Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-849-799-2015 24 ივნისი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს „ლ-ე“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. ნ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 1 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში არსებითად განსახილველად

დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, დოკუმენტაციის გაცემის დავალდებულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს-ის „ლ–ე“ (შემდეგში - მოპასუხე, საწარმო ან კასატორი) დამფუძნებელთაგან ერთ-ერთ პარტნიორია თ. ნ-ი (შემდეგში - მოსარჩელე, მეორე პარტნიორი ან დასაქმებული) (იხ. ტ.1, ს.ფ. 15-16).

2. მოსარჩელე, საწარმოს დაფუძნებიდან (1997 წლიდან) დღემდე, მუშაობს ადმინისტრატორად, რის სანაცვლოდაც, ხელფასის სახით, იღებს 500 ლარს.

3. დასაქმებულს 2014 წლის თებერვლიდან არ მიუღია კუთვნილი ხელფასი, რის გამოც, იმავე წლის 14 მაისს განცხადებით მიმართა საწარმოს დირექტორს და მოითხოვა ანაზღაურების გაცემა, რაც რეაგირების გარეშე დარჩა. დასაქმებულმა, ასევე, მოითხოვა საწარმოს საქმიანობასთან დაკავშირებული საბანკო ამონაწერები, 2013 წლის 1 დეკემბრიდან განცხადებით მიმართვის დღემდე (ტ.1, ს.ფ. 18, 20).

4. დასაქმებულმა, 2014 წლის 21 ივლისს, სარჩელი აღძრა საწარმოს წინააღმდეგ, მოითხოვა სახელფასო დავალიანების - 2750 ლარის გაცემა, ასევე, მისთვის საბანკო ამონაწერების გადაცემა.

5. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი წარადგინა და მიუთითა, რომ საწარმოსა და მოსარჩელეს შორის არ არსებობდა შრომითი ურთიერთობა, ვინაიდან ეს უკანასკნელი მხოლოდ დამფუძნებელი პარტნიორია საწარმოში და, ხელფასის სახით აღებული თანხა, სინამდვილეში დივიდენდს წარმოადგენდა. ამონაწერების გადაცემასთან დაკავშირებულ მოთხოვნაზე, საწარმომ განმარტა, რომ მოსარჩელეს არასოდეს შექმნია პრობლემა, გაცნობოდა დოკუმენტაციას (იხ. შესაგებელი - ტ.1, ს.ფ. 31-39)

6. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და, მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხეს დაეკისრა 500 ლარის გადახდა, ასევე, საბანკო ამონაწერებისა და ბრუნვის უწყისების გადაცემა.

7. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის მიერ ყოველთვიურად 500 ლარის მიღება თითქოსდა დივიდენდს წარმოადგენდა, ვინაიდან, საქმეში არსებული მუშა-მოსამსახურეთა ხელფასისა და სხვა შემოსავლების საანგარიშო საგადასახადო უწყისებით დასტურდებოდა, რომ მოსარჩელეზე, როგორც ადმინისტრატორზე, სწორედ ხელფასი გაიცემოდა, რაც 625 ლარს შეადგენს, ხოლო საშემოსავლო გადასახადის სახით 125 ლარის დაქვითვის შედეგად, ხელზე გასაცემი თანხა 500 ლარი იყო.

8. მოპასუხის პოზიციის საწინააღმდეგოდ, სასამართლომ განმარტა, რომ საწარმოს დამფუძნებელ პარტნიორად ყოფნა არ გამორიცხავდა მის დასაქმებას იმავე კომპანიაში, ხოლო, მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის დადგენის კონტექსტში, შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო წესით არსებობასთან დაკავშირებით, რაზეც მოპასუხე აპელირებდა, სასამართლომ მიუთითა, რომ შრომითი ხელშეკრულების დადება შესაძლებელია, როგორც წერილობითი, ისე ზეპირი ფორმით (საქართველოს შრომის კოდექსის, შემდეგში სშკ, მე-6 მუხლის პირველი ნაწილი).

9. სასამართლომ იმაზეც იმსჯელა, რომ მოსარჩელე, წლების განმავლობაში, სტაბილურად იღებდა ყოველთვიურად ერთი და იმავე თანხას, მაშინ, როდესაც დივიდენდის მისაღებად, პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებაა საჭირო, და მისი გაცემა კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული („მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილი).

10. სასამართლოს 2014 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის განცხადება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და გაიცა სააღსრულებო ფურცელი (იხ. ტ.1, ს.ფ.168).

11. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა.

12. დასაქმებულმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მისი სარჩელის უარყოფილი ნაწილის დაკმაყოფილება, იმ საფუძვლით, რომ საწარმომ მასთან შრომით ურთიერთობაში მყოფი დასაქმებული არ დაუშვა შრომითი მოვალეობების შესასრულებლად და მისი სამუშაოდან მოცდენა საწარმოს მიზეზითაა გამოწვეული (იხ. სააპელაციო საჩივარი - ტ.1, ს.ფ. 171-179).

13. დამსაქმებელმა მოითხოვა მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული სარჩელის უარყოფა იმ დასაბუთებით, რომ არასწორად იყო დადგენილი ფაქტობრივი გარემობა, თითქოს მოსარჩელე შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა საწარმოსთან, მაშინ, როდესაც მას ხუთი ადმინისტრატორი ჰყავს და თითოეული მათგანი საწარმოს პარტნიორია (იხ.სააპელაციო საჩივარი - ტ.2, ს.ფ.11-20).

14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა მოწინააღმდეგის (მოპასუხის) გამოუცხადებლობის გამო. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც არ დაკმაყოფილდა დასაქმებულის სარჩელი და, ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი. საწარმოს, დასაქმებულის სასარგებლოდ, დაეკისრა 2250 ლარის გადახდა. საწარმოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა (იხ. ტ.2, ს.ფ. 83).

15. სააპელაციო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მოტივებზე მსჯელობისას აღნიშნა, რომ საქმის განხილვისას, 6 მარტის სხდომაზე, სააპელაციო სასამართლოში გამოცხადდა დასაქმებულის წარმომადგენელი, ხოლო საწარმოს დირექტორი და მისი წარმომადგენელი არ გამოცხადდნენ. საწარმოს წარმომადგენელმა 5 მარტს, წერილობითი შუამდგომლობა წარადგინა სასამართლოში და მოითხოვა საქმის განხილვის გადადება იმ საფუძვლით, რომ იგი მონაწილეობდა საქალაქო სასამართლოში ერთ-ერთი დავის განხილვაში, რის გამოც ვერ შეძლებდა სააპელაციო სასამართლოს სხდომაში მონაწილეობას.

16. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა აღნიშნულ შუამდგომლობაზე და მიიჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რომ მოცემული საქმის განხილვა ერთხელ უკვე გადაიდო სწორედ საწარმოს წარმომადგენლის ინიციატივით იგივე მოტივით. სასამართლომ ისიც აღნიშნა, რომ სხდომაზე არ გამოცხადდა არც საწარმოს დირექტორი და უცნობი იყო მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი.

17. სასამართლომ მიიჩნია, რომ საწარმოს წარმომადგენლის შუამდგომლობა ემსახურებოდა საქმის გაჭიანურებას და არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების საფუძველი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 215-ე მუხლზე დაყრდნობით, სასამართლომ განმარტა, რომ შუამდგომლობის დასაბუთებულად მისაჩნევად, მოპასუხემ ვერ მიუთითა კანონით განსაზღვრულ საპატიო მიზეზზე.

18. მოსარჩელემ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა, მოწინააღმდეგის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და დასაქმებულის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება (იხ. ამ განჩინების მე-12 პუნქტი).

19. სასამართლომ, სსსკ-ის 387-ე მუხლზე მითითებით, დამტკიცებულად მიიჩნია მოსარჩელის სააპელაციო საჩივარსა და სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები (იხ. მე-2, მე-3 და მე-12 პუნქტები) და აღნიშნა, რომ სშკ-ის 31-ე, 32-ე მუხლების საფუძველზე, დამტკიცებულად მიჩნეული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, შესაბამისად, სსსკ-ის 230-ე მუხლზე დაყრდნობით, სახეზე იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის პროცესუალური საფუძველი.

20. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 23 მარტის განჩინებით, ასევე, დაკმაყოფილდა მოსარჩელის კერძო საჩივარი, გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 23 ოქტომბრის განჩინება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში (იხ. ამ განჩინების მე-10 პუნქტი) და ამ ნაწილში დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა, შესაბამისად, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, დასაქმებულის სასარგებლოდ, საწარმოსათვის 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2014 წლის 21 ივლისამდე პერიოდის საზოგადოების საბანკო ამონაწერებისა და ბრუნვის უწყისების გადაცემის ნაწილშიც და გაიცა სააღსრულებო ფურცელი (იხ. ტ.2, ს.ფ. 88-89, 114).

21. საწარმომ, 2015 წლის 3 აპრილს, საჩივარი წარადგინა და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 6 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მოპასუხემ სხდომამდე წარადგინა განცხადება, სადაც მიუთითა 6 მარტის სხდომის გადადების შესახებ შუამდგომლობის მიზეზებზე, რომელიც უკავშირდებოდა საქალაქო სასამართლოში მიმდინარე საქმისწარმოებას ერთ-ერთი საწარმოს გადახდისუუნარობის საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც მოპასუხის წარმომადგენელი სამი სამეწარმეო სუბიექტის ინტერესებს წარმოადგენდა. ამავე საქმეზე უნდა არჩეულიყო კრედიტორთა კომიტეტი, რომლის წევრად მოპასუხის წარმომადგენლის კანდიდატურა იყო დასახელებული, რის გამოც იგი ვერ შეძლებდა სააპელაციო განხილვაში მონაწილეობას.

22. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 1 ივლისის განჩინებით მოპასუხე საწარმოს საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალტის 2015 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება. სასამართლომ მიუთითა წინამდებარე განჩინების მე-19 პუნქტში ასახულ გარემოებებზე და, სსსკ-ის 387-ე, 230-ე, 70-78-ე, 241-ე, 233-ე მუხლების ანალიზის საფუძველზე, განმარტა: საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ საწარმოს წარმომადგენელს 2015 წლის 6 მარტს, 16 საათზე დანიშნული მთავარი სხდომის შესახებ, სატელეფონო შეტყობინებით, ეცნობა იმავე წლის 27 თებერვალს. 5 მარტს წარმომადგენელმა იშუამდგომლა სხდომის გადადება, ხოლო ვინაიდან მხარე არის იურიდიული პირი - შპს, რომელსაც სასამართლოში წარმოადგენს, როგორც ადვოკატი, ისე, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი - დირექტორი, ეს უკანასკნელი კი ჩართული იყო სამართალწარმოების პროცესში, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას; ამასთან, საწარმოს დირექტორი, რომელიც, კანონის თანახმად, გაფრთხილებული იყო სასამართლო სხდომის დროის, თარიღისა და ადგილის შესახებ, არ გამოცხადებულა სასამართლო სხდომაზე და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის. ამდენად, საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით, თუკი საწარმოს წარმომადგენელს (ადვოკატს) არ ჰქონდა შესაძლებლობა, გამოცხადებულიყო სხდომაზე, სასამართლოში გამოცხადების ვალდებულება მეორე წარმომადგენელს - დირექტორს ჰქონდა. სასამართლოში არ არის წარდგენილი რაიმე მტკიცებულება, როგორც დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების, ისე, საჩივრის განხილვის ეტაპზე, რომელიც დაადასტურებდა საწარმოს დირექტორის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს. ამდენად, სასამართლომ დაასკვნა, რომ სხდომაზე საწარმოს ერთი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიოობის შესახებ საჩივარში მითითებული მოტივი, არ ცვლიდა მოპასუხის მეორე წარმომადგენლის (დირექტორის) გამოუცხადებლობის არასაპატიო მიზეზს.

23. საწარმომ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში არსებითად განსახილველად.

24. კასატორი აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მსჯელობასა და დასკვნებს საწარმოს დირექტორის სხდომაზე გამოუცხადებლობის არასაპატიოობის შესახებ, რადგან დირექტორი შპს-ის კანონისმიერი წარმომადგენელია და იგი არ ყოფილა კონკრეტულ სამართალწარმოებაში წარმომადგენლობის განსახორციელებლად მიწვეული. ადვოკატი, წარმომადგენლის სტატუსით, მონაწილეობდა საქმეში და მას ევალებოდა წარმომადგენლობის განხორციელება. გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებული მსჯელობით, შესაძლებელია, რომ მიუხედავად წარმომადგენლობისა, მხარე ვალდებულად იქნეს მიჩნეული, რომ თვითონვე დაესწროს ყველა პროცესს და უშუალოდ მონაწილეობდეს სამართალწარმოებაში, რაც დაუსაბუთებელია. კასატორი უთითებს, რომ ის წარმოადგენდა საწარმოს და არა მის დირექტორს და არ ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების 4.3. პუნქტში მითითებულ დასკვნას (იხ. ტ.2, ს.ფ.135), სსსკ-ის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „მინდობილობას ორგანიზაციის სახელით გასცემს შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან სხვა უფლებამოსილი პირი“. წარმომადგენელს ჰქონდა საპატიო მიზეზი, რის გამოც ვერ შეძლო სააპელაციო განხილვაში მონაწილეობა.

25. საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 18 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვეობის შესამოწმებლად, ხოლო 2016 წლის 27 აპრილის განჩინებით დასაშვებადაა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაბუთებულობის, საქმის მასალების შესწავლისა და მტკიცებულებათა გაანალიზების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო განაცხადი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

26. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორმა დასაბუთებული შედავება წარმოადგინა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების თაობაზე.

27. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს კვლევისა და შეფასების საგანია სასამართლოს სხდომაზე, როგორც საწარმოს დირექტორის, ისე მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის ფაქტი, ხოლო შემდეგ თავად ამ ფაქტის საპატიოობა.

28. საქმის მასალების შესწავლისას, საკასაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა შემდეგ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:

28.1.სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 23 იანვრის განჩინებით დასაქმებულისა და დამსაქმებლის სააპელაციო საჩივრების განხილვა მთავარ სხდომაზე დაინიშნა იმავე წლის 4 თებერვალს 11 საათზე, რის თაობაზეც ეცნობათ მხარეებს, მათ შორის, საწარმოს წარმომადგენელს - ადვოკატ ტ. ჩოჩიშვილს, რომელსაც სხდომის დანიშვნის შესახებ გზავნილი ჩაჰბარდა 2015 წლის 31 იანვარს (იხ. ტ.2, ს.ფ. 54-56, 58-59).

28.2. ადვოკატმა 2015 წლის 3 თებერვალს განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის საქმის განმხილველ მოსამართლეს და სთხოვა იმავე წლის 4 თებერვალს დანიშნული სხდომის სხვა დროისათვის გადადება იმ დასაბუთებით, რომ 4 თებერვალს, 11 საათზე, საქალაქო სასამართლოში, ჯერ კიდევ გასულ წელს დანიშნულ სამოქალაქო საქმეზე უნდა მიეღო მონაწილეობა, რის დასტურადაც განცხადებას დაურთო შესაბამისი გზავნილი (იხ. ს.ფ. 60-61).

28.3. სასამართლომ 2015 წლის 4 თებერვლის სხდომაზე გამოაქვეყნა მოპასუხის წარმომადგენლის განმარტება და, სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საპატიოდ ჩათვალა ადვოკატის სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი (იხ. 28.2. ქვეპუნქტი), შესაბამისად, მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სხდომა გადაიდო იმავე წლის 2 მარტს, რაც 25 თებერვალს ეცნობა ადვოკატს (იხ. ტ.2, ს.ფ. 68), ხოლო 27 თებერვალს ადვოკატს ეცნობა, რომ, სასამართლოს არასრული შემადგენლობის გამო, სხდომა 6 მარტისთვის გადაიდო (იხ. ტ. 2, ს.ფ. 69-70).

28.4. ადვოკატმა 5 მარტს წარადგინა განცხადება და მოითხოვა სხდომის გადადება წინამდებარე განჩინების მე-15 პუნქტში მითითებული საფუძვლით, ამასთან, განცხადებაში ადვოკატმა მარტისა და აპრილის თვის რამდენიმე კონკრეტული თარიღიც მიუთითა, რათა შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლოს განესაზღვრა თარიღი და არ მომხდარიყო, სხვა საქმეებზე დანიშნულ სხდომებში ადვოკატის მონაწილეობის გამო, სხდომის დანიშვნის შეფერხება. ადვოკატმა 5 მარტის განცხადებას დაურთო საქალაქო სასამართლოში 6 მარტის 16 საათზე დანიშნული სხვა სხდომის შესახებ სასამართლო უწყება (იხ. ტ.2, ს.ფ. 72-73).

29. საკასაციო სასამართლო წინამდებარე განჩინების 28-ე პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას (იხ. ამ განჩინების 16-17 პუნქტები), რომ წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმის გაჭიანურებას ემსახურებოდა და არ არსებობდა საპატიო მიზეზი სხდომის განხილვის გადასადებად.

30. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სწრაფი, ეკონომიური და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელება როგორც სასამართლო ხელისუფლების, ისე სამართალწარმოების მონაწილე პირთა პასუხისმგებლობაა და საამისოდ ყველა ლეგიტიმური შესაძლებლობის გამოყენებაა საჭირო, რაც თანაბრად უზრუნველყოფს მხარეთა თანასწორობას საქმის განხილვის ყველა ეტაპზე და ხელს შეუწყობს სასამართლოში საქმეთა განხილვის გაჭიანურების არიდებას.

31. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 4 თებერვალს და 6 მარტს, მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლო სხდომის სხვა დროისათვის გადადება ერთი და იგივე დასაბუთებით /ადვოკატის სხვა სხდომაში მონაწილეობა/ იყო მოთხოვნილი, თუმცა, 4 თებერვლის სხდომის გადადების შესახებ შუამდგომლობა დააკმაყოფილა სასამართლომ, რადგან გადადების მიზეზი საპატიოდ მიიჩნია, ხოლო 6 მარტის სხდომის გადადების მოთხოვნით წარდგენილი განცხადება, თანდართული საწარმოს წარმომადგენლის სხვა სხდომაზე დაბარების სასამართლო გზავნილით, არასაპატიოდ და სასამართლო განხილვის გაჭიანურებად ჩათვალა. სააპელაციო სასამართლოს ამგვარ შფასებას არ ეთანხმება საკასაციო სასამართლო, რადგან 6 მარტის სხდომამდე, სასამართლომ სხდომის თარიღად 2 მარტი განსაზღვრა, თუმცა, მას თავადვე მოუწია სხდომის თარიღის შეცვლა, ობიექტური საფუძვლით, ერთ-ერთი მოსამართლის ავადმყოფობის გამო, რასაც, ბუნებრივია, წინასწარ ვერც სასამართლო განჭვრეტდა და ვერც სამართალწარმოების მონაწილე რომელიმე მხარე. სააპელაციო სასამართლოს მიერ 6 მარტს, 16 საათზე განსაზღვრულ სხდომის დღეს, დაემთხვა საწარმოს წარმომადგენელი ადვოკატის მონაწილეობა იმავე დღესა და იმავე საათზე საქალაქო სასამართლოში, რაც უტუარად დასტურდება ადვოკატის მიერ სხდომის წინა დღეს წარდგენილი 5 მარტის განცხადებითა და მასზე დართული სასამართლო გზავნილით (იხ. ამ განჩინების 28-ე პუნქტი). შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამართალწარმოების მონაწილე მხარის წარმომადგენელს ობიექტურად ვერ ექნებოდა საქმის განხილვის გაჭიანურების მიზანი, რადგან მისი სხვა სხდომაში მონაწილეობა დადასტურებულია შესატყვისი მტკიცებულებით, ხოლო 5 მარტის განცხადებაში, ადვოკატის მიერ მარტისა და აპრილის თვეებში მითითებული კონკრეტული თარიღები, უკვე დანიშნული სხვა სასამართლო სხდომების თაობაზე, იმას ადასტურებს, რომ წარმომადგენელმა წინასწარ მიაწოდა უკვე დანიშნული სხდომების ზუსტი თარიღების შესახებ ინფორმაცია სააპელაციო სასამართლოს, რათა მორიგი სხდომის თარიღის განსაზღვრისა და სასამართლო განრიგის დაგეგმვაში შეეწყო ხელი.

32. სსსკ-ის 387-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სპეციალური ნორმით გაუთვალისწინებელი ყველა სხვა შემთხვევის მიმართ გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ვინაიდან სააპელაციო სამართალწარმოების მარეგულირებელი ნორმები არ შეიცავს რაიმე დანაწესს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს საკითხი სწორედ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მარეგულირებელი ნორმებით უნდა შეფასდეს.

33. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, „დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის“. ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით კი, დადგენილია, თუ რა განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების მიზნებისათვის საპატიო მიზეზად, კერძოდ, „მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას“.

34. საქმის მასალებშია სააპელაციო სასამართლოს 6 მარტის სხდომის წინა დღეს - 5 მარტს წარდგენილი შუამდგომლობა (განცხადება) სხდომის გადადების შესახებ, რომელსაც ერთვის მოპასუხის წარმომადგენლის სხვა სასამართლო სხდომაზე მონაწილეობის დამადასტურებელი მტკიცებულების - სასამართლო უწყების დედანი (სსსკ-ის 105-ე მუხლი, 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი), რაც უტყუარად ადასტურებს საწარმოს წარმომადგენელი ადვოკატის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს, ამას, თავად სააპელაციო სასამართლოც აღნიშნავს გასაჩივრებული განჩინების 4.7. პუნქტის მე-10 აბზაცში (იხ. ტ.2, ს.ფ. 138, ასევე, წინამდებარე განჩინების 22-ე პუნქტის ბოლო წინადადაება).

35. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს, ასევე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ გასაჩივრებული განჩინების მსჯელობასა და დასკვნას, საწარმოს დირექტორის, როგორც წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის გამოუცხადებლობის არასაპატიოობაზე (იხ. ამ განჩინების 22-ე პუნქტი), ეთანხმება კასატორის პრეტენზიას (იხ. ამ განჩინების 24-ე პუნქტი) და თავად მხარის, მოცემულ შემთხვევაში, საწარმოს დირექტორის გამოუცხადებლობის შესახებ განმარტავს, რომ არც ეს გარემოება არ წარმოადგენდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების წინაპირობას, რადგან საწარმოს წარმომადგენელი არის იურიდიული პირის თანამდებობის პირი, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია და არაა ვალდებული, იმოქმედოს სამეწარმეო საზოგადოების სახელით, თანახმად სსკ-ის 93-ე მუხლის პირველი ნაწილისა, ხოლო მეორე ნაწილის შესაბამისად: „მხარეებს შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. სამქის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს, თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში“. განსახილველ შემთხვევაში, საწარმოს დირექტორი, მართალია, მონაწილეობდა სამართალწარმოებაში პირველი ინსტანციიდან მოყოლებული, თუმცა, სწორედ ამავე ეტაპიდან, საზოგადოების ინტერესებს წარმოადგენდა სამართლებრივ დახმარებასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი ადვოკატი (იხ. მაგ. სხდომის ოქმი - ტ. 1, ს.ფ. 121-135), რომელსაც ჰქონდა 6 მარტის სხდომაზე გამოუცხადებლობის ობიექტური, საპატიო მიზეზი, რაც წინასწარ - 5 მარტს აცნობა სასამართლოს და შესაბამისი მტკიცებულებაც წარუდგინა, ამდენად, „სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილი არაა იმპერატიული ხასიათის და მხარეს მხოლოდ უფლებით აღჭურავს, თავადაც მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ჰყავს წარმომადგენელი. მხარისა და წარმომადგენლის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის გათვალისწინებით, როდესაც მხარე მისი უფლების დაცვის შესაძლებლობას წარმომადგენელს მიანიჭებს, თუ წარმომადგენელი მინიჭებულ უფლებამოსილებას კეთილსინდისიერად ახორციელებს, წარმომადგენლის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა მხარისათვის არახელსაყრელი შედეგის დადგომის წინაპირობა არ შეიძლება გახდეს, რადგანაც მას ამ ურთიერთობის მიმართ კანონიერი ნდობა გააჩნია და ორიენტირებულია ადვოკატის მიერ მისი უფლების კვალიფიციურად დაცვაზე“ (იხ.სუსგ - #ას-1666-1654-2011, 08.12.2011 წ.).

36. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში „მირაგალ ესკოლანო და სხვები ესპანეთის წინააღმდეგ“ დაადგინა, რომ როდესაც საკითხი ეხება სამართლებრივი სიცხადის პრინციპს (Legal certainty), ეს არ არის უბრალოდ სამართლებრივი ნორმის ინტერპრეტაციის პრობლემა, არამედ ადგილი ჰქონდა პროცედურული მოთხოვნის არაგონივრულ კონსტრუქციას, რამაც გამოიწვია ეფექტური სასამართლო დაცვის უფლების დარღვევა. მხარეებს უნდა შეეძლოთ გასაჩივრების უფლების გამოყენება იმ მომენტიდან, როცა მათ ძალუძთ ეფექტურად შეაფასონ ის ტვირთი, რომელსაც აკისრებთ სასამართლო გადაწყვეტილება. ეროვნული სასამართლოების მიერ პროცედურული წესის განსაკუთრებით მკაცრმა ინტერპრეტაციამ არასწორად ჩამოართვა მომჩივნებს თავიანთი საჩივრების განხილვისათვის სასამართლოსადმი წვდომის უფლება (Mirigall Escolano and Others v. Spain, 38366/97, $33, 2000, ECHR).

37. საკასაციო სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია კასატორის პრეტენზიები, რის გამოც აკმაყოფილებს განაცხადს და აუქმებს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 1 ივლისის განჩინებას.

38. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ 2015 წლის 6 მარტს დანიშნულ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რაც მან სათანადოდ დაასაბუთა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მარეგულირებელ ნორმათა არასწორი განმარტებისა და წარდგენილი მტკიცებულების არასწორად შეფასების გამო, აპელანტს უსაფუძვლოდ უთხრა უარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებაზე.

39. კასატორს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს (იხ. ტ.2, ს.ფ. 150-151).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს "ლ–ეს" საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 1 ივლისის განჩინება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად;

3. კასატორს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე