საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-362-346-2016 3 ივნისი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი(მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ა. ტ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. შ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მარტის საოქმო განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში
დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. შ-ის (შემდეგში - მოსარჩელე) სარჩელი ა. ტ-ის (შემდეგში - მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ დაკმაყოფილდა და უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისში, ჩ–ის ქუჩა #46-ში (ს/კ: №0....) მხარეთა საზიარო უფლება გაუქმდა და დადგინდა, აუქციონის საშუალებით რეალიზაციის გზით, ნივთზე ამონაგები თანხების განაწილება მათ შორის (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 953-ე, 961-ე, 964-ე მუხლები).
2. მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მარტის საოქმო განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე, 2016 წლის 18 მარტს გაგზავნილი უწყება, იმავე წლის 19 მარტს ჩაჰბარდა მოპასუხის დედას (ნონა ტ-ეს - პ/ნ: 0.....), საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 70-78 მუხლებით დადგენილი წესით, რაც დასტურდება საქმეში არსებული საფოსტო უკუგზავნილით (იხ. ტ. 2, ს.ფ. 29).
5. მოწინააღმდეგე მხარემ, აპელანტის (მოპასუხის) გამოუცხადებლობის გამო, მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
6. სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 70-ე, 73-ე, 74-ე, 187-ე, 229-ე, 276-278-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივი წინაპირობები. კერძოდ, აპელანტი კანონით დადგენილი წესით იყო გაფრთხილებული სასამართლო სხდომის თაობაზე, რომელზეც იგი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, მოწინააღმდეგემ კი ამ უკანასკნელის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება მოითხოვა.
7. მოპასუხემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 30 მარტის საოქმო განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება, საქმის ხელახალი განხილვის მიზნით დაბრუნება იმავე სასამართლოში.
8. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიით, სააპელაციო საჩივრის შეტანის შემდეგ, სასამართლომ მას მხოლოდ მოწინააღმდეგის სააპელაციო შესაგებელი გაუგზავნა, რაც ჩაიბარა, და აღნიშნული გზავნილის მიღების დროს რაიმე უწყება სხდომის დანიშვნის თაობაზე კონვერტში არ ყოფილა. შემდეგ კი სასამართლოსგან არანაირი გზავნილი აღარ მიუღია.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 მაისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და კერძო საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
10. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
11. სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
12. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ, ამავე განჩინების 4-5 პუნქტებში მითითებულ, ფაქტობრივ გარემოებებს.
13. სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად ცნობის საფუძველი გახდა, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, მოსარჩელის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
14. კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტაცია არ არის გამყარებული დამაჯერებელი მტკიცებულებებით (იხ. ამ განჩინების მე-8 პუნქტი) დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობიდან.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლო სხდომის თაობაზე შეტყობინების მხარისათვის ჩაბარება სასამართლოს ვალდებულებაა, რაც უზრუნველჰყო სასამართლომ სხდომის თარიღამდე 11 დღით ადრე. აღნიშნული შეტყობინებითვე, კერძო საჩივრის ავტორი გაფრთხილებული იქნა სხდომაზე გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე. სასამართლო სხდომის შესახებ მხარის დაუწყების შემდეგ, წარმოიშვა კერძო საჩივრის ავტორის ვალდებულება, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ დღეს და საათზე გამოცხადებულიყო სხდომაზე. აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, მოწინააღმდეგემ ისარგებლა მისთვის მინიჭებული პროცესუალური უფლებით და სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, რაც დაკმაყოფილდა და სააპელაციო საჩივარი საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ დარჩა განუხილველად.
16. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.
17. დადგენილია, რომ გზავნილი ჩაჰბარდა მოპასუხის დედას (იხ. ამ განჩინების მე-4 პუნქტი), ხოლო არგუმენტი, რომ სასამართლოს მიერ გაგზავნილ კონვერტში სააპელაციო შესაგებლის მეტი არაფერი ყოფილა და არც სხვა დროს მიუღია რაიმე სახის გზავნილი სასამართლოსგან 2016 წლის 30 მარტის სხდომის დანიშვნის თაობაზე, შესაბამისი მტკიცებულებების გარეშე, ვერ განიხილება სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო საფუძვლად.
18. საკასაციო სასამართლო საქმის მასალებში განთავსებულ მტკიცებულებებზე (იხ. ტ.2, ს.ფ. 27-29) ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ მოსარჩელის დედამ ჩაიბარა უწყება # 2ბ/-33-16, ხოლო აღნიშნული უწყება არის მოსარჩელის სახელზე შედგენილი გზავნილი, სადაც დეტალურადაა მითითებული, ამ უკანასკნელის აპელანტის სტატუსით დაბარება სასამართლო სხდომაზე, 2016 წლის 30 მარტს, 11 საათზე, # 2 სასამართლო სხდომის დარბაზში; ასევე მითითებულია მოწინააღმდეგის ვინაობა, დავის საგანი, გასაჩივრებული გადაწყვეტილების რეკვიზიტები, მოსამართლისა და მისი თანაშემწის ვინაობა, სასამართლოს საკომუნიკაციო მისამართი, ხოლო უწყების მეორე მხარეს, ასახულია გაფრთხილება სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპროცესო-სამართლებრივი შედეგების შესახებ. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს საქმეში განთავსებული მტკიცებულებებიდან, რაც წამოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
19. "საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება" (იხ. სუსგ №ას-299-284-2016).
20. ხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული საოქმო განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი უსაფუძვლო, რაც გამორიცხავს მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ტ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მარტის საოქმო განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მარტის საოქმო განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე