Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-1132-1065-2015 3 მაისი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვა

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

კასატორი – გ. ღ-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი. ა-ე (მოპასუხე)

წარმომადგენელი - ბ. ყ-ი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ანდერძის ბათილად ცნობა, სამკვიდრო მოწმობის გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ლ. ა-ემ (შემდეგში: მამკვიდრებელი, მოანდერძე, თავდაპირველი მესაკუთრე) 1998 წლის 22 აპრილს, სანოტარო წესით დადასტურებული ანდერძი გასცა შვილიშვილზე - ი. ა-ეზე (შემდეგში: მოპასუხე, მემკვიდრე, მამკვიდრებლის შვილიშვილი, მესაკუთრე). მოანდერძის განკარგულებისამებრ, მისი უძრავ - მოძრავი ქონება, რომელიც გარდაცვალების დროისათვის აღმოჩნდებოდა მის საკუთრებაში, რა სახითაც და სადაც არ უნდა ყოფილიყო იგი, ანდერძით დარჩა მის შვილიშვილს, რომელიც ცხოვრობს წალენჯიხის რაიონის სოფელ ო-ში (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში: სსკ-ის 1344-1346-ე, 1357-ე მუხლები; ტ.1. ს.ფ. 53).

2. მემკვიდრის საკუთრებაშია ქალაქ წალენჯიხაში, ... მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე, უძრავი ნივთი (3900 კვ.მ მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით - ...; შემდეგში: სადავო მიწის ნაკვეთი; ტ.1. ს.ფ.51).

3. საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველია 2001 წლის 24 დეკემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობა, რომელიც ადასტურებს, რომ მოპასუხემ მიიღო მამკვიდრებლის ანდერძისმიერი სამკვიდრო, კერძოდ, წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტში მითითებული უძრავი ქონება (სსკ-ის 1499-ე მუხლი; ტ.1. ს.ფ. 55).

4. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიწის მართვის სამმართველოს 1997 წლის 26 მაისის მიღება-ჩაბარების აქტით, რომელიც 1998 წლის 19 მარტს დარეგისტრირდა მიწათსარგებლობის რეგისტრაციის წიგნში #3/800, მამკვიდრებელს საკუთრებაში გადაეცა ქალაქ წალენჯიხაში, ... მიმდებარე ტერიტორიაზე 3900 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

5. მამკვიდრებელი გარდაიცვალა 2001 წლის 30 სექტემბერს (ტ.1.ს.ფ. 55).

6. გ. ღ-ა (შემდეგში: მოსარჩელე ან კასატორი)არასდროს ყოფილა სადავო ნაკვეთის მესაკუთრე.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი წალენჯიხის სარეგისტრაციო სამსახურის ჩანაწერები, სადაც მოანდერძის მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია წალენჯიხის მიწის მართვის სამმართველოს 1997 წლის 26 მაისის გაყალბებული მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც 1998 წლის 19 დარეგისტრირდა მიწათსარგებლობის რეგისტრაციის წიგნში #3/800. ამავე გადაწყვეტილებით, წალენჯიხის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა, საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილების შეტანა, სადაც საფუძვლად მითითებული იყო, აღნიშნული 1997 წლის 26 მაისის გაყალბებული მიღება-ჩაბარების აქტი (ტ.1.ს.ფ.20-29).

8. 2013 წლის 17 აპრილს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სამკვიდრო მოწმობის გაუქმების მოთხოვნით, კერძოდ კი, იმ ფაქტობრივი საფუძვლით, რომ სამკვიდრო მოწმობის გაცემისას გამოყენებული იყო, 1997 წლის 26 მაისს მამკვიდრებლის სასარგებლოდ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტი. აღნიშნული სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ-ის 264-ე, 266-ე მუხლები).

9. მოსარჩელემ, 2014 წლის 13 ნოემბერს, კვლავ აღძრა სარჩელი და მოითხოვა მოპასუხის სასარგებლოდ შედგენილი ანდერძის ბათილად ცნობა, იმ საფუძვლით, რომ ანდერძის შედგენისას გამოიყენეს 1997 წლის 26 მაისს შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის სიყალბეც დადასტურებულია და მოანდერძემ მოპასუხეს უანდერძა ნივთი, რომელიც არ იყო მისი საკუთრება, ხოლო ანდერძის ბათილობა თავისთავად გამოიწვევდა მის საფუძველზე გაცემული ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის გაუქმებას.

10. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ანდერძის ბათილად ცნობისა და შესაბამისი სამკვიდრო მოწმობის გაუქმების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა.

11. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-8 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნა, რომ მოსარჩელისთვის 2005 წლიდან იყო ცნობილი მიწის ნაკვეთის ჯერ მამკვიდრებლის, ხოლო შემდეგ მოპასუხის საკუთრებაში რეგისტრაციის ფაქტი. სასამართლოს მოსაზრებით, წინამდებარე განჩინების მე-6 და მე-8 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ანდერძის ბათილობის გარეშე, სამკვიდრო მოწმობის გაუქმების მოთხოვნის სამართლებრივი საშუალება მოსარჩელეს ამოწურული აქვს.

12. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ გამოიყენა სსკ-ის 52-ე-62-ე, 1403-ე, 1404-ე მუხლები და განმარტა, რომ ანდერძი ბათილად ჩაითვლება იმ პირობების არსებობისას, რომლებიც იწვევენ გარიგების ბათილობას საერთოდ.

13. სასამართლომ აღნიშნა, რომ ზოგადად, გარიგების ბათილობის საფუძვლები გათვალისწინებულია სსკ-ის 52-ე-62-ე მუხლებით, ხოლო მოხმობილ ნორმებში მითითებული ფაქტობრივი წანამძღვრების არსებობა მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა.

14. სასამართლომ განმარტა, რომ ანდერძის ბათილობის სპეციალური წესები გათვალისწინებულია სსკ-ის 1403-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით და 1404-ე მუხლით. კერძოდ, საანდერძო განკარგულებები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან კანონს ან საზოგადოებრივ ინტერესებს, აგრეთვე ისეთი განკარგულებები, რომლებიც გაუგებარია ან ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს - ბათილია. ასეთ განკარგულებებს კი სადავო ანდერძი არ შეიცავდა.

15. სასამართლომ იმსჯელა, რომ ანდერძი შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ იგი შედგენილია კანონით დადგენილი წესების დარღვევით, ასევე ისეთ მდგომარეობაში, როცა პირს არ შეეძლო, შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა და წარემართა იგი. ამგვარ დარღვევაზე მოსარჩელეს არ მიუთითებია.

16. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მოითხოვა მისი გაუქმება და, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით, სარჩელის დაკმაყოფილება.

17. მოსარჩელემ სააპელაციო საჩივრის საფუძვლებად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:

17.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად არასწორი გადაწყვეტილება მიიღო;

17.2. გამოძიებით დადგენილია, რომ მოანდერძისათვის მიწის ნაკვეთის გადაცემისას, თანამდებობის პირთა ხელშეწყობით, გაყალბდა მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების აქტი, რის საფუძველზეც მოანდერძემ სადავო მიწის ნაკვეთი დაარეგისტრირა საკუთარ სახელზე, ხოლო შემდეგ კი შვილიშვილს უანდერძა, რომელიც ანდერძისმიერი მემკვიდრეობის მოწმობის საფუძველზე გახდა მესაკუთრე, სხვა ქონება მამკვიდრებელს არ ჰქონია;

17.3. ანდერძი სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის მოთხოვნათა დარღვევითაა შედგენილი. სანოტარო აქტზე არ არის ხელმომწერის სახელი და გვარი, ანდერძზე ხელმომწერი არ იკითხება გარკვევით, არ იკითხება მოწმეთა სახელი და გვარი;

18. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

19. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები და შეფასებები დავის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებზე.

20.სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ანდერძი რეგისტრირებულია რეესტრში; გადახდილია საფასური, წაიკითხა მოანდერძემ, მას ხელს აწერენ მოანდერძე, ნოტარიუსი და მოწმეები; ხელმოწერები არ შეიცავს არანაირ ბუნდოვანებას, ისინი სრულიად ნათელი და გასაგებია.

21. სასამართლომ დაასკვნა, რომ ანდერძი კანონიერად გასცა მოანდერძემ და დაამოწმა ნოტარიუსმა. ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა კი უკვე სახელდებით გაიცა იმ სამკვიდრო ქონებაზე, რომელიც გარდაცვალების დროისათვის მოანდერძეს ეკუთვნოდა და ასეთი იყო სადავო მიწის ნაკვეთი.

22. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი სასამართლოს მითითება, რომ ანდერძი, შედგენისა და დამოწმების დროს, რაიმე კონკრეტულ ქონებაზე არ გაცემულა, არამედ გაიცა იმ ქონებაზე, რაც გარდაცვალების დროისათვის მოანდერძეს აღმოაჩნდებოდა.

23. სასამართლომ, სსკ-ის 1403-ე, 1404-ე მუხლებზე მითითებით, აღნიშნა, რომ საქმის გარემოებებით არ დასტურდებოდა გარიგებათა ბათილობის სამართლებრივი საფუძვლები, მოსარჩელეს არც ერთ ასეთ საფუძველზე არ მიუთითებია, იგი არ აპელირებდა იძულებაზე, მოტყუებაზე, ნდობის ბოროტად გამოყენებაზე და ა.შ.

24. სასამართლოს მსჯელობით, მოსარჩელის პრეტენზია ანდერძის შედგენისა და ნოტარიუსის მიერ მისი დამოწმების დროს სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ (იმ დროს მოქმედი) ინსტრუქციის დარღვევაზე, რასაც შესაძლოა გარიგების ბათილობა გამოეწვია - დაუშვებელი იყო, რადგან ბათილობის ამგვარ საფუძველზე მოსარჩელეს პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი სარჩელით არ მიუთითებია. სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელის მიერ გაცხადებული პრეტენზიის არსებობის დაშვების შემთხვევაშიც კი, აღნიშნული გარემოებები საქმის მასალებით არ დასტურდებოდა.

25. მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 03 სექტემბრის განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

26. კასატორის პრეტენზიები შემდეგ არგუმენტებს მოიცავს:

26.1.არასწორია სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სსკ-ის 52-ე-62-ე მუხლებით გათვალისწინებული გარიგების ბათილობის ფაქტობრივი წანამძღვრების არსებობა. მოსარჩელე სადავო გარიგების ბათილობის საფუძვლად უთითებდა სსკ-ის 54-ე მუხლზე, რომლის თანახმად: „ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს“;

26.2. მოანდერძე ყალბი დოკუმენტების შექმნით დაეუფლა სადავო უძრავ ქონებას, რომელიც კასატორს გადაეცა მიღება-ჩაბარების აქტით და არა მოანდერძეს. მიღება-ჩაბარების აქტით ნაკვეთის გადაცემა ნიშნავს, რომ კასატორი არის ნაკვეთის მესაკუთრე, მან რეესტრში დროულად ვერ გაატარა, რადგან მოანდერძემ დაასწრო;

26.3. მოანდერძის ქმედება უდავოდ ეწინააღმდეგება კანონსა და საჯარო წესრიგს, მიწის ნაკვეთის გადაცემისას, გაყალბდა მიღება-ჩაბარების აქტი. მამკვიდრებელმა შვილიშვილს უანდერძა სხვისი უძრავი ქონება, ხოლო ამ უკანასკნელმა კი, ანდერძისმიერი მემკვიდრეობის მოწმობის საფუძველზე, დაირეგისტრირა ქონება საკუთრებად. მოანდერძეს რეესტრის თანამშრომელთა დანაშაულებრივი ხელშეწყობით რომ არ გაეყალბებინა დოკუმენტი, ვერ მიიღებდა ქონებაზე უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, შესაბამისად, მემკვიდრე ვერ მიიღებდა სამკვიდრო მოწმობას. მან ფაქტიურად მოატყუა ნოტარიუსი. ნოტარიუსს არ უნდა შეესრულებინა სანოტარო მოქმედება, რადგან ეს ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, მორალს, ზნეობასა და კეთილ ჩვეულებებს.

27. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2015 წლის 11 ნოემბრის განჩინებით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. სასამართლომ 2016 წლის 22 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნო, ხოლო 2016 წლის 15 აპრილის განჩინებით დანიშნა საჩივრის არსებითი განხილვა ზეპირი მოსმენით.

28. საქმის ზეპირი მოსმენისას, მხარეებმა შემდეგნაირად განმარტეს საკუთარი პოზიციები:

28.1. კასატორმა განაცხადა, რომ მისი ინტერესია, გახდეს სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, მასზე დარეგისტრირდეს უძრავი ქონება; მისი მოთხოვნაა ანდერძის ბათილად ცნობა, მოპასუხეზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის გაუქმება. ამ გაუქმებით საშუალება მიეცემა, დაირეგისტრიროს საკუთრება;

28.2. კასატორს მიაჩნია, რომ იგი სადავო მიწის ნაკვეთის მფლობელია. მანვე, დაადასტურა, რომ არ აქვს სადავო მიწის ნაკვეთის მიღება- ჩაბარების აქტი.

28.3. კასატორის მოწინააღმდეგემ განმარტა, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა იურიდიული ინტერესი სსსკ-ის 180-ე მუხლზე დაყრდნობით, არა მხოლოდ განსახილველ დავაზე, არამედ ჯერ კიდევ იმ დავაზე, რომელზეც უზენაესმა სასამართლომ მიიღო განჩინება და გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. მოსარჩელე მფლობელიც კი არ არის სადავო ქონების და მას არ აქვს არც ფაქტობრივი, არც სამართლებრივი საფუძველი, რომელიც მის პოზიციას დაადასტურებდა. მოსარჩელეს არ უდავია მოპასუხის მამის სიცოცხლეში, მხოლოდ ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ წამოიწყო დავა. მოსარჩელისა და მოპასუხის მიწის ნაკვეთები მომიჯნავეც კი არ არის, მათ შორის ღელე ჩამოდის. რეგისტრაციის გაუქმებაც კი არ შექმნის იმ წინაპირობას, რაც მოსარჩელეს მიაღწევინებს სამართლებრივ შედეგს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შემდეგი არგუმენტაციით:

29. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება);

30. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას ამახვილებს, რომ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, როგორც სააპელაციო, ისე, რაიონულ სასამართლოებში, კერძოდ, არცერთმა სასამართლომ არ იმსჯელა, ჰქონდა თუ არა მოსარჩელეს სარჩელის აღძვრის უფლება ანუ სასამართლომ არ გაარკვია დავის ინიციატორი სათანადო მოსარჩელე იყო თუ არა. დავის არსიდან გამომდინარე, აღნიშნული საკითხის გამოკვლევა სასამართლოს პრეროგატივა იყო, რომელსაც სსსკ-ის 84-ე მუხლის საფუძველზე უნდა ემსჯელა, იყო თუ არა აღძრული სარჩელი იმ პირის მიერ, რომელსაც მოთხოვნის უფლება ჰქონდა; მოსარჩელის თანხმობის შემთხვევაში, სასამართლოს შეეძლო არასათანადო მოსარჩელის თანხმობით, ამ უკანასკნელის სათანადო მოსარჩელით შეცვლა. დასახელებული ნორმა არეგულირებს იმ საკითხსაც, როდესაც არასათანადო მოსარჩელის შესაცვლელად სათანადო მოსარჩელე უარს აცხადებს, რა დროსაც სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, ხოლო თუკი არასათანადო მოსარჩელე არ არის თანახმა, შეიცვალოს სათანადო მოსარჩელით, მაშინ ეს უკანასკნელი შესაძლებელია მესამე პირად ჩაებას საქმეში, რომელიც დამოუკიდებელ მოთხოვნას განაცხადებს დავის საგანზე.

31. განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წესით განხილულ დავაში, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული, დადგენილია, რომ მოანდერძემ მიიღო უძრავი ქონება, რომლის უფლების დამდგენი დოკუმენტის სიყალბე დადგენილია და გაუქმებულია მოპასუხის მამკვიდრებლის საკუთრებად უძრავი ქონების რეგისტრაციის სამართლებრივი საფუძველი (იხ. ამ განჩინების მე-7 პუნქტი).

32. ამ განჩინების 31-ე პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, სახელმწიფოს შეიძლება ჰქონდეს ინტერესი სადავო მიწის ნაკვეთზე. თუ სახელმწიფო ჩაერთვება სათანადო მოსარჩელედ, მას შეუძლია მოითხოვოს სადავო მიწის ნაკვეთზე რეგისტრაციის გაუქმება და, ქონების აუქციონზე გატანის გზით, კასატორს და მის მოწინააღმდეგეს ექნებათ თანაბარი შესაძლებლობა, კანონით დადგენილი წესით მოიპოვონ ნაკვეთზე საკუთრების უფლება. თუკი, სათანადო მოსარჩელის სახით სახელმწიფო უარს იტყვის საქმეში ჩართვაზე, მაშინ არსებული მდგომარეობა უცვლელი დარჩება, პროცესუალურად კი შეწყდება საქმის წარმოება.

33. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ აღძრულია აღიარებითი სარჩელი (სსსკ-ის 180-ე მუხლი), რომლის იურიდიული ინტერესი, ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობებიდან გამომდინარე (იხ. განჩინების 1-7 პუნქტები) მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით გაანალიზებისა და შეჯერების შედეგად, არ დგინდება სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი და იგივე მიზეზით საკასაციო განაცხადის მოტივაციაც დაუსაბუთებელია.

34. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა აღიარებითი სარჩელის სამართლებრივ ბუნებაზე მსჯელობისას, განმარტავს, რომ „იურიდიული ინტერესი არის ის ფაქტობრივი და სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევასაც ცდილობს მხარე აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით. აღიარებითი სარჩელის მიმართ ნამდვილი იურიდიული ინტერესის არარსებობა არათუ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, არამედ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველსაც კი წარმოადგენს. დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, შესაბამისად, ვიდრე საქმის განმხილველი სასამართლო სარჩელის საფუძვლიანობას შეამოწმებს, მნიშვნელოვანია, შეფასდეს, აქვს თუ არა მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ და უზრუნველყოფს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას. აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. აღიარებითი სარჩელი უნდა ემსახურებოდეს მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას. დიდი პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, კერძოდ: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. დიდი პალატა სსსკ-ის 180-ე მუხლის განმარტების შედეგად აღნიშნავს, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში“ (სუსგ დიდი პალატა, საქმე # ას -121-117-2016, 17.03.2016წ.).

განსახილველ შემთხვევაში, მარტოოდენ მოსარჩელის სურვილი, მიაღწიოს სასურველ შედეგს და საკუთრებად დაირეგისტრიროს სადავო მიწის ნაკვეთი, არ არის განმტკიცებული იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობებით, რომელიც შესაძლებელს გახდის მისი მატერიალური უფლების რეალიზებას. „საერთო სასამართლოებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ აღძრული სარჩელისადმი მოსარჩელის იურიდიულ ინტერესზე, ასევე იმ საკითხზე, თუკი აღიარებითი სარჩელის ნაცვლად შესაძლებელია მიკუთვნებითი მოთხოვნის წაყენება მოპასუხისადმი, რაც იმავდროულად გადაწყვეტილების აღსრულებაუნარიანობის საკითხსაც უკავშირდება, რადგან გადაწყვეტილების აღსრულება მხარისათვის გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს განუყოფელი ნაწილია (Apostol v. Georgia; §37; ასევე იხ. Hornsby v.Greece,§40), ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (IZA Ltd and Makrakhidze v. Georgia, §42; სხვა პრეცედენტთა შორის იხ.Burdov v. Russia, §34; Hornsby v. Greece, §40)“ - იხ. სუსგ # ას- 1187-1117-2015, 05.20.2016წ.

35. საქმის ხელახლა განხილვისას, სააპელაციო სასამართლომ, ასევე, ყურადღება უნდა გაამახვილოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 2 ივნისის განჩინებაზე - საქმე # ას-223-208-2014, სადაც მოსარჩელე არის მოცემულ დავაში კასატორი (მოსარჩელე), ხოლო მოპასუხე კი - მოცემულ დავაში მოწინააღმდეგე (მოპასუხე), ამასთან დავის საგანია - სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა; დასახელებული განჩინებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სარჩელი და აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს და დაადგინოს, განსახილველ საქმეზე ხომ არ წარმოიშვა სსსკ-ის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი წინაპირობა საქმის წარმოების შესაწყვეტად.

36. სსსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, ამავე ნორმის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების არასაკმარისი იურიდიული დასაბუთებულობის გამო. წინამდებარე განჩინებაში მითითებული სამართლებრივი შეფასებისათვის, დამატებითი კვლევის ნაწილში, არსებული სამართლებრივი ურთიერთობის მართებული შეფასება მნიშვნელოვანია საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, რის გამოც, საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი სახეზეა. საქმეზე დაშვებული საპროცესო დარღვევები და დადგენილი ფაქტები არ იძლევა საკასაციო სასამართლოს მიერ, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს, რის გამოც ამ ნაწილში უარყოფილია კასატორის მოთხოვნა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 257-ე მუხლის პირველი ნაწილით, 372-ე, 399-ე მუხლებით, 408-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 412-ე, 407-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ღ-ას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. კასატორს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს;

4. გ. ღ-ას დაუბრუნდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებები: ზუგდიდის რაიონული პროკურატურის 2009 წლის 29 ივლისისა და 2015 წლის 25 ივნისის დადგენილებები სისხლის სამართლის N066050130 და N0006810253 საქმეზე წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ; ზუგდიდის რაიონული პროკურატურის 2006 წლის 28 მაისის წერილობითი მითითება; ლ-ასა და მ. კ-ას ახსნა-განმარტება ზუგდიდი რაიონული პროკურატურისა და წალენჯიხის რაიონული სასამართლოსადმი; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 14 აგვისტოს მოხსენებითი ბარათი; გ. ღ-ას განცხადება ქ. წალენჯიხის საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსს; მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ტექნიკური პასპორტი; მიწის ნაკვეთის აზომვის აქტი; ამონაწერი საკომლო წიგნიდან; გ. ღ-ას 2015 წლის 27 ივლისის განცხადება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურს; გ. ღ-ას 2014 წლის 14 ივლისის საჩივარი-ხელწერილი, ახსნა-განმარტებით სამეგრელო ზემო-სვანეთის საოლქო პროკურორს, გ. უ-ას; გ. ღ-ას 2014 წლის 4 სექტემბრის განცხადება ზუგდიდის რაიონულ პროკურორს, ლ. ს-ას; გ. ღ-ას 2015 წლის 24 აგვისტოს მიმართვა საქართველოს იუსტიციის მინისტრს, თ. წ-ს; გ. ღ-ას 2015 წლის 24 მარტის განცხადება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სანოტარო ბიუროს ნოტარიუსს, ლ. ა-ას; გ. ღ-ას 2014 წლის 23 დეკემბრის ახსნა-განმარტება სამეგრელო ზემო-სვანეთის საოლქო პროკურორს, გ. უ-ას; გ. ღ-ას 2010 წლის 15 ნოემბრის განცხადებები საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარეს, ნ. ხ-ას, 2010 წლის 10 ნოემბრის განცხადება ნოტარიუს ლ. ა-ას, 2014 წლის 26 მარტის განცხადება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს, პ. უ-ეს; შუამდგომლობა-განცხადებები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს, თ. ს-ეს და სამეგრელო ზემო-სვანეთის საოლქო პროკურორს, გ. უ-ას; ზუგდიდის რაიონული პროკურატურის, ნოტარიუსთა პალატის, ნოტარიუს ლ. ა-ას პასუხები გ. ღ-ას; ნაკვეთის სქემალური ნახაზი; გ. ღ-ას 2015 წლის 3 აგვისტოს განცხადება საქართველოს იუსტიციის სამონისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თავმჯდომარეს, შ. ჩ-ს; წალენჯიხის რაიონული სამმართველოს 2014 წლის 3 დეკემბრის მიმართვის წერილი გ. ღ-ას; გ. ღ-ას 2015 წლის 30 დეკემბრის განცხადება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს, პ. უ-ეს; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 თებერვლისა და 24 მარტის პასუხები გ. ღ-ას; წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 ნოემბრის განკარგულება N38; მიწის ნაკვეთის სურათი, განაწილების სია, კერძო საკუთრებაში გაცემული მიწების გეგმა;

5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე