საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-378-362-2016 3 ივნისი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი(მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – სს „ხ-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ოზურგეთის მუნიციპალიტეტი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებულ განჩინებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება, ავანსის სახით მიღებული თანხის უკან დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის (შემდეგში: მოსარჩელე, შემკვეთი) სარჩელი სს „ხ-ის“ (შემდეგში: მოპასუხე, მენარდე ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ, ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, 2013 წლის 19 სექტემბრის № 318 ხელშეკრულების საფუძველზე, პირგასამტეხლოს დაკისრებისა და ავანსის სახით მიღებული თანხის დაბრუნების თაობაზე, დაკმაყოფილდა. მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა, საერთო ჯამში, 702 027 ლარისა და 20 თეთრის გადახდა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 629-ე, 417-ე და 418-ე მუხლები).
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შემკვეთის სარჩელის უარყოფა.
3. მხარეთა შორის, 2016 წლის 21 მარტს, შედგა მორიგების აქტი (იხ. მორიგების აქტი - ს.ფ. 220-221). აღნიშნული აქტის მიხედვით, მენარდემ იკისრა ვალდებულება, შემკვეთისათვის გადაეხადა ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ავანსის სახით მიღებული თანხა - 181 980 ლარი და იმავე ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის პირგასამტეხლო (ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5 %) - 116 788 ლარი, ჯამში 298 768 ლარი. შემკვეთმა აიღო ვალდებულება, მიეღო დასახელებული თანხა.
4. მორიგების აქტზე ხელით მიწერილ მე-6 პუნქტში იკითხება: “მხარეებს სააპელაციო საჩივარზე ერთმანეთის მიმართ სასამართლო ხარჯებზე პრეტენზია არ გააჩნიათ“ (იხ. ს.ფ. 221).
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 21 მარტის განჩინებით მხარეთა შუამდგომლობა მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე დაკმაყოფილდა და იგი უცვლელი სახით (მხარეთა მიერ შეთანხმებულ ფარგლებში) დამტკიცდა.
6. სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ მორიგების აქტის დამტკიცების დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობდა, ამასთან, მხარეებს განემარტათ, რომ მორიგების დამტკიცების გამო, შეწყდა საქმის წარმოება შემკვეთის სარჩელთან დაკავშირებით, ასევე განემარტათ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ, 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი, 273-ე მუხლის მე-2 ნაწილი)
7. აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაეს სასამართლოში კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ (სსსკ-ის 274-ე მუხლი), რომელმაც გასაჩივრებულ განჩინებაში მოითხოვა ცვლილებების შეტანა შემდეგი დასაბუთებით:
7.1.მორიგების აქტით, შემკვეთის სასარგებლოდ, კერძო საჩივრის ავტორს დაეკისრა 298 786 ლარის გადახდა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტი), საიდანაც, როგორც თავად მოპასუხე აღნიშნავს, 116 787.9 ლარი არის პირგასამტეხლოს სახით დარიცხული თანხა დავის საგნის ღირებულების 5%, ხოლო 189 980, 40 ლარი - ავანსის სახით დარჩენილი დავალიანების თანხა. კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ 21.03.2016წ. განჩინებით არასწორად დააკისრა მენარდეს პირგასამტეხლოს სახით 116 787.9 ლარი, ვინაიდან მხარეთა შორის ხელმოწერილი ხელშეკრულების (იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი) 3.1. პუნქტით სახელშეკრულებო ღირებულება განსაზღვრული იყო 1 996 801 ლარით დღგ-ის გარეშე, შესაბამისად, მისი 5 % 99 840 ლარს შეადგენს და იმის გათვალისწინებით, რომ სამუშაოები დასრულებული არ იყო, ხოლო შეუსრულებელ სამუშაოებზე დღგ არ ირიცხება, პირგასამტეხლო უნდა გამოანგარიშებულიყო სახელშეკრულებო ღირებულების 5 % -ის ოდენობით, დღგ-ის გარეშე. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიით, მხარეებმა წარდგენილ წერილობით შუამდგომლობაში პირგასამტეხლო განსაზღვრეს პროცენტებში, შესაბამისად, აღნიშნული თანხა უნდა განსაზღვრულიყო სახელშეკრულებო ღირებულებით დღგ-ის გარეშე, რაც 99 840 ლარია და გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შესწორდეს მენარდისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო, კერძოდ: 116 787, 9 ლარის ნაცვლად, უნდა მიეთითოს 99 840,0 ლარი. აღნიშნული დასაბუთებით, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს, მორიგების დამტკიცების თაობაზე გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებული პირგასამტეხლოს 116 787.9 ლარის შემცირებას 99 840.0 ლარამდე.
7.2. კერძო საჩივრის ავტორის მეორე პრეტენზია ეხება, ამ უკანასკნელისათვის გასაჩივრებული განჩინებით დაკისრებულ სახელმწიფო ბაჟს - 3500 ლარს. მოპასუხის მოსაზრებით, მხარეთა მორიგების გამო, სახელმწიფო ბაჟი თანაბრად უნდა განაწილებულიყო მათ შორის და მოპასუხეს ბაჟის მხოლოდ ნახევარი - 1750 ლარი უნდა დაჰკისრებოდა.
8. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2016 წლის 28 აპრილის განჩინებით, კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და კერძო საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
9. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
10. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.
11. საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით განმტკიცებულია მხარეთა დისპოზიციურობის პრინციპი, რომელიც მხარეებს ანიჭებს შეუზღუდავ საპროცესო უფლებებს, კანონმდებლობით დადგენილი ბოჭვის ფარგლებში (მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ - სსსკ-ის მე-3 მუხლი). საკასაციო სასამართლო, მოცემულ შემთხვევაში, ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2016 წლის 21 მარტის განჩინებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მხარეთა შორის მორიგების აქტის დამტკიცება მოხდა მათივე შუამდგომლობისა და ორივე მხარის მონაწილეობით შედგენილი შეთანხმების საფუძველზე (იხ. ამ განჩინების 3-4 პუნქტები). მხარეთა შორის მორიგების აქტის გაფორმებას მათი უფლებამოსილი წარმომადგენლები ესწრებოდნენ და მათ მიერ გამოვლენილი ნება უნდა ჩაითვალოს უშუალოდ მხარის მიერ ნების გამოვლენად, შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მორიგება თავისუფალი ნების გამოვლენაა, რომელიც კონკრეტული სამართლებრივი შედეგის დადგომას იწვევს, როგორც პროცესუალური, აგრეთვე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულება შესასრულებელია სავალდებულო წესით.
12. ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას (იხ. ამ განჩინების 7.1. ქვეპუნქტი), რადგან საქმეში წარმოდგენილი, მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ ხელმოწერილი მორიგების აქტში, მხარეები უთითებენ ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ზე, როგორც პირგასამტეხლოზე, რომელიც კონკრეტული თანხითაა - 116 787 ლარი - გამოხატული და არა მხოლოდ პროცენტებში, როგორც კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს (იხ. მორიგების აქტი - ს.ფ. 221-222).
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხის მოთხოვნა პირგასამტეხლოს გარკვეული პროცენტებით გადაანგარიშებაზე, დღგ-ის ჩათვლით, თუ მის გარეშე, მხარეთა კონკრეტული მსჯელობისა და შეთანხმების საგანი უნდა გამხდარიყო, ხოლო მოთხოვნა გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი პირგასამტეხლოს 116 787 ლარის 98 400 ლარამდე შემცირების თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს საკასაციო სასამართლოსათვის, კერძო საჩივრის განხილვის ეტაპზე, მინიჭებული პროცესუალურ-სამართლებრივი უფლებამოსილებიდან, რადგან მხარეთა ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღებული შეთანხმების, შესატყვისი პროცესუალური ფორმით, სასამართლოს მეშვეობით, მორიგების დამტკიცების კომპეტენციაში ჩარევა იქნება, რაც ეწინააღმდეგება პროცესუალურ ნორმებს.
14. კერძო საჩივრის ავტორის მეორე პრეტენზია სახელმწიფო ბაჟის მხარეებს შორის თანაბრად გადანაწლების თაობაზე (იხ. ამ განჩინების 7.2. ქვეპუნქტი) გასაზიარებელი იქნებოდა, თუმცა, განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო უთითებს სსსკ-ის 54-ე მუხლის მეორე ნაწილზე: “თუ მხარეებმა მორიგების დროს თვითონ გაითვალისწინეს სასამართლო ხარჯებისა და ადვოკატის დახმარების გამო გაწეული ხარჯების განაწილების წესი, სასამართლო საკითხს წყვეტს მათი შეთანხმების შესაბამისად“ და მხარეთა მორიგების აქტის მე-6 პუნქტზე (იხ. ამ განჩინების მე-4 პუნქტი), რომელიც გასაჩივრებული განჩინების 2.3.4 ქვეპუნქტში უცვლელად აისახა, კერძოდ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სააპელაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებულ საპროცესო ხარჯებზე (სსკ-ის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს განეკუთვნება სახელმწიფო ბაჟი) ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელეს, რომელმაც წარმატებას მიაღწია პირველი ინსტანციის სასამართლოში და სააპელაციო საქმისწარმოების დროს მოწინააღმდეგე მხარის სტატუსი დაიკავა, ამ ეტაპზე არ გადაუხდია სახელმწიფო ბაჟი. მოპასუხის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე გაგრძელებულ დავაზე, მხარეები მორიგდნენ, ხოლო მოპასუხის მიერ 2015 წლის 11 მარტს შეტანილი სააპელაციო საჩივრისათვის გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 7000 ლარიდან, მხარეთა მორიგების გამო (რაც იმავე წლის 21 მარტის განჩინებით დაამტკიცა სასამართლომ), განახევრებული თანხა - 3500 ლარი, სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი, მეორე და მეოთხე ნაწილების შესაბამისად, მართებულად დააკისრა სააპელაციო სასამართლომ მოპასუხეს.
15. ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებებისა და პროცესუალურ-სამართლებრივი მოტივაციის გათვალისწინებით, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია დაუსაბუთებელია, რაც გამორიცხავს მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობას და, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება.
16. კერძო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს "ხ-ის" კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 მარტის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 მარტის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე