Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ა-1756-შ-42-2016 1 ივლისი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი(მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – შპს „მ“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „კ“ (მოპასუხე)

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული სასამართლოს 2014 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება № AC-208გ/2013

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „მ-სა“ (შემდეგში: შუამდგომლობის ავტორი ან მყიდველი) და შპს „კ“-ს (შემდეგში: მოწინააღმდეგე მხარე ან გამყიდველი) შორის, 2013 წლის 4 აპრილს, გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება (№040413), რომლითაც გამყიდველმა იკისრა ვალდებულება, მყიდველისათვის გადაეცა საკუთრებაში და მიეწოდებინა საკაბელო-გამტარი პროდუქცია (შემდეგში - საქონელი), ხოლო ეს უკანასკნელი ვალდებული იყო, მიეღო იგი და გადაეხადა საფასური კონტრაქტით დადგენილი პირობებისა და წესების მიხედვით.

2. გამყიდველმა დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა. გამყიდველის მიერ მიწოდებული 2013 წლის 4 აპრილის №1 ინვოისის საფუძველზე, ამ უკანასკნელის ანგარიშზე მყიდველმა იმავე დღეს გადარიცხა 18 100 აშშ დოლარი, თუმცა, სანაცვლოდ, გამყიდველს საქონელი არ მიუწოდებია მყიდველისათვის, გადარიცხული თანხიდან კი მხოლოდ ნაწილი - 6 900 აშშ დოლარი დააბრუნა.

3. აღნიშნული საფუძვლად დაედო მყიდველის მიმართვას უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული სასამართლოსთვის გამყიდველის წინააღმდეგ. მიუხედავად კანონით გათვალისწინებული სათანადო წესით შეტყობინებისა, მოპასუხე არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე და არც წარმომადგენელი გაგზავნა. შესაბამისად, მოსარჩელის სასარჩელო განცხადების საფუძველზე, უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულმა საერთაშორისო კომერციულმა სასამართლომ დაადგინა, რომ გამყიდველმა დაარღვია მყიდველის წინაშე კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულება.

4. უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული სასამართლოს 2014 წლის გადაწყვეტილებით (№ AC-208გ/2013) გამყიდველს, მყიდველის სასარგებლოდ, დაეკისრა 11 200 აშშ დოლარის - მიუწოდებელი საქონლის წინასწარი გადახდის თანხისა და 1 497,90 აშშ დოლარის - საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდის ხარჯების ასანაზღაურებლად, ჯამში - 12 697 (თორმეტი ათას ექვსას ოთხმოცდაჩვიდმეტი) აშშ დოლარისა და 90 ცენტის გადახდა.

5. მყიდველის წარმომადგენელმა 2016 წლის 10 მაისს მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 731-ე მუხლის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 35622-ე მუხლის და „არბიტრაჟის შესახებ“ კანონის 44-ე მუხლის საფუძველზე, წარმოადგინა შუამდგომლობა უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული სასამართლოს 2014 წლის გადაწყვეტილების (№AC-208გ/2013) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე.

6. შუამდგომლობაზე დართული ცნობით დასტურდება, რომ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2014 წლის 5 მარტიდან, ამასთან, საქმეზე მოპასუხე საზოგადოებას ეცნობა საარბიტრაჟო განხილვის ყველა სტადიაზე. გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 მაისის განჩინებით მყიდველის შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად. ამავე განჩინების საფუძველზე, შუამდგომლობა თანდართული მასალებით გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს საკუთარი მოსაზრების გამოთქმისა და, ზეპირი განხილვით, საქმის მოსმენის მოთხოვნის შესაძლებლობის შეტყობინების მიზნით (სსსკ-ი, 70-78-ე მუხლები, "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის 71-ე მუხლი). საქმეში არსებული გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული განჩინება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, 2016 წლის 30 მაისს ჩაჰბარდა შპს „კ-ის“ დირექტორს - ვ. დ–ს.

8. უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ გამყიდველი სათანადო წესით იყო ინფორმირებული საქმის განხილვის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა, ის პირადად არ გამოცხადებულა სხდომაზე და არც წარმომადგენელი მიუვლენია, ამდენად, გადაწყვეტილება მისი მონაწილეობის გარეშეა მიღებული.

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ზემოაღნიშნული განჩინებით განსაზღვრული უფლებისა, მოპასუხეს 5 დღის ვადაში წარმოედგინა საკუთარი მოსაზრება, აგრეთვე, მოეთხოვა საქმის ზეპირი განხილვა, მას საქართველოს უზენაესი სასამართლოსთვის არ მოუმართავს რაიმე შუამდგომლობით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მყიდველის შუამდგომლობა, უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული სასამართლოს 2014 წლის გადაწყვეტილების (№AC-208გ/2013) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

10. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ მხარეები კანონით დადგენილი წესით იყვნენ ინფორმირებული უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულ კომერციულ სასამართლოში საქმის განხილვის შესახებ (იხ. წინამდებარე განჩინების მე-7 პუნქტი);

11. უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას ითხოვს შუამდგომლობის ავტორი, შესულია კანონიერ ძალაში და არ არის აღსრულებული (იხ. ამ განჩინების მე-5 პუნქტი);

12. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველჰყო მოწინააღმდეგე მხარის ინფორმირება მის მიმართ წარმოდგენილი შუამდგომლობის თაობაზე (იხ. ამ განჩინების მე-6, მე-8, მე-9 პუნქტები);

13. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

14. მოხმობილი ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

15. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70 - ე მუხლის საფუძველზე, წარმოდგენილ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღება საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება, ამავე კანონის 71-ე მუხლის თანახმად, დაცულია 68-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები.

16. საქართველოს რესპუბლიკასა და უკრაინას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ ხელშეკრულების (ძალაშია 1996 წლის 6 დეკემბრიდან) მე-40 მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები ცნობენ და აღასრულებენ იუსტიციის დაწესებულებების კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებს სამოქალაქო საქმეებზე, ხოლო 42-ე მუხლის მე-2 ნაწილით, აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ნაწილში გამოიყენება ხელშეკრულების მონაწილე მხარის კანონმდებლობა, რომლის ტერიტორიაზეც უნდა მოხდეს აღსრულება.

17. შუამდგომლობის ავტორს სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი აქვს 150 ლარი, ვინაიდან შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შუამდგომლობაზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 150 ლარის ოდენობით, მოწინააღმდეგე მხარეს უნდა დაეკისროს.

18. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლისა და გაანალიზების შედეგად, საკასაციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ არ არსებობს წინამდებარე განჩინების მე-16 პუნქტში მითითებული ორმხრივი ხელშეკრულების 43-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები, რაც უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე ან აღსრულების ნებართვაზე უარის თქმის საფუძველი გახდებოდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, 68-ე, 69-ე, 70-ე, 71-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 53-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს "მ-ს" შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და აღსასრულებლად მიექცეს უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული სასამართლოს 2014 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება № AC-208გ/2013, რომლითაც შპს „მ-ს“ საარბიტრაჟო სარჩელი თანხის დაკისრების თაობაზე შპს „კ-ს“ მიმართ დაკმაყოფილდა; შპს „კ“-ს შპს „მ-ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 12 697.9 აშშ დოლარის გადახდა (11 200 აშშ დოლარი მიუწოდებელი საქონლის წინასწარი გადახდის თანხა და 1 497.9 აშშ დოლარი საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდის ხარჯი);

3. შპს „კ“-ს შპს „მ-ს“ სასარგებლოდ დაეკისროს საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯის (სახელმწიფო ბაჟის) 150 ლარის გადახდა;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე