საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-260-248-2016 20 მაისი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი(მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ს. ლ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. გ-ე (მოსარჩელე)
მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერება
დავის საგანი – შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით გ. გ-ის (შემდეგში: მოსარჩელე ან ბავშვის მამა) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მამას მცირეწლოვან შვილთან – 2010 წლის 22 იანვარს დაბადებულ ა. გ-ესთან (შემდეგში: შვილი, ბავშვი ან მცირეწლოვანი) ურთიერთობისთვის განესაზღვრა თავდაპირველად, ორი თვის განმავლობაში, შაბათი და კვირა დღეები - 12:00-დან 14:00 საათამდე, ბავშვის დედის ან მის მიერ განსაზღვრული პირის თანდასწრებით, ხოლო ამ წესით ურთიერთობის დაწყებიდან ორი თვის გასვლის შემდეგ, ხუთი თვის განმავლობაში – ყოველკვირეულად სამშაბათი და ხუთშაბათი - 17:00 - დან 20:00 საათამდე და შაბათი - 12:00 -დან 20:00 საათამდე, წაყვანის უფლებით; შვილთან ურთიერთობის დაწყებიდან ზემოაღნიშნული პერიოდის (მთლიანობაში შვიდი თვის) გასვლის შემდეგ, მამას მცირეწლოვან შვილთან ურთიერთობისთვის განესაზღვრა ყოველკვირეულად სამშაბათი და ხუთშაბათი - 17:00 -დან 20:00 საათამდე და პარასკევს - 17:00 საათიდან შაბათის 21:00 საათამდე, ღამისთევით წაყვანის უფლებით; ზაფხულის არდადეგების პერიოდში – ათი დღე, ხოლო ზამთრის არდადეგების პერიოდში – ხუთი დღე, შვილის დასასვენებლად წაყვანის უფლებით.
2. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ს. ლ-ის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, ბავშვის დედა ან კერძო საჩივრის ავტორი) მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2015 წლის 30 ივლისის განჩინებით, მიიღო წარმოებაში და იმავე წლის 22 ოქტომბერს დაინიშნა მთავარი სხდომა (იხ. ტ.2, ს.ფ.12).
3. მოსარჩელის წარმომადგენელმა, 2015 წლის 03 სექტემბერს, განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2015 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების (იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი) დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ, 268-ე მუხლი).
4. საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელის მოთხოვნა ამავე სასამართლოს 2015 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ დაკმაყოფილდა და გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, რის თაობაზეც 11 სექტემბერსვე გაიცა სააღსრულებო ფურცელი (იხ. ტ.2, ს.ფ. 46-47).
5. სასამართლომ განმარტა, რომ მართალია, სსსკ-ის 268-ე მუხლი პირდაპირ არ ითვალისწინებს შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემას, მაგრამ ბავშვის უფლებათა კონვენციისა (მე-2 მუხლი) და მასში გატარებული პრინციპების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მამა-შვილს შორის ურთიერთობის არქონა გამოიწვევდა მათ კიდევ უფრო გაუცხოებას, რის გამოც კონკრეტულ შემთხვევაში, კანონის ანალოგიით (სსსკ-ის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილი) უნდა გამოყენებულიყო სსსკ-ის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი, რომლის საფუძველზეც, საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი უნდა გადაცემულიყო დაუყოვნებლივ აღსასრულებლად (იხ. ტ.1, ს.ფ. 131 და ტ.2, ს.ფ.43)
6. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, 2016 წლის 6 იანვარს, განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებაზე, იმავე წლის 11 სექტემბრის განჩინების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერება იმ საფუძვლით, რომ ზემოაღნიშნული განჩინების საფუძვლად გამოყენებული სამართლის ნორმის (სსსკ-ის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი) მოქმედება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 02 ნოემბრის საოქმო ჩანაწერით შეჩერდა (იხ. განცხადება - ტ.2.ს.ფ. 113-114)
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 იანვრის განჩინებით მოპასუხის განცხადება სააღსრულებო ფურცლის შეჩერებაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
8. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2015 წლის 02 ნოემბრის განმწესრიგებელი სხდომის №1/6/675 ჩანაწერით შეჩერდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მოქმედება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საოქმო ჩანაწერის საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზში გამოცხადების მომენტიდან.
9. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 სექტემბრის განჩინება ეფუძნებოდა არა მხოლოდ სსსკ-ის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტს, არამედ „ბავშვის უფლებათა კონვენციას“ (შემდეგში: კონვენცია), რომლის მე-2 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ და უზრუნველყოფენ მათი იურისდიქციის ფარგლებში მყოფი თითოეული ბავშვის ყველა იმ უფლებას, რომელიც წინამდებარე კონვენციითაა გათვალისწინებული, ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის გარეშე, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის ან სხვა რაიმე ვითარების განურჩევლად. მონაწილე სახელმწიფოები ყოველგვარ აუცილებელ ზომას ღებულობენ დისკრიმინაციის ყველა იმ ფორმისა და სასჯელისაგან ბავშვის დაცვის უზრუნველსაყოფად, რომლებიც უკავშირდება ბავშვის, ბავშვის მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ოჯახის სხვა წევრთა სტატუსს, საქმიანობას, მათ მიერ გამოთქმულ შეხედულებებს და მათ გამჟღავნებულ მრწამსს. ამავე კონვენციის მე-3 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ, უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას, ხოლო მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს.
10. სასამართლომ მიუთითა, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციითა და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით ძალაში შესულ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციას და კონსტიტუციურ კანონს, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.
11. სასამართლომ მიუთითა „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლზეც, რომლის შესაბამისად, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება საქართველოს კანონმდებლობის განუყოფელი ნაწილია. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ კანონსა და კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ. ოფიციალურად გამოქვეყნებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დებულებები, რომლებიც ადგენენ კონკრეტული ხასიათის უფლებებსა და მოვალეობებს და არ საჭიროებენ დამაზუსტებელი შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიღებას, საქართველოში მოქმედებენ უშუალოდ. ამ განჩინების მე-9 პუნქტში დასახელებული კონვენცია საქართველოს მიერ რატიფიცირებულია და მოქმედებს 1994 წლის 21 აპრილიდან.
12. სასამართლომ განმარტა, რომ კონვენცია საქართველოში უშუალოდ მოქმედ საკანონმდებლო აქტს წარმოადგენს, რომლის სამართლებრივი ნორმებიც საკმარის საფუძველს წარმოადგენდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2015 წლის 11 სექტემბრის განჩინების მისაღებად.
13. სასამართლომ ისიც აღნიშნა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საოქმო ჩანაწერი სსსკ-ის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შეჩერების შესახებ, მიღებულ იქნა 2015 წლის 02 ნოემბერს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ განჩინება მიღებულია იმავე წლის 11 სექტემბერს, ანუ თითქმის 2 თვით ადრე, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო სსსკ-ის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მოქმედებას შეაჩერებდა.
14. სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის არაკონსტიტუციურად ცნობა არ ნიშნავს ამ აქტის საფუძველზე ადრე გამოტანილი სასამართლოს განჩინებისა და გადაწყვეტილებების გაუქმებას, იწვევს მხოლოდ მათი აღსრულების შეჩერებას საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
15. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ხსენებული ორგანული კანონი არ ადგენდა, თუ რა შედეგს იწვევს კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის სამართლებრივი ნორმის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დროებით შეჩერება.
16. სასამართლოს მოსაზრებით, ზემოთ მითითებული სამართლებრივი ნორმის საფუძველზე, კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის არა მოქმედების შეჩერება, არამედ არაკონსტიტუციურად ცნობა იწვევს, ამ აქტის საფუძველზე, ადრე გამოტანილი სასამართლოს განჩინებისა და გადაწყვეტილებების აღსრულების შეჩერებას.
17. სასამართლომ განმარტა, რომ საოჯახო საქმეთა განხილვის გარკვეული თავისებურებანი, რა დროსაც სასამართლოს როლი მეტად აქტიურია და კანონმდებელი გარემოებათა სწორად დადგენისა და მატერიალური სამართლით მოწესრიგებული საოჯახო ურთიერთობის სწორი ანალიზისათვის ითვალისწინებს სასამართლოს შესაძლებლობას, დაადგინოს როგორც სადავო გარემოებათა წრე, ისე მიმართოს კანონით გათვალისწინებულ ყველა ღონისძიებას, მათ შორის მტკიცებულებათა მოპოვების თვალსაზრისითაც კი. სსსკ-ის 355-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე მიიღოს დროებითი განკარგულება, რათა მოაწესრიგოს ერთ-ერთი მშობლის ურთიერთობა ბავშვთან.
18. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 სექტემბრის განჩინება, თავისი შინაარსით, დროებით განკარგულებას წარმოადგენს, რომელმაც საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მოაწესრიგა მამის ურთიერთობა მის არასრულწლოვან შვილთან.
19. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 11 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ბავშვის დედამ, მოითხოვა მისი გაუქმება და სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერების შესახებ განცხადების დაკმაყოფილება (იხ. კერძო საჩივარი, ტ.2, ს.ფ. 141-147).
20.კერძო საჩივრის ავტორი შემდეგ არგუმენტებზე უთითებს:
20.1. საერთაშორისო ნორმის მორგება საქართველოში წარმოებული კონკრეტული სამართლებრივი დავისა და ამ დავის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაზე შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საერთაშორისო ნორმა მოქმედებს მისი ქვეყნის შიდა კანონმდებლობასთან იმპლემენტაციის შედეგად მიღებული სამართლებრივი ნორმით, ან როცა საერთაშორისო ნორმა კონკრეტული საკითხის მოწესრიგების პირდაპირ ან/და ზუსტ ინსტრუქციას იძლევა. წინააღმდეგ შემთხვევაში, საერთაშორისო ნორმის ინტერპრეტაცია და კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგებაში მისი იმპერატიულად გამოცხადება ყოვლად დაუშვებელია;
20.2.მცდარია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია საქართველოში უშუალოდ მოქმედ საკანონმდებლო აქტს წარმოადგენს. ასე რომ იყოს, საქართველოს არ ექნებოდა არასრულწლოვანის მიმართ მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, არც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი და მათ ფუნქციას კონვენცია შეასრულებდა. ბავშვის უფლებათა კონვენცია, როგორც ფართო სპექტრის შემცველი საერთაშორისო აქტი, წარმოადგენს ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის ძირითადი პრინციპების გაერთიანებას, რომელიც აისახა ბავშვის უფლებების ამსახველ კონკრეტულ დებულებებში. იგი, სახელდობრ, არც ბავშვის სამოქალაქო უფლებებს არეგულირებს, არც სისხლის სამართლებრივს და არც სოციალურ-ეკონომიკურს. კონვენცია ზოგადი საწყისია, რაზეც იგება შიდასახელმწიფოებრივი ნორმა კონვენციის დებულებათა ქვეყნის შიდა კანონმდებლობაში იმპლემენტაციით. ამავე პრინციპს ატარებს 1924 წლის ბავშვის უფლებათა ჟენევის დეკლარაცია;
20.3. სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონდა უფლება, ბავშვის უფლებათა კონვენციაზე ზოგადი მითითებით უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე. მოსამართლეები კონვენციის არც ერთ კონკრეტულ მუხლს ან პრინციპს არ უთითებენ, რაც მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გაამყარებდა ან გაამართლებდა;
20.4. დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომელიც წინამდებარე განჩინების მე-13 პუნქტშია ასახული. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, როდის და ვის მიმართ იქნა გამოყენებული ნორმა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კანონის, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ან კონკრეტული მუხლის ან მუხლის ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობის ან მისი მოქმედების შეჩერების მომენტიდანვე, ყველა საქმე, რომელიც მიმდინარეობის პროცესშია, უნდა შეჩერდეს;
20.5. მოცემულ საქმეზე იძულებითი აღსრულების პროცესის პირველი ეტაპი წარმოებს, შესაბამისად, რადგან აღსრულება ჯერ არ მომხდარა, სასამართლო ვალდებულია, დაემორჩილოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და დაუყოვნებლივ შეაჩეროს აღსრულების პროცესი;
20.6. დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები, რომლებიც ამ განჩინების 14-17 პუნქტებშია ასახული, ვინაიდან მოთხოვნილია არა განჩინების შეჩერება, არამედ სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერება. სააღსრულებლო ფურცელი არ არის დროებითი განკარგულება, თუმცა, როგორც არ უნდა განმარტოს მისი შინაარსი სააპელაციო სასამართლომ, ეს ვერ შეცვლის იმ ფაქტს, რომ როცა სააღსრულებო ფურცელი ემყარება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შეჩერებულ ნორმას –სსსკ-ის 268-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტს, სააღსრულებო ფურცლის მოქმედება უნდა შეჩერდეს.
21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2016 წლის 22 აპრილის განჩინებით მოპასუხის კერძო საჩივარი მიიღო წარმოებაში განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის კერძო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
22. საკასაციო სასამართლო, ხელმძღვანელობს სსსკ-ის 399-ე და 372-ე მუხლებით, როგორც ქვემდგომი ინსტანციების სასამართლოებში საქმის განხილვის მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება ზემდგომი წესით საქმის განხილვის წესებს, ხოლო 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმისწარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამავე კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).
23. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 11 იანვრის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობა საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შეჩერებაზე, ექვემდებარება თუ არა გასაჩივრებას კერძო საჩივრით ზემდგომ სასამართლოში.
24. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შეჩერებას, რაც სსსკ-ის 270-ე მუხლის თანახმად, საჩივრდება კერძო საჩივრის შეტანით, რომელიც არ შეაჩერებს ამ განჩინების შესრულებას.
25. საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე, მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და იმავე სასამართლოს 2015 წლის 11 სექტემბრის განჩინებით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილი დაუყოვნებლივ აღსასრულებლად იქნა მიქცეული (იხ. ამ განჩინების 3-5 პუნქტები).
26. საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 სექტემბრის განჩინება, მასშივე მითითებული წესით, კერძო საჩივრით გაასაჩივრა ზემდგომ სასამართლოში მოპასუხემ, რაც შეესაბამება სსსკ-ის 270-ე მუხლს. გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დარჩა ზემდგომ - სააპელაციო სასამართლოში, 2016 წლის 11 იანვრის განჩინებით (იხ. წინამდებარე განჩინების 7-18 პუნქტები), რაც იმას ნიშნავს, რომ სააპელაციო ეტაპზე მიღებული განჩინებით, ბავშვის დედის (მოპასუხის) კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გზით, საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 სექტემბრის განჩინება დარჩა ძალაში.
27. სსსკ-ის 419-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს კერძო საჩივრის მიღებიდან 2 თვის ვადაში. ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. ნორმის მითითებული დათქმიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეამოწმოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 იანვრის განჩინების კანონიერება, შესაბამისად, მოპასუხის წარმომადგენლის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი პრეტენზია (კერძოს საჩივარი) დაუშვებელია და იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული (იხ. სუსგ # ას-893-843-2015 – 11.12.2015წ).
28. კერძო საჩივრის დაუშვებლობის გამო, უცვლელად რჩება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 იანვრის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს. ლ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 იანვრის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 იანვრის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე