საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-228-218-2016 3 ივნისი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვა
კასატორი – ი. ფ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ. ა-ე, ნ. გ-ი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება საქმის არსებითი განხილვა და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა და უძრავ ნივთზე თანამესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ი. ფ-ი (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) და აწ გარდაცვლილი გ. ა-ი (შემდეგში: მამკვიდრებელი, გამჩუქებელი ან მოსარჩელის მეუღლე) 2013 წლის 22 აგვისტოდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 1106-ე მუხლი. იხ. ქორწინების მოწმობა - ს.ფ. 16.)
2. მოსარჩელის მეუღლემ, 2014 წლის 2 ივლისს, მის საკუთრებად რიცხული უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისში, ზ.ის დასახლების X- მიკრო/რაიონში, მე-2 კვარტალის 2. კორპუსში ბინა #... (შემდეგში: უძრავი ნივთი ან ჩუქების საგანი) აჩუქა შვილს - ნ. ა-ეს (შემდეგში: დასაჩუქრებული, მოპასუხე, მამკვიდრებლის ან გამჩუქებლის შვილი; სსკ-ის 524-ე მუხლი, იხ. ჩუქების ხელშეკრულება - ს.ფ. 30-31).
3. ჩუქების ხელშეკრულება გაფორმდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და უძრავი ნივთი აღირიცხა დასაჩუქრებულის საკუთრებად (სსკ-ის 525.2.-ე, 183-ე 311-ე, 312-ე მუხლები; იხ. საჯარო რეესტრის მოანწერი - ს.ფ. 26-27).
4. გამჩუქებელი გარდაიცვალა 2014 წლის 21 ოქტომბერს (იხ. გარდაცვალების მოწმობა - ს.ფ. 25).
5. გარდაცვლილი მეუღლის სამკვიდროს მიღების მიზნით, მოსარჩელემ სანოტარო ბიუროს მიმართა 2014 წლის 4 ნოემბერს. (იხ. ს.ფ. 29.)
6. მოსარჩელეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი აქვს მინიჭებული უვადოდ (იხ. ცნობა - ს.ფ. 22).
7. მოსარჩელის ბებია - ე. ფ-ი გარდაიცვალა 1979 წლის 4 სექტემბერს, ხოლო მამა - გ. ფ-ი - 1996 წლის 15 სექტემბერს (ს.ფ. 132-133).
8. საჯარო რეესტრის მონაცემების შესაბამისად, მოსარჩელის აწ გარდაცვლილი მამისა და ბებიის საკუთრებად ირიცხება ქ. გორში, ყოფილი ს.....ის ქუჩაზე #... მდებარე საცხოვრებელი ბინა (შემდეგში: მამისა და ბებიის სამკვიდრო ქონება) 114,5 კვ.მ, ხოლო 114,7 კვ.მ. ფართის მესაკუთრეა - ვ. ფ-ი (იხ. - ს.ფ. 122-126)
9. მოსარჩელემ, 2007 წლის 4 ივლისს, განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა მამისა და ბებიის უძრავი ქონების, ამ უკანასკნელთა საკუთრებად რეგისტრაცია (ს.ფ. 127)
10. მოსარჩელემ, 2008 წლის 26 თებერვალს, განცხადებით მიმართა ნოტარიუსს და მოითხოვა მამისა და ბებიის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა, როგორც მამის პირველი რიგის მემკვიდრემ, თუმცა, ნოტარიუსის მიერ გაცემული ინფორმაციით, მოსარჩელის სახელზე სამკვიდრო მოწმობა არ გაცემულა, ასევე არ გაცემულა დოკუმენტი ასეთი მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.
11. მამის სამკვიდროზე - ანაბარზე, სამკვიდრო მოწმობა გაიცა მ. მ–ზე (შემდეგში: მოსარჩელის დედა, იხ. - ს.ფ. 197);
12. მოსარჩელე მშობლების ერთადერთი შვილია.
13. მოსარჩელემ 2014 წლის 19 ნოემბერს სარჩელი აღძრა შვილისა (იხ. ამ განჩინების მე-2 პუნქტი) და ნ. გ–ის წინააღმდეგ, მოითხოვა, გარდაცვლილ მეუღლესა (მამკვიდრებელს) და მის შვილს შორის, 2014 წლის 2 ივლისს, დადებული ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, კერძოდ, უძრავი ნივთის 1/3-ის ჩუქების ნაწილში და ამ ნაწილში მესაკუთრედ რეგისტრაცია.
14. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
15. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-12 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 54-ე, 524-ე, 526-ე, 1328-ე, 1336-ე, 1421-ე, 1424-ე მუხლები.
16. სასამართლომ იმსჯელა მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძველზე, რომელიც ამტკიცებდა, რომ გამჩუქებლის კმაყოფაზე მყოფი პირი იყო და მის აწ გარდაცვლილ მეუღლეს არ ჰქონდა უფლება, გაეჩუქებინა ისეთი ქონება, რომელმაც მოსარჩელეს მოუსპო საარსებო წყარო, კერძოდ, იგი დარჩა საცხოვრებელი სახლის გარეშე და ამჟამინდელმა მესაკუთრემ გამოასახლა ბინიდან. სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ, 102-ე მუხლზე მითითებით, მხარეთა შორის გადანაწილებულ მტკიცების ტვირთზე იმსჯელა და დაასკვნა, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკუთვნოდა, ხოლო მოპასუხემ, მის წინააღმდეგ აღძრული სასარჩელო მოთხოვნის გასაბათილებლად, წარადგინა მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზე დგინდებოდა, რომ მოსარჩელის მამას, გარდაცვალებამდე, საკუთრებად ჰქონდა საცხოვრებელი სახლის ნაწილი (იხ. ამ განჩინების მე-8 პუნქტი), რომელზეც დღემდე არ იყო გაცემული სამკვიდრო მოწმობა და ის კვლავ გარდაცვლილის სახელზე ირიცხებოდა საჯარო რეესტრში. სსკ-ის 1336-ე მუხლის საფუძველზე, მოსარჩელე არის პირველი რიგის მემკვიდრე. ასევე, დადგენილია, რომ მოსარჩელემ წარადგინა განცხადება სამკვიდრო მოწმობის გაცემის თაობაზე, სადაც თავადვე ადასტურებს, რომ განცხადების შედგენის დროისათვის იგი მამის სახლში ცხოვრობდა, რაც სამკვდირო მასას წარმოადგენს. მოსარჩელის სამტკიცებელი იყო მამის მემკვიდრეობის მიუღებლობა, რადგან იგი კანონისმიერი მესაკუთრეა. ასევე, 2007 წლის 4 ივლისს წარდგენილი განცხადებით დგინდება, რომ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე მოხდა აწ გარდაცვლილი ბებიისა და მამის საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში (იხ. ამ განჩინების მე-9 პუნქტი). მოპასუხის მოსაზრებით, მოსარჩელემ ვერ დაუდასტურა სასამართლოს, რომ მემკვიდრეობა არ მიუღია.
17. მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გაანალიზებისა და შეჯერების საფუძველზე, სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო მთავარი გარემოების -მისთვის საარსებო წყაროს მოსპობის ფაქტის დადასტურება, მეუღლის მიერ ბინის გაჩუქების გამო, რის გამოც სარჩელი უარყოფილი იქნა.
18. მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
19. აპელანტის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ბებიისა და მამის სამკვიდრო ქონების მესაკუთრეა, ვინაიდან, აღნიშნული გარემოება არც საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება და არც სამკვიდრო მოწმობით. შესაბამისად, არასწორია სასამართლოს დასკვნა, რომ სადავო ხელშეკრულებით გასხვისებული ბინა მოსარჩელის ერთადერთ საარსებო წყაროს არ წარმოადგენდა.
20. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 იანვრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
21. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-12 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნა, რომ სარჩელი ემყარებოდა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე გამჩუქებლის კმაყოფაზე მყოფი პირი იყო და, სადავო ქონების გაჩუქებით, მას მოესპო საარსებო წყარო. სასამართლომ იმაზეც იმსჯელა, რომ აპელანტი სარჩელში არ უთითებდა, რომ სადავო ბინიდან შემოსავალს იღებდა (მაგ. გაქირავებით ან. სხვ.) და მისი გასხვისებით შემოსავლის წყარო მოესპო. იგი მხოლოდ იმ გარემოებაზე აპელირებდა, რომ სადავო უძრავი ქონების გასხვისების შედეგად საცხოვრებელი ფართის გარეშე დარჩა.
22. სასამართლომ მიიჩნია, რომ ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო ბინის გაჩუქებით მოსარჩელეს საარსებო წყარო მოესპო - საცხოვრებელი ბინის გარეშე დარჩა, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა.
23. სასამართლომ, წინამდებარე განჩინების 7-12 პუნქტებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზის საფუძველზე, დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე მამისა და ბებიის სამკვიდრო ქონების ერთადერთ მემკვიდრეს წარმოადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნების გამოვლენის შემთხვევაში, მოსარჩელეს კანონისმიერი უფლება აქვს, აღნიშნული უძრავი ქონება საკუთრებაში მიიღოს და შესაბამისი მიზნებისათვის (საცხოვრებლად) გამოიყენოს.
24. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, რომ მოსარჩელე მეორე ჯგუფის ინვალიდი და სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში (27180 ქულით) რეგისტრირებული პირია, რაც სოციალური დახმარების მიღების წინაპირობაა.
25. სასამართლომ განმარტა, რომ სსკ-ის 526-ე მუხლის „პირს უფლება არა აქვს გააჩუქოს ქონება, თუ ქონების გაჩუქება საარსებო წყაროს უსპობს მჩუქებელს ან მის კმაყოფაზე მყოფ პირებს“ - მიზნებისათვის, ქონების გაჩუქების შეზღუდვა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქონება არის გამჩუქებლის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების საარსებო წყარო, ანუ ამ ქონების მეშვეობით გამჩუქებელი შემოსავალს უნდა იღებდეს და გაჩუქების შემდეგ აღარ უნდა რჩებოდეს შემოსავლის სხვა წყარო, რომელიც მისი აუცილებელი მოთხოვნების დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს. საცხოვრებელი სახლის გაჩუქება, თავისთავად, არ გულისხმობს საარსებო წყაროს მოსპობას.
26. სასამართლომ განმარტა, რომ თუ ერთადერთი საცხოვრებელი სახლის გაჩუქების შემდეგ გამჩუქებელი, უხეშად რომ ითქვას, ქუჩაში რჩება, მას ხელშეკრულების გაუქმება შეუძლია მოითხოვოს სსკ-ის 530-ე მუხლის საფუძველზე, ვინაიდან, ქონების გაჩუქების შემდეგ იგი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. სსკ-ის 526-ე მუხლი კი, ეხება შემთხვევას, როდესაც, ქონების გაჩუქების შემდეგ გამჩუქებელი შემოსავლის გარეშე რჩება, ამასთან, სსკ-ის 530-ე მუხლის საფუძველზე, მოთხოვნის უფლება გააჩნია მხოლოდ გამჩუქებელს, სსკ-ის 526-ე მუხლის საფუძველზე კი, გამჩუქებლის კმაყოფაზე მყოფ პირებსაც.
27. სასამართლომ დაასკვნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი არ ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე სადავო ბინიდან შემოსავალს იღებდა (მაგ. გაქირავებით ან სხვ.) და, შესაბამისად, მისი გასხვისებით, შემოსავლის წყარო მოესპო. მოსარჩელე მხოლოდ იმ გარემოებაზე აპელირებდა, რომ სადავო უძრავი ქონების გასხვისების შედეგად, საცხოვრებელი ფართის გარეშე დარჩა. ასეთი ფაქტობრივი გარემოება კი საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა.
28. სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა ადგენს დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, სარჩელში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, თუმცა, მას ამ თვალსაზრისით სასამართლოსათვის არ შეუთავაზებია დასაბუთებული მტკიცება.
29.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა 2014 წლის 2 ივლისს დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისათვის, სსკ-ის 526-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები.
30. მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
31. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო. იგი მეორე ჯგუფის ინვალიდია, თითქმის ბრმაა, უჭირს გადაადგილება და აწუხებს ჯანმრთელობა. სასამართლომ აღმოაჩინა, რომ მოსარჩელემ 7 წლის წინ მიმართა ნოტარიუსს განცხადებით და მოითხოვა სამკვიდრო მოწმობა, რის გამოც არასწორად ჩათვალა, რომ კასატორი პოტენციურად ქონების მესაკუთრეა და სადავო ჩუქების ხელშეკრულებით საარსებო წყარო არ მოესპო.
32. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2016 წლის 21 მარტის განჩინებით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო, სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა განალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
33. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმის დანაწესი განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
34.საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
35. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ - # ას-1530-1536-2011, 21.11.2011წ.; # ას-384-363-2012, 04.06.2012წ.; # ას- 257-247-2013, 10.07.2013წ.; # ას92-59-2012, 05.11.2013წ.; ა#ას-325-310-2015, 20.05.205წ.).
36. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
37. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
38. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორი 2014 წლის 2 ივლისის სადავო ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებას მოითხოვს სსკ-ის 526-ე მუხლის საფუძველზე, იმ მოტივით, რომ მისმა აწ გარდაცვლილმა მეუღლემ შვილისათვის ბინის ჩუქებით, მოსარჩელეს მოუსპო საარსებო საშუალება. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივარში მოსარჩელე სადავოდ არ ხდის, რომ ამ უკანაკსნელმა 2008 წლის 26 თებერვალს განცხადებით მიმართა ნოტარიუსს და მოითხოვა მამისა და ბებიის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა, როგორც მამის პირველი რიგის მემკვიდრემ, თუმცა, მოსარჩელის სახელზე სამკვიდრო მოწმობა არ გაცემულა, ასევე არ გაცემულა დოკუმენტი ასეთი მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ (იხ. წინამდებარე განჩინების მე-10 პუნქტი).
39. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რომელიც წინამდებარე განჩინების მე-20 პუნქტშია ასახული, „საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული მუხლის მიზნებისათვის, ქონების გაჩუქების შეზღუდვა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქონება არის გამჩუქებლის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების საარსებო წყარო, ანუ, ამ ქონების მეშვეობით გამჩუქებელი შემოსავალს უნდა იღებდეს და გაჩუქების შემდეგ აღარ უნდა რჩებოდეს შემოსავლის სხვა წყარო, რომელიც მისი აუცილებელი მოთხოვნების დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს. საცხოვრებელი სახლის გაჩუქება, თავისთავად, არ გულისხმობს საარსებო წყაროს მოსპობას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, თუ ერთადერთი საცხოვრებელი სახლის გაჩუქების შემდეგ გამჩუქებელი, უხეშად რომ ითქვას, ქუჩაში რჩება, მას ხელშეკრულების გაუქმება შეუძლია, მოითხოვოს სამოქალაქო კოდექსის 530-ე და არა 526-ე მუხლის საფუძველზე, ვინაიდან, ქონების გაჩუქების შემდეგ იგი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, 526-ე მუხლი კი, ეხება შემთხვევას, როდესაც, ქონების გაჩუქების შემდეგ გამჩუქებელი შემოსავლის გარეშე რჩება, ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 530-ე მუხლის საფუძველზე მოთხოვნის უფლება გააჩნია მხოლოდ გამჩუქებელს, 526-ე მუხლის საფუძველზე კი, გამჩუქებლის კმაყოფაზე მყოფ პირებსაც“ (სუსგ ას-257-247-2013, 10.07.2013წ.). ამდენად, საცხოვრებელი სახლის გაჩუქება, თავისთავად, არ გულისხმობს საარსებო წყაროს მოსპობას, თუკი არ არის დადგენილი ის წინაპირობები, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ პირის საარსებო წყაროს მოსპობას. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, არ დასტურდება გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელე სადავო ბინიდან შემოსავალს იღებდა (იხ. ამ განჩინების 24-26 პუნქტები). აღნიშნულ ფაქტზე მოსარჩელეს დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.
40. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობასა და დასკვნებს, რომელიც უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას ეყრდნობა (იხ. ამ განჩინების 23-27, 33-ე და 37-ე პუნქტები) და ყურადღებას ამახვილებს, სსკ-ის 526-ე მუხლი არ შეიძლება იყოს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, რადგან დასახელებული ნორმა ჩუქების დაუშვებლობის წინაპირობას ადგენს და საარსებო წყაროს მოსპობის საფრთხის კონტექსტში, როგორც მჩუქებელს, ისე, მის კმაყოფაზე არსებულ პირებს უდგენს მოთხოვნის წარდგენის კანონით გათვალისწინებულ წანამძღვარს. სსკ-ის 530-ე მუხლი კი მჩუქებლის და არა მის კმაყოფაზე მყოფი პირის კუთვნილი ნორმაა, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაბამისი ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობების დამტკიცების შემთხვევაში, დასაჩუქრებულის წინააღმდეგ, მოთხოვნის წაყენების უფლება მხოლოდ მჩუქებელს აქვს და ნორმის დეფინიციაში მითითებული ერთ-ერთი წინაპირობა, რომელიც მჩუქებლის გარდა, მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენის შეუძლებლობასაც ეხება "თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში“ - სსკ-ის 530.1 მუხლი/ არ წარმოუშობს ამ უკანასკნელთ დასაჩუქრებულისაგან ნაჩუქარი ქონების მოთხოვნის უფლებას.
41. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მჩუქებელი იყო მოსარჩელის მეუღლე, დასაჩუქრებული კი ამ უკანასკნელის შვილი. მოსარჩელის მეუღლეს, გარდაცვალებამდე, სადავოდ არ გაუხდია შვილთან დადებული ჩუქების ხელშეკრულება, კასატორის პრეტენზია ფაქტობრივ-სამართლებრივად დაუსაბუთებელია 8-40 პუნქტებში განვითარებული მსჯელობისა და დასკვნების საფუძველზე.
42. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი სამართლებრივად დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი დასაშვებად ცნობისა და არსებითად განსახილველად მიღების შესაძლებლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. ფ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე