საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-1179-1109-2015 20 მაისი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – მ. კ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს "ს-ი" (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება სააპელაციო სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის
დავის საგანი – სს "ს-ის" სს "გ-ის" უფლებამონაცვლედ ცნობა, სს "ს-ის" მიერ დივიდენდების გადაანგარიშება და გაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის (შემდეგში სამეწარმეო რეესტრი) მიხედვით, სს „გ-ი“ (შემდეგში: დამფუძნებელი საწარმო, პირველი საწარმო ან მოპასუხე) რეგისტრირებულია ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1995 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილებით, საიდენტიფიკაციო კოდი 2.... (ტ. 1, ს.ფ. 74).
2. სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, განჩინების პირველ პუნქტში მითითებულმა სს-ამ, როგორც 100 %-ის მფლობელმა პარტნიორმა, დააფუძნა შპს „ს-ი“, რაც დარეგისტრირდა 2009 წლის 02 აპრილს (ს/კ 2...). შპს-ს ერთადერთი პარტნიორის 2010 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით, ორგანიზაციულ - სამართლებრივი ფორმის ცვლილებით, შპს გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად და ეწოდა სს “ს-ი“ (შემდეგში: მეორე მოპასუხე ან საწარმო); ამავე გადაწყვეტილებით მიღებულია სს-ს ახალი წესდება (ტ. 1, ს.ფ. 45; ტ. 2, ს.ფ. 214-215).
3. სს „ფ-ის“ რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მ. კ-ე (შემდეგში: მოსარჩელე, აქციონერი, აპელანტი, კასატორი), 2015 წლის 12 თებერვლის მდგომარეობით, ფლობს პირველი საწარმოს 1150 ცალ აქციას (ტ. 1, ს.ფ. 30; იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი).
4. აქციონერმა 2015 წლის 17 თებერვალს სარჩელი აღძრა პირველი და მეორე საწარმოების წინააღმდეგ და მოითხოვა პირველი საწარმოს სამართალმემკვიდრედ მეორე საწარმოს ცნობა და ამ უკანასკნელის დავალდებულება, დაიანგარიშოს და გასცეს მოსარჩელეზე 2000 წლიდან გასაცემი დივიდენდი.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით აქციონერის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
6.სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მიერ წარდგენილი აუდიტორის 2014 წლის 30 დეკემბრის დასკვნა (შემდეგში აუდიტორის დასკვნა) პირველი საწარმოს უფლებამონაცვლედ მეორე საწარმოს ცნობასთან დაკავშირებით, ვინაიდან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი (შემდეგში: მეწარმეთა კანონი) ადგენს საწარმოთა რეორგანიზაციის სახეებს, ასევე, იმას, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს საწარმო სხვა საწარმოს სამართალმემკვიდრედ, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს.
7. სასამართლომ, მეწარმეთა კანონის 144 მუხლის მე-4 პუნქტზე მითითებით განმარტა, რომ საწარმო, რომელმაც მიიერთა საწარმო, ან გაერთიანების შედეგად წარმოქმნილი საწარმო არის თავდაპირველი საწარმოს/საწარმოების სამართალმემკვიდრე. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საწარმო შეიძლება გაიყოს ორ ან ორზე მეტ საწარმოდ და მათ საქმიანობა გააგრძელონ, როგორც დამოუკიდებელმა საწარმოებმა, საკუთარი სამართლებრივი ფორმით. გაყოფის შედეგად წარმოქმნილი საწარმოები სოლიდარულად აგებენ პასუხს თავდაპირველი საწარმოს გაყოფამდე არსებული ვალდებულებებისათვის, ხოლო თავდაპირველი საწარმოს უფლებამონაცვლე საწარმო განისაზღვრება გაყოფის შესახებ გადაწყვეტილებით.
8. სასამართლოს მსჯელობით, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ პირველი საწარმო, რომლის აქციონერიც არის მოსარჩელე, რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში, არ მომხდარა საწარმოს რეორგანიზაცია, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო ერთი საწარმოს მეორის სამართალმემკვიდრედ ცნობის კანონით დადგენილი საფუძველი, ხოლო ის გარემოება, რომ მეორე საწარმო დაფუძნებულია პირველი საწარმოს მიერ, არ არის ამ უკანასკნელის პირველი მოპასუხის (იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი) სამართალმემკვიდრედ ცნობის საფუძველი. სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელე არის პირველი საწარმოს აქციონერი და მისი მოთხოვნა პირველი საწარმოს სამართალმემკვიდრედ მეორე საწარმოს ცნობისა და ამ უკანასკნელის მიერ, 2000 წლიდან გასაცემი დივიდენდის დაანგარიშებისა და გაცემის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
9. აქციონერმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
10. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები შემდეგ არგუმენტებს მოიცავს:
10.1.დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა, რომლითაც არ გაიზიარა მოსარჩელის მიერ წარდგენილი აუდიტორის დასკვნა;
10.2. სასამართლომ არ შეაფასა მეორე საწარმოს დაარსება და ფუნქციონირების დაწყება საკუთარი ქონების გარეშე და პირველი საწარმოს, როგორც მატერიალური, ისე ადამიანური რესურსების ექსპლუატაციის ფაქტი; პირველი საწარმოს საწესდებო კაპიტალის, აქციონერის ნების გარეშე უცხოურ კომპანიებზე გასხვისება, რამაც გამოიწვია აქციების გაუფასურება; ორივე საწარმოს წესდებების იდენტურობა, ანუ მეორე საწარმო, დაარსებიდან, იდენტური წესდებით, იგივე წარმოების საშუალებებს (მატერიალურ და ადამიანურ რესურსებს) უწევდა ექსპლუატაციას, რისი მფლობელიც იმ პერიოდში პირველი საწარმო იყო; სასამართლომ არ შეაფასა მეორე საწარმოს სამართალმემკვიდრეობისა და უფლებამონაცვლეობის აღიარება, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 ივლისის განჩინებით, რომლის თანახმადაც პირველი საწარმოს მევალე და სს „ს-ის“ პარტნიორი კომპანია სს“ ბ-ი“, აქციების სავალდებულო გამოსყიდვის მიზნით სამართალწარმოებას ეწეოდა მოსარჩელის წინააღმდეგ.
10.3. სასამართლომ არასწორად გამოიყენა მეწარმეთა კანონის 2010 წლის პერიოდისათვის მოქმედი მე-14 მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტები, დღეისათვის მოქმედი კანონის 144 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები.
11.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
12. სასამართლომ მიიჩნია, რომ აუდიტორის დასკვნა ვერ გახდებოდა პირველი საწარმოს სამართალმემკვიდრედ მეორე საწარმოს ცნობის საფუძველი.
13. სააპელაციო სასამართლომ მეწარმეთა კანონის მე-144 მუხლზე მიუთითა, რომლის თანახმად, საწარმო, რომელმაც საწარმო მიიერთა, ან გაერთიანების შედეგად წარმოქმნილი საწარმო არის თავდაპირველი საწარმოს/საწარმოების სამართალმემკვიდრე.
14. აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი საწარმოს რეორგანიზაცია არ მომხდარა, ვინაიდან იგი დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში. უფლებამონაცვლეობის საკითხის გადაწყვეტისას არსებითია იმის გააზრება, რომ სამართალურთიერთობაში მონაწილის ადგილი უნდა დაიკავოს სხვა პირმა, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ თავის თავზე იღებს წინამორბედის უფლებებსა და მოვალეობებს, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
15. სასამართლომ, ასევე არ დააკმაყოფილა აქციონერის მოთხოვნა გადაწყვეტილების წინმსწრები 2015 წლის 20 მაისის საოქმო განჩინების გაუქმების შესახებ, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი შუამდგომლობა დოკუმენტების გამოთხოვისა და მოწმეთა დაკითხვის შესახებ. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმების საფუძველი. იგი ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებული და კანონიერი იყო, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიდა განჩინების, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ, გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
16. აქციონერმა საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში.
17. საკასაციო საჩივრის საფუძვლები ძირითადად სააპელაციო საჩივრის საფუძვლების იდენტურია (წინამდებარე განჩინების 10.1-10.3. პუნქტები), კერძოდ:
17.1. მცდარია სასამართლოს მსჯელობა, რომ პირველი საწარმოს რეორგანიზაცია არ მომხდარა, რადგან ამ საზოგადოებაში ფაქტიურად განხორციელებული რეორგანიზაციის (შერწყმა, გაერთიანება, მიერთება) შედეგად, საწარმოს შეერწყა შპს „ვ-ი“ და შპს „ა-ი“, ხოლო მათი მატერიალური და ადამიანური რესურსები კი, პირველი საწარმოს 100% წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულმა მეორე საწარმომ, მეწარმეთა კანონით გათვალისწინებული პროცედურების შეგნებულად გვერდის ავლით, ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ კომპანიებთან გაფორმებული თაღლითური ხელშეკრულებების მეშვეობით, მიითვისა (მიიერთა), რაც დაწვრილებით და დასაბუთებულადაა აღწერილი აუდიტის დასკვნაში, რომლის შესწავლა და შეფასება, მოსამართლეებმა ზედმეტად მიიჩნიეს, ხოლო ის საკითხები კი, რომელთა გარკვევაც აუდიტმა, სათანადო დოკუმენტებისადმი წვდომის შეუძლებლობის გამო, ვერ მოახერხა მათი მოთხოვნისა და მოწმეების დაკითხვის შუამდგომლობა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
17.2. სასამართლომ არ შეაფასა აქციონერის მოსაზრება, როცა ის თავისი პოზიციის სამართლებრივ საფუძვლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 197-ე მუხლზე მიუთითებდა.
17.3. მეორე საწარმოს სამართალმემკვიდრეობასა და უფლებამონაცვლეობას ადასტურებს ისეთი უტყუარი მტკიცებულება, როგორიცაა პირველი საწარმოს მატერიალური და ადამიანური რესურსების გამოყენება და ექსპლუატაცია. ასევე მეორე საწარმოს წესდებაც, სადაც სიტყვა-სიტყვითაა გადმოწერილი საზოგადოების საქმიანობის ის სახეობა და საშუალებები, რომლებიც გააჩნია პირველ საწარმოს. სასამართლომ არ შეაფასა ქონების არმქონე მეორე საწარმოს დაფუძნება, პირველი საწარმოს 168 მილიონიანი ქონების ბაზაზე ანალოგიური საქმიანობის განსახორციელებლად დამფუძნებლის (პირველი საწარმო) მატერიალური და ადამიანური რესურსების გამოყენებით.
17.4. სასამართლომ სამართლებრივად არ შეაფასა პირველი საწარმოს ქონების, აქციონერის ნების გარეშე, გასხვისებით კუთვნილი აქციების გაუფასურებისა და ამ აქციების სავალდებულო გამოსყიდვის თაობაზე 2013 წლის სამართალწარმოება, რომლითაც დასტურდება მოპასუხის უფლებამონაცვლეობისა და სამართალმემკვიდრეობის ფაქტი. აღნიშნულის დამადასტურებელია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 ივლისის განჩინება (საქმე#2/15235-11), რომლის თანახმადაც, დამფუძნებლის მოვალისა და მოპასუხის პარტნიორი კომპანიის სს „ბლექ სი ტელეკომ ჰოლდინგ ბი. ვი“-ს მიერ აქციების სავალდებულო გამოსყიდვის მიზნით სამართალწარმოება მიმდინარეობდა აქციონერების წინააღმდეგ (იხ. სარჩელის მე-3, მე-4, მე-5, და მე-6 გვერდები).
17.5.სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად აარიდა თავი დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვისა და მოწმეების გამოკითხვის თაობაზე დაყენებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებას, ხოლო საქმეში არსებული მტკიცებულებები საერთოდ შეუსწავლელი დატოვა, მეწარმეთა კანონის იმ ნორმებზე აპელირებით, რომლებიც კასატორმაც მიუთითა, მაგრამ სხვა კონტექსტით.
18.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2015 წლის 4 დეკემბრის განჩინებით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2016 წლის 5 თებერვლის განჩინებით დასაშვებად ცნო სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო განაცხადი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
19. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
20. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს პირველი საწარმოს სამართალმემკვიდრედ მეორე საწარმოს ცნობა და ამ უკანასკნელისათვის მოსარჩელეზე 2000 წლიდან გასაცემი დივიდენდის დაანგარიშება და დაკისრება.
21. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ამასთან დაკავშირებით, უნდა აღინიშნოს, რომ პირველი საწარმო, სამეწარმეო რეესტრში არსებობს, როგორც უფლებაუნარიანი იურიდიული პირი, არ მომხდარა მისი რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. პირველი საწარმო მეორე საწარმოს 100%-იანი წილით დამფუძნებელი და ერთადერთი პარტნიორია. მეწარმეთა კანონის მე-14 მუხლის (2010 წლის რედაქცია) საწარმო, რომელმაც საწარმო მიიერთა, ან ახალშექმნილი საწარმო, არის ადრინდელი საწარმოს (საწარმოების) უფლებამონაცვლე (მითითებული მუხლის მე-12 ნაწილი), გაყოფის შედეგად წარმოქმნილი საწარმოები სოლიდარულად აგებენ პასუხს თავდაპირველი საწარმოს გაყოფამდე არსებული ვალდებულებებისათვის (მითითებული მუხლის მე-13 ნაწილი).
22. საკასაციო სასამართლომ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე შეამოწმა საკასაციო საჩივრის პრეტენზიები და ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მსჯელობასა და დასკვნას, რომ მეწარმეთა კანონის 144 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, საწარმო, რომელმაც მიიერთა საწარმო, ან გაერთიანების შედეგად წარმოქმნილი საწარმო არის თავდაპირველი საწარმოს/საწარმოების სამართალმემკვიდრე. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი, საწარმო შეიძლება გაიყოს ორ ან ორზე მეტ საწარმოდ და მათ საქმიანობა გააგრძელონ, როგორც დამოუკიდებელმა საწარმოებმა, საკუთარი სამართლებრივი ფორმით. გაყოფის შედეგად წარმოქმნილი საწარმოები სოლიდარულად აგებენ პასუხს თავდაპირველი საწარმოს გაყოფამდე არსებული ვალდებულებებისათვის, ხოლო თავდაპირველი საწარმოს უფლებამონაცვლე საწარმო განისაზღვრება გაყოფის შესახებ გადაწყვეტილებით.
23.საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომელიც წინამდებარე განჩინების მე-14 პუნქტშია ასახული და აღნიშნავს, რომ მეწარმეთა კანონით (როგორც 2010 წელს, ისე ამჟამად მოქმედი რედაქციით), განსაზღვრულია საწარმოთა სამართალმემკვიდრეობის საფუძველი. საწარმოთა უფლებამონაცვლეობას ადგილი აქვს საწარმოს რეორგანიზაციის დროს, რაც მოიცავს საწარმოთა რეორგანიზაციის შემდეგ სახეებს: გარდაქმნა (სამართლებრივი ფორმის ცვლილება), შერწყმა (გაერთიანება, მიერთება) და გაყოფა (დაყოფა, გამოყოფა) - (იხ. მეწარმეთა კანონის 144 მუხლის პირველი ნაწილი).
24. სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და აღნიშნავს, რომ აუდიტორის დასკვნა არ შეიძლება საფუძვლად დაედოს საწარმოთა უფლებამონაცვლეობის საკითხის დადგენას.
25. სასამართლოს, კასატორის პრეტენზიის საწინააღმდეგოდ, კანონიერად მიაჩნია 2015 წლის 20 მაისის წინარე განჩინებები დოკუმენტების გამოთხოვისა და მოწმეთა დაკითხვის შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ვინაიდან მითითებული მტკიცებულებები არ არის დასაშვები და განკუთვნადი მტკიცებულებები განსახილველ დავის საგანთან მიმართებით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საწარმოთა უფლებამონაცვლეობა არის სპეციფიკური სამართლებრივი ურთიერთობა და იგი გამომდინარეობს კანონიდან. განსახილველ შემთხვევაში მეორე საწარმო არ არის პირველი საწარმოს რეორგანიზაციის შედეგად წარმოქმნილი სუბიექტი. ეს უკანასკნელი მეორე საწარმოს დამფუძნებელია, რაც გამორიცხავს მეორე საწარმოს მისი დამფუძნებელი საწარმოს სამართალმემკვიდრედ ცნობის სამართლებრივ შესაძლებლობას. თითოეული საწარმო დამოუკიდებელი სუბიექტის სახით ირიცხება სამეწარმეო რეესტრში (იხ. ამონაწერები - ტ.1, ს.ფ. 186-187, 200-201).
26. დასახელებული ფაქტობრივ-სამართლებრივი წანამძღვრების გათვალისწინებით, კასატორის სასარჩელო მოთხოვნა წარმატებული ვერ იქნება, ამასთან, შესაბამისი სარწმუნო მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება შესაძლებელია ჰქონდეს პირველი საწარმოსადმი, რაც დამოუკიდებელი სასარჩელო წარმოებისა და მტკიცების საგანია.
27. ზემოხსენებული დასაბუთებით, გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასებები გააკეთა საქმისათვის მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, ხოლო კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული შედავების წარმოდგენა, რის გამოც, საკასაციო განაცხადი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ოქტომბრის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408.3-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ოქტომბრის განჩინება;
3. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე