საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-1216-1141-2015 3 ივნისი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სს „ს-ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ბ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – საწარმოო ტრავმით მარჩენალის დაკარგვის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს „ს“ (შემდეგში - საწარმო, მოპასუხე ან კასატორი) სადგურ ხაშურში, მთავარ კონდუქტორად მუშაობის დროს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მ. ბ-ის (შემდეგში მოსარჩელე, სარჩენი ან მარჩენალის შვილი) მამა, თ. ბ-ე (შემდეგში - ყოფილი მთავარი კონდუქტორი ან მარჩენალი) 1... წლის 4 მარტს, საწარმოში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გადაიცვალა (იხ. ტ.1., ს.ფ. 14-18; 20).
2. საწარმოს ვალდებულება აღიარებული აქვს (იხ. ტ.1. ს.ფ.14-18). მარჩენალის დაკარგვის გამო, საწარმომ გარდაცვლილის ოჯახის ორ წევრს - მეუღლეს - მ. ბ-ს და შვილს დაუნიშნა პენსია, გარდაცვლილი მარჩენალის საშუალო თვიური ხელფასის 2/3-ის ოდენობით, 1981 წლის 1 აპრილიდან (იხ. ხაშურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება - ტ.1, ს.ფ. 20).
3. წლების განმავლობაში, საწარმო გარდაცვლილი მარჩენალის შვილსა და მის მეუღლეს (ამ უკანასკნელის გარდაცვალებამდე), ყოველთვიურად უხდიდა დანიშნულ სარჩოს.
4. ამ განჩინების მე-2 პუნქტში მითითებული გადაწყვეტილების საფუძველზე, საწარმო სარჩენს ყოველთვიურად უხდის 92,95 ლარს (იხ. ტ.1.ს.ფ.21).
5. საწარმოში მომუშავე მატარებლის შემადგენლის (იგივე - ყოფილი კონდუქტორის თანამდებობა) ხელფასი 2011 წლის 1 მარტიდან 2012 წლის 1 ივლისამდე განისაზღვრა 750 ლარით, ხოლო 2013 წლის 1 მარტიდან დღემდე, ღამის საათების გარეშე - 750 ლარით (იხ. სააპელაციო სასამართლოს განჩინებით დადგენილი ფაქტები - ტ.2, ს.ფ. 42).
6. გარდაცვლილი მარჩენალის შვილმა, 2014 წლის 30 სექტემბერს სარჩელი აღძრა საწარმოს წინააღმდეგ და მოითხოვა, ამ უკანასკნელს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაჰკისრებოდა 2011 წლის ივნისიდან 2014 წლის ივნისამდე, ბოლო სამი წლის მიუღებელი სარჩოსათვის - 9557 ლარი, ხოლო 2014 წლის სექტემბრიდან - ყოველთვიურად 401 ლარი.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და, სარჩენის სასარგებლოდ, საწარმოს დაეკისრა:
1) მარჩენალის დაკარგვის გამო, ზიანის ასანაზღაურებლად, მიუღებელი სარჩოს -4 960.80 (ოთხი ათას ცხრაასსამოცი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარის ერთჯერადად გადახდა, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით;
2) 2014 წლის 1 სექტემბრიდან, ყოველთვიურად, სარჩოს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის გადახდა, საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით.
8. სასამართლომ გადაწყვეტილება დააფუძნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 316-317-ე, 408-ე, 411-ე, 992-ე, 1006-ე მუხლებზე; საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში სშკ) 155-ე მუხლზე (2006 წლის 4 ივლისამდე მოქმედი რედაქციით); ამავე კოდექსის 44-ე მუხლზე (სარჩელის აღძვრის მომენტისათვის მოქმედი რედაქციით); საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მე-4 და 102-ე მუხლებზე; საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლზე და მიუთითა, რომ ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში, ზიანის მიმყენებელმა სარჩოს დაწესებით უნდა აუნაზღაუროს ზიანი იმ პირებს, რომელთა რჩენაც დაზარალებულს ევალებოდა. ეს ვალდებულება ძალაშია, ვიდრე დაზარალებული ვალდებული იქნებოდა ეხადა სარჩო.
9. მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩენის სარჩელის უარყოფა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
9.1. საქმის მასალებით არ დასტურდებოდა ის, რომ მოსარჩელის შრომის უნარის დაკარგვა გამოწვეული იყო საწარმოს ბრალეული ქმედებით, გარდა ამისა, შესაბამისი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა, მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი სარჩოს - 4960.80 ლარის ერთჯერადად გადახდისა და ყოველთვიური სარჩოს -250 ლარის გადახდის თაობაზე. შესაბამისად, სარჩენის მოთხოვნა დაუსაბუთებელი იყო და იგი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, ვინაიდან სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოსარჩელემ ვერ წარადგინა სათანადო მტკიცებულებები;
9.2 . სასამართლოს მიერ გამოყენებული ნორმები არ აწესრიგებენ სარჩოს დაანგარიშების წესს. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის დადგენილებით დამტკიცებული ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის“ პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „დამსაქმებელი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა დასაქმებულის ჯანმრთელობას შრომითი მოვალეობის შესრულებისას, თუ ზიანი გამოწვეულია დამსაქმებლის ბრალეული მოქმედებით და შრომის კოდექსი ითვალისწინებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას ასეთი მოქმედებისათვის და, თუ არ არის გასული მოთხოვნის წარდგენის სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ვადა“. საწარმოს მითითებით, აღნიშნული წესი არეგულირებს ზიანის ანაზღაურების წესს მხოლოდ დამსაქმებლის ბრალის შემთხვევაში და არა უკვე დანიშნული სარჩოს გადაანგარიშებას;
9.3 გარდაცვლილი მარჩენალის შვილის მოთხოვნას, არსებული მატარებლის შემადგენლის ხელფასის გათვალისწინებით, სარჩოს გაზრდის თობაზე, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის N48-ე ბრძნებულებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის“ 38-ე პუნქტი შეეხებოდა, მარჩენალის გარდაცვალების გამო, ხელფასის ცვლილებასთან ერთად, დანიშნული სარჩოს გადაანგარიშებას. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 ნოემბრის N923 ბრძანებულებით, 38-ე პუნქტში შევიდა ცვლილება და დანიშნული სარჩო, ხელფასის ცვლილებასთან ერთად, გადაანგარიშებას აღარ დაექვემდებარა, რის გამოც, მოსარჩელის მოთხოვნა მოქმედი მუშაკის ხელფასიდან მისთვის სარჩოს გადაანგარიშების თაობაზე, სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული. ამასთან, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის N53-ე მოქმედი დადგენილება არ ითვალისწინებს მარჩენალდაკარგული პირისათვის სარჩოს გადაანგარიშების წესს, აღნიშნული აქტი უბრალოდ ხაზს უსვამს ასეთი სარჩოს ანაზღაურებას და ყოველივე ეს მიუთითებს, რომ არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი სარჩენის სარჩელის დასაკმაყოფილებლად;
9.4 სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელზეც საქალაქო სასამართლო უთითებს, სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთ საფუძვლად, ვრცელდება სახელშეკრულებო ან სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურებაზე, რაც არ შეიძლება გავრცელდეს, ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად, ზიანის ანაზღაურებაზე;
9.5 . საქალაქო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 408-ე მუხლი.
10. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით საწარმოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
11. სააპელაციო სასამართლომ განჩინებაში აღნიშნა, რომ განსახილველ საქმეში დავის საგანი იყო არა სარჩოს დაწესება, არამედ უკვე დაწესებული სარჩოს გადაანგარიშება. სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხის ბრალეულობის საკითხის განხილვა ხდებოდა სარჩოს დაწესებისას და არა მისი დაანგარიშებისას.
12. სასამართლომ, წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებულ გარემოებებზე დაყრდნობით, მიიჩნია, რომ საწარმოს არ გადაუანგარიშებია სარჩენის მიერ მისაღები გაზრდილი სარჩო, 2011-2014 წლებში მოქმედი მატარებლის შემადგენლის ყოველთვიური ხელფასის ოდენობის გათვალისწინებით, რის გამოც, გარდაცვლილი მარჩენალის შვილი არასრულად იღებდა და იღებს სარჩოს კუთვნილ ოდენობას, ამის გამო, მას ადგება ზიანი.
13. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, სასამართლომ მიიჩნია, წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში იურიდიულად მართებულად იყო შეფასებული, მხარეთა შორის ურთიერთობა გამომდინარეობდა ზიანის მიყენების შესახებ სამართლებრივი ურთიერთობიდან.
14. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ შრომითი მოვალეობის შესრულებისას, დასაქმებული პირისათვის სხეულის დაზიანებით, ან ჯანმრთელობისათვის სხვაგვარი ვნების მიყენებით, გამოწვეული ზიანი, უნდა ანაზღაურებულიყო არასახელშეკრულებო (დელიქტური) პასუხისმგებლობის ფორმით.
15. სასამართლომ აღნიშნა, რომ საწარმო პრეტენზიას ძირითადად ამყარებდა საქართველოს მთავრობის დადგენილებებზე (იხ. ამ განჩინების 9.2.- 9.3. ქვეპუნქტები).
16. სასამართლომ განმარტა, რომ სარჩოს გაანგარიშებას, მართალია, მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილება არ ითვალისწინებდა, თუმცა, თავად ზიანის ანაზღაურების მიზნიდან გამომდინარე, რომლის არსი სწორედ დაზარალებულის კომპენსირებაში მდგომარეობს, მხედველობაში იყო მისაღები ის შემოსავალი, რომელიც დაზარალებულს გააჩნდა ზიანის დადგომამდე ორგანიზაციაში მუშაობისას და ზიანის დადგომის შემდგომი პერიოდი, როდესაც, შრომის უნარის შეზღუდვის გამო, დაზარალებული ვეღარ ახერხებდა მუშაობას და, ამის გამო, მას უკვე არ ჰქონდა უნარი, მიეღო შემოსავალი ხელფასის სახით. აღნიშნულის შესაბამისად, სარჩოს სახით, ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმს სწორედ ხელფასის ის ოდენობა წარმოადგენდა, რასაც დაზარალებული იღებდა დაწესებულებიდან ჯანმრთელობის დაზიანებამდე, შრომის უნარის დაკარგვის ხარისხთან შეფარდებით; ამასთან, ვინაიდან გარდაცვლილი მარჩენალის თანრიგის მუშაკების ხელფასი გარკვეულ პერიოდში იზრდებოდა, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია საფუძვლიანად მარჩენალდაკარგული პირის მოთხოვნა, სარჩოს გადაანგარიშებით, ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
17. სასამართლომ, ასევე არ გაიზიარა, მოპასუხის პრეტენზია, რომ საქალაქო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები.
18. სასამართლომ აღნიშნა, რომ სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების სამართლებრივი ანალიზი ცხადჰყოფდა, რომ იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. თუ სხეულის დაზიანებით, ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად, დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით, იმ ოდენობით, რა ოდენობითაც მოსარჩელე მიიღებდა ხელფასს ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება რომ არ დამდგარიყო.
19. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ არსებობდა სსკ-ის 992-ე მუხლიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების დაკისრების ყველა წინაპირობა.
20. საბოლოოდ, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ, სარჩოს გადაანგარიშების საკითხზე მსჯელობისას, მართებულად იხელმძღვანელა ზემოთ მოხმობილი ნორმებით, სსკ-ის 1006-ე მუხლით, ასევე სშკ-ის 44–ე მუხლით და სწორად შეაფასა, რომ საწარმომ არამართლზომიერად არ გადაიანგარიშა მარჩენალდაკარგული პირისათვის სარჩო, მატარებლის შემადგენლის გაზრდილი ხელფასის ოდენობის გათვალისწინებით, რის გამოც, სარჩენი არასრულად იღებდა სარჩოს და მას ზიანი ადგებოდა.
21. საწარმომ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 21 ოქტომბრის განჩინება, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:
21.1. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული აქტი - საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის დადგენილება და სსკ-ის 408-ე მუხლი არ აწესრიგებენ სარჩოს გადაანგარიშების წესს;
21.2. წინამდებარე განჩინების 9.2.-9.3. ქვეპუნქტებში დასახელებული აქტები და საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის მოქმედი N53 დადგენილება, არ ითვალისწინებს მარჩენალდაკარგული პირისათვის სარჩოს გადაანგარიშების წესს;
21.3. სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 408-ე და 992-ე მუხლი. კასატორის მოსაზრებით, სამოქალაქო საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ გარდაცვლილი მემანქანის პროფესიული შრომის უნარის დაკარგვა საწარმოს ბრალით იყო გამოწვეული.
22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 17 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2016 წლის 5 თებერვლის განჩინებით, დასაშვებად ცნო სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის“ საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმებისა და საქმის მასალების, მტკიცებულებების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი სამართლებრივი მოტივაციით:
23. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
24. საკასაციო სასამართლო განსახილველი დავის სამართლებრივი შეფასებისას ყურადღებას მიაქცევს, რომ საქმის მასალებით დადგენილია, უბედური შემთხვევა მოხდა 1... წლის მარტში, როდესაც მარჩენალი იყო 50 წლის (იხ.ტ.1., ს.ფ. 14-18, დაზარალებულის დაბადების წელი- 1...). მარჩენალი გარდაიცვალა 1... წელს, 50 წლის ასაკში. მოსარჩელეს მოპასუხე ყოველთვიურად უხდის სარჩოს 92.95 ლარს და ამ ფაქტზე არ დავობენ მხარეები. სარჩოს მიმღების სასარჩელო მოთხოვნა ეხება, მოქმედი მატარებლის შემდგენელის (იგივე კონდუქტორის) ყოველთვიური ხელფასის მიხედვით, სარჩოს გადაანგარიშებას, რადგან 2011 - 2014 წლებში რამდენჯერმე გაიზარდა მატარებლის შემდგენელის ხელფასი და, მომატებული ხელფასის მიხედვით, მიუღებელი სარჩოს გამო, სარჩენს ადგება ზიანი.
25. საკასაციო სასამართლოს კვლევისა და შეფასების საგანია სსკ-ის 1006 ე- მუხლის საფუძველზე, მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხისათვის დაკისრებული, გაზრდილი (გადაანგარიშებული) სარჩოს დაკისრების მართლზომიერება. მოხმობილი ნორმით დადგენილია: „დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში ზიანის მიმყენებელმა სარჩოს დაწესებით უნდა აუნაზღაუროს ზიანი იმ პირებს, რომელთა რჩენაც დაზარალებულს ევალებოდა. ეს ვალდებულება ძალაშია, ვიდრე დაზარალებული ვალდებული იქნებოდა ეხადა სარჩო“. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მნიშვნელოვანია შეფასდეს, თუ როდემდეა ძალაში რჩენის ვალდებულება, ხოლო განსახილველ შემთხვევაში, კონკრეტულად უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა მარჩენალდაკარგული მოსარჩელისათვის მოქმედი მატარებლის შემდგენელის ხელფასის მიხედვით, სარჩოს გადაანგარიშების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
26. „საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია მართებულად შეფასდეს, თუ როდემდე იქნებოდა ვალდებული მარჩენალი, ერჩინა მის კმაყოფაზე მყოფი პირები, რომ არ დამდგარიყო ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება“ - იხ. სუსგ # 789-746-2015, 22.01.2016წ. განსახილველ დავაში, 1--- წელს დადგა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, როდესაც, საწარმოს ბრალით, მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, მატარებლის შემდგენელი გარდაიცვალა 50 წლის ასაკში. „ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება რომ არ დამდგარიყო, პრეზუმირებულია, რომ მემანქანე იმუშავებდა საპენსიო ასაკამდე, რომელიც იმხანად მოქმედი შრომის კოდექსის (1973 წლის 28 ივნისის რედაქციით) მიხედვით, მამაკაცებისათვის 65 წელს შეადგენდა. ამ ეტაპზე, საკასაციო სასამართლო აღარ ავითარებს მსჯელობას, გარკვეული კატეგორიის მუშაკთა შესაძლო ასაკობრივ შეზღუდვაზე, შესასრულებელი სამუშაოს სპეფიციკიდან გამომდინარე, რადგან ამ ფაქტზე შედავება კასატორს არ წარმოუდგენია სასამართლო განხილვის არცერთ ეტაპზე“ - იხ. სუსგ # 789-746-2015, 22.01.2016წ.
27. კასატორს აღიარებული აქვს ვალდებულება, მის მიერ მიყენებული ტრავმის გამო, მარჩენალდაკარგული მოსარჩელისათვის ყოველთვიური სარჩოს გადახდაზე, რასაც ასრულებს კიდეც, აღნიშნულ ფაქტზე მხარეები არ დავობენ. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, დაუსაბუთებელია სასარჩელო მოთხოვნა, სარჩენის სასარგებლოდ, სარჩოს გადაანგარიშების თაობაზე, მოქმედი მატარებლის შემდგენელის ხელფასის ცვლილების საფუძველზე, რადგან ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში, როგორც უკვე აღინიშნა, პრეზუმირებულია, რომ მარჩენალი იმუშავებდა საპენსიო ასაკამდე და სწორედ ამ პერიოდამდე იქნებოდა ვალდებული, ერჩინა მის კმაყოფაზე მყოფი პირები. „სსკ-ის 1006 მუხლის საფუძველზე, საწარმომ - ზიანის მიმყენებელმა - სარჩოს მიცემის ვალდებულება უნდა შეასრულოს მანამდე, ვიდრე, საწარმოს ბრალით დაზარალებული თანამშრომელი იქნებოდა ვალდებული, ერჩინა მის კმაყოფაზე მყოფნი, ანუ ეხადა სარჩო სარჩენი პირებისათვის“ -იხ. სუსგ # 789-746-2015, 22.01.2016წ.
28. საკასაციო სასამართლოს მიერ ანალოგიურ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით (საქმე # 789-746-2015, 22.01.2016წ) შეიცვალა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკა. განსახილველ შემთხვევაში, საწარმოს მიერ აღებული ვალდებულება, მისი ბრალით დამდგარი ზიანის ანაზღაურების ნაწილში, სრულდებოდა მარჩენალის გარდაცვალების შემდეგაც, მიუხედავად იმისა, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში, ცხადია, რომ საპენსიო ასაკამდე იმუშავებდა აწ გარდაცვლილი მარჩენალი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩენისათვის ყოველთვიური სარჩოს გადახდის ვალდებულება, მოცემულ შემთხვევაში, მისი სიცოცხლის განმავლობაში კვლავაც ეკისრება საწარმოს, თუმცა, 2011-2014 წლებში გაზრდილ ხელფასებზე მისადაგებით, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება, ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული, რის გამოც, უნდა დაკმაყოფილდეს საკასაციო განაცხადი და გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება.
29. საკასაციო სასამართლო, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, არ აკმაყოფილებს სარჩენის პრეტენზიას, 2011-2014 წლებში მოქმედი მატარებლის შემდგენლისათვის გაზრდილი ხელფასის მიხედვით, სარჩოს გადაუანგარიშებლობის გამო, მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე და უარყოფს სასარჩელო მოთხოვნას.
30. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველ, მეორე, მესამე ნაწილებზე და 49-ე მუხლის მე-4 ნაწილზე მითითებით, საკასაციო სასამართლო ათავისუფლებს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მოსარჩელეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408.3-ე, 411-ე მუხლებით და
გ ად ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს "ს" საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 ოქტომბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. მ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. მ. ბ-ე გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
5. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე