საქართველოს უზენაესი სასმართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-383-367-2016 17 ივნისი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ო-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2013 წლის 18 ივლისის დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტირების სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელმა დ. პ-ამ (შემდეგში - სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თანამშრომელი), შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდეგში - მოსარჩელე, სამინისტრო, კასატორი) ბალანსზე რიცხული ავტომანქანა (შემდეგში - სატრანსპორტო საშუალება, ავტომობილი) - “BMW X5” ს/ნ: S. შესაკეთებლად გადაიყვანა თბილისში, სერვის ცენტრში. დედაქალაქიდან ქალაქ ზუგდიდში დაბრუნებისას, 2008 წლის 19 ივნისს, სამინისტროს თანამშრომელს დაემგზავრა მოქალაქე ლ. ო-ე (შემდეგში - მოპასუხე).
2. ხობის შესასვლელთან სამინისტროს თანამშრომელმა მოპასუხეს დროებით სამართავად გადასცა ავტომობილი, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა და, მინისტრის 2008 წლის 18 ივლისის # 1004-ე ბრძანების საფუძველზე, ავარიულ მდგომარეობაში გადაეცა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს.
3. ექსპერტიზის 2015 წლის 10 ივნისის დასკვნით, ავტომობილისათვის მიყენებული ზიანი განისაზღვრა 11 000 ლარით.
4. სამინისტრომ 2015 წლის 17 აპრილს აღძრა სარჩელი მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა მისთვის 11 000 ლარის დაკისრება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 408-ე, 409-ე მუხლების საფუძველზე (იხ. ტ.1, სარჩელი - ს.ფ. 1-9 და დაზუსტებული სარჩელი - ს.ფ. 48-55)
5. მოპასუხემ მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით არ ცნო მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი და მიუთითა, რომ მოთხოვნა განხორციელებადი არ იყო სარჩელის ხანდაზმულობის გამო (სსკ-ის 1008-ე მუხლი; იხ. შესაგებელი - ტ.1, ს.ფ.26-35) .
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხის წინააღმდეგ, ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
7. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 128-ე, 144-ე და 1008-ე მუხლებით და დამატებით აღნიშნა, რომ ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ლოგიკური განსჯის შედეგად, დადგენილად უნდა მიჩნეულიყო, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ინფორმაცია დაზარალებულმა (სამინისტრომ) 2008 წლის 19 ივნისს მიიღო, შესაბამისად, მოთხოვნის წარდგენის ვადა 2011 წლის 19 ივნისს ამოიწურა.
8. სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
9. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 128-ე, 130-ე, 144-ე, 1008-ე მუხლები; სრულად გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა.
10. სასამართლომ სსკ-ის 144-ე მუხლზე მითითებით, ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ვალდებული პირი, უფლებამოსილი არის შეასრულოს კრედიტორის მოთხოვნა ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე წარდგენილი მოთხოვნის ფარგლებში, ხოლო აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, მხოლოდ იმ შემთხვევაშია სასამართლო უფლებამოსილი დააკმაყოფილოს მოთხოვნა, თუ ვალდებული პირი უარს არ იტყვის საპასუხო შესრულებაზე. მოპასუხე თავის შესაგებელში უთითებდა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე (იხ. ამ განჩინების მე-5 პუნქტი).
11. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იყო, თუ როდის შეიტყო ზიანის ანაზღაურებაზე მოთხოვნის უფლების მქონე პირმა - მოსარჩელემ დამდგარი ზიანის შესახებ ან როდის იყო შესაძლებელი, მას შეეტყო იმ ფაქტის შესახებ, რომელიც მისი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა. სსკ-ის 1008-ე მუხლის შესაბამისად, დელიქტიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება სამი წელია, შესაბამისად, საქმის მასალებით დადგენილი იყო და თავად მოსარჩელეც ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ ამ უკანასკნელმა დროებით სამართავად გადასცა მოპასუხეს მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანა და ავტოსაგზაო შემთხვევის დროსაც, სამინისტროს თანამშრომელი მოპასუხესთან ერთად იმყოფებოდა ავტომანქანაში, შესაბამისად, ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებაც ზიანის ანაზღაურებაზე მოთხოვნის მქონე პირმა (მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ), შემთხვევის დღესვე შეიტყო, შესაბამისად ხანდაზმულობის ვადის დინებაც იმ დღესვე დაიწყო.
12. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ, მისი კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზების ფარგლებში, ვერ შეძლო დაემტკიცებინა, თუ რატომ ვერ მოახერხა ინსპექტორ-გამომძიებელმა მის გვერდით მჯდომი ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალეული პირის იდენტიფიცირება, მით უფრო, იმ ვითარებაში, როდესაც ავტომანქანაზე პასუხისმგებელ პირს თავად წარმოადგენდა. სასამართლომ იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე რეაგირება (დაფიქსირება, ბრალეული პირისათვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება) თვით მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენდა, რაც მას არ განუხორციელებია.
13. სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
14. კასატორის პრეტენზიით, ქვემდგომმა სასამართლოებმა არასწორად დაადგინეს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, არ გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ ზიანის მიმყენებლის იდენტიფიცირება მხოლოდ მაშინ მოხდა, როდესაც 2013 წლის 25 ივლისს, თავად მოპასუხემ ახსნა-განმარტებით დაადასტურა ავტოსაგზაო შემთხვევისა და აღნიშნული შემთხვევის დროს მის მიერ ავტომობილის მართვის ფაქტი. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 128-ე მუხლი, რადგან მოსარჩელისათვის 2013 წლის ივლისამდე უცნობი იყო ბრალეული პირის ვინაობა, თუ ვის მიმართ უნდა დაეყენებინა მოთხოვნა.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2016 წლის 28 აპრილის განჩინებით, წარმოებაში მიიღო სამინისტროს საკასაციო საჩივარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
18. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ - ები # ას-547-515-2012, 11.06.2012წ.; #ას-49-48-2016, 12.02.2016 წ.; # ას-1203-1130-2015, 01.06 2016 წელი).
19. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წინამდებარე შემთხვევაში წარმოადგენს ის, თუ რა მომენტიდან დაიწყება მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადის ათვლა, და ასეთი ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი მოთხოვნა რამდენად ექვემდებარება ვალდებული პირის მიერ შესრულებას.
20. ვინაიდან ხანდაზმულობას მნიშვნელოვანი სამართლებრივი შედეგები უკავშირდება, საჭიროა ზუსტად განისაზღვროს, თუ რა მომენტიდან აითვლება ხანდაზმულობის ვადის დენა. ვადის ათვლის დაწყების მიზნებისათვის მნიშვნელოვანია განისაზღვროს, თუ სუბიექტურად როდის შეიტყო დაზარალებულმა ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალებული პირის შესახებ (სსკ-ის 1008-ე მუხლი). სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სამინისტროს თანამშრომელმა გადასცა ავტომობილი სამართავად მოპასუხეს და ავტოსაგზაო შემთხვევის დროსაც მასთან ერთად იმყოფებოდა, შესაბამისად, მოსარჩელისათვის შემთხვევის დღესვე გახდა ცნობილი ზიანის შესახებ.
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. ამდენად ხანდაზმულობის საგანი არის ფარდობითი უფლება - მოთხოვნა - რომელზეც დროის შეზღუდვა ვრცელდება. კანონმდებლის მიერ უფლების განხორციელების ვადით შეზღუდვის მიზანს წარმოადგენს სამართლებრივი სტაბილურობის უზრუნველყოფა. შესაბამისად, სწორედ კრედიტორია რისკის მატარებელი, დროულად იზრუნოს თავისი მოთხოვნის განხორციელებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მოკლებული იქნება შესაძლებლობას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა. საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობა არ ნიშნავს მის შეწყვეტას, არამედ ხანდაზმულობა იწვევს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობის შეწყვეტას ანუ უფლების განუხორციელებლობას, თუმცა, მოვალეს კვლავ შეუძლია, ნებაყოფლობით, შეასრულოს ვალდებულება. სასამართლო ასევე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მოპასუხის მიერ წარდგენილი შესაგებელი შეიცავდა მითითებას მოთხოვნის განხორციელების ხანდაზმულობაზე (ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე - სსკ-ის 144-ე მუხლის პირველი ნაწილი).
22. კანონმდებლის მიერ დადგენილია საერთო და სპეციალური ხანდაზმულობის ვადები. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისათვის სპეციალური ვადა, რომელიც მოსარჩელისათვის 2011 წლის 19 ივნისს ამოიწურა (დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ - სსკ-ის 1008-ე მუხლი).
23. საკასაციო საჩივრის განხილვისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
26. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე