულის გარდა, ამგვარი ინტერესი განპირობებულია იმ გარემოებითაც, რომ საკითხი ეხებოდა იძულებით გადაადგილებული პირების-დევნილებისთვის ჯეროვანი საყოფაცხოვრებო პირობების შექმნას;

17.3. პირგასამტეხლო ექვემდებარება გადახდას, მიუხედავად იმისა, მიადგა თუ არა კრედიტორს საერთოდ ზიანი. მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულება დადებული იყო სსკ-ის მოთხოვნათა დაცვით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისას გათვალისწინებული იყო სანქციები, რაც გულისხმობდა პირგასამტეხლოს დაკისრებას.

17.4. საკითხი ეხება ლტოლვილთათვის წყლის მიწოდებას, შესაბამისად, მოპასუხის მიერ მოთხოვილი პირგასამტეხლო ადექვატურია და არ ისახავს მიზნად მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრებას;

17.5. გასაჩივრებული განჩინებით დაუსაბუთებელია, თუ რატომ მიიჩნია სასამართლომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს - 0,2%-ის დაკისრება შეუსაბამოდ მაღალ და არათანაზომიერ ღონისძიებად;

17.6. საკასაციო სასამართლომ მსგავს საქმეზე განსხვავებული განმარტება გააკეთა (საქმე #ბს-1840-1794 (კ-10) 9 ივნისი 2011 წელი).

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2016 წლის 4 მარტის განჩინებით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

19. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

21. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ - # ას-1278-1220-2013 , 02.06.2014 წ., # ას-275- 259 -2014, 05.12 2014 წ., #ას-1157-1103-2014, 24.12. 2014 წ., # ას-783-740-2015, 22. 10.2015 წ., # ას-1053-993-2015, 08.04.2016წ.).

22. საკასაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნებისა და შემცირების თაობაზე განმარტა, რომ პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან,როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე.

23. პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. პირგასამტეხლოს დაკისრება ვალდებულების დამრღვევი მხარისათვის მართლზომიერად უნდა შეფასდეს. პირგასამტეხლოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ განაკვეთის თაობაზე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მისი შემცირებისას, სააპელაციო სასამართლომ, მართებულად იხელმძღვანელა სსკ-ის 420-ე მუხლით, რა დროსაც, სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია, კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, ამით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს (იხ. სუსგ - #ას-783-740-2015; 22.10. 2015 წ.).

24. საკასაციო საჩივრის განხილვისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

25. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

26. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოცემულ საქმეზე დაკისრებული პირგასამტეხლო, ვალდებულების დარღვევის ადექვატური, თანაზომიერი, გონივრული და შესაბამისია (იხ. წინამდებარე განჩინების 10-15 პუნქტები).

27. მოპასუხის მიერ მითითებული საქმე (იხ.16.6. ქვეპუნქტი) არ არის განსახილველი შემთხვევის იდენტური.

28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე