საქართველოს უზენაესი სასმართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-267-254-2016 10 ივნისი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ა. ტ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ბმა "მ-ი" (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „მ-ი“ (შემდეგში ამხანაგობა, მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე) შეიქმნა 2011 წლის 25 მარტს საერთო კრებაზე, ამხანაგობას გააჩნია წესდება, რომლის მიხედვითაც წარმართავს თავის საქმიანობას (იხ. წესდება - ტ.2, ს.ფ. 13-24).
2. წესდების 11.3 მუხლით ამხანაგობის წევრის მიერ ამხანაგობის წინაშე წარმოშობილი ვალის შემთხვევაში, ამხანაგობის თავმჯდომარე ამხანაგობის წევრს აძლევს გაფრთხილებას. თუ გაფრთხილების მიუხედავად, წევრი არ იხდის ამხანაგობის წინაშე დაგროვილ ვალს, ამხანაგობის თავმჯდომარე, წევრთა 2/3-ის გადაწყვეტილებით უფლებამოსილია, მიმართოს სასამართლოს (ამხანაგობის 2012 წლის 20 დეკემბრის კრების ოქმის თანახმად, ამ მუხლში შევიდა ცვლილება და ადრე მითითებული ჩანაწერი „შპს „საქართველოს საარბიტრაჟო-სამომრიგებლო პალატის“ ნაცვლად“ ჩაიწერა სასამართლო) და მოითხოვოს დავალიანების მქონე ამხანაგობის წევრის მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საჭირო ღონისძიების გატარება (საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა-ყადაღა, ქონების რეალიზაცია და სხვა) ვალის გადახდის მიზნით.
3. ამხანაგობის 2012 წლის 20 დეკემბრის ოქმითვე, ამხანაგობას დაევალა, მიემართა სასამართლოსთვის იმ პირთა მიმართ, რომელთა დავალიანება ელ-ენერგიისა და გათბობისათვის 500 ლარს აღემატებოდა (იხ.კრების ოქმი - ტ.2, ს.ფ. 25).
4. წესდების 8.6 მუხლის თანახმად, ინდივიდუალური საკუთრების შემძენი, საჯარო რეესტრში მესაკუთრედ რეგისტრაციის დღიდან ხდება ამხანაგობის წევრი.
5. წესდების 10.2.1 მუხლით, ამხანაგობის წევრი ვალდებულია, ისეთ მდგომარეობაში შეინარჩუნოს და იმგვარად გამოიყენოს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული შენობის ნაწილები, აგრეთვე საერთო საკუთრება, რომ ამით არ შელახოს სხვა მესაკუთრეთა ერთად ცხოვრების წესები და არ მიადგეთ მათ ზიანი, ხოლო 10.2.5. მუხლის თანახმად, წევრმა, თავისი ინდივიდუალური საკუთრების საერთო საკუთრებაში წილის შესაბამისად, მონაწილეობა უნდა მიიღოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მოვლა-პატრონობის, საერთო ქონების განვითარების და საერთო ქონების ექსპლუატაციისათვის საჭირო ხარჯების გაწევაში.
6. საქმის მასალებშია კომპიუტერული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და დავალიანებები იმ ამხანაგობის წევრებისა, რომლებიც არ იხდიან გადასახადს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მაცხოვრებლებს ცალკე მრიცხველები არ გააჩნიათ, ამხანაგობა იყო ვალდებული, თავისი სახელით გადაეხადა ყველა გადასახადი (იხ. ანგარიშ-ფაქტურები, ტ.2, ს.ფ. 27-72).
7. ამხანაგობამ 2013 წლის 26 დეკემბერს სარჩელი აღძრა რამდენიმე პირის წინააღმდეგ, ხოლო 2014 წლის 19 მარტს მოპასუხედ დაასახელა ა. ტ-ეც (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი), ხოლო იმავე წლის 22 აპრილს კიდევ ერთი დაზუსტებული სარჩელი შეიტანა და მოითხოვა მისთვის 4307.74 ლარის დაკისრება ამხანაგობის სასარგებლოდ, ხოლო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 316-ე, 361-ე მუხლებზე და ამხანაგობის წესდების 10.2.1, 11.3 მუხლებზე (იხ. ამ განჩინების მე-2 და მე-5 პუნქტები), ასევე, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ„ საქართველოს კანონის (შემდეგში ამხანაგობის კანონი) მე-14 მუხლის მე-6 ნაწილზე (იხ. სარჩელი - ტ.1, ს.ფ. 1-14, დაზუსტებული სარჩელი - ტ.1, ს.ფ. 217-228 და მეორე დაზუსტებული სარჩელი - ტ.2, ს.ფ. 1-12). მოპასუხემ (ისევე როგორც სხვა მოპასუხეებმა) სასამართლო სხდომაზე სადავოდ გახადა ამხანაგობის თავმჯდომარის არჩევა, ასევე უარყო მოსაზრება დავალიანებასთან დაკავშირებით, რადგან ცალკე არ არის აბონენტად რეგისტრირებული. მოპასუხემ სხვებთან ერთად წარადგინა აუდიტორული დასკვნა, რომელზეც სასამართლოს სხდომაზე აუდიტორს ჩამოერთვა ახსნა-განმარტება; სასამართლომ გარკვეული დროც მისცა მოპასუხეებს შეგებებული სარჩელის წარსადგენად, მხარეთა შორის შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მაგრამ მათ დამატებით სარჩელის საწინააღმდეგო მტკიცებულებები არ წარუდგენიათ (იხ. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების 3.2.4 ქვეპუნქტი - ტ.2, ს.ფ. 297).
8. თბილისის საქალაქო სასმაართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით, ამხანაგობის სარჩელი დაკმაყოფილდა და, მის სასარგებლოდ, მოპასუხეს დაეკისრა - 4307.74 ლარის გადახდა.
9. სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 102-ე მუხლზე მითითებით, იმსჯელა მხარეების მიერ წარდგენილ აუდიტორულ დასკვნებზე და აღნიშნა, რომ მოპასუხეთა მიერ წარდგენილი აუდიტორული დასკვნა აანალიზებდა რა ფინანსურ ანგარიშებს, იძლეოდა რეკომენდაციას, რომ ამხანაგობამ აწარმოა ბუღალტრული აღრიცხვა საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადების გადანაწილების კოეფიციენტი, ელექტრონულ გვერდზე, არ ითვალისწინებდა კომერციულ ფართებს, რაც არსებითად ზრდიდა ბინათმესაკუთრეების გადასახადს. ბუნებრივი აირის გადასახადის აღრიცხვის სიზუსტისათვის შესაძლებელია გამოყენებულიყო ელექტროენერგიის ინდივიდუალური მრიცხველები, რათა თავიდან აეცილებინათ მაცხოვრებლის არყოფნის შემთხვევაში გადასახადის დარიცხვა. ასეთივე განმარტება გააკეთა აუდიტორმა სალომე ხორავამ სასამართლო სხდომაზეც. მოსარჩელის მიერ წარდგენილ აუდიტორულ დასკვნაშიც იყო მითითებული, რომ ამხანაგობა არ აწარმოებდა ფინანსურ ანგარიშგებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საკუთარ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია სრულყოფილად არ ასახავდა წევრების მიერ შეტანილ (შეუტანელ) თანხებს; ორივე დასკვნაში მითითებული იყო, რომ ამხანაგობას საქმიანობაში გააჩნდა ნაკლოვანებები, თუმცა, კრების გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ამხანაგობა იხდიდა გადასახადებს და ცალკეული პირები თუ არ გადაიხდიდნენ კუთვნილ გადასახადს, ზარალდებოდნენ სხვა წევრები.
10. ზემოხსენებული აუდიტორული დასკვნებით, სასამართლოს გაუჩნდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მოცემულ ეტაპზე, ვინაიდან ამხანაგობის კრებაზე არ განიხილეს აღნიშნული საკითხი და სხვანაირი გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული ამხანაგობის ინდივიდუალურ წევრთა სასარგებლოდ, თანხების გადახდა დაეკისრა ამხანაგობას, ხოლო მისი თითოეული წევრი ვალდებული იყო, დაეფარა დავალიანება (იხ. აუდიტორული დასკვნა - ტ.2, ს.ფ. 257-271). სსსკ-ის 172-ე მუხლის საფუძველზე მსჯელობისას, სასამართლომ განმარტა, რომ ექსპერტის დასკვნა სასამართლოსთვის სავალდებულო არ არის და ის უნდა შეფასებულიყო სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი წესით. სასამართლომ სსკ-ის 316-ე მუხლის პირველ ნაწილზე მიუთითა „ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც“ და ამავე კოდექსის 361-ე მუხლზეც: „ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას“. ასევე იმსჯელა, ამხანაგობის მარეგულირებელი სპეციალური კანონის ნორმებზე: მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა არის მრავალბინიან სახლში მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის გამოყენებული ფართობის მესაკუთრეთა გაერთიანება“, მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების შემადგენელი მიწის ნაკვეთი, სახლის ნაწილი და ის შენობა-ნაგებობები, დანადგარები, საინჟინრო ქსელები, მოწყობილობები, რომლებიც არ არის ინდივიდუალური საკუთრება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას (საერთო საკუთრებას) წარმოადგენს“ მე-4 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, „ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას წარმოადგენს მრავალბინიანი სახლის ვესტიბიულები, სადარბაზოები, დერეფნები, კიბის უჯრედები, სარდაფები, სხვენები, საქვაბეები, ტექნიკური სართულები, სახურავები, ლიფტები, სხვადასხვა დანიშნულების შახტები, არხები, ნაგავგამტარები, ბუნკერები და ა. შ., რომლებიც არ იმყოფება ინდივიდუალურ საკუთრებაში“. ამხანაგობის კანონის მე-7 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, „მესაკუთრეს შეუძლია ისარგებლოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებით. მესაკუთრე, განურჩევლად მისი ბინის მდებარეობისა, სხვა ბინის მესაკუთრეთა წინაშე ვალდებულია თავისი წილის შესაბამისად გასწიოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მოვლა-პატრონობისა და ექსპლუატაციის ხარჯები, თუ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი“ და დაასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე (მსგავსად სხვა მოპასუხეებისა) ამხანაგობის წევრი იყო, იგი საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო მესაკუთრედ. ზემოხსენებული ნორმებიდან გამომდინარე, მოპასუხე ვალდებული იყო, შეესრულებინა კანონით დადგენილი მოთხოვნები, მით უფრო, რომ მას (ისევე როგორც არცერთ სხვა მესაკუთრეს) საწინაღმდეგო მტკიცებულებები არ წარუდგენია სასამართლოსთვის.
11. ამხანაგობის კანონის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრი არის ბინის მესაკუთრე მრავალბინიან სახლში. ამავე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრობა წარმოიშობა მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების შეძენისთანავე. ბინის მესაკუთრის გარდაცვალების, იურიდიული პირის ლიკვიდაციის, ბინის გასხვისების ან სხვა მიზეზით საკუთრების უფლების შეწყვეტის მომენტიდან შესაბამისი პირის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრობა წყდება. ამ პირის სამართალმემკვიდრე ან ქონების შემძენი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრი ხდება ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის მომენტიდან. ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-6 ნაწილით ინდივიდუალური საკუთრების გასხვისების შემთხვევაში, ამხანაგობის წევრობასთან დაკავშირებულ შეუსრულებელ ვალდებულებებზე პასუხს აგებს ახალი მესაკუთრე პერსონალურად და როგორც სოლიდარული მოვალე.
სასამართლომ იმაზეც იმსჯელა, რომ სარჩელი 7 მოპასუხის წინააღმდეგ იყო შეტანილი, რომელთაგან ნაწილმა, საქმის განხილვის პერიოდში, გადაიხადა დავალიანება, მორიგდნენ სხდომაზე, რაც მოსარჩელის მხრიდან დაზუსტებული სარჩელის წარდგენის საფუძველი გახდა და დასახელდა სამი მოპასუხე. მათგან, 2014 წლის 5 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულებით, თავდაპირველი მესაკუთრისა და მოპასუხის შპს „იზიკრედ ჯორჯიასგან“ ამ განჩინების მე-7 პუნქტში დასახელებულმა პირმა შეიძინა საცხოვრებელ სახლში ბინა N425 და 426 (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ტ. 2, ს.ფ. 77-80).
12. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც აღნიშნა, რომ საქმეში არ არსებობს ამხანაგობის წევრთა 2011 წლის 25 მარტის კრების ოქმი ამხანაგობის შექმნისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ. არსებობს მხოლოდ ამხანაგობის 2011 წლის 07 აპრილის საერთო კრების ოქმი იყო, რომელიც სანოტარო წესით დამოწმდა 2011 წლის 15 აპრილს, რომელზეც ნოტარიუსმა დაადასტურა ამხანაგობის საერთო კრების ოქმზე ამავე კრების თავჯდომარის ერეკლე გამყრელიძის ხელმოწერის ნამდვილობა. აპელანტი მიუთითებს, რომ აღნიშნული კრების დღის წესრიგში იდგა სამი საკითხი: 1. ამხანაგობის თავჯდომარის არჩევა, 2. ამხანაგობისათვის სახელის დარქმევა, 3. ამხანაგობის წესდების მიღება.
13. აპელანტის განმარტებით, დღის წესრიგის მე-2 და მე-3 საკითხებზე კრებას საერთოდ არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია, კერძოდ, ამხანაგობას არ დარქმევია სახელი „მ-ი“ და მას არ მიუღია წესდება. რაც შეეხება დღის წესრიგის პირველ საკითხს, ამ კრების ოქმის მიხედვით, ამხანაგობის თავმჯდომარედ თითქოსდა არჩეულ იქნა მოწვეული პირი დ. ჯ-ი, მაგრამ კრების ოქმში არ იყო მითითებული, თუ რამდენი წევრი იყო მისი არჩევის მომხრე, რამდენი მოწინააღმდეგე და რამდენმა შეიკავა თავი. აპელანტის მტკიცებით, აღნიშნულიდან შეიძლებოდა დასკვნის გამოტანა, რომ ჯ-ი აღნიშნულ კრებზე არ არჩეულა ამხანაგობის თავმჯდომარედ. ასევე, კრების ოქმში მითითებული არ იყო, თუ ამხანაგობის 136 წევრიდან კონკრეტულად რომელი წევრი ესწრებოდა. აპელანტის მითითებით, სასამართლოს მიერ უსწოროდ დადგენილი ფაქტებისაგან განსხვავებით, საქმის მასალებით დასტურდებოდა საწინააღმდეგო, რომ ამხანაგობა სახელწოდებით „მ-ი“ იურიდიულად არ იყო შექმნილი, მის თავმჯდომარედ არ იყო არჩეული ჯ-ი და ამხანაგობას არ მიუღია წესდება.
14. აპელანტმა იმაზეც მიუთითა, რომ სასამართლო სხდომაზე აუდიტორმა სალომე ხორავამ დაადასტურა, რომ ბინათმესაკუთრეებზე ამხანაგობის მიერ კომუნალური გადასახადების ფართების მიხედვით დარიცხვა ხდებოდა ყოფილი მენაშენეთა ამხანაგობა „ო.“ პარტნიორთა მიერ ადრე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელმაც ააშენა ეს სახლი და არა მოსარჩელე ამხანაგობის საერთო კრების გადაწყვეტილების საფუძველზე. აპელანტის მტკიცებით, სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ეს გარემოება სპეციალურად არ აღნიშნა თავის გადაწყვეტილებაში.
15. აპელანტმა, ამ განჩინების 13-14 პუნქტებში ასახულ გარემოებებზე მითითებით, აღნიშნა, რომ დ. ჯ-ს არ ჰქონდა უფლებამოსილება, ამხანაგობის სახელით სარჩელის აღძვრისათვის მინდობილობის გაცემაზე. ამის გამო, სარჩელი სასამართლოში შეტანილი იყო იმ პირის მიერ, რომელსაც არ ჰქონდა მინიჭებული საქმის წარმოების უფლებამოსილება ამხანაგობის წევრთა მიერ, რის გამოც სარჩელი სასამართლოს განუხილველად უნდა დაეტოვებინა. აპელანტის მტკიცებით, გარდა იმისა, რომ დასახელებულ პიროვნებას არც მეორე მინდობილობის გაცემის უფლება ჰქონდა და მასში მითითებული არ იყო მინდობილი პირების უფლებაზე, მონაწილეობა მიეღოთ სასამართლო განხილვაში, ისინი ვერ ჩაითვლებოდნენ ამხანაგობის წარმომადგენლებად სასამართლო სხდომაში მონაწილეობისათვის. ამიტომ მათი გამოცხადება სასამართლო სხდომაზე იურიდიულად ვერ ჩაითვლებოდა მოსარჩელის წარმომადგენლის გამოცხადებად. ამასთან, აპელანტის მტკიცებით, ასეთ ვითარებაში, თუ სასამართლო არ დატოვებდა სარჩელს განუხილველად, მაშინ მას აუცილებლად უნდა გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე, რაც დაუსაბუთებლად არ დაკმაყოფილდა.
16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
17. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა წინამდებარე განჩინების 1-8 პუნქტებში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და აპელანტის პრეტენზიების შეფასებისას იმსჯელა, რომ ამხანაგობის საერთო კრების №1 ოქმით დასტურდებოდა, 2011 წლის 7 აპრილს, ბინების მესაკუთრეთა საერთო რაოდენობის 2/3-ის მონაწილეობით დ. ჯ-ის არჩევა ამხანაგობის თავმჯდომარედ (ტ. 2, ს.ფ. 177-186). სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ დასახელებული პირი არ არჩეულა ამხანაგობის თავმჯდომარედ, რადგან კრების ოქმით არ დგინდებოდა მისი არჩევის მომხრეთა თუ მოწინააღმდეგეთა ვინაობა. აღნიშნული სააპელაციო პრეტენზიის შეფასებისას, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ოქმს ხელს აწერს კრების თავმჯდომარე ერეკლე გამყრელიძე, ოქმს ერთვის ბინების მესაკუთრეთა ხელმოწერები. გარდა ამისა, ხსენებული ოქმი სადავოდ არ გამხდარა და მისი ბათილობა არავის არ მოუთხოვია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ არ არსებობდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო კრების №1 ოქმის ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველი
18. სასამართლომ, ასევე, არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ ამხანაგობას არ გააჩნია წესდება და განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილია ამხანაგობის წესდება, ხელმოწერილი ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ, ხოლო აღნიშნული ხელმოწერის ნამდვილობა კი დადასტურებულია სანოტარო წესით (ტ. 2, ს.ფ. 13-23). სასამართლომ ამხანაგობის კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განმარტა, რომ ამ კანონის ამოქმედებით დაფუძნებულად ითვლება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ისეთ მრავალბინიან სახლში, რომელიც განთავსებულია ერთ მიწის ნაკვეთზე და რომელშიც მდებარეობს ორზე მეტი ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ბინა. იმავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საქმიანობა ხორციელდება ამ კანონითა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესდების საფუძველზე. ამავე კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების საფუძველზე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას შეიძლება ჰქონდეს წესდება. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ ამ კანონის ამოქმედებიდან, 3 თვის ვადაში, მიღებული არ იქნა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესდება, ამხანაგობის საქმიანობა ხორციელდება ამ კანონის V თავით დადგენილი წესებით, ვიდრე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები არ მიიღებენ ახალ წესდებას.
19. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ამხანაგობის უფლება და არა ვალდებულებაა წესდების მიღება, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში, მოქმედებს სპეციალური კანონის დებულებები, შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, კონკრეტული დავის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა იმ ფაქტს, ამახანაგობამ მიიღო თუ არა წესდება.
20.სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხეს სააპელაციო საჩივრით დავალიანების არსებობა და მისი მოცულობა სადავოდ არ გაუხდია (იხ. სააპელაციო საჩივარი - ტ. 1, ს.ფ. 306-315), შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის არმქონეა აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოება, რომ კომუნალური გადასახადების ფართების მიხედვით დარიცხვის შესახებ გადაწყვეტილება ყოფილი მენაშენეთა ამხანაგობის პარტნიორთა კრებამ მიიღო თუ მოსარჩელემ.
21. ამხანაგობის კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამხანაგობის საქმიანობას უძღვება თავმჯდომარე. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, თუ ამხანაგობის მიერ, ამ კანონის მიღებიდან 3 თვის ვადაში, არ იქნა მიღებული წესდება, ამხანაგობის თავმჯდომარე, ვიდრე ამხანაგობის წევრები არ მიიღებენ წესდებას: ა) იწვევს და უძღვება ამხანაგობის წევრთა კრებას; ბ) უზრუნველყოფს ამხანაგობის წევრთა კრების გადაწყვეტილებების შესრულებას; გ) ამხანაგობის წევრთა კრებასთან შეთანხმებით იღებს აუცილებელ ზომებს ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების სათანადო მოვლა-პატრონობის, ექსპლუატაციისა და განვითარების უზრუნველსაყოფად; დ) ამხანაგობის წევრთა კრებასთან შეთანხმებით განსაზღვრავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ხარჯებს მიმდინარე სამეურნეო წლისათვის; ე) ამხანაგობის წევრთა კრებასთან შეთანხმებით განსაზღვრავს ამხანაგობის წევრთა რეგულარული ხარჯებისა და ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების განვითარებასთან დაკავშირებული დამატებითი სადანახარჯო შენატანების ოდენობას ამ კანონის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად; ვ)ამხანაგობის წევრთა კრებასთან შეთანხმებით უზრუნველყოფს ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების გასხვისებას, გაქირავებას, იჯარით გაცემას, დაგირავებას, აგრეთვე სერვიტუტისა თუ სხვაგვარი უფლებით სხვა პირებისათვის გადაცემას; ზ) ამხანაგობის წევრთა კრებასთან შეთანხმებით უზრუნველყოფს სესხის აღებასა და გაცემას; თ) იღებს ზომებს, რომლებიც აუცილებელია რაიმე ვადის დასაცავად ან რომელიმე უარყოფითი სამართლებრივი შედეგის თავიდან ასაცილებლად; ი) იღებს და იხდის გაწეული ხარჯებისა თუ ვალების დასაფარავ თანხას, თუ ეს მესაკუთრეთა საერთო საქმეებს შეეხება; კ) დებს ხელშეკრულებებს და წარადგენს საჭირო დოკუმენტაციას, თუ ეს დაკავშირებულია ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მოვლა-პატრონობასთან, ექსპლუატაციასთან და განვითარებასთან და ამხანაგობის წევრთა საერთო ინტერესებთან; ლ) უზრუნველყოფს ამხანაგობის მიერ ნაკისრი სახელშეკრულებო პირობებისა და მოვალეობების შესრულებას; მ) გამოდის სასამართლოში ან სხვა ორგანოებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის სახელით. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, ამხანაგობის წევრის წილი საერთო ქონებაში განსაზღვრავს მის წილს ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მოვლა-პატრონობის, ექსპლუატაციისა და განვითარების საერთო ხარჯებში, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი, მე-7 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, მესაკუთრეს შეუძლია ისარგებლოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებით. მესაკუთრე, განურჩევლად მისი ბინის მდებარეობისა, სხვა ბინის მესაკუთრეთა წინაშე ვალდებულია თავისი წილის შესაბამისად გასწიოს ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მოვლა-პატრონობისა და ექსპლუატაციის ხარჯები, თუ ამხანაგობის წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. სასამაართლომ ასევე მიუთითა ამხანაგობის წესდების 11.3 მუხლის დანაწესზეც (იხ. ამ განჩინების მე-2 პუნქტი). ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ განმარტა, რომ ამხანაგობის თავმჯდომარე, როგორც სპეციალური კანონის, ისე ამხანაგობის წესდების საფუძველზე, უფლებამოსილი იყო, მიემართა სასამართლოსთვის დავალიანების მქონე ამხანაგობის წევრის წინააღმდეგ და ამხანაგობის სასარგებლოდ მოეთხოვა კომუნალური დავალიანების ანაზღაურება.
22. მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ამხანაგობის სარჩელის უარყოფა (იხ. საკასაციო საჩივარი - ტ.3, ს.ფ.131).
23. კასატორი შემდეგ პრეტენზიებზე უთითებს:
23.1 მცდარია გასაჩივრებული განჩინების დასკვნა, რომ თითქოსდა მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია მასზე არასწორად დარიცხული დავალიანება, სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი უსწორობის მე-2 გრაფაში, მოპასუხე სადავოდ ხდის ყოფილი მენაშენეთა ამხანაგობის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე დარიცხულ დავალიანებას, რაც სასამართლო სხდომაზე აუდიტორმაც (ს. ხორავა) დაადასტურა. სასამართლომ არ გამოიკვლია ეს გარემოება;
23.2. საქალაქო სასამართლომ, 2014 წლის 27 ოქტომბრის მოსამზადებელ სხდომაზე, უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა მოპასუხეს შუამდგომლობა მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო (მოსარჩელის წარმომადგენელმა ვერ წარადგინა სათანადო წესით გაფორმებული მინდობილობა, რის გამოც მოსამართლემ არ მისცა მას სასამართლო სხდომაში მონაწილეობის უფლება). მოპასუხე ამ მოტივითაც ითხოვდა სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას, რაზეც სასამართლომ არ იმსჯელა, რაც უხეში საპროცესო დარღვევაა;
23.3. კასატორი იმეორებს საპელაციო საჩივრის პრეტენზიას, რომელიც ამ განჩინების 13-16 პუნქტებშია ასახული.
24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 1 აპრილის განჩინებით მოპასუხის საკასაციო განაცხადი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებულად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეული უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგი არგუმენტაციით:
25. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
27. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ები # ას-1210-1155-2013, 03.06.2015 წ., # ას-1046-986-2015, 26.02.2016წ., # ას-17-17-2016, 26.02.2016წ.).
28. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
29. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
29.1. განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
29.2. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა კასატორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია, კერძოდ, არ მიუთითებია იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ანდა განმარტება.
30. განსახილველ დავაში სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება არის შეფასებული გასაჩივრებული განჩინებით; კასატორის პრეტენზია, რომელიც ეხება სააპელაციო საჩივარში თითქოსდა მე-2 პუნქტში ასახულ შედავებას მოპასუხისათვის დაკისრებულ დავალიანებაზე, გადამოწმდა საკასაციო სასამართლოს მიერ და ხაზგასმით აღნიშნავს სასამართლო, რომ აპელანტი გადასახადების დარიცხვის თაობაზე პრეტენზიას შემდეგი სახით აცხადებს: „სასამართლო სხდომაზე აუდიტორმა ს. ხორავამ დაადასტურა, რომ ბინათმესაკუთრეებზე ამხანაგობის მიერ კომუნალური გადასახადების ფართების მიერ დარიცხვა ხდებოდა ყოფილი მენაშენეთა ამხანაგობა „ოლიმპიადა 2014: პარტნიორთა მიერადრე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელმაც ააშენა ეს სახლი და არა ამხანაგობა „მ-ის“ საერთო კრების გადაწყვეტილების საფუძველზე“ (იხ. სააპელაციო საჩივარი - ტ.1, ს.ფ. 308). საკასაციო სასამართლო იზიარებს, გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომელიც ასახულია წინამდებარე განჩინების 21-22 პუნქტებში და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტებს, რომ მოპასუხე ამხნაგობის წევრია, იგი რეგისტრირებულია უძრავი ქონების მესაკუთრედ (იხ. ამ განჩინების მე-4, მე-11, მე-12 პუნქტები), შესაბამისად, მას ამხანაგობის კანონის საფუძველზე ეკისრება დარიცხული დავალიანების გადახდა. ამასთან, კასატორის პრეტენზიის საპასუხოდ, სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 105-ე მუხლით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, სააპელაციო სასამართლომ აუდიტორის დასკვნა ერთ-ერთ მტკიცებულების სახით სხვებთან ერთობლიობაში განიხილა და სამართლებრივად შეაფასა, რის შედეგადაც არ დაურღვევია საპროცესო ნორმები და ასევე სწორად განმარტა მატერიალური კანონმდებლობა. ამდენად, კასატორის პრეტენზიები დაუსაბუთებელია და უსაფუძვლო.
31. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „წევრობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობაში ეფუძნება არა პირის სუბიექტურ გადაწყვეტილებას, არამედ ობიექტურ გარემოებას, რომ მას აქვს საკუთრება ბინაზე მრავალბინიან სახლში. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, ამ შემთხვევაში, პირის თვითრეალიზაციის, თავისუფალი განვითარების უფლების ჯგუფური განხორციელების უფლება კი არ არის, არამედ თავად საკუთრების ობიექტის ბუნებიდან გამომდინარე და ელემენტარული საყოფაცხოვრებო და საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ობიექტური გარემოებით განპირობებული რეალობა. ბინათმესაკუთრეთა გაერთიანება ხდება უძრავი ნივთისადმი სამართლებრივი დამოკიდებულების ობიექტური ფაქტორის გამო. გაერთიანების წევრობა წყდება ავტომატურად, ბინაზე საკუთრების უფლების დაკარგვისთანავე ანუ ამ ობიექტური ფაქტორის გაქრობისთანავე, პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას აქაც არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა“ (საქართველოსსაკონსტიტუციო სასამართლო, ო. ალაფიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, საქმე # 2/2/439, 15.09.2009წ.).
32. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო განაცხადი ვერ აკმაყოფილებს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ ვერცერთ კრიტერიუმს, რის გამოც მოპასუხის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნებული.
33. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%, 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ტ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ა. ტ-ეს (პ/ნ …) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გ. კ-ის (პ/ნ …) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საკრედიტო საგადახდო დავალება N 1, გადახდის თარიღი 2016 წლის 16 მარტი და 2016 წლის 17 მარტი), 70% – 210 (ორას ათი) ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე