საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-330-315-2016 17 ივნისი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - გ. გ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ზ. მ–ი, ი. მ–ი (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება უძრავი ნივთის რეალიზაციის გზით
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. უძრავ ნივთზე, მდებარე თბილისში, დიდი დიღმის დასახლება, ი. ქუჩა #17-ა, (შემდეგში: უძრავი ნივთი ან საზიარო საგანი) რეგისტრირებულია ზ–ის, ი. მ–ის (შემდეგში: მოსარჩელეები) და გ. გ-ის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) საკუთრების უფლება, იდეალურ წილში (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 961-ე, 963-ე, 964-ე მუხლები).
2. მხარეთა საერთო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა მდებარეობს მრავალბინიან სახლში, მისი ფართობია 40.38 კვ.მ.
3. მოსარჩელეებმა, 2014 წლის 4 ნოემბერს, სარჩელი აღძრეს მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვეს საზიარო უფლების გაუქმება მხარეთა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის აუქციონზე რეალიზაციის და მიღებული თანხის განაწილების გზით (სსკ-ის 964-ე მუხლი).
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა საზიარო უფლება საზიარო საგანზე - #31 ბინაზე (უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი #0.), უძრავი ქონების აუქციონზე იძულებითი რეალიზაციის გზით და დადგინდა ამონაგები თანხის მხარეებს შორის განაწილება მათი წილების შესაბამისად - თანაბარწილად.
5. მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მოითხოვა სარჩელის უარყოფა.
6. მოპასუხემ სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ მოსარჩელეები რეალურად იპოთეკარები არიან. გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან ლახავს თანამესაკუთრის კანონიერ ინტერესებს.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 იანვრის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
8. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებზე და მიუთითა მათზე (იხ. წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის 390.1.გ. მუხლი).
9. სასამართლომ, სსკ-ის 961-ე მუხლზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ თითოეულ მოწილეს შეუძლია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება. ამავე კოდექსის 963-ე მუხლის საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე, თანაბარი წილების განაწილება მონაწილეთა შორის ხდება კენჭისყრით. აღნიშნული ნორმა მიუთითებს ორ აუცილებელ ფაქტორზე, რომლის არსებობა იწვევს ამ ნორმით გათვალისწინებულ იურიდიულ შედეგს. საზიარო უფლება უქმდება საზიარო საგნის ნატურით გაყოფისას მხოლოდ იმ შემთხვევაში: თუ 1.საზიარო საგანი შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად; 2. მათი დაყოფა შესაძლებელია ღირებულების შემცირების გარეშე. როგორც პირველი, ისე მეორე ელემენტი უნდა არსებობდეს ერთდროულად იმისათვის, რომ დადგეს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველ დავასთან მიმართებით, ნატურით გამოყოფილმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ის ასრულებდა გაყოფამდე, ე.ი. არ უნდა წაერთვას ის ფუნქცია და მნიშვნელობა, რასაც ის ასრულებდა მესაკუთრეებისათვის.
10. სსკ-ის 964-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, საზიარო უფლების გაუქმება, ნივთის აუქციონზე რეალიზაციის გზით, არ წარმოადგენს მესაკუთრის უპირობო უფლებას. აღნიშნულ უფლებას მესაკუთრე იძენს მას შემდეგ, რაც სარწმუნოდ დაადასტურებს ნივთის ნატურით გაყოფის შეუძლებლობას.
11. საზიარო უფლების გაუქმება წარმოადგენს მოსარჩელის მოთხოვნას, რომლის დისპოზიციური უფლებამოსილება - შეარჩიოს საზიარო უფლების გაუქმების კონკრეტული საშუალება, შეზღუდულია მატერიალური კანონმდებლობით, კერძოდ, დაუშვებელია საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით, თუ შეუძლებელია ყველა თანამესაკუთრის საკუთრების უფლების ღირებულების შენარჩუნება საკუთარი იდეალური წილის შესაბამისად. მხოლოდ ერთი თანამესაკუთრის იდეალური წილის იმგვარი გამოყოფა, რომლითაც დაცულია ამ უკანასკნელის საზიარო საგნის გაყოფამდე არსებული მდგომარეობა (ღირებულება), საზიარო უფლების გაუქმებას, ნატურით გაყოფის გზით, სსკ-ის 963-ე მუხლის კონტექსტში ლეგიტიმურს არ ხდის, თუ დაცული და შენარჩუნებული არ არის სხვა თანამესაკუთრეთა იდეალური წილის მდგომარეობა (ღირებულება) - (იხ. სუსგ 19.03. 2015, საქმე #ას-1147-1094-2014).
12. საზიარო უფლებიდან გამომდინარე, მოთხოვნის რეალიზაცია დამოკიდებულია ამ უფლების მფლობელ პირთა მდგომარეობასა და ინტერესებზე. საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფისას, დასაშვებია საზიარო უფლების მონაწილეთა წილობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზიარო საგნების ერთგვაროვან ნაწილებად დაყოფა შესაძლებელია ღირებულების შემცირების გარეშე.
13. სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში, იმ გარემოებაზე მიუთითა, რომ 40.38. კვმ სადავო ბინა მდებარეობს მრავალბინიან სახლში და წარმოადგენს ე.წ. ერთოთახიან საცხოვრებელ ბინას, რომელზედაც რეგისტრირებულია სამი პირის საკუთრების უფლება იდეალურ წილში, საზიარო უძრავი ქონების ნატურით გაყოფა მესაკუთრეთა წილების შესაბამისად, მათი დანიშნულებისა და ღირებულების შემცირების გარეშე, სადავო ბინის თვისობრივი და კონსტრუქციული მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელია.
14. მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა შემდეგი დასაბუთებით:
14.1. სასამართლომ გადააჭარბა საკუთარ უფლებამოსილებას, რადგან დაეყრდნო ვარაუდებს. საქმეში არ არის წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადასტურდება, რომ სადავო ქონების ნატურით გაყოფა შეუძლებელია. მხოლოდ აღნიშნულის დადასტურების შემდეგ იქნებოდა შესაძლებელი ქონების აუქციონის გზით რეალიზაცია;
14.2. სასამართლომ არ შეაფასა მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. მოსარჩელეეები იპოთეკარები არიან. მათ არ ჰქონდათ ბინით სარგებლობის სურვილი, ერთადერთი სწორი გზა ქონების ნატურით გაყოფაა.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2016 წლის 13 მაისის განჩინებით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
18. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან. საკასაციო სასამართლომ უძრავ ნივთზე საზიარო უფლების გაუქმებასთან დაკავშირებით, განმარტა: „სსკ-ის 963-ე მუხლი მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს საგნის ნატურით გაყოფის შესაძლებლობას, თუ იგი არ დაკარგავს თავის ფუნქციონალურ დანიშნულებას. ღირებულებაში ნივთის საბაზრო ღირებულება (ფასი) კი არ იგულისხმება, არამედ მოიაზრება მისი საგნობრივი (ფუნქციონალური) დანიშნულება, რომლის შემცირება ნივთის გაყოფამ არ უნდა გამოიწვიოს. ნატურით გასაყოფმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ის ასრულებს გაყოფამდე, ე.ი. არ უნდა წაერთვას ის ფუნქცია და მნიშვნელობა. საზიარო უფლების გაუქმება, როდესაც ეს ხდება ნატურით გაყოფის გზით, ნიშნავს თანასაკუთრების რეჟიმიდან ინდივიდუალური საკუთრების რეჟიმზე გადასვლას, ანუ დაუშვებელია საზიარო საგანი ისე გაიყოს, რომ ნივთის გარკვეულ ნაწილზე ვრცელდებოდეს ინდივიდუალური საკუთრება, ხოლო სხვა ნაწილზე საერთო საკუთრება.
სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლისა და 173-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, მესაკუთრე თავის ქონებასთან მიმართებით თავისუფალია, მაგრამ მისი უფლებამოსილებანი შესაძლოა, შეზღუდული იყოს ან კანონით, ან ხელშეკრულებით. მესაკუთრის მოქმედებით არ უნდა ილახებოდეს მეზობლების ან მესამე პირთა უფლებები. მოცემულ შემთხვევაში საკუთრების ბუნებიდან (საზიარო საკუთრებიდან) გამომდინარე, ნივთით სარგებლობის თავისუფლება გარკვეულწილად იზღუდება, რაც სხვა თანამესაკუთრეთა არსებობით და მათი ინტერესების გათვალისწინებითაა გამოწვეული. საზიარო საგნის გაყოფა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ იგი გაყოფის შედეგად არ დაკარგავს თავის ფუნქციონალურ და სამომხმარებლო დანიშნულებას, რაშიც იგულისხმება ობიექტის გაყოფამდე არსებული საყოფაცხოვრებო დანიშნულება. ნივთის ღირებულებაში იგულისხმება მისი საყოფაცხოვრებო დანიშნულება და არა მხოლოდ ფულადი ერთეულით გამოხატული ღირებულება. პალატას მიიჩნია, რომ საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა საზიარო უფლების გაუქმებისა და საკუთრებაში კუთვნილი წილის კომპენსაციის მიღების თაობაზე და იგი მართებულად იქნა დაკმაყოფილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ“ (საქმე #ას-1148-1194-2014, 19.03.2015 წ.).
19. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
21. საკასაციო სასამართლოს მიერ განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს აუქციონზე იძულებითი რეალიზაციით უძრავ ნივთზე საზიარო უფლების გაუქმება. სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომელიც ამ განჩინების მე-13 პუნქტშია მითითებული.
22. საკასაციო სასამართლოს ფაქტობრივად და სამართლებრივად დაუსაბუთებლად მიაჩნია კასატორის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უნდა დაედგინა სადავო ქონების აუქციონზე რეალიზაცია და ყველაზე კარგი გამოსავალი უძრავი ნივთის ნატურით გაყოფა იყო. თუმცა, კასატორი ნატურით გაყოფის შესაძლებლობაზე საკუთარ მოსაზრებასაც კი არ გამოთქვამს, დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით ვერ ასაბუთებს პრეტენზიას.
23. სსკ-ის 964.1.-ე მუხლის თანახმად, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო საგნის, დაგირავებული ნივთის ან მიწის ნაკვეთის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით.
24. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობასა და დასკვნებს (იხ. ამ განჩინების 9-13 პუნქტები) და დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით (წინამდებარე განჩინების მე-18 პუნქტი) მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გააუქმა სადავო ნივთზე საზიარო უფლება, ნატურით გაყოფის შეუძლებლობის გამო და, საზიარო უფლების გაუქმება დაადგინა სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ალტერნატიული გზით - ქონების აუქციონზე რეალიზაციით.
25. ზემოაღნიშნული სამართლებრივი დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - იურიდიულიად დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი დასაშვებად ცნობისა და განსახილველად მიღების შესაძლებლობას.
26. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. გ. გ-ეს (პ/ნ 0..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადასახადო დავალება N 0, გადახდის თარიღი 2016 წლის 4 მაისი), 70% – 210 (ორას ათი) ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე