საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-346-331-2016 3 ივნისი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი –რ. მ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა. მ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ალიმენტის გადახდის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. მ-ის (შემდეგში - მოსარჩელე) სარჩელი რ. მ-ის (შემდეგში - მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს, არასრულწლოვანი კ. მ-ის სასარგებლოდ, დაეკისრა ალიმენტის - ყოველთვიურად 75 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე, ან სხვა გარემოების შეცვლამდე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 1234-ე, 1236-ე მუხლები).
2. დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. მ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული დაუშვებლობის გამო.
4. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ დავის საგანს წარმოადგენდა ალიმენტის დაკისრება, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის შესაბამისად, „დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა - ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით“. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგნის ღირებულებიდან - 900 (12X75) ლარი (იხ. წინამდებარე განჩინების პირველი პუნქტი), გამომდინარე, სააპელაციო საჩივარი ვერ იქნებოდა არსებითად განხილული.
5. სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 365-ე, 372-ე, 374-ე მუხლებით და იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივრის ღირებულება არ აღემატებოდა 1 000 ლარს, მიიჩნია, რომ იგი არ იყო დასაშვები არსებითად განსახილველად.
6. მოპასუხემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 21 იანვრის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, მოითხოვა მისი გაუქმება იმ მოტივით, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ისევე, როგორც მატერიალური - მძიმეა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2016 წლის 13 მაისის განჩინებით, რ. მ-ის კერძო საჩივარი მიიღო განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, მასში განთავსებული მტკიცებულებების შესწავლისა და კერძო საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
8. სსს-ის 420-ე მუხლის მიხედვით კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
9. სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ღირებულება აღემატება 1 000 (ერთი ათას) ლარს. აღნიშნული ღირებულება გამოითვლება დავის საგნის ღირებულებიდან (სსსკ-ის 41-ე მუხლი).
10. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხის მოთხოვნა ეხება ალიმენტის დაკისრების თაობაზე განხილულ დავას, ხოლო დავის საგნის ღირებულება 900 ლარს შეადგენს (იხ. წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტი), საკასაციო სასამართლო დასაბუთებულად მიიჩნევს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომელიც გამომდინარეობს საპროცესო კანონმდებლობიდან და უკავშირდება სააპელაციო საჩივრის წარდგენის შესაძლებლობის შეზღუდვას, ვინაიდან დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 1 000 ლარს (სსსკ-ის 365-ე მუხლი და 374.2-ე მუხლი).
11. საკასაციო სასამართლო კანონსაწინააღმდეგოდ მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნის დასაბუთებას, მძიმე მატერიალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე მითითებით, რადგან აღნიშნული ვერ გახდება, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობების შეცვლისა და, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონშესაბამისია და არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. მ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 იანვრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 იანვრის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე