Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-1220-1145-2015 3 ივნისი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი –სს „ს-ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ტ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – საწარმო ტრავმის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გ. ტ-ემ (შემდეგში - მოსარჩელე, დაზარალებული), სს „ს“ (საწარმო, მოპასუხე, კასატორი) ხაშურის სალოკომოტივო დეპოში მუშაობისას, 1... წლის 13 აგვისტოს, მიიღო საწარმოო ტრავმა და 80%-ით დაჰკარგა შრომის უნარი (ტ.1.ს.ფ.12-16).

2. დაზარალებული საწარმოსაგან იღებს სარჩოს, თვეში 282,96 ლარს (ტ.1.ს.ფ. 16).

3. სალოკომოტივო სამმართველოს უფროსის წერილით ირკვევა, რომ ელმავლის მემანქანის თანაშემწის ყოველთვიური ხელფასი 2011 წლის 1 მარტიდან შეადგენდა - 750 ლარს; 2012 წლის 30 მარტიდან - 800 ლარს; 2012 წლის 1 დეკემბრიდან ცნობის გაცემის მომენტამდე - 1 000 ლარს (ტ.1, ს.ფ. 54).

4. დაზარალებულმა 2014 წლის 27 აგვისტოს სარჩელი აღძრა საწარმოს წინააღმდეგ და მოითხოვა საწარმოო ტრავმის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრება მოპასუხისათვის, რაც თვეში 800 ლარს შეადგენს.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს, დაზარალებულის სასარგებლოდ, დაეკისრა 2014 წლის სექტემბრიდან ყოველთვიური სარჩოს გადახდა - თვეში 800 ლარი, აგრეთვე, ზიანის 16 252,08 ლარის ანაზღაურება.

6. საქალაქო სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციით, ევროპის სოციალური ქარტიით, საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ) 44-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 316-ე, 317-ე, 992-ე, 408-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 102-ე და 105-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ თითოეული მხარის ვალდებულებაა, მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი, კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები.

7. სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველთვიური სარჩოს სახით, ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმს სწორედ ხელფასის ის ოდენობა წარმოადგენდა, რასაც დაზარალებული დაწესებულებიდან ჯანმრთელობის დაზიანებამდე იღებდა და რასაც ის მიიღებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი საფუძვლები კი, სშკ-ის 44-ე მუხლისა და სსკ-ის 992-ე მუხლების სწორი ანალიზისა და აღნიშნული მუხლების რეგულირების მიზნის სწორი შეფასების შედეგად დგინდებოდა.

8. საწარმომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, დაზარალებულის სასარჩელო მოთხოვნების უარყოფა.

9. საწარმოს პრეტენზია შეეხო იმას, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ, საქმის მასალებით არ დგინდება, რომ მოსარჩელეს დაკარგული აქვს შრომის უნარი და იმ შემთხვევაშიც, თუ დაზარალებულს შრომის უნარი დაკარგული აქვს, აღნიშნული არ გამომდინარეობს საწარმოს ბრალეულობიდან. ამასთანავე, სასამართლომ არასწორად მიუთითა საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის დადგენილებასა და სსკ-ის 408-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ვინაიდან აღნიშნული ნორმები არ არეგულირებენ სარჩოს გადაანგარიშების წესს.

10. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით საწარმოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

11. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ქვემდგომი სასამართლოს მსჯელობა და დამატებით მიუთითა, რომ ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტა მართებულად მოხდა სშკ-ისა და სსკ-ის საფუძველზე. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის #53 დადგენილება არ ითვალისწინებდა სარჩოს გადაანგარიშების შესაძლებლობას, საქალაქო სასამართლომ მაინც სწორად გამოიყენა მითითებული აქტი, თავად ზიანის ანაზღაურების მიზნიდან გამომდინარე, რომლის არსიც დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის კომპენსირებაში მდგომარეობს.

12. სასამართლომ დაასკვნა, რომ სააპელაციო პრეტენზიის საფუძვლები არ ქმნიდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას, დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სშკ-ის 44-ე, სსკ-ის 408-ე, სსსკ-ის 377-ე, 393-ე, 394-ე მუხლები და, 2015 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით, საწარმოს სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

13. საწარმომ, 2015 წლის 2 დეკემბერს, საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, დაზარალებულის სარჩელის უარყოფა შემდეგი დასაბუთებით:

13.1 გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებული საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის დადგენილება და სსკ-ის 408-ე მუხლი არ აწესრიგებენ სარჩოს გადაანგარიშების წესს;

13.2 სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 408-ე და 992-ე მუხლი. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ დაზარალებულის პროფესიული შრომის უნარის დაკარგვა საწარმოს ბრალით იყო გამოწვეული.

14. საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 21 დეკემბრის განჩინებით საწარმოს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2016 წლის 5 თებერვლის განჩინებით, ცნობილ იქნა დასაშვებად 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ პუნქტის შესაბამისად და მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმებისა და საქმის მასალების, მტკიცებულებების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი სამართლებრივი მოტივაციით:

15. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

16. საკასაციო სასამართლო განსახილველი დავის სამართლებრივი შეფასებისას ყურადღებას მიაქცევს, რომ საქმის მასალებით დადგენილია, უბედური შემთხვევა მოხდა 1... წლის 13 აგვისტოს, როდესაც დაზარალებული იყო 43 წლის (იხ. ტ.1, ს.ფ.19; დაზარალებულის დაბადების წელი - 1... წ.). მოსარჩელეს მოპასუხე ყოველთვიურად უხდის სარჩოს - 282,96 ლარს და ამ ფაქტზე მხარეები არ დავობენ. დაზარალებულის სასარჩელო მოთხოვნა ეხება, მოქმედი მემანქანის თანაშემწის ყოველთვიური ხელფასის მიხედვით, სარჩოს გადაანგარიშებას, რადგან 2011 – 2014 წლებში რამდენჯერმე გაიზარდა ელმავლის მემანქანის თანაშემწის ხელფასი და, მომატებული ხელფასის მიხედვით, მიუღებელი კომპენსაციის გამო, დაზარალებულს ადგება ზიანი.

17. საკასაციო სასამართლოს კვლევისა და შეფასების საგანია, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხისათვის დაკისრებული, გაზრდილი (გადაანგარიშებული) კომპენსაციის დაკისრების მართლზომიერება. მოხმობილი ნორმით დადგენილია: "თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით". საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მნიშვნელოვანია შეფასდეს, თუ როდემდეა ვალდებული საწარმო გადაუხადოს დაზარალებულს კომპენსაცია, ხოლო განსახილველ შემთხვევაში, კონკრეტულად უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა დაზარალებულისათვის მოქმედი ელმავლის მემანქანის თანაშემწის ხელფასის მიხედვით, ზიანის ასანაზღაურებლად თანხის გადაანგარიშების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.

18. „საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია მართებულად შეფასდეს, თუ როდემდე იქნებოდა ვალდებული ზიანის მიმყენებელი გადაეხადა კომპენსაცია დაზარალებულისათვის“. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით (იხ. სუსგ # 789-746-2015, 22.01.2016წ.) დადგენილია: „ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება რომ არ დამდგარიყო, პრეზუმირებულია, რომ ელმავლის მემანქანის თანაშემწე იმუშავებდა საპენსიო ასაკამდე, რომელიც იმხანად მოქმედი შრომის კოდექსის (1973 წლის 28 ივნისის რედაქციით) მიხედვით, მამაკაცებისათვის 65 წელს შეადგენდა. ამ ეტაპზე, საკასაციო სასამართლო აღარ ავითარებს მსჯელობას, გარკვეული კატეგორიის მუშაკთა შესაძლო ასაკობრივ შეზღუდვაზე, შესასრულებელი სამუშაოს სპეფიციკიდან გამომდინარე, რადგან ამ ფაქტზე შედავება კასატორს არ წარმოუდგენია სასამართლო განხილვის არცერთ ეტაპზე“.

19. კასატორს აღიარებული აქვს ვალდებულება, მის მიერ მიყენებული ტრავმის გამო, მოსარჩელისათვის ყოველთვიური სარჩოს გადახდაზე, რასაც ასრულებს კიდეც, აღნიშნულ ფაქტზე მხარეები არ დავობენ. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, დაუსაბუთებელია სასარჩელო მოთხოვნა, დაზარალებულის სასარგებლოდ, სარჩოს გადაანგარიშების თაობაზე, 2011-2014 წლებში მოქმედი ელმავლის მემანქანის თანაშემწის ხელფასის ცვლილების საფუძველზე, რადგან ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში, როგორც უკვე აღინიშნა, პრეზუმირებულია, რომ დასაქმებული იმუშავებდა საპენსიო ასაკამდე და საწარმო სწორედ ამ პერიოდამდე იქნებოდა ვალდებული, გადაეხადა სარჩო.

20. საკასაციო სასამართლოს მიერ ანალოგიურ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით (საქმე # 789-746-2015, 22.01.2016წ) შეიცვალა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკა. განსახილველ შემთხვევაში, საწარმოს მიერ აღებული ვალდებულება, მისი ბრალით დამდგარი ზიანის ანაზღაურების ნაწილში, სრულდება, მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ შემთხვევაში,ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში, ცხადია, რომ დაზარალებული საპენსიო ასაკამდე იმუშავებდა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაზარალებულისათვის ყოველთვიური სარჩოს გადახდის ვალდებულება, მოცემულ შემთხვევაში, მისი სიცოცხლის განმავლობაში კვლავაც ეკისრება საწარმოს, თუმცა, 2011-2014 წლებში გაზრდილ ხელფასზე მისადაგებით, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება, ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული, რის გამოც, უნდა დაკმაყოფილდეს საკასაციო განაცხადი და გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება.

21. საკასაციო სასამართლო, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, არ აკმაყოფილებს მოსარჩელის პრეტენზიას, 2011-2014 წლებში მოქმედი ელმავლის მემანქანის თანაშემწის გაზრდილი ხელფასის მიხედვით გადაუანგარიშებლობის გამო, მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე და უარყოფს სასარჩელო მოთხოვნას.

23. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველ, მეორე, მესამე ნაწილებზე და 49-ე მუხლის მე-4 ნაწილზე მითითებით, საკასაციო სასამართლო ათავისუფლებს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მოსარჩელეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408.3-ე, 411-ე მუხლებით და

გ ად ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სს "ს" საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 ოქტომბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. გ. ტ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. გ. ტ-ე გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

5. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე