Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-195-186-2016 20 მაისი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ა. ყ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. კ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სამოქალაქო რეესტრის ჭიათურის სამსახური (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ქორწინების სააქტო ჩანაწერის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1.ნ. კ–ი (შემდეგში: მოსარჩელე) და აწ გარდაცვლილი ნ. ს-ე (შემდეგში: მამკვიდრებელი) დაქორწინდნენ 1967 წლის 25 ივლისს (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 1106-ე მუხლი, ს.ფ. 14).

2.მოსარჩელესა და მამკვიდრებელს ჰყავთ ერთი შვილი - 1989 წლის 28 მარტს დაბადებული ნ. ს-ე.

3. მამკვიდრებელი გარდაიცვალა 2015 წლის 25 მაისს (ს.ფ.16).

4. მამკვიდრებელი, 2011 წლის 30 ივნისიდან, სსგს ჭიათურის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2011 წლის 30 ივნისის №6…. ქორწინების სააქტო ჩანაწერის საფუძველზე, ასევე, რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ა. ყ-ესთან (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი; იხ. ს.ფ. 56).

5.მამკვიდრებელსა და მოპასუხეს შორის არსებული ქორწინების №6….. სააქტო ჩანაწერში, ოჯახური მდგომარეობის გრაფაში, მითითებულია, რომ არცერთი მათგანი დაქორწინებული არ ყოფილა (ს.ფ. 55).

6. მოპასუხე ამჟამად ცხოვრობს ქ. ჭიათურაში, მამკვიდრებლის სახელზე რეგისტრირებულ საცხოვრებელ სახლში, მდებარე თ-ის ქ. №13.

7. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი ამ განჩინების მე-4 პუნქტში მითითებული აქტის ჩანაწერი აწ გარდაცვლილ მამკვიდრებლისა და მოპასუხის ქორწინების შესახებ.

8. სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ გამოიყენა სსკ-ის 61-ე, 1120-ე, 1143-ე მუხლები, ”სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლი და განმარტა, რომ არ შეიძლება ქორწინების რეგისტრაციაში გატარდეს პირი, რომელიც უკვე იმყოფება სხვა პირთან ქორწინებაში, ასეთ შემთხვევაში, თუ მაინც მოხდა ქორწინების რეგისტრაცია, იგი უნდა გაბათილდეს, მიუხედავად იმისა, იცოდა თუ არა მეორე პირმა ამ ქორწინების არსებობის შესახებ.

9. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფა.

10. მოპასუხის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად არაწორი გადაწყვეტილება მიიღო, კერძოდ, სასამართლო სხდომაზე, მოწმედ დაკითხულმა პირებმა განმარტეს, რომ მამკვიდრებელი 26 წელია ფაქტობრივად განქორწინებული იყო მოსარჩელესთან, ცხოვრობდა ჭიათურაში, თ-ის ქ. №13-ში, მოპასუხესთან ერთად, რომელთანაც ქორწინების რეგისტრაცია გააფორმა 2011 წლის 30 ივნისის სააქტო ჩანაწერით. ქორწინების რეგისტრაციისას, წყვილმა განუმარტა სარეგისტრაციო სამსახურს, რომ მამკვიდრებელი განქორწინებული იყო, აღნიშნულის შემდეგ კი განხორციელდა ქორწინების რეგისტრაცია. აპელანტთან მამკვიდრებლის ქორწინების თაობაზე მოსარჩელისთვის იმთავითვე იყო ცნობილი და მას ქორწინების სააქტო ჩანაწერზე შეცილების უფლება უნდა გამოეყენებინა 2011 წლის 30 ივნისიდან ერთი თვის ვადაში.

10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 იანვრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

11. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და გაიზიარა ამავე სასამართლოს დასკვნები სამართლებრივ საკითხებზე.

12. სსკ-ის 1106-ე მუხლის თანახმად: ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდეგში – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური).

13. სსკ-ის 1120-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” პუნქტის თანახმად: დაქორწინება არ დაიშვება: იმ პირთა შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი დაქორწინებულია სხვასთან;

14. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2011 წლის 30 ივნისს, ანუ იმ დროისათვის, როცა მამკვიდრებელი დაქორწინდა მოპასუხესთან, ის რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოსარჩელესთან, რაც ქორწინების დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენდა.

15.სსკ-ის 1140-ე მუხლის თანახმად: ქორწინება შეიძლება ცნობილ იქნეს ბათილად, თუ დარღვეულია 1107-ე, 1108-ე და 1120-ე მუხლებით დაწესებული პირობები და თუ ქორწინების რეგისტრაცია მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას (ფიქციური ქორწინება).

16. ამავე კოდექსის 1143-ე მუხლის თანახმად: ქორწინება, რომელიც გაფორმდება 1120-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დარღვევით, შეიძლება სასამართლომ ბათილად ცნოს.

17. ამგვარადვე აწესრიგებს საკითხს სპეცილაური კანონი (იხ. ამ განჩინების მე-8 პუნქტი), რომლის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად: ქორწინება არ დაიშვება იმ პირთა შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი დაქორწინებულია სხვაზე.

18. სასამართლომ აღნიშნა, რომ ქორწინების ბათილობა წარმოადგენს იმ იურიდიული შედეგების გაუქმებას, რომელსაც კანონი ნამდვილ ქორწინებასთან აკავშირებს. იგი დგება მაშინ, როცა დარღვეულია ქორწინების აუცილებელი პირობები, ან იგი მომხდარია იმ დამაბრკოლებელ გარემოებათა არსებობისას, რომლის დროსაც ქორწინება აკრძალულია ან კიდევ, ყველა ფორმალური ნიშნის დაცვით, მაგრამ იმ განზრახვის გარეშე, რომ ნამდვილად შეიქმნას ოჯახი. ქორწინების ბათილად ცნობა ნიშნავს იმას, რომ არ წარმოიშვა ის იურიდიული შედეგები, რაც ნამდვილ ქორწინებას მოსდევს. ქორწინების ბათილად ცნობა მხოლოდ სასამართლოს შეუძლია. ამასთან, პრინციპულად განსხვავდება ერთმანეთისაგან ქორწინების ბათილობა და განქორწინება. ქორწინების გაბათილება შეიძლება მიჩნეული იქნას იმ პირთა მიმართ გამოყენებულ სანქციად, რომლებიც კანონის მოთხოვნათა დარღვევით გატარდნენ ქორწინების რეგისტრაციაში.

19. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე და მამკვიდრებელი კანონის მოთხოვნათა დარღვევით გატარდნენ ქორწინების რეგისტრაციაში, რადგან არსებობდა მათი ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოება (მამკვიდრებლის რეგისტრირებული ქორწინება მოსარჩელესთან).

20. სასამართლომ სრულად გაიზიარა რაიონული სასამართლოს სამართლებრივი შეფასება სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ სსკ-ის 61-ე მუხლის თანახმად, მეორე ქორწინება მამკვიდრებელსა და მოპასუხეს შორის წარმოადგენს ისეთ გარიგებას, რომელიც დადებისთანავე ბათილია. ხანდაზმულობის საკითხი, რაზედაც მოპასუხე მიუთითებს შეიძლება გავრცელდეს და გამოყენებული იქნეს მხოლოდ მხოლოდ ნამდვილ გარიგებათა შეფასებისას.

21. მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა.

22. კასატორს შემდეგი პრეტენზიები აქვს:

22.1. სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ და 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნები;

22.2. სასამართლომ არათანაბრად გაანაწილა მტკიცების ტვირთი მხარეებზე, რაც საპროცესო ნორმების უხეში დარღვევაა და გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს;

22.3. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ საქმის განხილვის დროს ყოველგვარი დამაბრკოლებელი გარემოება მოხსნილია, პირი, რომელმაც მეორედ იქორწინა, გარდაცვლილია და როგორც პირველი, ისე მეორე ქორწინება შეწყვეტილია. ამასთან, მამკვიდრებელმა და კასატორმა დაქორწინებისას არ იცოდნენ ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოების არსებობის შესახებ. მათი 2011 წლის 30 ივნისის ქორწინება და ქორწინების შესაბამისი ჩანაწერი ამ დრომდე წარმოშობს ყველა იმ სამართლებრივ შედეგს, როგორც ნამდვილი ქორწინება, ამასთან, დადასტურებულია, რომ მოსარჩელეს მამკვიდრებელთან ქორწინება, ფაქტობრივად სამკვიდროს გახსნამდე 3 წელზე მეტი, შეწყვეტილი ჰქონდა და მეუღლეები ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ.

22.4. მოპასუხესთან ქორწინების რეგისტრაციის დღიდან, მამკვიდრებელთან მოსარჩელეს არ უცხოვრია ახალი ქორწინების გამო და არც ეს ქორწინება გაუხდია სადავო. მოსარჩელე დიდი ხნის წინ - 26 წელია, რაც განქორწინდა მამკვიდრებელთან და განქორწინების ჟურნალი არ იძებნება სრს-ს მიერ. მოსარჩელემ სოფლიდან ამოიღო ძველი ქორწინების ცნობა და ამის საფუძველზე გაიცა ჭიათურის სრს-ს მიერ 2015 წლის 10 ივნისს ცნობა მოსარჩელესთან ქორწინების თაობაზე. იმ დროს განქორწინება ფიქსირდებოდა შესაბამისი წესით სრს-ის მიერ და პასპორტში შესაბამისი ჩანაწერი კეთდებოდა, რაც განადგურებულია, მისი ახალი პირადობის მოწმობით შეცვლის გამო, ხოლო ჭიათურის სრს-ის მიერ არ იქნა მოძიებული.

22.5. არასწორია სასამართლოს მოსაზრება, რომ მოთხოვნა არ არის ხანდაზმული. მოპასუხესთან ქორწინების რეგისტრაციიდან მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე გავიდა ოთხი წელი, რის გამოც მოთხოვნა ხანდაზმულია.

23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2016 წლის 14 მარტის განჩინებით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია, შემდეგ გარემოებათა გამო:

24. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

26. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ები - # ას-740-797-2011, 20.06.2011 წ., # ას-564-535-2013, 07.10. 2013 წ. ).

27. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

28. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

29. საკასაციო სასამართლო დაუშვებლად მიიჩნევს საკასაციო განაცხადს შემდეგი არგუმენტაციით:

29.1. მოპასუხე აპროტესტებს მასთან მამკვიდრებლის ქორწინების ბათილად ცნობას, იმ საფუძვლით, რომ ეს უკანასკნელი განქორწინებული იყო მოსარჩელესთან და, შესაბამისად, არ არსებობდა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოება სსკ-ის 1120.1.ა.-ე მუხლის (დაქორწინება არ დაიშვება იმ პირთა შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი დაქორწინებულია სხვასთან) მიხედვით;

29.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ მოპასუხემ ვერ შეძლო კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზაცია სსსკ-ის 102.1.-ე მუხლის (თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს) შესაბამისად, რასაც საკასაციო პრეტენზიაც ადასტურებს (იხ. წინამდებარე განჩინების 22.4. ქვეპუნქტი). კასატორის განმარტება ადასტურებს, რომ მოპასუხემ ვერ წარადგინა სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულება, რომლითაც მამკვიდრებელთან მოსარჩელის განქორწინების ფაქტს დაამტკიცებდა. მისი არაერთი მითითება, რომ მამკვიდრებელი და მოსარჩელე ხანგრძლივი დროის მანძილზე ფაქტობრივად განქორწინებულნი იყვნენ და მოსარჩელეს მამკვიდრებლის ხელახალი ქორწინება არ გაუპროტესტებია, ვერ გახდება განქორწინებისა და, შესაბამისად, მეორედ რეგისტრირებული ქორწინების ბათილად ცნობის უარყოფის სამართლებრივი საფუძველი. კასატორმა ვერ დაძლია მოსარჩელის არგუმენტები და სააპელაციო სასამართლოს დასკვნები შესატყვისი მტკიცებულებებით.

29.3. სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის პრეტენზიას მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობაზე და იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას (იხ. წინამდებარე განჩინების მე-20 პუნქტი).

30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი სამართლებრივად დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი დასაშვებად ცნობისა და განსახილველად მიღების შესაძლებლობას.

31. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ყ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ა. ყ-ეს (პ/ნ 5……) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახადო დავალება N 0, გადახდის თარიღი 2016 წლის 22 თებერვალი), 70% – 105 (ას ხუთი) ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე