Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ვ-74-ა-5-2016 17 ივნისი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – დ. ფ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე. ლ-ე (მოსარჩელე)

განმცხადებლის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ნოემბრის განჩინების გაუქმება და ახალადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმისწარმოების განახლება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით ე. ლ-ის (შემდეგში მოსარჩელე, გამსესხებელი ან კრედიტორი) სარჩელი დ. ფ-ის (შემდეგში მოპასუხე, მსესხებელი, მოვალე ან განმცხადებელი) წინააღმდეგ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოვალისათვის თანხის დაკისრების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და, კრედიტორის სასარგებლოდ, მოპასუხეს დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის - 690 აშშ დოლარისა და დარჩენილი გადაუხდელი სარგებლის - 1104 აშშ დოლარის, ასევე, სესხის- 3650 ლარისა და დარჩენილი გადაუხდელი სარგებლის - 4850 ლარის გადახდა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 623-ე, 624-ე, 625-ე მუხლები).

2. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, საქმის დაბრუნება პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით მოვალის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით, მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც, კრედიტორის სასარგებლოდ, მოვალეს დაეკისრა 828 აშშ დოლარისა და 4710 ლარის გადახდა.

4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, კრედიტორის სასარგებლოდ, მოვალისათვის 550 ლარის დაკისრება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ნოემბრის განჩინებით მოვალის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.

6. 2016 წლის 8 თებერვალს, ფოსტის მეშვეობით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა მოვალემ, მოითხოვა წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტში მითითებული განჩინების გაუქმება და, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმისწარმოების განახლება.

7. განმცხადებლის განმარტებით, მან ვერ შეძლო სასამართლოსათვის წარედგინა მისი საკუთრების შესახებ აუდიტორული დასკვნა, რომლის საფუძველზეც მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების გამოტანა იქნებოდა შესაძლებელი და ნაწილობრივ ამანაც განაპირობა მისი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.

8. განმცხადებლის პრეტენზიით, სასამართლომ საქმე განიხილა გაუქმებული ნორმების - სსკ-ის 623, 624, 625 საფუძველზე, რაც გაასაჩივრა სააპელაციო წესით, თუმცა, როგორც ჩანს, ამაზე კოლეგიალობის გამო არ იმსჯელა სასამართლომ.

9. შექმნილმა ვითარებამ განმცხადებლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გააუარესა და ეკონომიკური პირობებიც, განცხადებას ერთვის სასამართლოს უწყება ადმინისტრაციულ საქმეზე, ცნობები ჯანმრთელობის შესახებ და საერთო სასამართლოების - 25.11.2014 წ. განჩინება, 14.02.205წ. გადაწყვეტილება, 15.07.2015 წ. გადაწყვეტილება, 26.11.2015წ. განჩინება.

10. განმცხადებელი უთითებს, რომ არსებობს მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია საქმის ხელახალი განხილვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, რასაც ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობის გამო, ვერ ახერხებს.

11. განმცხადებელმა 2016 წლის 17 ივნისს ელ-ფოსტით წარმოადგინა დამატებითი მტკიცებულებები: შპს „ლ-ი“ დასკვნა და მოსარჩელესთან მიმოწერა, ასევე, საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარის სახელზე შედგენილი განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ, სადაც ძირითადად იგივე საფუძვლებზე მიუთითა, რაც წინამდებარე განჩინების 7-10 პუნქტებშია ასახული და დამატებით აღნიშნა, რომ მის საკუთრებაში არსებულ ქ. ამბროლაურში მდებარე უძრავ ქონებას - 450 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ეხება საქმე; მას კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ჰქონდა მოსარჩელესთან, თუმცა, არაუფლებამოსილმა პირმა აღძრა სარჩელი, რომელიც რეალურად მოსარჩელის შორეული ნათესავია და დაინტერესებულია მოპასუხის საკუთრების ხელყოფით. აღნიშნულ არაუფლებამოსილ პირს ხელს უწყობენ გარკვეული ძალები, მათ შორის, საჯარო რეესტრიც. მოსარჩელის სახელით გაყალბდა დოკუმენტები, რაც საფუძვლად დაედო მოპასუხის უძრავი ქონების დაყადაღებაზე სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებას; სასამართლო წარმოების პარალელურად, მოპასუხემ მიმართა საგამოძიებო ორგანოებს, სადაც მოკვლევა არასრულად ჩატარდა, არ დაიკითხა გაყალბების მთავარი მონაწილე. მოსარჩელესთან შედარებით, მოპასუხეს ყოველთვის არათანაბარ მდგომარეობაში აყენებდა სასამართლო, რამაც მორალურად დააზარალა იგი, გაურთულდა ჯანმრთელობა და შეექმნა მატერიალური პრობლემები. განმცხადებლის მოსაზრებით, მოსარჩელესთან დადებით ურთიერთობას ასახავს ელ-ფოსტით სასამართლოში წარმოდგენილი წერილები.

12. საქმის მასალებით დასტურდება, რომ განმცხადებელს უზენაესი სასამართლოს განჩინება 2016 წლის 8 იანვარს ჩაბარდა, ხოლო მან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 426-ე მუხლით დადგენილ ერთთვიან ვადაში, 2016 წლის 8 თებერვალს წარმოადგინა განცხადება.

13. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 429-ე მუხლის შესაბამისად, განცხადების ფორმალური დასაშვებობის შესწავლის შედეგად მიიჩნია, რომ განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და ახალადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმისწარმოების განახლების თაობაზე, აკმაყოფილებდა სსსკ-ის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, 2016 წლის 11 მარტის განჩინებით დასაშვებად ცნო და მიიღო განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მოპასუხის განცხადების საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

14. სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (სსსკ-ის 422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (სსსკ-ის 423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

15. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი მოითხოვს საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 26 ნოემბრის განჩინების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას იმ საფუძვლებით, რაც მითითებულია ამ განჩინების 7-11 პუნქტებში.

16. სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება) შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს, წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს შემდეგი წინაპირობები:

- მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას;

- ამ გარემოებების და მტკიცებულებების შესახებ მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ;

- მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული საფუძველი კიდეც რომ დადასტურდეს, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შეიძლება მხოლოდ ორი აუცილებელი პირობის არსებობისას:

1. ფაქტი არსებობდა გადაწყვეტილების გამოტანამდე, მაგრამ მხარემ არ იცოდა ამ ფაქტის თაობაზე;

2. მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

19. „ამდენად, კანონმდებელი ახლად აღმოჩენილად არ განიხილავს იმ გარემოებებს, რომლებიც ცნობილი იყო მხარისათვის გადაწყვეტილების გამოტანამდე ან რომლებზე მითითების შესაძლებლობაც მხარეს გააჩნდა საქმის წარმოების დასრულებამდე“ (იხ. სუსგ # ას- ა-4178-117-2015, 28.12.2015წ.).

20. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიიჩნევს აუდიტის დასკვნას, რომლის წარმოდგენა სასამართლოსათვის, მან დროულად ვერ შეძლო გართულებული ჯანმრთელობისა და ეკონომიკური მდგომარეობის გამო (იხ. ამ განჩინების მე-7-11 პუნქტები).

21. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ, მოპასუხის განცხადების, ზეპირი მოსმენის გარეშე, 2016 წლის 10 ივნისის სხდომაზე განხილვის შესახებ, განმცხადებელი ინფორმირებული იქნა იმავე წლის 24 მარტს, როდესაც მას სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა 2016 წლის 11 მარტის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი (იხ. ამ განჩინების მე-13 პუნქტი და შესაბამისი აქტი საქმის მასალებში). განმცხადებელმა, 2016 წლის 17 მაისს, ელ-ფოსტით გამოგზავნილი განცხადებით, მოითხოვა საქმის მთლიანი მასალების გადაგზავნა ელ-ფოსტისავე მეშვეობით, რაც დაკმაყოფილდა და 25 მაისს, მოპასუხეს გადაეგზავნა დასკანერებული მასალები.

22. საკასაციო სასამართლომ წარმოდგენილი განცხადების გახილვა გადადო 17 ივნისს. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ 2016 წლის 24 მარტიდან (განცხადების განხილვის შეტყობინების თარიღი), შემდეგ - 25 მაისიდან (განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი მასალების გადაგზავნა ელ-ფოსტით) 16 ივნისამდე გასულ პერიოდში, განმცხადებელს არ წარმოუდგენია სასამართლოსათვის რაიმე დამატებითი მტკიცებულება საკუთარი პოზიციის დასამტკიცებლად, ხოლო 17 ივნისს ელ-ფოსტით გადმოგზავნა დამატებითი განცხადება და მტკიცებულებები (იხ. ამ განჩინების მე-11 პუნქტი).

23. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლომ 2015 წლის 26 ნოემბრის განჩინებით დაუშვებლად ცნო განმცხადებლის, რომელიც მოპასუხე იყო დავაში, საკასაციო საჩივარი. მხარეთა შორის დავა ეხებოდა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობას, რომელშიც განმცხადებელი მოვალეა და მან სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე გარკვეულ წარმატებას მიაღწია, როდესაც შეძლო საკუთარი მტკიცების ტვირთის ფარგლებში, მოსარჩელის მოთხოვნის ნაწილის უსაფუძვლობის დამტკიცება (იხ. ამ განჩინების მე-2 და მე-3 პუნქტები), ხოლო მის წინააღმდეგ დაკმაყოფილებული სარჩელის საკასაციო წესით გასაჩივრების ეტაპზე, კასატორმა ვერ დაასაბუთა, თუ რომელი საფუძვლით უნდა ყოფილიყო დასაშვები საკასაციო განაცხადი (იხ. ამ განჩინების მე-4 და მე-5 პუნქტები). ახლად აღმოჩენილ გარემოებად იმ ფაქტის მიჩნევა, რომ აუდიტის დასკვნა იყო წარმოსადგენი, რომელიც განმცხადებელმა თავის დროზე ვერ წარმოადგინა საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე, დაუსაბუთებელია არა მხოლოდ იმ არგუმენტით, რომ აუდიტორული დასკვნის მოპოვება ადრეც შეეძლო მოვალეს, არამედ იმ მოტივითაც, რომ სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე დავისათვის, საკამათოა, რამდენად დასაშვები და განკუთვნადი მტკიცებულება იქნებოდა, განმცხადებლის მიერ წარმოსადგენი მტკიცებულება-აუდიტის დასკვნა. განმცხადებლის მიერ საქმის განხილვის ამ ეტაპზე წარმოდგენილი აუდიტის დასკვნა ეხება მოვალის საკუთრებად რიცხული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებას. მოპასუხეს შეეძლო და ვალდებულიც იყო, სარჩელისაგან თავის დასაცავად, საქმის წარმოების შესაბამის ეტაპზე წარედგინა ყველა მტკიცებულება.

24. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განმცხადებლის არცერთი არგუმენტი (იხ. ამ განჩინების 7-11 პუნქტები) არ წარმოადგენს იმ სამართლებრივ საფუძველს, რომელიც სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის“ შესაბამისად შეიძლება იქნეს განხილული და დაედოს საფუძვლად კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე საქმის წარმოების განახლებას იმ მსჯელობის გათვალისწინებით, რომელიც განვითარებულია წინამდებარე განჩინების 17-19 პუნქტებში.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მოპასუხის განცხადების დაკმაყოფილებისა და საქმის წარმოების განახლების კანონიერი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 421-ე, 423-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. ფ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ნოემბრის განჩინების, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე