Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-283-269-2016 6 მაისი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი(მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა. ჯ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ა. ჯ-ი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სააპელაციო სასამართლოსთვის განცხადების ხელახლა განხილვის დავალება, სააღსრულებო ფურცლის გაუქმება

დავის საგანი – ხარჯების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ა. ჯ-ემ (შემდეგში: განმცხადებელი ან კერძო საჩივრის ავტორი) განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2011 წლის 22 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 422-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე.

2. განმცხადებელმა საკუთარი მოთხოვნა შემდეგნაირად დაასაბუთა:

2.1. სს ,,ლ-იდან” სესხის გამოტანის პროცედურის დაწყებისას მისთვის ცნობილი გახდა, რომ ანგარიშს ადევს სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის აქტიური ყადაღა 7 993,80 ლარზე, 19.03.13წ. ანგარიშს მოხსნილი აქვს ჯავშანი და ანგარიშის მფლობელს, ყოველთვიურად მხოლოდ პენსიის გატანის უფლება აქვს. ამ მტკიცებულების გაცნობის შემდეგ, განმცხადებლისათვის ცნობილი გახდა, რომ სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 21.05.12წ. გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე სააღსრულებო საქმე, რომლითაც განმცხადებელს, ამავე განჩინების 2.2. ქვეპუნქტში დასახელებული, მეოთხე თანამესაკუთრის სასარგებლოდ დაეკისრა 3 277 ლარი;

2.2. 1990 წლის 19 თებერვლით დათარიღებული საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტით, კურორტ ბახმაროში, ხ-ის ქუჩაზე №.. მდებარე, საცხოვრებელი სახლი აღრიცხული იყო ა. ქ-ეს ძე ჯ-ის, ე. ნ-ის ძე გ-ის, მ. ვ-ის ასული ვ-ის და ა. ს-ის ძე ჯ-ის სახელზე (შემდეგში: შესაბამისად, პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე თანამესაკუთრე);

2.3. პირველი თანამესაკუთერე გარდაიცვალა და მისი მემკვიდრე იყო ნ. ჯ-ე (შემდეგში: განმცხადებლის მამა), რომელსაც ჰყავდა სამი მემკვიდრე - თვითონ განმცხადებელი, მ. ბ-ე და თ. ჯ-ე (შემდეგში: განმცხადებლის დები). სამივე გათხოვილია და ყოველი მათგანი რეგისტრირებულია სხვადასხვა მისამართზე;

2.4. უძრავი ქონებიდან, რომელზეც სარემონტო სამუშაოები გასწია მეოთხე თანამესაკუთრემ, ერთი ოთახი ეკუთვნოდა პირველ თანამესაკუთრეს (განმცხადებლის ბაბუას). განმცხადებლისთვის ცნობილი გახდა ახალი გარემოება, რომ ქონების (რომელზეც სარემონტო ხარჯები გასწია მეოთხე თანამესაკუთრემ) მეპატრონეები ყოფილან მისი დები და არა თვითონ განმცხადებელი. განმცხადებლის დებმა სამკვიდრო მოწმობა მიიღეს 2015 წლის 1 ივნისს, მაგრამ აღნიშნულის შესახებ განმცხადებელი ინფორმირებული არ იყო, რადგან კონფლიქტი ჰქონდა დებთან. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მისი დები (მემკვიდრეები) უნდა მოეწვია პროცესზე და თუკი რაიმე იყო დასაკისრებელი, სწორედ მის დებს უნდა დაჰკისრებოდათ;

2.5. განმცხადებელი რეგისტრირებულია ლანჩხუთში, სოფ. ჩ-ის მე-5 ქ. №5 - ში და მის მიერ ბაბუის სამკვიდროს მიღების ფაქტი არ მტკიცდება;

2.6. მეოთხე თანამესაკუთრემ შეგნებულად არ გააგებინა დავის შესახებ სხვა მემკვიდრეებს, რადგან მათ შეეძლოთ თავადვე ეწარმოებინათ სარემონტო სამუშაოები. მეოთხე თანამესაკუთრემ სარჩელში შეგნებულად დაასახელა განმცხადებელი მოპასუხედ. განმცხადებელმა მამის დანაშთი სამკვიდროდან წილი ვერ მიიღო და მისთვის სარემონტო ხარჯების დაკისრება უსამართლობაა.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით (რომლის ბათილად ცნობასაც ითხოვს განმცხადებელი): ა.მეოთხე თანამესაკუთრის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბ.გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ.განმცხადებელს, მეოთხე თანამესაკუთრის სასარგებლოდ, დაეკისრა 3277 ლარი და 50 თეთრი; დ. ნ. გ-ეს, (შემდეგში: მეორე თანამესაკუთრის შვილი) მეოთხე თანამესაკუთრის სასარგებლოდ, დაეკისრა 3 277 ლარი და 50 თეთრი.

4. სააპელაციო სასამართლომ ამ განჩინების მე-3 პუნქტში მითითებული გადაწყვეტილებით დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

4.1. 1990 წლის 19 თებერვალს შედგენილი საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტით უძრავი ნივთი - საცხოვრებელი სახლი (იხ. ამ განჩინების 2.2. ქვეპუნქტი) აღრიცხული იყო ოთხი თანამესაკუთრის სახელზე. მათგან ზოგიერთი გარდაცვლილია და ამჟამად, სახლის თანამესაკუთრეები არიან მეოთხე თანამესაკუთრე, მეორე და მესამე თანამესაკუთრეების შვილები და განმცხადებელი;

4.2. მეოთხე თანამესაკუთრემ, 1999 წელს, შესთავაზა სხვა თანამესაკუთრეებს, ერთად დაეწყოთ სიძველისა და დიდთოვლიანობის გამო დაზიანებული სახლის აღდგენითი სამუშაოები, რაზედაც უარი მიიღო, რის შემდეგაც, მან პირველი და მესამე თანამესაკუთრეების მემკვიდრეებს შესთავაზა კუთვნილი საზიარო სახლის ოთახების შესყიდვა. ამ უკანასკნელებმა, უსახსრობის გამო, უარი განაცხადეს სახლის სარემონტო სამუშაოებზე და დათანახმდნენ თავ-თავიანთი წილის გაყიდვაზე. მეოთხე თანამესაკუთრემ მათ გადაუხადა, შესაბამისად, 70 და 100 ლარი სახლის ნასყიდობის საფასური (იხ. ტ.1, ს.ფ. 20-21). რაც შეეხება მეორე თანამესაკუთრეს, მისთვის არც ფული გადაუხდია და არც ხელწერილი გამოურთმევია, რადგანაც მისი კუთვნილი სახლიდან საერთოდ არაფერი არ იყო დარჩენილი;

4.3. მეოთხე თანამესაკუთრეს სხვა თანამესაკუთრეებისგან გამოსყიდული უძრავი ქონება კანონით დადგენილი წესით საჯარო რეესტრში არ აღურიცხავს (იხ. ტ.1, ს.ფ. 14);

4.4. მეოთხე თანამესაკუთრე, მეორე და მესამე თანამესაკუთრეების შვილები, ასევე, განმცხადებელი სადავო სახლის თანამესაკუთრეები არიან, ანუ საზიარო საგანზე თითოეულის წილი 1/4-ს შეადგენს;

4.5. მეოთხე თანამესაკუთრემ 2000 წელს აღადგინა და საზიარო საგნის მოვლა-პატრონობის ხარჯები გასწია დამოუკიდებლად, სახლის აღდგენაზე გაწეულმა ხარჯებმა შეადგინა 13 110 ლარი, რასაც ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნა (იხ. ტ.1, ს.ფ. 22-23);

4.6. მეოთხე თანამესაკუთრემ სარჩელი წარადგინა ორი მოპასუხის: მეორე თანამესაკუთრის შვილისა და განმცხადებლის წინააღმდეგ და მოთხოვნილია საზიარო საგანზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება;

4.7. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 172-ე, 953-ე, 956.2.-ე, 960-ე, 463-ე, 464-ე, 473-ე მუხლები.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2016 წლის 14 იანვრის განჩინებით, განცხადება იმავე სასამართლოს 2011 წლის 22 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ, არ დააკმაყოფილა.

6. სააპელაციო სასამართლომ, სსსკ-ის 421-ე, 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის დანაწესისა და წინამდებარე განჩინების 4.1-4.5 პუნქტებში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, განცხადება უსაფუძვლოდ მიიჩნია და განმარტა:

6.1.განმცხადებელი მისი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებს სსსკ-ის 422-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ პუნქტზე და აცხადებს, რომ სასამართლოს სხდომაზე უნდა მოეწვია სულ სხვა პირები, კერძოდ, მისი დები და არა ის;

6.2. განმცხადებლისათვის ყველა ის გარემოება (სხვა მემკვიდრეების არსებობა და მათი ვინაობა), რაც მან განცხადებაში მიუთითა, ჯერ კიდევ 2010 წლის 2 სექტემბერს, ანუ მეოთხე თანამესაკუთრის მიერ სარჩელის აღძვრის დროს იყო ცნობილი და რაიმე გარემოება, რაც ახალი იქნებოდა საქმისათვის, მან ვერ მიუთითა. ფაქტია, რომ მეოთხე თანამესაკუთრის მიერ სარჩელი წარდგენილია ორი მოპასუხის - მეორე თანამესაკუთრის შვილისა და განმცხადებლის წინააღმდეგ. ასევე უდავოა, რომ სადავო საცხოვრებელი სახლის თანამესაკუთრეებიდან ზოგიერთი გარდაცვლილია და ამჟამად, სახლის თანამესაკუთრეები არიან: მეოთხე თანამესაკუთრე, მეორე და მესამე თანამესაკუთრეების შვილები და განმცხადებელი (იხ. ამ განჩინების 4.1 და 4.6 ქვეპუნქტები);

6.3. განმცხადებლის მითითებით, 2015 წლის 1 ივნისს, სამკვიდრო მოწმობა მეოთხე თანამესაკუთრის მიერ გარემონტებულ სამკვიდრო ქონებაზე მიიღეს მისმა დებმა და არა მან, ანუ ისინი არიან მემკვიდრეები და მათ უნდა აგონ პასუხი სარჩელზე. ბუნებრივია, ეს გარემოება 2010 წლის 2 სექტემბრისათვის (სარჩელის აღძვრისას) და 2011 წლის 22 ნოემბერსაც (გადაწყვეტილების მიღებისას) ვერ იქნებოდა ცნობილი სასამართლოსათვის. სასამართლოს განმარტებით, ახალი გარემოება (რაც შემდეგ შეიძლება გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გახდეს) ისაა, რომელიც არსებობდა საქმის განხილვის დროს, მაგრამ ობიექტურად უცნობი იყო მხარისათვისაც და სასამართლოსთვისაც. ასეთი გარემოება კი სახეზე არ არის. საკვიდრო მოწმობა ვერ შეცვლის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რადგან მემკვიდრეთა წრე 2010 წლის 2 სექტემბრისათვის უკვე გარკვეული იყო და ამაზე თავის დროზე შეეძლო განმცხადებელს აპელირება;

6.4. თვითონ განმცხადებელი პროცესზე მიწვეული იყო და მონაწილეობდა კიდეც, რასაც მოწმობს საქმის მასალები, შესაბამისად, დაუსაბუთებელია მისი მოსაზრება, რომ არ იყო მიწვეული სხდომაზე. განცხადება უსაფუძვლოა იმ თვალსაზრისითაც, რომ სასამართლოს სხდომაზე უნდა მიეწვია განმცხადებლის დები. აღნიშნულზე უნდა იდავოს არა განმცხადებელმა, არამედ თვითონ დაინტერესებულმა მხარემ. უდავოა, რომ სარჩელის აღძვრის დროს მოსარჩელისთვის ცნობილი იყო ყველა მემკვიდრის შესახებ, მაგრამ სარჩელი წარდგენილია მხოლოდ ორი მოპასუხის წინააღმდეგ. მოსარჩელე თავად ასახელებს მოპასუხეს და არა სასამართლო. უსაფუძვლოა, ასევე, განმცხადებლის მოთხოვნა სააღსრულებო ფურცლის გაუქმების თაობაზე.

7. განმცხადებელმა საკასაციო სასამართლოს მიმართა კერძო საჩივრით, მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და, საქმის წარმოების განახლების მიზნით, საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება.

8.კერძო საჩივრის ავტორი შემდეგ პრეტენზიებზე უთითებს:

8.1. ბაბუისა და მამის გარდაცვალების შემდეგ, ფაქტობრივი ფლობით სამკვიდრო არცერთ შვილს არ მიუღია. 2015 წლის 01 ივნისს, კერძო საჩივრის ავტორის დებმა მიიღეს სამკვიდრო მოწმობა შემნახველი სალაროს წიგნაკის საფუძველზე;

8.2. სარჩელის აღძვრისა და გადაწყვეტილების გამოტანისას განმცხადებლისთვის არ იყო ცნობილი, რომ მისი დები მიიღებდნენ სამკვიდრო მოწმობას. აღნიშნული გარემოება ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში, საქმის განხილვის დროს, მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული და სასამართლო საქმეში სათანადო მოპასუხეებად ჩართავდა განმცხადებლის დებს და მათ დაეკისრებოდათ კერძო საჩივრის ავტორისათვის სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა;

8.3. განმცხადებლისათვის ცნობილი იყო მემკვიდრეთა წრე, მაგრამ მისთვის არ იყო ცნობილი იმ დოკუმენტის შესახებ, რომლითაც დადასტურდა ნოტარიუსთან სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტი. განმცხადებელი ფაქტობრივი ფლობით არ დაუფლებია ბაბუისა და მამის დანაშთ ქონებას.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2016 წლის 7 აპრილის განჩინებით, განმცხადებლის კერძო საჩივარი მიიღო წარმოებაში განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ განმცხადებლის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

10. სსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

11. სსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

12. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიით, სააპელაციო სასამართლომ მას უკანონოდ არ დაუკმაყოფილა განცხადება, რომლითაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვდა.

13. სააპელაციო სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილებით განმცხადებელი მოპასუხეა, რომელსაც, მეორე მოპასუხესთან ერთად, დაეკისრა მის საკუთრებაზე (საზიარო საკუთრების საცხოვრებელ სახლზე) მოსარჩელის მიერ განხორციელებული რემონტისა და მოვლისათვის დახარჯული თანხის გადახდა.

14. კერძო საჩივრის ავტორი გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს სსსკ-ის 422.1.“ბ“ ქვეპუნქტისა - „კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე“ და ამავე კოდექსის 423.1.“ვ“ ქვეპუნქტის -„კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას“ -საფუძველზე.

15. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ახლად აღმოჩენილი გარემოებაა ის ფაქტი, რომ შემნახველი სალაროს წიგნაკის საფუძველზე, მისმა დებმა, 2015 წლის 01 ივნისს, მიიღეს კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა სადავო სახლის წილზე. ამავე გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი კი ის გარემოებაა, რომ საქმეში სათანადო მოპასუხეებად მისი დები უნდა ყოფილიყვნენ ჩართულნი.

16. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რომელიც წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტშია ასახული და მიაჩნია, რომ სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა განცხადება მისი დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის გამო.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლით გათვალისწინებული დისპოზიციურობის პრინციპისა და ამავე კოდექსის 422.1.“ბ“ ქვეპუნქტის დანაწესის შესაბამისად, სასამართლოს იმ სუბიექტმა უნდა მიმართოს, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ პროცესში მხარედ უნდა ყოფილიყო ჩართული და სამართალწარმოებაში მონაწილეობის მიუღებლობამ ხელყო მისი უფლებები. განმცხადებელი კერძო საჩივრით არ უარყოფს პროცესზე მისი დასწრების ფაქტს, ასევე ადასტურებს (იხ. წინამდებარე განჩინების 8.3. ქვეპუნქტი), რომ პროცესის მსვლელობისას მისთვის ცნობილი იყო მემკვიდრეთა წრე.

18. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, ის თავს არ თვლიდა არასათანადო მოპასუხედ (ანუ პირიქით მესაკუთრედ თვლიდა) და საქმეში არც სხვა, მისი აზრით, სათანადო მოპასუხეების ჩაბმის საკითხი დაუყენებია.

19. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კერძო საჩივარში განმცხადებელი მხოლოდ დეკლარაციულად მიუთითებს სსსკ-ის 422.1.“ბ“ ქვეპუნქტზე, მაგრამ არ მსჯელობს რაში გამოიხატა მოცემულ დავაზე ამ ნორმის დარღვევა.

20. სასამართლო მიიჩნევს, რომ ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით, ასევე, დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (სსსკ-ის 423-ე მუხლი).

21. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა: „ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლად კანონმდებელი მიიჩნევს მხარის მიერ ახალი გარემოებისა და მტკიცებულების, ანუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ისეთი ფაქტის (ფაქტობრივი ვითარების) და ისეთი მტკიცებულების შეტყობას, რომელიც საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე არსებობდა, ობიექტურად იყო უცნობი და, საშუალო წინდახედულობის ფარგლებში, მათი შეტყობა მხარისათვის შეუძლებელი იქნებოდა. კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმით, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით – სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე და 423-ე მუხლებით იმპერატიულად განსაზღვრულ შემთხვევებს, რადგან საქმის წარმოების განახლება, როგორც საპროცესო მოქმედება, არ წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს და ამდენად, გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების დამატებით საპროცესო მექანიზმს. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში და ისიც, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას“ (იხ. სუსგ №ას-582-553-2015, 15.07.2015წ.).

22. ამდენად, საკასაციო სასამართლოს დასკვნით, 21-ე პუნქტში მითითებული მსჯელობის გათვალისწინებით, განმცხადებლის მიერ წინამდებარე განჩინების 8.3 ქვეპუნქტში მითითებული მტკიცებულება არ წარმოადგენს სსსკ-ის 423-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ისეთ მტკიცებულებას, რომელიც საფუძვლად დაედება საქმის წარმოების განახლებას.

23. კერძო საჩივრის ავტორის ის მოსაზრება, რომ მითითებული სანოტარო აქტი ობიექტურად ვერ იარსებებდა სამოქალაქო სარჩელის განხილვის მომენტისათვის გასაზიარებელია, თუმცა, აღნიშნული არ წარმოადგენს სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლით საქმის წარმოების განახლების საფუძველს იმ დასაბუთებით, რაც აღნიშნულია ამავე განჩინების 16-21 პუნქტებში.

24.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ჯ-ის კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 იანვრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 იანვრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ.ქათამაძე