საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-315-300-2016 17 ივნისი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – მ. ს–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ. ს–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – მეუღლეთა საერთო ვალების თანაბარწილად დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მ. ს–სა (შემდეგში: მოსარჩელე, მოვალე, აპელანტი ან კასატორი) და დ. ს–ს (შემდეგში: მოპასუხე ან მოწინააღმდეგე) შორის ქორწინება დარეგისტრირდა 2006 წლის 27 სექტემბერს (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 1151-ე მუხლი; ტ. 1, ს.ფ. 55).
2. მეუღლეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერის #მნ 0.........) შეწყდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 16.12.2014წ. გადაწყვეტილებით (სსკ-ის 1122-ე მუხლის „გ“ პუნქტი, 1123.1. მუხლი; ტ. 1, ს.ფ. 22-44).
3. მოსარჩელის სახელზე, 2013 წლის 13 სექტემბრის დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე (სსკ-ის 477-ე, 183, 311-ე მუხლები), აღირიცხა ქ. ბოლნისში, ჯ-ის ქ. №.......ში მდებარე მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული სახლით (ს.კ 8…; შემდეგში უძრავი ქონება.) ხელშეკრულების თანახმად, ნასყიდობის საგანი გაიყიდა 18 000 აშშ დოლარად. ხელშეკრულების მე-6 პუნქტით განისაზღვრა მყიდველის ვალდებულება, მიიღოს ნასყიდობის საგანი და გადასცეს გამყიდველს ნასყიდობის თანხა ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთანავე (ტ. 1, ს.ფ. 108-109; 126-127).
4. მოსარჩელის საკუთრებად რიცხული უძრავი ქონება დატვირთულია იპოთეკით სს „ბ-ა“-სთან 2013 წლის 01 ნოემბერს დადებული იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნა მოპასუხესთან დადებული №36-31202-000016 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულება (სსკ-ის 623-ე, 286-ე, 289.1. მუხლები; იხ. ტ. 1, ს.ფ. 126-127; 129-133).
5. შ. გ-ემ (შემდეგში: მოსარჩელის და), 2013 წელს, აიღო საბანკო კრედიტი სს „ს-ში“ (შემდეგში: ბანკი), რომლის საწყისი ნაშთი შეადგენდა 5470 ლარს, ხოლო გადასახდელ საპროცენტო სარგებელთან ერთად - 6814,19 ლარს. გადახდის გრაფიკის მიხედვით, ბოლო შენატანი უნდა განხორციელდეს 2016 წლის 20 სექტემბერს. 2015 წლის 22 აპრილის მდგომარეობით, მოსარჩელის დის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების ძირითადი თანხა შეადგენდა 2 904.36 ლარს, დარიცხული პროცენტი კი - 2,31 ლარს (სსკ-ის 623-ე, 867-ე მუხლები; იხ. ტ. 1, ს.ფ. 21; 54).
6. მოსარჩელესა და მის დას შორის, 2015 წლის 21 იანვარს, გაფორმდა და სანოტარო წესით დადასტურდა ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ (სსკ-ის 341-ე მუხლი), რომლის შესაბამისად მოსარჩელემ აღიარა, რომ მას აქვს დის ვალი - 6 815 ლარი. იმავე ხელშეკრულების მე-2 პუნქტის თანახმად, მოვალეს დავალიანება კრედიტორის წინაშე წარმოეშვა 2013 წლის 11 სექტემბერს მოვალის მიერ კრედიტორისაგან უძრავი ქონების (იხ. ამ განჩინების მე-3 პუნქტი) შეძენის შედეგად დარჩენილი გადაუხდელი თანხის გამო. მე-4 პუნქტით კი მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოვალე კრედიტორის ვალს გადაიხდიდა 2016 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით. ამავდროულად, მოვალე უფლებამოსილია, კრედიტორს ვალი დაუბრუნოს ვადაზე ადრე - ორი ათას თექვსმეტი წლის ოცი სექტემბრის ჩათვლით ნებისმიერ დროს, ხოლო კრედიტორი ვალდებულია დაიბრუნოს ვალი (ტ. 1, ს. ფ. 16-18).
7. მოვალემ 2015 წლი 8 ივნისს სარჩელი აღძრა ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის ქორწინების განმავლობაში აღებული ვალის თანაბარწილად დაკისრება იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მისმა დამ (კრედიტორმა), ყოფილ მეუღლეთა თხოვნით (მათი ქორწინების განმავლობაში) აიღო ბანკიდან სესხი, რომლის ოდენობა საპროცენტო სარგებელთან ერთად შეადგენს 6 815 ლარს.
8. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნის უარსაყოფად მიუთითა სსკ-ის 867-ე, 349-ე, 623-ე, 624-ე, 52-ე, 47-ე და 1158-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მოსარჩელესა და მის დას შორის გაფორმებული ვალის აღიარების ხელშეკრულება, არ ადასტურებდა მოვალის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის დის მიერ სესხის აღებას, რადგან დებს შორის სესხის ხელშეკრულება შედგენილია მას შემდეგ, რაც ჯერ კიდევ რეგისტრირებულ მეუღლეებს შორის (მოსარჩელე და მოპასუხე - იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი) წარმოიშვა დავა მრავალ საკითხზე, მათ შორის მეუღლეთა საერთო ვალების გაყოფის საკითხზე. სასამართლოს შეფასებით, ვალის აღიარების სანოტარო წესით დადასტურებული ხელშეკრულება, ფაქტობრივად, მოსარჩელისა და მისი დის სიტყვიერი განმარტების წერილობითი გამოხატულება იყო, რომლის ერთადერთ მიზანს, მოსარჩელის მოთხოვნის გამყარება წარმოადგენდა, შესაბამისად, სასამართლო აღნიშნულ მტკიცებულებას, სესხის ხელშეკრულების დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულების ძალას ვერ მიანიჭებდა.
9. მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება - 3 407.5 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება.
10. მოსარჩელემ სააპელაციო საჩივარი შემდეგ პრეტენზიებზე დააფუძნა:
10.1. სასამართლომ არასწორად იმსჯელა ვალის არსებობა-არარსებობის თაობაზე, თითქოს მოპასუხეზე სესხის გადაცემა არ მომხდარა და ეს მხოლოდ ვალის აღიარება იყო. მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია აღნიშნული გარიგება და არც მისი ბათილობა მოუთხოვია, თუკი აღნიშნული გარიგება სხვა გარიგების დასაფარად გამოყენებულად უნდა მიჩნეულიყო. სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა დაადასტურეს ვალის არსებობის ფაქტი, თუმცა, სასამართლომ მათ სხვაგვარი შეფასება მისცა;
10.2. სასამართლომ არასწორად განმარტა ვალის აღიარების ხელშეკრულების მე-2 პუნქტი. კერძოდ, სასამართლომ კრედიტორად და მოვალედ მიიჩნია სხვა პირები, თითქოს ვალის არსებობა ეფუძნებოდა ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომელიც რეალურად არ არსებობს. ვალის აღიარების ხელშეკრულებაში ცალსახად განმარტებულია, რომ მოსარჩელემ ნამდვილად აიღო სესხი მისი დისაგან, რაც მოვალემ ბინის შესაძენად გამოიყენა. ვალის აღიარების ხელშეკრულება, მიზნობრივად წარმოადგენს მტკიცებულებას, რომელიც უნდა გახდეს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი;
10.3. სასამართლომ არასწორად განმარტა სესხის ხელშეკრულების არსებობის ფაქტი და მოპასუხის სახელზე გაცემული სესხის თანხის რაოდენობაც. კერძოდ, მოპასუხის სახელზე დაირიცხა 7 000 ლარი, დაფიქსირდა საკომისიოს - 140 ლარის გადახდა, ხოლო მოპასუხემ ჯერ 5 329 ლარი გაიტანა, შემდეგ - 1 500 ლარი. სასამართლომ სათითაოდ იმსჯელა აღნიშნულ თანხებზე და მიიჩნია, რომ მოპასუხემ მთლიანობაში მიიღო გაცილებით მეტი თანხა, ვიდრე მან რეალურად მიიღო სესხის სახით, რაც ბინის შესაძენად საკმარისად ჩათვალა.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
12. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული გარემოებები და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები და შეფასებები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
13. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 316-ე, 317-ე, 1151-ე, 1158-ე, 1169-ე, 341-ე მუხლები და დადგენილად მიიჩნია, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 16.12.2014წ. გადაწყვეტილებით მოპასუხე ცნობილ იქნა მოსარჩელის სახელზე რიცხული უძრავი ქონების 1/2 წილის მესაკუთრედ (ტ. 1, ს.ფ. 22-44). გადაწყვეტილება გასაჩივრებულია და არ არის კანონიერ ძალაში შესული.
14. სასამართლომ განმარტა, რომ მეუღლეთა საერთო ვალად მიჩნევისათვის აუცილებელია დადასტურდეს, რომ ვალი აღებულია ორივე მეუღლის მიერ, ან ერთი მეუღლის მიერ, მაგრამ მეორე მეუღლის თანხმობით და ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში აკისრებს კანონმდებელი პასუხისმგებლობას მეორე მეუღლეს საერთო ვალის გაყოფით.
15. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ მისმა დამ მხარეთა თხოვნით აიღო ბანკიდან სესხი და იგი მოხმარდა მოსარჩელის სახელზე რიცხული უძრავი ქონების შეძენას.
16.სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მე-4, 102-ე, 105-ე მუხლებზე დაყრდნობით, აღნიშნა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპზეა დამყარებული, რაც თავისთავად მიანიშნებს მხარეთა შესაძლებლობაზე, მათი მოთხოვნები, თუ ამ მოთხოვნის წინააღმდეგ წარდგენილი შესაგებლები დამაჯერებლად დაადასტურონ. მტკიცების პროცესში მხარე არ არის შეზღუდული და ის თავად წყვეტს, რომელი ფაქტით დაამტკიცოს მოთხოვნის მართებულობა, თუმცა, ვალდებულია, მითითებული ფაქტები სარწმუნო მტკიცებულებებზე დაამყაროს. გარკვეული ფაქტების დადასტურება შესაძლებელია არა ნებისმიერი, არამედ მხოლოდ კონკრეტული, სათანადო მტკიცებულებებით. სასამართლოს მიზანია, მხარეთა მიერ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით დაადგინოს სადავო გარემოების არსებობა-არარსებობის ფაქტი, რა დროსაც ყოველი მტკიცებულების სათანადოობა მოწმდება სასამართლოს მიერ.
17. სასამართლომ ასევე მიუთითა მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტზე, რომლის მიხედვით, მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას, თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. კონკრეტულ შემთხვევაში, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოსარჩელის დამ, მეუღლეთა თხოვნით, აიღო ბანკიდან სესხი და იგი მოხმარდა მოსარჩელის სახელზე რიცხული უძრავი ქონების შეძენას, ეკისრებოდა სწორედ აპელანტს, რომელმაც სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით აღნიშნული გარემოების დადასტურება ვერ შეძლო.
18. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი სასამართლოს მსჯელობა და დაასკვნა, რომ, მოსარჩელის სასარგებლოდ, სესხის ხელშეკრულების დადების დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად ვერ იქნებოდა მიჩნეული მოწმეთა ჩვენებები.
19. სასამართლომ მოსარჩელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულების - ვალის აღიარების ხელშეკრულების შეფასებისას, სსკ-ის 341-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნა, რომ ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან დამოუკიდებლად ახალ მოთხოვნას ქმნის. ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობის სადავოობის შემთხვევაშიც, შესრულების ვალდებულებას წარმოშობს და კრედიტორს მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. ამასთან, ვალის აღიარება იმით განსხვავდება ნებისმიერი სხვა ფორმით გათვალისწინებული მოთხოვნის აღიარებისაგან, რომ იგი ახალი ხელშეკრულებაა და არა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნების გამოვლენა. ვალის არსებობის აღიარება არის ცალმხრივი და აბსტრაქტული ხელშეკრულება, რომლის თანახმად ერთი მხარე მეორე მხარის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეულ მოქმედებების შესრულებას და, ამდენად, საკმარისია ერთი პირის მიერ ნების გამოვლენა.
20. განსახილველ შემთვევაში პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ აღიარა, რომ ჰქონდა დის ვალი - 6 815 ლარი.
21. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქვემდგომმა სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა 21.01.2015 წლის ვალის აღიარების ხელშეკრულება და შესაბამისად, გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომელიც ასახულია წინამდებარე განჩინების მე-8 პუნქტში. შესაბამისად, სასამართლომ მართებულად არ მიანიჭა მას ისეთი წერილობითი მტკიცებულების ძალა, რომელიც დაადასტურებდა მესამე პირის სასარგებლოდ სესხის ხელშეკრულების არსებობას.
22. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
23. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა მტკიცებულებების, კერძოდ, ქვითრების გამოთხოვის თაობაზე, რითაც დადასტურდებოდა ვალის გადახდის ფაქტი. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს განმარტება, ვალის არსებობის თაობაზე იმ მოტივით, რომ გადაწყვეტილება არ არის კანონიერ ძალაში შესული. კასატორმა მოითხოვა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (# 2ბ/436-15) დართვა საქმეზე.
24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2016 წლის 13 მაისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო, სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
25. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
27. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ები: # ას-23-18-2011, 24.05.2011წ., # ას-324-208-2011, 06.06.2011წ., #ას 219-211-2013, 10.09.2013წ., # ას -525-499-2013, 08.07.2013წ., # ას-1630-1530-2012, 11.02.2013წ.).
28. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს, არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
29. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
30.საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში დავის საგანს მეუღლეთა საერთო ვალების თანაბარწილად დაკისრება წარმოადგენს. მოსარჩელის მტკიცებით, მისმა დამ ბანკიდან აიღო სესხი იმ მიზნით, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს (ყოფილ მეუღლეებს) საცხოვრებელი სახლის შესაძენად გამოეყენებინათ.
31. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადასტურებულია მოსარჩელის მიერ რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში უძრავი ქონების შეძენის, ასევე მოსარჩელის დის მიერ საბანკო კრედიტის აღების ფაქტები (იხ. წინამდებარე განჩინების 1,3, 5 პუნქტები). მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებებითა და ვალის აღიარების ხელშეკრულებით, სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად არ მიიჩნია მოსარჩელის დის მიერ მოსარჩელისა და მოპასუხისათვის თანხის სესხების ფაქტი.
32. საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს საკასაციო პრეტენზიას (წინამდებარე განჩინების 23-ე პუნქტი) მოსარჩელესა და მის დას შორის სესხის ხელშეკრულების არსებობის შესახებ და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელემ, რომლის პროცესუალურ მოვალეობას შეადგენდა სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოებების დადასტურება, ვერ შეძლო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზაცია წარდგენილი მტკიცებულებების მეშვეობით (იხ. ამ განჩინების 16-19 პუნქტები).
33. საკასაციო სასამართლო, სსკ-ის 623-ე, 624-ე მუხლებზე მითითებით და და სესხის სახელშეკრულებო-სამართლებრივ დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკის (იხ. სუსგ-ები # ას- 294-278-2011, 03.11.2011წ., # ას-127-119-2015, 22.07.2015წ.) გათვალისწინებით, განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულების ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
34. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ 2015 წლის 21 იანვრის ვალის აღიარების ხელშეკრულება, ფაქტობრივად, წარმოადგენს მოსარჩელისა და მისი დის (მოწმის სახით დაკითხული) სიტყვიერი განმარტების წერილობით გამოხატულებას და შედგენილია უშუალოდ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის დასადასტურებლად (იხ. წინამდებარე განჩინების 21-ე პუნქტი).
35. სააპელაციო სასამართლომ მართებულად შეაფასა მოსარჩელესა და მოწმეს (მოსარჩელის დას) შორის გაფორმებული ვალის აღიარების ხელშეკრულება და დაასკვნა, რომ აღნიშნული ხელშეკრულება სესხის ხელშეკრულების არსებობის დამადასტურებელ სარწმუნო მტკიცებულებად ვერ იქნებოდა განხილული.
36.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, გასაჩივრებულ განჩინებაში დასაბუთებული მსჯელობა და სამართლებრივი დასკვნებია ასახული საქმისათვის მნიშვნელოვან საკითებთან დაკავშირებით, რაც განჩინების კანონიერებაზე მიუთითებს. აღნიშნული გამორიცხავს მოსარჩელის საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობას.
37. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ს–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. მ. ს–ს (პ/ნ 1..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N3, გადახდის თარიღი 2016 წლის 29 მარტი და 2016 წლის 3 მაისი), 70% – 210 (ორას ათი) ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე