Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ა-673-ა-6-2016 10 ივნისი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი(მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ხ. ბ-ე (მოსარჩელე)

განმცხადებლის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 იანვრის განჩინების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმება და საქმისწარმოების განახლება

დავის საგანი– საყვედურის გამოცხადების თაობაზე ბრძანების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით ხ. ბ-ის (შემდეგში - მოსარჩელე, დირექტორი) სარჩელი ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდეგში - მოპასუხე, გამგეობა, კასატორი, განმცხადებელი) წინააღმდეგ, საყვედურის გამოცხადების თაობაზე ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა.

2. ბათილად იქნა ცნობილი ააიპ ხონის მუნიციპალიტეტის ცენტრალური საბავშვო ბაღის დირექტორისათვის საყვედურის გამოცხადების შესახებ, ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის (შემდეგში მოპასუხე, გამგეობა ან განმცხადებელი) 2015 წლის 8 ივლისის #603 ბრძანება.

3. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გამგეობამ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 10 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა გამგეობის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული, გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

5. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გამგეობამ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, დირექტორის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 იანვრის განჩინებით, გამგეობის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, ვინაიდან იგი კანონით დადგენილი ვადის დარღვევით იყო წარდგენილი (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ, 397-ე, 2591-ე, 70-78-ე, 63-ე მუხლები).

7. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2016 წლის 22 თებერვალს განცხადებით მომართა გამგეობამ, მოითხოვა საპროცესო ვადის აღდგენა და განუხილველად დატოვებულ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების განახლება.

8. აღნიშნული განცხადება მოტივირებულია იმით, რომ ვინაიდან საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადის ბოლო დღე იყო 2015 წლის 23 დეკემბერი და სწორედ აღნიშნულ დღეს ჩაიბარა გზავნილი ფოსტის კურიერმა, საკასაციო საჩივრის ავტორს არ დაურღვევია საპროცესო ვადა. კასატორის განცხადებას თან ერთვის შესაბამისი მტკიცებულებები და ამონაწერი საქართველოს ფოსტიდან # 040033272993 საფოსტო გზავნილის 2015 წლის 23 დეკემბერს ფოსტისათვის ჩაბარების თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კასატორის მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული მტკიცებულების შესწავლის, მათი იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გამგეობის განცხადება საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

9. სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (სსსკ-ის 422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ (სსსკ-ის 423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

10. ზემოხსენებული ნორმის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. სსსკ-ის 423-ე მუხლში მოცემულია ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების საფუძვლები. მოხმობილი ნორმის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი საქმის განხილვისას სასამართლოში, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

11. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 იანვრის განჩინებით გამგეობის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, აღნიშნულ განჩინებას საფუძვლად დაედო განმცხადებლის მიერ საკასაციო საჩივრის წარმოდგენისათვის განსაზღვრული ვადის დარღვევა.

12. 2016 წლის 22 თებერვალს განცხადებით მომართა კასატორმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს მოითხოვა საქმის წარმოების განახლება, რომლის საფუძველიც წარმოდგენილია წინამდებარე განჩინების მე-9 პუნქტში. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის არგუმენტი (იხ. განჩინების მე-9 პუნქტი) დასტურდება კონკრეტული მტკიცებულებით, კერძოდ საფოსტო ამონაწერით, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ კასატორმა 2015 წლის 23 დეკემბერს ჩააბარა ფოსტის კურიერს გზავნილი.

13. საკასაციო სასამართლო, სსსკ-ის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე უთითებს, რომლის თანახმად „საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება“ და აღნიშნავს, რომ წინამდებარე განჩინების მე-8 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოება დადასტურებულია შესაბამისი მტკიცებულებით, რაც იმას ნიშნავს, რომ განმცხადებელმა საკასაციო სასამართლოს წარუდგინა უტყუარი მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც, სასამართლო დარწმუნდა, რომ კასატორს, საპროცესო ვადის დაცვით აქვს წარდგენილი (ფოსტაში ჩაბარებული) საკასაციო საჩივარი.

14. განსახილველ შემთხვევაში, დამაჯერებლადაა დადასტურებული, რომ გამგეობის საკასაციო საჩივარი, საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 18 იანვრის განჩინებაში მითითებული თარიღის - 2015 წლის 24 დეკემბრის ნაცვლად, 23 დეკემბერს ჩააბარა კასატორმა ფოსტას, სწორედ აღნიშნული თარიღი იყო საპროცესო ვადის ბოლო დღე, რომლის გამოყენების უფლებაც ჰქონდა განმცხადებელს. დადგენილი ფაქტობრივი გარემოება განმცხადებლის მოთხოვნის საფუძვლიანობას ადასტურებს, რაც უზენაესი სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე, საქმის წარმოების განახლების საფუძველია.

15. სსსკ-ის 396-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად წარმომადგენლის მიერ შეტანილ საკასაციო საჩივარს უნდა დაერთოს მინდობილობა, რომელიც ადასტურებს წარმომადგენლის უფლებამოსილებას საკასაციო საჩივრის შეტანაზე, თუ ასეთი უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი არ არის საქმეში. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

16. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო საჩივარს თან ერთვის გამგეობის მიერ წარმომადგენლისათვის მინიჭებული მინდობილობა, თუმცა მასში არ არის აღნიშნული, რომ წარმომადგენელს კასატორის სახელით, სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო წესით, გასაჩივრების უფლება აქვს.

17. სსსკ-ის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მინდობილობაში სპეციალურად უნდა იყოს აღნიშნული, რომ წარმომადგენელს მარწმუნებლის სახელით აქვს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება.

18. ზემოთ მოხმობილი ნორმების შესაბამისად კასატორს საკასაციო საჩივარზე უნდა დაუდგინდეს ხარვეზი და დაევალოს განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინოს ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ კ. კ-სათვის მინიჭებული მინდობილობა, რომელშიც მითითებული იქნება, რომ კ. კ-ს აქვს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელით საკასაციო საჩივრის წარმოდგენის უფლება ან საკასაციო საჩივარი ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 430-ე, 408.3-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 იანვრის განჩინების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 იანვრის განჩინება და განახლდეს საქმის წარმოება;

3. ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობას საკასაციო საჩივარზე დაუდგინდეს ხარვეზი და დაევალოს ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინოს ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ კ. კ-სათვის მინიჭებული მინდობილობა, რომელშიც მითითებული იქნება, რომ კ. კ-ს აქვს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელით საკასაციო საჩივრის წარმოდგენის უფლება ან საკასაციო საჩივარი ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ;

4. განემარტოს კასატორს, რომ თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, საკასაციო საჩივარი არ მიიღება და განუხილველად დარჩება;

5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე