საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ა-2683-შ-66-2016 31 აგვისტო, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ქ. კ-ა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – საბერძნეთის, ქალაქ ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება N 2781/2015 და იმავე სასამართლოს 2016 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება N 529/2016
მოთხოვნა – შვილად აყვანა; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობაში შემავალი სსიპ - სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებში ცვლილებების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საბერძნეთის, ქ. ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 10 ნოემბრის N 2781/2015 გადაწყვეტილებით ქ. კ-ა ცნობილი იქნა გ. ს-უს შვილად და მას მიენიჭა სახელი/გვარი - ქ. კ-უ. საბერძნეთის ქ. ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 6 აპრილის N 529/2016 გადაწყვეტილებით შესწორება შევიდა ძირითად გადაწყვეტილებაში, ვინაიდან სასამართლომ ქ. კ-ას სახელი/გვარი შეცდომით მიუთითა და საბოლოოდ დადგინდა, რომ ქ. კ-ას მიენიჭოს სახელი/გვარი - ს-უ ქ. გ-ის ასული.
2. ქ. კ-ამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საბერძნეთის ქ. ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 10 ნოემბრის N 2781/2015 გადაწყვეტილებისა და იმავე სასამართლოს 2016 წლის 6 აპრილის N 529/2016 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა. შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 14 ივლისიდან.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 25 ივლისის განჩინებით ქ. კ-ას შუამდგომლობა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებათა ცნობის თაობაზე მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ ქ. კ-ას შუამდგომლობა საბერძნეთის ქ. ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 10 ნოემბრის N 2781/2015 გადაწყვეტილებისა და იმავე სასამართლოს 2016 წლის 6 აპრილის N 529/2016 გადაწყვეტილების, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი დასაბუთებით:
4. შუამდგომლობით წარმოდგენილი გადაწყვეტილებითა და უსწორობის შესწორების შესახებ გადაწყვეტილებით უდავოდაა დადგენილი წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული გარემოება და დადგენილია, რომ შუამდგომლობის ავტორს მიენიჭა სახელი/გვარი - ს-უ ქ. გ-ის ასული.
5. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შუამდგომლობაზე თანდართულ განცხადებაზე (#36 802), რომლის მიხედვითაც გ. ს-უ თანხმობას აცხადებს, რომ წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში დასახელებული გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით, საქართველოს შესაბამის ორგანოებში, მათ შორის, ყველა სასამართლოში, განხილული იქნეს და დაკმაყოფილდეს შესაბამისი მოთხოვნა და ცვლილებები შევიდეს ქ. კ-ას პირად მონაცემებში და ჩაიწეროს - ქ. გ. ასული ს-უ.
6. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად დასტურდება შუამდგომლობის მოთხოვნის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან („საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შემდეგში - სსკ-ის 1239-ე მუხლის 2-ე ნაწილი; 1246-ე მუხლის 2-ე ნაწილი;), აგრეთვე მშვილებლისა და შვილად აყვანილს შორის ასაკობრივი სხვაობა აკმაყოფილებს სსკ-ის 1250-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნას (მშვილებელი უფროსი უნდა იყოს შვილად ასაყვანზე თექვსმეტი წლით მაინც).
7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
8. ამ განჩინების მე-6 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს საქმის მასალების მიხედვით, შესაბამისად, შუამდგომლობის დასაკმაყოფილებლად კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დასაბუთებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, 68-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. კ-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს საბერძნეთის ქ. ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 10 ნოემბრის N 2781/2015 და იმავე სასამართლოს 2016 წლის 6 აპრილის N 529/2016 გადაწყვეტილებები, რომლითაც საქართველოს მოქალაქე ქ.კ-ა, დაბადებული 1.. წლის .. ივლისს (პ/ნ: 0..) ცნობილ იქნა გ. ს-ოსის, დაბადებული 1… წლის 4.. ს, შვილად და ქ. კ-ას მიენიჭა სახელი/გვარი - ქ. გ. ასული ს-უ;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე