საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-351-336-2016 3 ივნისი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – ე. გ-ა, ი. ი-ი, ი/მ ა. დ-ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „პ-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – დავალიანების გადახდის დაკისრება და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბოლნისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილებით სს „პ-ის“ სარჩელი (შემდეგში: მოსარჩელე ან ბანკი) ი/მ „ა. დ-ის“, ე. გ-ას და ი ი-ის (შემდეგში: მოპასუხეები ან შესაბამისად, პირველი, მეორე და მესამე მოპასუხეები, აპელანტები ან კერძო საჩივრის ავტორები) წინააღმდეგ დავალიანების გადახდის დაკისრების და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის მოთხოვნით სრულად დაკმაყოფილდა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 623-ე, 286-ე, 289.1.-ე მუხლები).
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, ბანკის სარჩელის უარყოფა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2016 წლის 08 თებერვლის განჩინებით, მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა დაუშვებლობის გამო (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ, 374-ე მუხლი).
4. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ამავე სასამართლოს 2015 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხეებს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი და, მისი შევსების მიზნით, დაევალათ, სახელმწიფო ბაჟის სახით, 5000 (ხუთი ათასი) ლარის სოლიდარულად გადახდა და შესაბამისი ქვითრის დედნის წარდგენა სასამართლოში.
5. განჩინებით დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად სააპელაციო საჩივრის ავტორებს განესაზღვრათ 10 (ათი) დღიანი ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან, ხოლო 2015 წლის 18 დეკემბრის განჩინებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა აპელანტების შუამდგომლობა და ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა გაუგრძელდათ კიდევ 10 (ათი) დღით.
6. სასამართლოს 2015 წლის 18 დეკემბრის განჩინება მოპასუხეებს გაეგზავნათ მათ მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართებზე და ჩაჰბარდათ, კერძოდ, პირველ მოპასუხეს - პირადად 20.01.2016, მეორე მოპასუხის მეუღლეს - 20.01.2016, მესამე მოპასუხეს - პირადად 16.01.2016.
7. სააპელაციო სასამართლომ, სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილზე დაყრდნობით, აღნიშნა, რომ აპელანტებისათვის ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული 10 (ათი) დღიანი საპროცესო ვადის დენა დაიწყო განჩინების გადაცემის მომდევნო დღიდან, კერძოდ, პირველი და მეორე მოპასუხისათვის - 2016 წლის 21 იანვრიდან და, სსსკ-ის 61-ე მუხლით დადგენილი წესით, განჩინებით განსაზღვრული ვადა ამოიწურა იმავე წლის 30 იანვარს, რომელიც მოცემულ შემთხვევაში იყო უქმე დღე, შესაბამისად, ვადა ამოიწურა მომდევნო პირველივე სამუშაო დღეს - 1 თებერვალს, ხოლო მესამე მოპასუხისათვის ვადის ათვლა დაიწყო - 2016 წლის 17 იანვარს და ამოიწურა - 2016 წლის 26 იანვარს, რომელიც მოცემულ შემთხვევაში არ იყო უქმე ან/და დასვენების დღე. აპელანტებს განჩინებით დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავთ სასამართლოსათვის.
8. სააპელაციო სასამართლომ, სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 368.5.-ე მუხლების საფუძველზე, მიიჩნია, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აპელანტების მიერ ხარვეზის შეუვსებლობა წარმოშობს მათი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საპროცესო საფუძველს.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხეებმა კერძო საჩივრით გაასაჩივრეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება.
10. კერძო საჩივრის ავტორთა მტკიცებით, მათი საცხოვრებელი სახლიც და საქმიანობის ადგილიც საფრთხის ქვეშაა, რადგან ბანკი ითხოვს მოპასუხეთა ქონების რეალიზაციას. ვალუტის კურსის ცვლილების გამო, მოპასუხეები სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას ითხოვდნენ პროცესის დასრულებამდე. მათ არაერთხელ ითხოვეს ბაჟის გადახდის გადავადება, მაგრამ სასამართლომ ამ საფუძვლით განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი (იხ. კერძო საჩივარი - ს.ფ. 274).
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2016 წლის 21 აპრილის განჩინებით, მოპასუხის კერძო საჩივარი მიიღო წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხეთა კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
12. სსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
13. სსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორთა არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მათ დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენიათ.
14.საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი გახდა მოპასუხეთა მიერ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობა, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა (იხ. წინამდებარე განჩინების 4-5 პუნქტები).
15. კერძო საჩივრის ავტორები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ მათ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს განჩინება ჩაიბარეს და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსიათ. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხეთა განცხადების საფუძველზე, სასამართლომ გააგრძელა სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად განსაზღვრული ვადა.
16. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორთა პრეტენზიები დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლებიდან, მათ ორჯერ მიეცათ 10 დღიანი საპროცესო ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად, ამასთან, სასამართლოსათვის მნიშვნელოვანია მოდავე მხარეთა ინტერესების თანასწორობის საწყისზე შეფასება, რათა მოვალის სასარგებლოდ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი შესაძლებლობის გამოყენებამ არ გამოიწვიოს კრედიტორის ინტერესებისათვის საფრთხის შექმნა. სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების მოთხოვნის დასაბუთებულობა კერძო საჩივრის ავტორებმა ვერ დაამტკიცეს, რის გამოც, მათი პრეტენზია არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე. გ-ას, ი. ი-ისა და ი/მ ა. დ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 თებერვლის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 თებერვლის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე