Facebook Twitter

ბს-974-560(კ-05) 14 დეკემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე (მომხსენებელი),

ნ. სხირტლაძე

დავის საგანი: საიჯარო ხელშეკრულების მოშლა; საჯარიმო თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 13 აგვისტოს ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ მოპასუხე ლ. გ.-ის მიმართ, საიჯარო ხელშეკრულების მოშლის, საიჯარო დავალიანების 3870 აშშ დოლარის, ჯარიმის 365 აშშ დოლარის გადახდის და მოპასუხის მფლობელობიდან მის მიერ დაკავებული ფართის გამოთხოვის მოთხოვნით. სასარჩელო განცხადებას მოსარჩელე აფუძნებდა შემდეგ გარემოებებზე:

1997წ. 31 დეკემბერს გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტსა და მოქალაქე ლ. გ.-ს შორის, დაბა წყნეთში, ... მდებარე ¹22-ე საცხოვრებელ-სააგარაკო კოტეჯის არასაცხოვრებელ 87,3 კვ.მ-ზე, საპრივატიზებო ღირებულებით 3650 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.

ხელშეკრულების თანახმად “მოიჯარეს” უნდა გადაეხადა საიჯარო ქირა 365,0 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით ყოველ ექვს თვეში ერთხელ თანაბარწილად ქონების ღირებულების არანაკლებ 10%-ის ოდენობით ყოველწლიურად, რაც არ შესრულებულა. 04.02.04 წელს მოპასუხეს გაეგზავნა 32-22/248 წერილი, რომლითაც მიეცა გაფრთხილება დავალიანების დაფარვის შესახებ. დავალიანება შეადგენს 3870 აშშ დოლარს. “სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” 08.09.97წ. დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოპასუხეს უნდა გადახდეს საჯარიმო თანხა, ხოლო სსკ-ის 172-ე მუხლის შესაბამისად კი გამოთხოვნილ იქნეს მოპასუხის მფლობელობიდან მის მიერ დაკავებული ფართი.

23.12.2004 წელს ლ. გ.-მა შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლო და მოითხოვა მას და თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს შორის 1997წ. 31 დეკემბრის დადებული ხელშეკრულების შეწყვეტა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გადაცემა. შეგებებულ სარჩელში ლ. გ.-ი აღნიშნავდა, რომ სადავო მიწის ფართის ღირებულება მის მიერ გადახდილია, ხოლო სსკ-ის 129-ე, 130-ე მუხლების თანახმად, კი საიჯარო ქირის გადახდის მოთხოვნა ხანდაზმულია, რაც შეეხება ჯარიმის თანხას, იგი ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ ყოფილა.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005წ. 21 იანვრის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილორივ; მოპასუხე ლ. გ.-ს გადახდა 2004წ. 8 დეკემბრის მდგომარეობით სამი წლის საიჯარო ქირა 1095 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, მოსარჩელის ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სასარგებლოდ. დანარჩენ მოთხოვნაზე მოსარჩელეს უარი ეთქვას უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.

ლ. გ.-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ საიჯარო ხელშეკრულება ¹5/236 შედგენილი 1997წ. 31 დეკემბერს შეწყდა და ლ. გ.-ს მიერ 1095 აშშ დოლარის გადახდის შემდეგ, მოსარჩელეს დაევალა ლ. გ.-ისათვის იჯარით აღებულ ქონებაზე საკუთრების მოწმობის გაცემა.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაინულმა სასამართლომ გადაწყვეტილება დაამყარა შემდეგ გარემოებებზე:

მოპასუხე ლ. გ.-ს გამოსასყიდი თანხა მთლიანად გადახდილი აქვს 2004წ. 8 დეკემბრამდე. სკ-ის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ. გ.-ს უნდა გადახდეს 2004წ. 8 დეკემბრის მდგომარეობით სამი წლის საიჯარო ქირა. რაიონულმა სასამართლომ ჩათვალა, რომ მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ჯარიმას არ ითვალისწინებდა, რის საფუძველზეც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 21.01.05წ. გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ. სააპელაციო საჩივარში აპელანტი მიუთითებდა, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა. კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სკ-ის 129-ე მუხლის პირველი პუნქტის გვერდის ავლით გადაწყდა საქმე. სასამართლომ ასევე არასწორად განმარტა კანონი და სკ-ის 317-ე მუხლის არასწორი ინტერპრეტაციის შედეგად უარი უთხრა ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამმართველოს მოპასუხისათვის ჯარიმის დაკისრებაზე, მაშინ, როდესაც სსკ-ის 317-ე მუხლით ვალდებულება წარმოიშობა არა მარტო ხელშეკრულებით, არამედ _ კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებშიც.

აპელანტის განცხადებით, კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ არ გამოიყენა “სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” დებულების მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები, აგრეთვე, ყოვლად უსაფუძვლო და გაუგებარი მითითება გააკეთა სკ-ის 361-ე მუხლზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005წ. 21 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებას, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებასა და მოპასუხისათვის უარის თქმას შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 21.01.05წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. გ.-მ. სარჩელში აპელანტი აღნიშნავდა, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება კანონსაწინააღმდეგოა და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. ლ. გ.-ს საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პერიოდულად გადასახდელი საიჯარო ქირა დაეკისრა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ სსკ-ის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის დარღვევით, რადგან აღნიშნული მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომელიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. ლ. გ.-ს კი საიჯარო ქირა 1997 წლიდან არ გადაუხდია, რის გამოც საიჯარო ქირის გადახდის მოთხოვნის ხანდაზმულობა გასულია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005წ. 21 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლას, მოსარჩელისათვის სარჩელზე უარის თქმას და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 9 ივნისის განჩინებით გაუქმდა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005წ. 21 იანვრის გადაწყვეტილება და ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს და ლ. გ.-ის სააპელაციო საჩივარი დამაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე ლ. გ.-ს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სასარგებლოდ დაეკისრა ქირა 1095 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი და ჯარიმა _ 365 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. შეწყდა ლ. გ.-სა და ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს შორის 1997წ. 31 დეკემბერს დადებული საიჯარო ხელშეკრულება. ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღღიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს დაევალა იჯარით აღებულ ქონებაზე ლ. გ.-ისათვის საკუთრების მოწმობის გაცემა. დანარჩენ მოთხოვნებზე ლ. გ.-ს უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.

სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგ გარემოებებზე დაყრდნობით:

1. ლ. გ.-ის მიერ დარღვეულ იქნა 1997წ. 31 დეკემბრის ხელშეკრულების 2.1 და 2.2 მუხლების მოთხოვნები და ასევე “სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” დებულების 6.2 მუხლი, რომლის თანახმადაც “საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობათა შუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში “მოიჯარე” იღებს გაფრთხილებას წერილობითი სახით და ჯარიმდება საიჯარო ქონების საბოლოო ფასის 10%-ით.

2. უსაფუძვლოა ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მოთხოვნა ლ. გ.-ის მფლობელობიდან მის მიერ დაკავებული ფართის გამოთხოვის შესახებ, რადგან აღნიშნული ეწინააღმდეგება სკ-ის 170-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნას.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 9 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ, სარჩელში კასატორი მიუთითებდა, რომ სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ის 129-ე მუხლის პირველი პუნქტი და იხელმძღვანელა სსკ-ის 129-ე მუხის მე-2 ნაწილით, მაშინ, როდესაც დავის საგანს წარმოადგენდა უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო ურთიერთობა. სასამართლომ ასევე არ შეაფასა მეტკიცებულებები და არ გაითვალისწინა, რომ ლ. გ.-მა დაარღვია სსკ-ის 361-ე მუხლი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამოდინარე, კასატორი ითხოვდა თბილისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 9 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებას, სარჩელის დაკმაყოფილებასა და ლ. გ.-ისათვის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

საოლქო სასამართლოს 2005წ. 9 ივნისის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ლ. გ.-მა. საჩივარში ლ. გ.-ი აღნიშნავდა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სსკ-ის 398-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” პუნქტების შესაბამისად, კანონის დარღვევითაა მიღებული. კერძოდ, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა “სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” 1999წ. 31 მარტის 31-3/152 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა საოლქო სასამართლოს 2005წ. 9 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებას საიჯარო ქირის _ 1095 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი და 365 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარი ჯარიმის დაკისრების ნაწილში და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო რაც შეეხება ლ. გ.-ის საკასაციო საჩივარს დაკმაყოფილებულ უნდა იქნეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

1997წ. 31 დეკემბერს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტსა (“მეიჯარესა”) და მოქალაქე ლ. გ.-ს (“მოიჯარეს”) შორის დაიდო იჯარა გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულება.

ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 10 წლით, კერძოდ 1997წ. 31 დეკემბრიდან 2007წ. 31 დეკემბრამდე.

მითითებული ხელშეკრულების 2.1 პუნქტის შესაბამისად, საიჯარო ქირა განისაზღვრა აღნიშნული ობიექტის კონკურსზე დაფიქსირებული საბოლოო საპრივატიზაციო ღირებულების 3650 აშშ დოლარის 10%-ის ოდენობით, ანუ 365,0 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარით. საიჯარო ქირის გადახდა “მოიჯარეს” ევალებოდა წელიწადში ორჯერ ყოველ ექვს თვეში ერთხელ თანაბარ წილად.

ამავე ხელშეკრულების 2.4 პუნქტის შესაბამისად, საიჯარო ქირა არ წარმოადგენდა იჯარით აღებული ქონების გამოსასყიდ თანხას.

დადგენილია, რომ “მოიჯარეს” ობიექტის გამოსასყიდი თანხა, გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის, გადახდილი აქვს სრულად.

კასატორი ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო არ ეთანხმება გადაწყვეტილებას რომლითაც “მოიჯარეს” დაეკისრა ბოლო სამი წლის გადაუხდელი საიჯარო ქირის გადახდა და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონი არასწორად გამოიყენა.

საკასაციო სასამართლომ კასატორის პრეტენზიის საფუძველზე შეამოწმა სააპელაციო სასამართლოს მხრიდან კანონის ნორმათა გამოყენების მართებულობა და მიიჩნევს, რომ კასატორის პრეტენზია ამ ნაწილში უსაფუძვლოა.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას საიჯარო ქირის მოთხოვნის ნაწილში სკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 6 წლიანი ხანდაზმულობის გამოყენების თაობაზე და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმე გაქვს ამავე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ ურთიერთობასთან. კერძოდ, სკ-ის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან არის სამი წელი. რაც ნიშნავს იმას, რომ ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს ვალდებულების შესრულებას არა ერთდროულად, არამედ განსაზღვრული პერიოდების მიხედვით. მაგ. როგორც წარმოდგენილ შემთხვევაში, როდესაც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად, “მოიჯარეს” იჯარის ქირის გადახდა ევალებოდა წელიწადში ორჯერ, ყოველ 6 თვეში ერთხელ. ასეთ შემთხვევაში, თითოეული შესრულების დარღვევა ცალ-ცალკე წარმოშობს მოთხოვნის უფლებას და ასეთი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა წარმოადგენს არა 6 წელს, როგორც ამას კასატორი მიუთითებს, არამედ სკ-ის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული 3 წელს.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გამოყენებისას სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ადგილი არა აქვს კანონის მოთხოვნათა დარღვევას, რის გამოც კასატორის პრეტენზია ამ ნაწილში უსაფუძვლოა.

რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს მხრიდან მტკიცებულებების არასრულად შეფასებისა და ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტაზე უარის თქმის უსაფუძვლობის თაობაზე, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო კასატორის ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს ყურადღებას მიაქცევს მასსა და მოწინააღმდეგე მხარეს შორის დადებული ხელშეკრულების 6.3 პუნქტს, რომლის თანახმადაც, საიჯარო ხელშეკრულება ითვლება შეწყეტილად, თუ მოიჯარემ მთლიანად გამოისყიდა საიჯარო ქირა.

დადგენილია და აღნიშნულის თაობაზე პრეტენზიას არ წარმოადგენს თავად კასატორი ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო, რომ 2004წ. დეკემბრისათვის მოიჯარეს სრულად აქვს გადახდილი გამოსასყიდი თანხა, რაც “მოიჯარის” მხრიდან მიღებულია.

ამდენად, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 6.3 პუნქტის შესაბამისად, მითითებული ხელშეკრულება გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის იყო შეწყვეტილი, რის გამოც სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე ვერ იმსჯელებდა მხარეთა შორის შეწყვეტილი ხელშეკრულების სასამართლო წესით შეწყვეტაზე. შესაბამისად, ამ ნაწილშიც კასატორის პრეტენზია უსაფუძვლოა და არ ემყარება კანონის შესაბამის ნორმას.

რაც შეეხება კასატორის ლ. გ.-ის საკასაციო საჩივარს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯარიმის 365 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში კასატორის პრეტენზია საფუძვლიანია და ექვემდებარება გაზიარებას შემდეგი გარემოების გამო:

“სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” დებულების 6.2 მუხლი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში ითვალისწინებს “მოიჯარის” გაფრთხილებასა და დაჯარიმების საიჯარო ქონების საბოლოო ფასის 10%-ით.

დებულებაში გათვალისწინებული ჯარიმა თავისი ბუნებით წარმოადგენს სკ-ის 417-ე მუხლით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს, რომელის გადახდაც, ზემოაღნიშნული დებულების ანალოგიურად, მხარეს ეკისრეა ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

სკ-ის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. გამომდინარე იქიდან, რომ 1997წ. 31 დეკემბერის საიჯარო ხელშეკრულება არ შეიცავს მხარეთა შეთანხმებას ჯარიმის (პირგასამტეხლოს) თაობაზე, საკასაციო სასამართლო, ქონების საპრივატიზაციო ღირებულების 10%-ის ოდენობით ჯარიმის დაკისრებას მიიჩნევს კანონშეუსაბამოდ და თვლის, რომ ამ ნაწილში კასატორის პრეტენზია საფუძვლიანია.

რაც შეეხება გადაუხდელი 3 წლის საიჯარო ქირის დაკისრებას, საკასაციო სასამართლო ამ ნაწილში კასატორის პრეტენზიას მიიჩნევს უსაფუძვლოდ და ამ უკანასკნელის ყურადღებას მიაქცევს სკ-ის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომელიც მისგან, როგორც ვალდებულებით ურთიერთობაში მყოფი პირისაგან, მოითხოვს, ვალდებულება შეასრულოს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრვატიზების სამმართველოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ლ. გ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

3. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 9 ივნისის გადაწყვეტილება გაუქმდეს ლ. გ.-ისათვის ჯარმის _ 365 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

4. ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების არღიცხვისა და პრივატიზაციის სამმართველოს სარჩელი ლ. გ.-ისთვის ჯარიმის _ 365 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;

5. ლ. გ.-ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 80 ლარის ოდენობით;

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.