Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-1149-1081-2015 6 მაისი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – მ. გ-ი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა. ფ-ე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

მესამე პირი - სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა, ალიმენტის დაკისრება, დამატებით ხარჯებში მონაწილეობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ. გ-ი (შემდეგში მოსარჩელე, ბავშვის მამა ან კასატორი) და ა. ფ-ე (შემდეგში მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი, ბავშვის დედა, აპელანტი ან მოწინააღმდეგე მხარე) 2010 წლის 27 აპრილიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. ისინი განქორწინდნენ 2014 წლის 6 ნოემბერს (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 1122-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).

2. თანაცხოვრების პერიოდში წყვილს შეეძინა ერთი შვილი - 2010 წლის 18 ნოემბერს დაბადებული ნ. გ-ი (შემდეგში მცირეწლოვანი ან ბავშვი)- იხ. ს.ფ. 15.

3. ბავშვი 1 წლამდე იზრდებოდა მშობლებთან ერთად. მამა მასზე ზრუნავდა, ბავშვი ხელოვნურ კვებაზე იყო და ზოგჯერ მამა აძლევდა საკვებს, უცვლიდა საფენებს, აძინებდა და მეუღლეს ეხმარებოდა შვილის გაზრდაში.

4. წყვილი, ბავშვის 1 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ, 2011 წლის შემოდგომიდან, ერთად აღარ ცხოვრობს, ხოლო ბავშვი ცხოვრობს დედასთან, ამ უკანასკნელის მშობლების სახლში - ქ.ზესტაფონში.

5. მეუღლესთან დაცილების შემდეგ, მამა, რამდენიმე თვის განმავლობაში, შვილს ნახულობდა ყოფილი მეუღლის ბაბუის ბ. კ-ის სახლში, რომელიც იმავე ქალაქში მდებარეობს, ი. №29). ბავშვი მამასთან ურთიერთობისას თავს კარგად გრძნობდა. შემდეგ, მამას შვილის ნახვის უფლებასა და მასთან ურთიერთობის საშუალებას არ აძლევდა ყოფილი მეუღლე და მისი ოჯახი.

6. ამჟამად ბავშვის მამაც ცხოვრობს იმავე ქალაქში, ბავშვისაგან მცირედ დაშორებულ, ავტომანქანით 5-7 წუთის სავალ მანძილზე.

7. ბავშვს 2 წლიდან განუვითარდა სწორი ნაწლავის ჩვეული გამოვარდნა, რაც დეფეკაციის შემდეგ ხდებოდა, სხვადასვა ხარისხით. მცირეწლოვანს სწორი ნაწლავი ორჯერ ჩაუსწორა ქირურგმა, ხოლო ბოლო წელიწადია, დედამ თავად რამდენჯერმე შეუსწორა. ბავშვი საჭიროებს ქირურგის მეთვალყურეობას, თუმცა, მისი დაავადების ხარისხი იოლ ფორმაშია, არ არის იმდენად მძიმე, რომ მან ვერ შეძლოს დედის გარეშე რამდენიმე საათით ყოფნა. საჭიროების შემთხვევაში, ბავშვისათვის დახმარების აღმოჩენა შეუძლია ნებისმიერ ყურადღებიან და გონიერ ადამიანს და საამისოდ საჭირო არ არის სპეციალური განათლება ან უნარ-ჩვევები. 2 წლის ასაკის შესრულების შემდეგ, ბავშვს აღნიშნული დაავადების გამო, მხოლოდ ორჯერ დასჭირდა ქირურგთან მიყვანა, ფაქტობრივად, ბოლო 2 წელია იგი ქირურგთან აღარ ჰყოლიათ. ბავშვს, მისი ასაკის გათვალისწინებით, უკვე თავადაც შეუძლია საკუთარი მდგომარეობის გაკონტროლება და მშობლისათვის დახმარების თხოვნაც. ზოგადად, გართულების შემთხვევაში, შესაძლოა დასჭირდეს ქირურგიული ოპერაცია, რაც ამ მდგომარეობით არ ესაჭიროება. ექიმის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში არაფერია საგანგაშო, აღნიშნული დაავადება ხშირია ბავშვებში და ასაკის მატებასთან ერთად, სწორი კვებისა და სათანადო მოვლის შემთხვევაში, უპრობლემოდ დაძლევადია.

8. ბავშვს, გარდა სწორი ნაწლავის დაავადებისა, აქვს რაქიტის ნარჩენი მოვლენები - ბრტყელტერფიანობა, კუნთთა ჰიპოტონუსი. 2015 წელს მცირეწლოვანს, ჯანმთელობის მდგომარეობის გამო, დასჭირდა სამკურნალო - გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარება: მასაჟი 20 - სეანსი, წელიწადში 3 კურსი, თითოეული კურსის ღირებულება 140 ლარი; ელექტრო ფორეზი 15 სეანსი, წელიწადში სამჯერ, თითოეული კურსის ღირებულება 90 ლარი; ელქტროსტიმულაცია 15 სეანსი, წელიწადში 2 კურსი, თითოეული კურსის ღირებულება 90 ლარი.

9. ბავშვს, ნევროლოგის კონსულტაციის შედეგად, 2015 წლის 29 იანვარს დაუდგინდა ადრეული ასაკის ბავშვთა ნევროზი. ექიმის რეკომენდაციით ბავშვს ესაჭიროება მშვიდი, კომფორტული გარემოს შექმნა და ძირითადი დიაგნოზის - სწორი ნაწლავის მკურნალობა, კერძოდ, კვების რეჟიმის შერჩევა.

10.სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების დასკვნის (შემდეგში სოცსააგენტოს დასკვნა) თანახმად, მამის ოჯახში არის კარგი საყოფაცხოვრებო პირობები იმისათვის, რომ ბავშვმა კომფორტულად და კარგად იგრძნოს თავი. მამას ოჯახში ჰყავს მშობლები, ბავშვის ბაბუა, რომელიც მუშაობს, ბებია კი დიასახლისია, ის 62 წლის გამრჯე ქალბატონია, რომელსაც ბავშვის მამის გარდა, კიდევ სამი ქალიშვილი ჰყავს და 5 შვილიშვილის აღზრდაში მონაწილეობდა. ოჯახში წყნარი და თბილი გარემოა, გამოირჩევიან სტუმართმოყვარეობით, მეზობლებთან და ნათესავებთან კარგი ურთიერთობით.

11.სოცსააგენტოს დასკვნაში მითითებული არ არის მამისა და შვილის ურთიერთობის თაობაზე, თუმცა, სასამართლო სხდომაზე, სააგენტოს წარმომადგენელმა მ. კ-ემ განმარტა, რომ მამის ოჯახში ვიზიტისას, ამ უკანასკნელმა მას უთხრა, რომ როცა შვილს ნახულობდა, ბავშვი მასთან კარგად გრძნობდა თავს, არ ჰქონია არავითარი გაუცხოება მამის მიმართ, ოჯახში მან მამა-შვილის ერთობლივი ფოტოც ნახა.

12. ბავშვის მამა 2013 წლის 2 სექტემბრიდან რეგისტრირებული იყო ინდ. მეწარმედ. მან 2015 წლის 5 იანვრიდან შეწყვიტა ეკონომიკური საქმიანობა და ამჟამად უმუშევარია. მისი შემოსავლების არსებობა არც საქმის სასამართლოში განხილვისას და არც 2013-2014 წლებში საქმის მასალებით არ დასტურდება.

13. ბავშვის მამამ 2014 წლის 10 დეკემბერს სარჩელი აღძრა ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ და მოითხოვა შვილის ნახვის დღეების განსაზღვრა სსკ-ის 1197-ე, 1198-ე მუხლის მე-5 ნაწილის, 1199-ე და 1202-ე მუხლების საფუძველზე.

14. თავის მხრივ, იმავე წლის 26 დეკემბერს, შეგებებული სარჩელი წარადგინა ბავშვის დედამ თავდაპირველი მოსარჩელის წინააღმდეგ და მოითხოვა მცირეწლოვანის მამისათვის ალიმენტისა და დამატებითი ხარჯების დაკისრება (სსკ-ის 1212-ე, 1215-ე მუხლები).

15.ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა როგორც თავდაპირველი, ისე შეგებებული მოსარჩელის მოთხოვნა.

15. 1.მამას მცირეწლოვან შვილთან ურთიერთობისათვის განესაზღვრა შემდეგი რეჟიმი:

15.1.1. პირველი ორი თვის (60 დღის) განმავლობაში, მამა შვილს მოინახულებს მოპასუხის ბაბუის საცხოვრებელ სახლში, ყოველ კვირა დღეს, 12 საათიდან 15 საათამდე;

15.1.2. ორი თვის შემდეგ მამას უფლება მიეცემა, შვილი 6 წლის ასაკის შესრულებამდე თავისთან წაიყვანოს ყოველ კვირა დღეს, დილის 10 - დან საღამოს 18 საათამდე;

15. 1.3. ბავშვის 6 წლის ასაკის შესრულების შემდეგ: ა) მამას მიეცეს უფლება შვილი თავისთან წაიყვანოს ყოველ შაბათს და კვირას, შაბათს - დილის 10 სათიდან მეორე დღის - კვირის 18 საათამდე; ბ) სასკოლო არდადეგების პერიოდში მამამ შვილი თავისთან წაიყვანოს ზაფხულის არდადეგებზე ივლისის თვეში 15 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით, აგვისტოში - 15 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით; ზამთრის არდადეგებზე - არდადეგების მეორე ნახევარში; გ) უქმე დღეებზე - აღდგომის დღეს და მეორე დღეს ორშაბათს, საღამოს 20 საათამდე;

15.1.4. ბავშვის წაყვანა და მისი დედასთან დაბრუნება უზრუნველჰყოს მამამ.

16. შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილით, მოსარჩელეს, მოპასუხის სასარგებლოდ, მათი არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად დაეკისრა ალიმენტი - 100 (ასი) ლარი; ალიმენტის გადახდევინება დაიწყო შეგებებული სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2014 წლის 26 დეკემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. მოსარჩელეს დაეკისრა დამატებით ხარჯებში მონაწილეობა და 2015 წელს შვილის სამკურნალო - გამაჯანსაღებელი ღონისძიებისათვის, მოპასუხის სასარგებლოდ გადახდა 435 ლარი. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა დამატებითი ხარჯების სახით -1565 ლარის მოსარჩელისათვის დაკისრებაზე, უარყოფილი იქნა.

17. რაიონულმა სასამართლომ, ამ განჩინების 1-12 პუნქტებში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებზე და სსკ-ის 1197-ე, 1198-ე, 1201-ე, 1202-ე მუხლებზე დაყრდნობით, გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის საფუძველზე, ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით იმსჯელა, რომ ბავშვის უფლებაა, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, რაც გულისხმობს ბავშვისათვის თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფას, ურთიერთობა ჰქონდეს როგორც მშობლებთან, ისე სხვა ნათესავებთან. სსკ-ის 1198-ე მუხლის მე-5 ნაწილით, შვილებთან ურთიერთობა მშობლის არა მარტო უფლებაა, არამედ კანონი მას ავალდებულებს ჰქონდეს ურთიერთობა შვილთან, იზრუნოს მასზე, როგორც ქორწინების დროს, ისე განქორწინების შემდეგ.

18. დასახელებული კონვენციის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინააღმდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს. ამდენად, როგორც საქართველოს კანონმდებლობა, ისე საერთაშორისო სამართლის ნორმები, მკაფიოდ ასახავს და მიუთითებს ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისას მშობლების თანაბარ უფლებებსა და მოვალეობებს ბავშვთან მიმართებით.

19. სსკ-ის 1214-ე მუხლზე მითითებით, სასამართლომ იმსჯელა ალიმენტზე, გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ამასთან, მხედველობაში მიიღო როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალური მდგომარეობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე, ხოლო 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სასამართლომ დაასკვნა, რომ საქმის განხილვისას, ბავშვის მამის შემოსავლების დამადასტურებელი მტკიცებულები შეგებებული სარჩელის ავტორმა ვერ წარადგინა.

20.სსკ-ის 1215-ე მუხლზე დაყრდნობით, ამ განჩინების მე-8 პუნქტში მითთებული გარემოებების საფუძველზე, ბავშვის მამას, შვილისათვის 2015 წელს ჩატარებული სამკურნალო - გამაჯანსაღებელი ღონისძიებისათვის, შეგებებული მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 435 ლარი.

21.რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბავშვის დედამ (შეგებებულმა მოსარჩელემ), რომელმაც შემდეგ არგუმენტებზე მიუთითა:

21.1.მამა არ მონაწილებდა შვილის აღზრდაში, არც ფინანსურად და არც ფიზიკურად. სასამართლომ არასწორად გაიზიარა დაინტერესებული მოწმის-მოსარჩელის დედის ჩვენება, რომელიც ცრუობდა, როდესაც ადასტურებდა, რომ მისი შვილი მონაწილეობდა ფინასურად და ფიზიკურად შვილის აღზრდაში. ბავშვი დაბადებიდან დედასთან იზრდებოდა, ამ უკანასკნელის მშობლების ოჯახში და იზრდება დღემდე, ხოლო მოწმე, მეორე ბებია ცხოვრობს თავის სახლში. აქედან გამომდინარე, ის ამ ფაქტებს ვერ დაადასტურებს, ამავე დროს, ბავშვის მამა თავად იყო მეუღლის მშობლების კმაყოფაზე, ხოლო დედა აქტიურად მონაწილეობდა და დღემდე მონაწილეობს შვილის გაზრდაში. ბავშვი 4 წლისაა და სამი წლის განმავლობაში მხოლოდ 5-ჯერ ნახა მამამ თავისი შვილი;

22.2.სასამართლომ არ შეისწავლა მოსარჩელის მიერ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია და მორიგე ექიმის განმარტებაზე დაყრდნობით, რომელიც არ არის ბავშვის მკურნალი ექიმი, არასწორი დასკვნები გამოიტანა. საცხოვრებელ სახლში ბავშვს აქვს თავისი ინდივიდუალური საპირფარეშო, მაგრამ ვერ ახერხებს იმის გამოყენებას, იმდენად მძიმე ფორმაში აქვს დაავადება და დღეში მინიმუმ სამჯერ-ოთხჯერ სჭირდება სპეციალური პამპერსი, რომელიც არაალერგიულია, რადგან ამ დაავადებას თან ერთვის ქრონიკული ყაბზობა, რის გამოც ბავშვს, რამდენჯერმე უწევს ტანჯვით შესაბამისი პროცედურის გავლა. ამას ემატება კუნთების ჰიპოტონუსი ანუ კუნთთა სისუსტე, ადრეული ასაკის ნევროზი, რითაც ბავშვი ძალიან გაღიზიანებულია. ეს ყველაფერი საჭიროებს დედის თანადგომას, ასევე, ფინანსებს, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა;

22.3. სასამართლომ არასწორად გამოთვალა ერთჯერადად მოთხოვნილი თანხა ბავშვის სამედიცინო მომსახურებისათვის, რასაც დედა სამი წელია დამოუკიდებლად, მამის დაუხმარებლად უძღვება. ამიტომ ამ ნაწილშიც დაუსაბუთებელია გასაჩივრებული გადაწყვეტილება;

22.4.სასამართლომ არასწორად განმარტა გამოყენებული კანონი, რითაც დაარღვია ბავშვის და მეორე მშობლის - დედის უფლება.

22.5.ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ბავშვის დედის სააპელაციო საჩივარი;

22.6. მამას დაერთო ნება, შეხვდეს შვილს, ყოველი კვირის შაბათს და კვირას 12-დან 13 საათამდე, ამასთან, შეხვედრა უნდა მოხდეს აპელანტის საცხოვრებელ ადგილას აპელანტის ან მის მიერ მითითებული პირის თანდასწრებით. ურთიერთობის ეს წესი გაგრძელდეს ვითარების შეცვლამდე, ე.ი. მანამ, სანამ შესაძლებელი არ იქნება მამასა და შვილს შორის უფრო ხანგრძლივი შეხვედრები, მათ შორის, დედის დასწრების გარეშე;

22.7.ვითარების შეცვლის შემდეგ კი, მამას უნდა დაერთოს ნება, დამოუკიდებლად იქონიოს ურთიერთობა შვილთან ყოველი მეორე კვირის შაბათის 10 საათიდან - კვირის 18 საათამდე. გარდა ამისა, ვითარების შეცვლის შემდეგ, მას უნდა დაერთოს ნება, წაიყვანოს შვილი ზაფხულის სასკოლო არდადეგების პერიოდში პირველი ორი კვირის და ზამთრის სასკოლო არდადეგების პერიოდში - ბოლო 10 დღის განმავლობაში. ასევე, აღდგომის დღეს და აღდგომის მეორე დღეს, 20 საათამდე.

22.8აპელანტის სასარგებლოდ, ბავშვის მამას, შვილის სარჩოდ უნდა დაეკისროს, ყოველთვიურად, 200 ლარის გადახდა. გარდა ამისა, აპელანტის სასარგებლოდ, მის მოწინააღმდეგეს უნდა დაეკისროს 950 ლარის გადახდა.

23. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 2 ივნისის განჩინებით, ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესასწავლად და ასევე იმის გასარკვევად, თუ რა გავლენას მოახდენს მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, დედის გარეშე, მამა-შვილის ხანგრძლივი დროით ურთიერთობა, მათ შორის, ბავშვის მამასთან დარჩენა ღამით, მოწვეულმა სპეციალისტ- ფსიქოლოგმა დაასკვნა: ქცევაზე დაკვირვებისას გამოიკვეთა, რომ ბავშვისათვის მამასთან შეხვედრა ემოციურად არასასიამოვნო მოვლენაა. იმ დამოკიდებულების ფონზე, რომელიც ამჟამად გამოიკვეთა მამასა და შვილს შორის, მათი შემდგომი შეხვედრები წარუმატებელი აღმოჩნდება. შესაბამისად, დაუშვებელია, რომ ეს შეხვედრები ბავშვის ოჯახის წევრების დასწრების გარეშე წარიმართოს და, აქედან გამომდინარე, უახლოეს მომავალში, შეუძლებელი იქნება ბავშვის მამის სახლში ხანგრძლივი დროით წაყვანა. ფსიქოლოგმა ისიც განმარტა, რომ იმ ვადის დადგენა, რაც მამასა და შვილს შორის კონტაქტის აღდგენას დასჭირდება, ამ ეტაპზე, შეუძლებელია. ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, სასურველია, ეს ურთიერთობა გაგრძელდეს, არა უმეტეს 1 საათისა და შეხვედრები მოხდეს კვირაში ერთხელ მაინც.

24. სასამართლომ აღნიშნა, რომ ფსიქოლოგის დასკვნა და მის მიერ სასამართლოს სხდომაზე მიცემული ჩვენება მხარეებს არ გაუპროტესტებიათ და მისი საწინააღმდეგო მოსაზრებები არ გამოუთქვამთ. მნიშვნელოვანია, რომ რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი შეხვედრის საათები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ამიტომ, სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, ბავშვის ასაკის გათვალისწინებით, შეხვედრა უნდა მოხდეს 12-დან 13 საათამდე და ურთიერთობის ეს წესი უნდა გაგრძელდეს ვითარების შეცვლამდე, ე.ი. მანამ, სანამ შესაძლებელი არ იქნება მამასა და შვილს შორის უფრო ხანგრძლივი შეხვედრები, მათ შორის, დედის დასწრების გარეშე.

25. ამის შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ მამა-შვილს შორის ურთიერთობის წესი უნდა განისაზღვროს შემდეგი სახით: მამას უნდა დაერთოს ნება, შეხვდეს შვილს ყოველი კვირის შაბათს და კვირას, ერთი საათით. ამასთან, შეხვედრა უნდა მოხდეს დედის საცხოვრებელ ადგილას, დედის ან მის მიერ მითითებული პირის თანდასწრებით. ვითარების შეცვლის შემდეგ, მამას უნდა დაერთოს ნება, დამოუკიდებლად იქონიოს ურთიერთობა შვილთან ყოველი მეორე კვირის შაბათის 10 საათიდან - კვირის 18 საათამდე. გარდა ამისა, ვითარების შეცვლის შემდეგ, მას უნდა დაერთოს ნება, წაიყვანოს შვილი ზაფხულის სასკოლო არდადეგების პერიოდში პირველი ორი კვირის და ზამთრის სასკოლო არდადეგების პერიოდში - ბოლო 10 დღის განმავლობაში. ასევე, აღდგომის დღეს და აღდგომის მეორე დღეს, 20 საათამდე.

26.სასამართლომ, სსკ-ის 1212-ე, 1214-ე მუხლების, სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დაადგინა, რომ საქმის მასალებით მტკიცდებოდა, რომ უშუალოდ, სარჩელის აღძვრის მომენტში და შემდეგაც ბავშვის მამა ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, კერძოდ, მას საზღვარგარეთიდან ჩამოჰყავდა ავტომობილები, ჩამოჰქონდა მოძრავი ნივთები და ახდენდა მათ რეალიზაციას.

27. ამ გარემოებებს ამტკიცებდა ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 48-49) და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალების ბარათი (ს.ფ. 76-77). მართალია, სარჩელის აღძვრის შემდეგ, 2015 წლის 5 იანვარს, ბავშვის მამამ განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს, სამეწარმეო საქმიანობის შეჩერების შესახებ განცხადებით, თუმცა, ეს არ ნიშნავდა, რომ მას შემოსავალი არ გააჩნია.

28. ამასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განმარტებაზე (იხ. 2011 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-58-49-2011) “მართალია, მოპასუხე ოფიციალურად უმუშევარია, მაგრამ აღნიშნული არ გამორიცხავს მისი თვითდასაქმებისა და შემოსავლის მიღების შესაძლებლობას. თავად მოპასუხის განმარტებით, იგი ავტომანქანებით ვაჭრობდა, ჰქონდა ხის საამქრო, ასევე, როგორც მუსიკოსი, შეკვეთებით იღებდა შემოსავლებს. ამდენად, მოპასუხე თვითდასაქმებული იყო და შემოსავლებიც გააჩნდა, თუმცა, მისივე განმარტებით, ყველა ზემოაღნიშნულ საქმიანობას მან თავი დაანება ალიმენტის თაობაზე სარჩელის შეტანამდე რამდენიმე თვით ადრე. უდავოა, რომ ინდმეწარმედ რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მოპასუხემ საგადასახადო ორგანოს მიმართა მის წინააღმდეგ სარჩელის შეტანის შემდეგ. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სწორედ ზემოაღნიშნული იძლევა იმ პრეზუმფციის დაშვების შესაძლებლობას, რომ მოპასუხე შესაძლოა, ამჟამადაც დასაქმებული იყოს იმავე ან სხვა საქმიანობით”.

29. სასამართლოს შეფასებით, იგივე პრეზუმფცია მოქმედებდა მოსარჩელის მიმართაც და მან ეს პრეზუმფცია სარწმუნოდ ვერ გააქარწყლა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2014 წლის 19 ივნისს, ბავშვის მამამ სს „ფ.“ 1 წლით ისესხა 1000 აშშ დოლარი. ამ ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელეს საკრედიტო ორგანიზაციისათვის 2015 წლის 25 ივნისამდე ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 99,47 აშშ დოლარი (ს.ფ. 92-96). სასამართლოს დასკვნით, აღნიშნული ადასტურებდა, რომ მიუხედავად სამეწარმეო საქმიანობის შეწყვეტისა, იგი ფინანსურ ვალდებულებებს ასრულებდა.

30. სასამართლომ დაასკვნა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ 2015 წლის 25 ივნისის შემდეგ, მოსარჩელეს ბანკისადმი აღარ აქვს შესასრულებელი ვალდებულებები, მას შვილის სარჩოდ, ყოველთვიურად, 200 ლარის გადახდა სავსებით შეეძლო. სსკ-ის 1215-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით ხარჯებში მონაწილეობის თაობაზე, სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ასეთი ხარჯის ოდენობის მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა აპელანტს, რომელმაც თავისი პოზიციის დასამტკიცებლად, წარადგინა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობები (ს.ფ. 110-114). სხვა მტკიცებულებები, რომლითაც მკურნალობისათვის აუცილებელი ხარჯის ოდენობის დადგენა იქნებოდა შესაძლებელი, აპელანტს არ წარუდგენია. ამიტომ, სასამართლომ დაადგინა, რომ წლის განმავლობაში, ცნობებში მითითებული სამკურნალო პროცედურების ჩასატარებლად საჭიროა - 4X20+140X3+90X3+90X2=950 ლარი.

31. სასამართლომ იმაზეც იმსჯელა, რომ ამავე ცნობის თანახმად, ბავშვმა მსგავსი მკურნალობა ჩაიტარა 2012-2013 წლებში და ამ მკურნალობისათვის საჭირო ხარჯის დაფარვაში ბავშვის მამას მონაწილეობა არ მიუღია, ე.ი. ეს ხარჯი მთლიანად აპელანტის მიერ იქნა გაღებული. იგივეს ამტკიცებდა თავად მამის შესაგებელი, რომელშიც მითითებულია, რომ შვილის ავადმყოფობის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა, მხოლოდ, სარჩელზე წარდგენილი შესაგებლის ჩაბარების შემდეგ (ს.ფ. 60).

32. მითითებული მსჯელობისა და დასკვნების გათვალისწინებით, სასამართლომ, 2015 წლისათვის ბავშვის მკურნალობისათვის საჭირო ხარჯის ანაზღაურება სრულად დააკისრა მის მამას.

33. ბავშვის მამამ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, მისი სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება, კერძოდ:

34. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, თვით ბავშვის დედის თანხმობით, ამ უკანასკნელის ბაბუის საცხოვრებელ სახლში მიეცა შვილის ნახვის უფლება მამას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელშიც მითითებულია „ვითარების შეცვლის“ თაობაზე, მეტი ბუნდოვანება შევიდა და პრაქტიკულად მხარეთა შორის სადავო გახდა ეს გარემოება. ბავშვის ასაკისა და მისი ფიზიკური მდგომარეობის, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით (ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი), ჰქონდა რაიონულ სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებული;

35. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დარღვეულია სსკ-ის 1197-ე მუხლით მშობლებისათვის დადგენილი თანაბარი უფლება-მოვალეობები; დაუსაბუთებელია 950 ლარის საკასაციო საჩივრის ავტორისათვის დაკისრება, რადგან დარღვეულია სსსკ-ის მე-4 და 102.3 მუხლები; შეგებებული სარჩელის ავტორს სასამართლოსათვის არ წარუდგენია ბავშვის 2012-13 წლებში მკურნალობისთვის გაწეული ხარჯების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ასევე, სასმაართლომ არ გაითვალისწინა, რომ ბავშვის მამა აღარ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, უგულებელჰყო მისი მატერიალური შესაძლებლობა;

36. კასატორი ფაქტობრივ გარემოებებზეც დავობს და აღნიშნავს, რომ დაუსაბუთებელია გასაჩივრებული გადაწყვეტილების 4.4. პუნქტი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე, რადგან ამ ნაწილში სპეციალისტის განმარტებაც არსებობდა; ასევე, ბავშვის ნევროპათოლოგთან მიყვანა, მხოლოდ სასამართლო საქმისწარმოების დროს მოხდა, ხოლო ბავშვის მასაჟისა და მკურნალობის თაობაზე ექიმის მიერ გაცემული ცნობა მხარემ დაგვიანებით წარადგინა, რაც არ უნდა დართვოდა საქმეს და აღნიშნული იმთავითვე სადავოდ გახადა ბავშვის მამამ.

37. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო სამეთა პალატის 2015 წლის 4 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2016 წლის 22 იანვრის განჩინებით დასაშვებადაა ცნობილი, დასახელებული ნორმის მე-5 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნტების საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, მტკიცებულებათა ერთობლიობით გაანალიზებისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოტივაციით:

38. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

39. კასატორის პრეტენზიათა ნაწილი, კერძოდ, რომელიც ბავშვთან ურთიერთობას ეხება, დასაბუთებულია, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები უცვლელად უნდა დარჩეს, რადგან კასატორმა ვერ შეძლო სარწმუნო არგუმენტების წარმოდგენა და შესაბამის მტკიცებულებებზე მითითება, რათა დაეძლია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები, რაც ამ ნაწილში კასატორის მოთხოვნის უარყოფის საფუძველია.

40. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას ამახვილებს, რომ საოჯახო საქმეთა განხილვის თავისებურებანი განსაზღვრულია სსსკ-ის XLIII თავით და, განსახილველ შემთხვევაში, ბავშვის საუკეთესო ინტერესების კვლევისას, სასამართლო ინკვიზიციური სამართალწარმოების ელემენტებითაა აღჭურვილი, რაც დასადგენ გარემოებათა წრის სასამართლოს ინიციატივით განსაზღვრაში და მტკიცებულებათა გამოთხოვაში გამოიხატება. ბავშვის საუკეთესო ინტერესების კვლევისას (ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი), სასამართლოსათვის უპირატესია ბავშვის საუკეთესო ინტერესების მხარდაჭერა, ამასთან, დასახელებული კონვენციის მე-8 მუხლით განმტკიცებული ოჯახური ცხოვრების პატივისცემის სტანდარტის დასაცავად, მამა-შვილს შორის ურთიერთობის ხელშეწყობა, მშობელსა და შვილს შორის კონტაქტი არის ის ამოსავალი პრინციპი, რომლითაც ხელმძღვანელობს სასამართლო, რათა ოჯახური ცხოვრების კონვენციისეული მიდგომა იყოს დაცული.

41. სასამართლო იზიარებს, კასატორის პრეტენზიის იმ ნაწილს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, მამა-შვილს შორის ურთიერთობის განსაზღვრისათვის ზოგადი ცნების „ვითარების შეცვლის შემდეგ“ დაწესება, რომელიც შეფასებითი კატეგორიისა, იმთავითვე სადავოდ ხდის მშობელთა შორის, თუ რამდენად და ვის სასიკეთოდ შეიცვალა ვითარება და როგორ უნდა განხორციელედეს აღნიშნულის მონიტორინგი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი (შესაბამისი პუნქტები), მის აღსრულებასაც აყენებს საფრთხის ქვეშ, ამასთან გასათვალისწინებელია, რომ ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის მიზნით, 2014 წელს დაწყებული დავა, რომელიც საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე 2016 წელს იხილება, რისკის ქვეშ აყენებს მამა-შვილის გაურკვეველი და რეგულირების მიღმა დატოვებულ ურთიერთობას. წინამდებარე განჩინების 22-ე პუნქტში მითითებული ფსიქოლოგის დასკვნა, რომელიც ერთ-ერთი შესაფასებელი მტკიცებულებაა სხვებთან ერთობლიობაში (სსსკ-ის 105-ე მუხლი), ასევე, ის გარემოება, რომ მხარეებს არ გაუპროტესტებიათ ფსიქოლოგის განმარტება და რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი ბავშვის ნახვის წესი (იხ. ამ განჩინების 23-ე პუნქტი) არ შეიძლება დაედოს საფუძვლად სასამართლოს გადაწყვეტილებას. სასამართლოს განსახილველია არა მშობლის უფლება, ურთიერთობა ჰქონდეს საკუთარ შვილთან და ნახოს იგი, არამედ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი, ოჯახური გარემოს ჰარმონიული აღქმისა და აღზრდა- განვითარებისათვის ყველა პირობა ჰქონდეს, რათა კონტაქტი არ დაიკარგოს მშობელთან, მიუხედავად მშობლების დაშორებისა. „ბავშვები უნდა იყვნენ განხილული არა როგორც მშობლების საკუთრება, არამედ, როგორც საკუთარი უფლებებისა და საჭიროებების მქონე ინდივიდები“ (ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, 31-ე სესია, რეკომენდაციები ბავშვთა უფლებების ევროპულ ქარტიაზე, ტექსტი მიღებული 04.10.1979წ.).

42. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების კონცეფციის უზენაესობა ყოველთვის გადასწონის მშობლის უფლებასა და ინტერესს (იხ. სუსგ # ას-967-916-2015, 25.02.2016წ). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეში ზავადკა პოლონეთის წინააღმდეგ (Zawadka v. Poland, No 48542/99, 23.06.2005, საბოლოო გახდა 12.10.2005წ.), კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევად მიიჩნია ეროვნული სასამართლოების უმოქმედობა, გადაედგათ ნაბიჯები, რათა მომხდარიყო მომჩივნის - მამის უფლების რეალიზება, იძულებით აღსრულება, ენახა საკუთარი შვილი, როდესაც დედამ უარი განაცხადა, დამორჩილებოდა მშობლებს შორის ადრე მიღწეულ შეთანხმებას. საბოლოოდ, მომჩივანმა, დაჰკარგა მუდმივი კონტაქტი ბავშვთან, მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს დამდგარა ეჭქვეშ მისი უნარები, ყოფილიყო მშობელი.

43. საკასაციო სასამართლო ბავშვის საუკეთესო ინტერესისა და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების, იქონიოს მამასთან კონტაქტი, მაღალი სტანდარტის გათვალისწინებით, იზიარებს კასატორის პრეტენზიის იმ ნაწილს, რომელიც მამა-შვილის ურთიერთობას ეხება და 41-42 პუნქტებში განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ არა მხოლოდ განსაზღვროს ბავშვთან მამის ურთიერთობა, არამედ დაადგინოს გადაწყვეტილების აღსრულების წესიც (სსსკ-ის 251-ე მუხლი) და მონიტორინგი განახორციელოს, რადგან გადაწყვეტილების აღსრულება მხარისათვის გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს განუყოფელი ნაწილია (Apostol v. Georgia; §37; ასევე იხ. Hornsby v. Greece, §40),ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (IZA Ltd and Makrakhidze v. Georgia, §42; Burdov v. Russia, §34; Hornsby v. Greece, §40). სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება მხარეთათვის კონკრეტულ სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს, რომელიც აღსრულებადი უნდა იყოს. მამა-შვილს შორის არსებული შესაძლო გაუცხოების აღმოფხვრისა და მათი ურთიერთობის ხელშეწყობის მიზნით, სასამართლო ადგენს ბავშვის ნახვის დღეებსა და საათებს, რომელთა გონივრულად, უპირატესად, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით გამოყენება, ორივე მშობლის პასუხისმგებლობის საკითხია. კერძოდ, ბავშვის დედა ვალდებულია, ხელი შეუწყოს მამა-შვილის ურთიერთობას, ხოლო თავის მხრივ მამა, ვალდებულია, ბავშვის ფსიქოემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით, ფრთხილად და მზრუნველობით მოეკიდოს და გამოიყენოს თითოეული საათი, რათა ბუნებრივად მოხდეს მშობლისა და შვილის ურთიერთობის ჰარმონიული განვითარება. მშობელთა მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, მათი უფლებებისა და მოვალეობების კანონიერი გამოყენებისათვის, უწინარესად კი, ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვისათვის ჩვეული გარემო იქნება მისი დედის ბაბუის სახლი, სადაც მამა შეძლებს შვილის მონახულებას, დედის თანხლების გარეშე, იმ კონკრეტული დღეებისა და საათების განმავლობაში, რომელიც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილშია ჩამოყალიბებული და სავალდებულოა მოდავე მხარეთათვის შესასრულებად.

44. მხარეთა მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით დადგენილი წესის აღსრულების მიზნით, მონიტორინგი უნდა დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონულ განყოფილებას, რომელიც ვალდებულია, არანაკლებ სამ კვირაში ერთხელ, ბავშვის მშობლების წინასწარი ინფორმირების გარეშე, გამოცხადდეს მამა-შვილის შესახვედრად სასამართლოს მიერ განსაზღვრულ მისამართზე (ქ. ზესტაფონში, ი. ქუჩა №29-ში; იხ. სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი), აწარმოოს დაკვირვება მშობლისა და შვილის ურთიერთობაზე, თითოეულის ქცევაზე, აღწეროს მონიტორინგის შედეგები საკუთარ დასკვნაში. სოციალური მომსახურების ორგანო ვალდებულია, თითოეული დასკვნის ასლი გადმოუგზავნოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

45. თითოეული მშობლის შუამდგომლობა დამოუკიდებლად, სოციალური სამსახურის მიერ უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილ დასკვნასთან ერთად (შუამდგომლობის შემოტანის პერიოდისათვის არსებული დასკვნების გათვალისწინებით), შესაძლებელია, დაედოს საფუძვლად მშობლისა და შვილის ურთიერთობის შემდეგი ეტაპის განსაზღვრას. საკასაციო სასამართლო აღნიშნული წესის განსაზღვრისას, მხედველობაში იღებს დავის სპეციფიკურ ხასიათს, ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესის მხარდაჭერის საჭიროებას, სოციალური სამსახურის კანონით დაკისრებულ ფუნქციას, რათა ეფექტიანად და დროულად განხორციელდეს წინამდებარე გადაწყვეტილების აღსრულება, რათა, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისა და თითოეული მშობლისათვის არიდებული იქნეს გაუმართლებელი ფორმალური პროცედურები და მოცემულ დავაზე სასამართლოსათვის კანონმდებლობით მინიჭებული ინკვიზიციური წარმოებით, განახორციელოს გადაწყვეტილების აღსრულების მონიტორინგი.

46. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოწინააღმდგე მხარეს კასატორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, ნახევრის -150 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3, მე-8 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 372-ე, 399-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე და 251-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატის 2015 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1,2,3,4,5 პუნქტები და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. მ. გ-ს (პ/ნ ...) დაერთოს ნება, წინამდებარე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან, შეხვდეს შვილს, ნ. გ–ს (პ/ნ ...), დედის თანხლების გარეშე, ყოველი კვირის შაბათს, 12 საათიდან 15 საათამდე, ხოლო კვირას - 12 საათიდან 18 საათამდე; შეხვედრა მოხდეს ქ. ზესტაფონში, ი. ქუჩა №29-ში მდებარე ბ. კ-ის (ა-ის ბაბუა) საცხოვრებელ სახლში;

4. მამა - შვილის ურთიერთობის ეს წესი გაგრძელდეს ვითარების შეცვლამდე, ე.ი. მანამ, სანამ შესაძლებელი იქნება მამასა და შვილს შორის უფრო ხანგრძლივი შეხვედრები. აღნიშნულ ურთიერთობაზე დაკვირვება, შესაბამისი დასკვნის მომზადება და საკასაციო სასამართლოსათვის წარდგენა დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონულ განყოფილებას;

5. განემარტოთ მხარეებს, რომ მე-4 პუნქტში მითითებული ურთიერთობის წესის შეცვლა დამოკიდებული იქნება მათ შუამდგომლობასა და სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების დასკვნაზე;

6. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6, მე-7, მე-8 პუნქტები დარჩეს უცვლელად;

7. ა-ეს, კასატორის სასარგებლოდ, დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდა;

8. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე