საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-293-279-2016 17 ივნისი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ე. გ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,ლ -ი“ (მოსარჩელე)
მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - ე. ჩ-ე, ი-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 3 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სს ”ლ -სა” (შემდეგში: მოსარჩელე, დამსაქმებელი, საწარმო ან დაზარალებული) და ე. გ-ს (შემდეგში: მოპასუხე, დასაქმებული, მოლარე, ზიანის მიმყენებელი ან კასატორი) შორის, 2013 წლის 24 ოქტომბერს, გაფორმდა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მოპასუხე დაინიშნა საწარმოს სარეზერვო ჯგუფის თანამშრომლის თანამდებობაზე. საწარმოს გენერალური დირექტორის 2013 წლის 19 დეკემბრის №6672 ბრძანებით დასაქმებული დროებით იქნა მივლინებული საწარმოს ერთ-ერთი ფილიალის სერვისცენტრის მოლარის მოვალეობის შემსრულებლად, ხოლო 2014 წლის 03 დეკემბრის ხელშეკრულებით დაინიშნა სერვისცენტრის მოლარედ. (საქართველოს შრომის კოდექსის, შემდეგში სშკ, მე-6 მუხლი; იხ. - ტ. 1, ს.ფ. 14-32).
2. 2013 წლის 30 დეკემბერს გაცემული სალაროს დანაკლისის (№17-2) ცნობის თანახმად, მოლარეს გამოუვლინდა სალაროს დანაკლისი - 670 აშშ დოლარი. იმავე დღეს ჩამორთმეულ ახსნა-განმარტებაში, მოლარემ მიუთითა, რომ ერთ-ერთი კლიენტის მომსახურებისას, თანხის მიღების ნაცვლად, მოახდინა თანხის გაცემა (ტ. 1, ს.ფ. 51 - 52).
3. საწარმოს გენერალური დირექტორის 2014 წლის 27 მაისის №213 ბრძანებით, თანამშრომლის კორპორატიული სახელმძღვანელოს ”თანამშრომლის ქცევის წესების” უხეშად დარღვევის გამო (მომხმარებელთან კონფლიქტში შესვლა) დასაქმებულს გამოეცხადა საყვედური, ხოლო 2015 წლის 06 იანვრის №1პ.შ. ბრძანების თანახმად, კორპორატიული სახელმძღვანელოს განმეორებითი დარღვევის გამო, იგი გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან (ტ. 1, ს.ფ. 33 -34).
4. საწარმოსათვის მიყენებული სალაროს დანაკლისიდან კლიენტმა (რომელსაც მოლარემ ზედმეტად გადააყოლა ფული) აანაზღაურა 203 აშშ დოლარი.
5. დამსაქმებელმა 20115 წლის 13 იანვარს სარჩელი აღძრა ყოფილი მოლარის წინააღმდეგ და მოითხოვა მისთვის, საწარმოს სასარგებლოდ, 467 აშშ დოლარის დაკისრება.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით საწარმოს სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა და, მის სასარგებლოდ, მოპასუხეს დაეკისრა 467 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში გადახდა.
7. მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, დამსაქმებლის სარჩელის უარყოფა.
8.მოპასუხის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის არმქონე გარემოებად, რომ საქმეზე ჩართულმა მესამე პირებმა ი-ემ და ე. ჩ-ემ (შემდეგში: მესამე პირები დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე) ჩარიცხეს სადავო თანხის ნაწილი, რითაც ბანკი ფაქტობრივად დათანხმდა იმას, რომ მითვისებულ თანხაზე პასუხისმგებელი პირი ყოფილიყო მესამე პირი დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის 317-ე, 361-ე, 408-ე, 394-ე, 976-ე, 463-ე, 465-ე მუხლები და სშკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, 37-ე და 44-ე მუხლები.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 03 თებერვლის განჩინებით ყოფილი მოლარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
10. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და დაეთანხმა ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
11. სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ, მე-4 და 102-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ზიანის არსებობის ფაქტისა და ამ ზიანის სწორედ მოპასუხის ბრალეული ქმედებით გამოწვევის მტკიცების ტვირთი პროცესუალურად ეკისრებოდა მოსარჩელეს, რაც მან დაამტკიცა კიდეც.
12. სასამართლომ დავის მოწესრიგების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სსკ-ის 317-ე, 408-ე, 992-ე, სშკ-ის 44-ე-ე მუხლებზე და დადგენილად მიიჩნია, რომ სახეზე იყო საწარმოსათვის მიყენებული ზიანი, მოპასუხის ბრალეული ქმედება, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის, იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ ყოფილ მოლარეს გამოუვლინდა სალაროს დანაკლისი - 670 აშშ დოლარი.
13.სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება, რომ საწარმომ რადგან მიიღო სალაროს დანაკლისის ასანაზღაურებლად მესამე პირების მიერ ჩარიცხული თანხა, იგი ფაქტობრივად დათანხმდა იმაზე, რომ მითვისებულ თანხაზე პასუხისმგებელი ყოფილიყო მესამე პირი დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე. სასამართლომ განმარტა, რომ რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ ბანკმა გამოხატა ნება, შეცვლილიყო მის წინაშე ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი სუბიექტი, საქმეში წარმოდგენილი არ იყო, ხოლო ასეთ გარემოებად ვერ ჩაითვლებოდა მხარეთა განმარტებებით დადგენილი ფაქტი, რომ სალაროს დანაკლისის ნაწილი აანაზღაურეს მესამე პირებმა.
14. სასამართლომ აღნიშნა, რომ საწარმოს მიერ აღძრული იყო სარჩელი ყოფილი მოლარის წინააღმდეგ, ამ უკანასკნელის მიერ, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში, დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების გამო, მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. თავად დასაქმებულიც არ ხდიდა სადავოდ, დამსაქმებლისათვის მიყენებულ ზიანსა და მის ქმედებას შორის არსებულ მიზეზობრივ კავშირს, რაც, სასამართლოს დასკვნით, ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს სარჩელის საფუძვლიანობაზე.
15. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ განსახილველ დავაში, სარჩელის ფარგლების გათვალისწინებით, სასამართლო ადგენს მოსარჩელის წინაშე ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ სუბიექტს, ხოლო რაც შეეხება მოპასუხის წინაშე შესრულების უკუმოთხოვნაზე პასუხისმგებელ სავარაუდო სუბიექტებს, ამ საკითხზე სასამართლოს, შესაძლოა, ემსჯელა მხოლოდ თავად დასაქმებულის მიერ აღძრული სარჩელის ფარგლებში.
16. მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (საქმის მასალებში იხილეთ სარჩელი და დაზუსტებული სარჩელი).
17.კასატორის მტკიცებით, მას არ მიუყენებია ზიანი საწარმოსათვის. მოსარჩელეს ზიანი მიაყენეს მესამე პირებმა (იხ. ამ განჩინების მე-8 პუნქტი), რომლებმაც დაადასტურეს, რომ ეკისრებათ სადავო თანხის გადახდა. მოლარემ ერთ-ერთი კლიენტის მომსახურებისას თანხის მიღების ნაცვლად, გასცა თანხა, რაც რეალურად მოპასუხის მიერ თანხის გაცემა კი არ იყო, არამედ მესამე პირის (კლიენტის) მიერ თანხის მითვისება.
18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2016 წლის 19 მაისის განჩინებით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
19. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული საფუძვლები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
21. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.
22. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა)განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით დასაქმებულს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
24.საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია, მოლარემ საბანკო ოპერაციის განხორციელებისას, კლიენტის მომსახურებისას, თანხის მიღების ნაცვლად, გასცა დამსაქმებლის კუთვნილი თანხა - 670 აშშ დოლარი, აღნიშნულით კი, საწარმომ უდავოდ განიცადა ფინანსური დანაკლისი (იხ. წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტი).
25. დასაქმებულმა უხეში გაუფრთხილებლობით (დაუდევრობით) დაარღვია შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც ზიანის მიყენების საფუძველი გახდა.
26. მოპასუხე საკასაციო საჩივარში ამ გარემოებას სადავოდ არ ხდის. მისი პრეტენზიით, სასამართლოს ზიანის ანაზღაურება მისთვის კი არა, დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე, მესამე პირებისათვის უნდა დაეკისრებინა, რომელთაც მიითვისეს თანხა და მისი ნაწილი აუნაზღაურეს საწარმოს.
27. სსკ-ის 317.1.-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან“, ხოლო სშკ-ის მე-2 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე: „შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით“. სშკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით: „შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით“, შესაბამისად, შრომითი ურთიერთობის მიმართ მოქმედებს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესებიც.
28. სსკ-ის 361.2.-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. თავის მხრივ, დასაქმებულის მიერ აღნიშნული ქცევის წესის დარღვევა, სშკ - ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტიდან გამომდინარე, დამსაქმებელს ანიჭებს უფლებას, შეწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება. ამასთან, სშკ-ის 44-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ინარჩუნებს მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში, ზიანის დაკისრების სამართლებრივი საფუძველია, ასევე, სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილი „იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება“, ხოლო ამავე კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილით „მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის“.
29. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის შრომის სახელშეკრულებო (ფარდობითი, რელატიური) ურთიერთობა არსებობდა. ამ ურთიერთობათა სპეციფიკა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მხარეებს ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებები და მოვალეობები ერთმანეთის მიმართ წარმოეშობათ. შრომითი ხელშეკრულების ერთი მხარის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობა (დარღვევა) წარმოშობს ხელშეკრულების მეორე მხარის (დამრღვევის) მიერ ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.
30. განსახილველ შემთხვევაში, ზიანის დაკისრების სამართლებრივი წინაპირობები (მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ბრალი, მიყენებული ზიანი და უშუალო მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის) სახეზეა, შესაბამისად, მოთხოვნა წარმოიშვა, იგი არ შეწყვეტილა და განხორციელებადია, ვინაიდან არ არსებობს მოთხოვნის დამაბრკოლებელი ან შემწყვეტი შესაგებელი.
31. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინება, რომლითაც უცლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, კანონიერია და დასაბუთებული, რადგან მოპასუხეს, როგორც ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს მართებულად დაეკისრა სარჩელით მოთხოვნილი თანხის ანაზღაურება.
32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი სამართლებრივად დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი დასაშვებად ცნობისა და განსახილველად მიღების შესაძლებლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე. გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე