საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ა-1917–შ–47-2016 31 აგვისტო, 2016 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – რ. ც-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ც-ე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე - ქ. ხარკოვის ჩერნოზავოდსკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება №646/7589-13-ც
დავის საგანი - განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქ. ხარკოვის ჩერნოზავოდსკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (№646/7589-13-ც) დაკმაყოფილდა ნ. მ-ის ასული ც-ის სარჩელი და შეწყვეტილ იქნა მოსარჩელესა და რ. ც-ეს შორის 2010 წლის 14 სექტემბერს ხარკოვის იუსტიციის საქალაქო სამმართველოს მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის განყოფილებაში რეგისტრირებული ქორწინება.
2. რ. ც-ის წარმომადგენელმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, მოითხოვა ქ. ხარკოვის ჩერნოზავოდსკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 ოქტომბრის ძირითადი და 6 დეკემბრის უსწორობის შესწორების შესახებ გადაწყვეტილებების (№646/7589-13-ც), საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და აღსრულებულია უკრაინის ტერიტორიაზე.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 15 ივლისის განჩინებით რ. ც-ის შუამდგომლობა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებათა ცნობის თაობაზე მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ რ. ც-ის შუამდგომლობა ქ. ხარკოვის ჩერნოზავოდსკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 ოქტომბრისა და 6 დეკემბრის გადაწყვეტილებების (№646/7589-13-ც), საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი დასაბუთებით:
4. შუამდგომლობით წარმოდგენილი გადაწყვეტილებითა და უსწორობის შესწორების შესახებ გადაწყვეტილებით უდავოდაა დადგენილი წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული გარემოება.
5. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქორწინების შეწყვეტის თაობაზე სარჩელით სწორედ ნ. ც-ემ მიმართა სასამართლოს, შესაბამისად, მისი იურიდიული ინტერესი რ. ც-ის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის მიმართ უდავოდ დადგენილია. ამასთან, ნ. ც-ეს 2016 წლის 9 აგვისტოს ჩაბარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივლისის განჩინების ასლი და რ. ც-ის შუამდგომლობა თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, თუმცა მას საქართველოს უზენაესი სასამართლოსთვის რაიმე შუამდგომლობით არ მოუმართავს.
6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
7. ამ განჩინების მე-6 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს საქმის მასალების მიხედვით, შესაბამისად, შუამდგომლობის დასაკმაყოფილებლად კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დასაბუთებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, 68-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. ც-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს ქ. ხარკოვის ჩერნოზავოდსკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 ოქტომბრის ძირითადი და 6 დეკემბრის უსწორობის შესწორების შესახებ გადაწყვეტილებები (№646/7589-13-ც), რომლითაც შეწყდა რ. ც-ესა და ნ. ც-ეს შორის ქორწინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე