Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასმართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-388-372-2016 17 ივნისი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს "ქ-ა" (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა (შემდეგში: მოსარჩელე, შემსყიდველი ან კასატორი) და შპს „ქ-ას“ (შემდეგში: მოპასუხე, მიმწოდებელი, საწარმო ან მოწინააღმდეგე მხარე) შორის, 2014 წლის 28 მაისს გაფორმდა № 365 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ (შემდეგში ხელშეკრულება, იხ. ტ.1, ს. ფ 15-20), რომლითაც მიმწოდებელმა შემსყიდველის სამხედრო მომსახურეთა კვებით მომსახურებაზე აიღო ვალდებულება. ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 332 430, 00 ლარით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის , შემდეგში სსკ, 477-ე მუხლი).

2. ხელშეკრულებით დეტალურად განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობები, კერძოდ: ა) მე-5 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ფარგლებში გაცემული მომსახურება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ სტანდარტებს, სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს, კვების უსაფრთხოების ნორმებს და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს. მე-10 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ სტანდარტებს, ამ ხელშეკრულებით და კონკრეტული შეკვეთით დანართში განსაზღვრულ მოთხოვნებს; ბ) 8.2.3 პუნქტის თანახმად, მომწოდებელს ეკისრება სრული მატერიალური პასუხისმგებლობა, მიღება - ჩაბარების აქტით გადაცემული ქონების (სამზარეულოს, სამზარეულო ინვენტარისა და სამზარეულოს მანქანა-დანადგარების)მის მიერ ბრალეული ქმედებით დაზიანება/განადგურების შემთხვევაში. აღნიშნული ქონების დაზიანება/განადგურების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, აუნაზღაუროს შემსყიდველს მიყენებული ზიანი; გ) მე-15.1 და მე- 15.2 პუნქტების თანახმად: არავითარი გადახრა ან ცვლილება ხელშეკრულების პირობებში არ დაიშვება, ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი წერილობითი შესწორებების გარდა. თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილების შეტანის ინიციატორი ვალდებულია, წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია; დ) მე-16 პუნქტის თანახმად, თუ შემსყიდველი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოაჩენს მიმწოდებლის მხრიდან მომსახურების არაჯეროვან ან უხარისხო შესრულებას (კერძოდ: სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, უხარისხო საკვები პროდუქტების გამოყენება, უხარისხო საკვების მომზადება, მომსახურების გაწევის ვადის დარღვევა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების დარღვევა), მიმწოდებლის წინასწარი შეტყობინების გარეშე, დაეკისრება პირგასამტეხლო 2000 ლარი - ყოველ დარღვევაზე.

3. შემსყიდველის 2014 წლის 24 ივლისის #365-1 აქტის მიხედვით, მიმწოდებელმა დაარღვია ხელშეკრულების 5.1 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები (იხ. აქტი - ტ.1, ს.ფ. 22).

4. შემსყიდველმა 2014 წლის 20 აგვისტოს სარჩელი აღძრა მიმწოდებლის წინააღმდეგ და მოითხოვა მისთვის პირგასამტეხლოს - 4000 ლარის დაკისრება (სსკ-ის 417-ე, 418-ე მუხლები).

5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და, მის სასარგებლოდ, მოპასუხეს დაეკისრა 1000 ლარის გადახდა, ხოლო მოსარჩელის მოთხოვნა 3000 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებაზე უარყოფილი იქნა.

6. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 4 ივნისს განხორციელებული შემოწმებისას, დადგინდა მოპასუხის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულება, რის გამოც, ამ საფუძვლით სამინისტროს მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დასაბუთებული იყო. სასამართლომ აღნიშნა, რომ 2014 წლის 4 ივნისის შემოწმების # 112 აქტით ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის სასადილოსა და საწყობის შემოწმებისას დაფიქსირდა სავარაუდო დარღვევის ფაქტები, რომლებიც დაკავშირებულია ძეხვეულის შეფუთვაზე გამოშვების თარიღის არქონასთან; სხვადასხვა ზომისა და სახის ყუთებში დაფასოებული 2065 კგ კარაქის ეტიკეტზე მითითებული ცხიმიანობა - 82 % არ შეესაბამება რეალურ მონაცემებს (61 %); ასევე, სასადილოს დარბაზში დაფრინავენ ჩიტები, ბუზები, ხორცის დამუშავების ოთახში ამოსაღებია 2 ცალი კუნძი, ხორცის დასამუშავებელი მაგიდის რკინის კონსტრუქცია და თაროები დაჟანგულია, არ არსებობს ოთახში გამწოვი სისტემა. აქტზე, მიმწოდებლის წარმომადგენლის მიერ გაკეთებულია შენიშვნა, რომლის მიხედვით, ძეხვი დაბრუნებულია და არ გახარჯულა სამხედრო მოსამსახურეთა კვებაზე; კარაქი ამოღებულია ხმარებიდან და დასაწყობებულია (იხ. აქტი - ტ.2, ს.ფ. 169-170

7. სასამართლომ, სსკ-ის 361.2 მუხლის დანაწესით იმსჯელა და სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 2000 ლარი მიიჩნია შეუსაბამოდ და მიზანშეწონილად ჩათვალა მისი შემცირება გონივრულ ნიშნულამდე, ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების ხარისხის და ხელშეკრულების ღირებულებიდან გამომდინარე, რის გამოც იგი გაანახევრა (სსკ-ის 420-ე მუხლი).

8. სასამართლომ ასევე იმსჯელა ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების ფაქტის ჯერადობაზე (იხ. ამ განჩინების მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი) და აღნიშნა, რომ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებად მიჩნეულ იქნა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, რაც დაფიქსირებულია როგორც #112 ისე #113 აქტებში, რომლებიც შედგენილია ერთსა და იმავე დღეს - 2014 წლის 4 ივნისს, ერთი და იგივე სამხედრო ნაწილის სამზარეულოსა და მისი საწყობის შემოწმების შედეგად, რის გამოც, სასამართლომ მიიჩნია, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ერთი დარღვევისათვის უნდა დაჰკისრებოდა პირგასამტეხლო მოპასუხეს. ასევე, სასამართლოს შფასებით, სამზარეულო შენობაში დაჟანგული ინვენტარის არსებობა ხელშეკრულების 8.1.1. მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, არ შეიძლებოდა მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევად მიჩნეულიყო.

9. შემსყიდველმა სააპელაციო წესით, ნაწილობრივ გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება და მოითხოვა სარჩელის უარყოფილი ნაწილის ახალი გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილება.

10. სააპელაციო საჩივარი დამყარებული იყო შემდეგ არგუმენტებზე:

10.1. სასამართლომ არასწორად შეაფასა №112 და №113 შემოწმების აქტებში დაფიქსირებული ფაქტები, რომლებიც დუბლირებულად, გარდა კარაქის სხვა ყუთებში მოთავსების ფაქტისა, რომელზედაც ვალდებულების არაჯეროვნად შესრულება სასამართლოს მიერ არ იქნა დადასტურებული; აღნიშნული აქტები სასამართლომ განიხილა და შეაფასა, როგორც ერთი შემოწმების შედეგების დაფიქსირება, მაშინ როდესაც, 04.06.2014 წლის აქტში დაფიქსირებულია ასევე სხვა ფაქტებიც, კერძოდ: სასადილოში მფრინავი ჩიტები და მომრავლებული ბუზები;

10.2. სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებლად შეამცირა მოთხოვნილი პირგასამტეხლო. მხარეთა თავისუფალი ნება პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას გამოხატულ იქნა ხელშეკრულების საფუძველზე.

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 17 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

14. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-3 და 6-7 პუნქტებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და დავის მოსაწესრიგებლად იხელმძღვანელა სსკ-ის 361-ე, 394-ე, 417-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით.

15. სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია ის ფაქტიც, რომ # 112 და # 113 აქტებში დაფიქსირებული სავარაუდო დარღვევები ეხებოდა ერთი და იგივე ფაქტებს (იხ. ამ განჩინების მე-9 პუნქტი). აქედან გამომდინარე, სასამართლომ ჩათვალა, რომ ორივე აქტის შინაარსის სავარაუდო დარღვევის კონკრეტული ფაქტების შეფასების შედეგად, საქალაქო სასამართლომ სწორად დაასკვნა, ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტები უნდა შეფასებულყო, როგორც ერთი შემოწმების შედეგად გამოვლენილი ფაქტები.

16. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ქვემდგომი სასამართლოს შეფასება, რომ სამზარეულო შენობაში დაჟანგული ინვენტარის არსებობა ხელშეკრულების 8.1.1. მუხლის შინაარსიდან გამომდინარე არ შეიძლებოდა მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევად ჩათვლილიყო (იხ. ამ განჩინების მე-9 პუნქტი).

17. სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ #112 და #113 აქტებში დაფიქსირებული დარღვევის ფაქტები მხოლოდ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დადგენის შესაძლებლობას იძლეოდა და არ დასტურდებოდა მიმწოდებლის მიერ უხარისხო პროდუქტის მომზადების, ანდა მომსახურების გაწევის ვადის შესახებ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, ქვემდგომმა სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასებები გააკეთა საქმისათვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით და მართებულად შეაფასა მხარეთა შორის არსებული მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მხარეთა უფლება - მოვალეობები.

18. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შემსყიდველმა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სამინისტროს უარყოფილი სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.

19. კასატორი დაუსაბუთებელად მიიჩნევს გასაჩივრებულ განჩინებას, რომელმაც, მართალია, დაადგინა ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი და პირგასამტეხლოც დააკისრა მოპასუხეს, მაგრამ დაუსაბუთებელია მისი შემცირება, რადგან სსკ-ს 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლებელია აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, განჩინების მიღებისას არ იქნა გათვალისწინებული მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება, როდესაც ისინი შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე. სსკ-ის 420-ე მუხლის შესაბამისად, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, სასამართლომ ყოველმხრივ და სრულყოფილად უნდა შეისწავლოს საქმე, მოვალის ქონებრივი მდგომარეობის, სახელშეკრულებო ძირითადი ვალდებულებისა და განსაზღვრული პირგასამტეხლოს ურთიერთთანაფარდობის შეფასებით. კასატორი, ხელშეკრულების 16.1 პუნქტზე მითითებით, არ ეთანხმება სასამართლოს შეფასებას, რომ შემოწმების # 112 და # 113 აქტებში დაფიქსირებული ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი ვერ მოახდენს გავლენას სამხედრო მოსამსახურეთა კვებით მომსახურებაზე, რაც ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული და მიაჩნია, რომ საჯარიმო სანქციის გამოსაყენებლად საკმარისი იყო საწარმოს მიერ სანიტარულ -ჰიგიენური ნორმების დარღვევაც.

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2016 წლის 28 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ, 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შემსყიდველის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

21. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებშია დასაშვები, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული საფუძვლები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს , რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული ზემოთ მითითებული საფუძვლით.

23. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ # ას-800-756-2015, 22.09.2015; # ას-1196-1125-2015, 05.02.2016წ.).

24. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

25. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში , არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

26. სასამართლო საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემდეგ არგუმენტებზე უთითებს :

26.1. შემოწმების # 365 აქტში დაფიქსირებული ფაქტების შეფასებისას, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რომლებიც ასახულია წინამდებარე განჩინების 15-17 პუნქტებში.

26.2. „საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იგივე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება“ - (იხ. სუსგ # ას-816-767-2015, 19.11.2015წ.).

26.3. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების დასკვნებს, რომ ერთი და იგივე ობიექტის შემოწმების დროს, ერთსა და იმავე დღეს შედგა ორივე აქტი, რომელშიც დაფიქსირებული დარღვევის თანაზომიერი უნდა იყოს მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო. მნიშვნელოვანი დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა ისიც, რომ უვარგისად ცნობილი პროდუქტი არ გამოყენებულა, ხოლო ერთი შემოწმების შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებებისათვის, პირგასამტეხლოს პრევენციული მიზნიდან და ფუნქციიდან გამომდინარე, მოპასუხეს დაეკისრა გონივრული „სანქცია“,ვალდებულების დარღვევის სიმძიმის ადეკვატურად.

27. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

29. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე