Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ა-1508-შ-36-2016 1 ივლისი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი(მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ ლ. მ-ა

მოწინააღმდეგე მხარე - ე. ბ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს შუამდგომლობის ავტორი _ რუსეთის ფედერაციის ქ. ეკატერინბურგის ჟელეზნოდოროჟნის რაიონული სასამართლოს 16.10.2013 წლის № 2-3369/2013 გადაწყვეტილება

დავის საგანი – მამობის ჩანაწერის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. რუსეთის ფედერაციის ქ. ეკატერინბურგის ჟელეზნოდოროჟნის რაიონული სასამართლოს მიმართა ე. ბ-მა, პ/ნ …, (შემდეგში მოწინააღმდეგე მხარე), მოითხოვა ლ. მ-ოის (შემდეგში მცირეწლოვანი ან ბავშვი), დაბადებული 2011 წლის 19 თებერვალს, ბოლნისში, საქართველოში, პ/ნ …, სააქტო ჩანაწერის №… ბათილად ცნობა.

2. ჟელეზნოდოროჟნის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 16 ოქტომბრის № 2-3369/2013 გადაწყვეტილებით, ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული მცირეწლოვანის სააქტო ჩანაწერი ცნობილი იქნა ბათილად და ჩანაწერიდან ამოირიცხა მონაცემი მოწინააღმდეგის, როგორც ბავშვის მამის, შესახებ. შესაბამისად, 2013 წლის 2 აგვისტოს, ოდესაში, საქართველოს გენერალურმა საკონსულომ გასცა დაბადების მოწმობა №… ბავშვის მამობის მონაცემების ნაწილში.

3. ქ. ეკატერინბურგის ჟელეზნოდოროჟნის რაიონის მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩაწერის განყოფილებამ, 2016 წლის 8 აპრილს, შუამდგომლობით მიმართა ბოლნისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და ითხოვა ჟელეზნოდორჟნის რაიონული სასამართლოს 16.10.2013 წლის № 2-3369/2013 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

4. 2016 წლის 20 აპრილს, ბოლნისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა, წარმოადგინა ქ. ეკატერინბურგის ჟელეზნოდოროჟნის რაიონის მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩაწერის განყოფილების შუამდგომლობა და ითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ნამდვილად ცნობა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლი 3 მაისის განჩინებით ქ. ეკატერინბურგის ჟელეზნოდოროჟნის რაიონის მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩაწერის განყოფილების შუამდგომლობა, იმავე რაიონული სასამართლოს 16.10.2013 წლის № 2-3369/2013 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, მიღებულ იქნა განსახილველად, შუამდგომლობა და თანდართული მასალები გადაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს და განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან, 5 დღის ვადაში, შეეძლო, მოეთხოვა საქმის ზეპირი განხილვა.

6. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს რაიმე სახის შუამდგომლობით სასამართლოსთვის არ მოუმართავს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა ჟელეზნოდორჟნის რაიონული სასამართლოს 16.10.2013 წლის № 2-3369/2013 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

7. შუამდგომლობით წარმოდგენილი სასამართლო გადაწყვეტილებით უდავოდაა დადგენილი შუამდგომლობის ავტორის განცხადების საფუძველზე, რომ ბავშვის ბიოლოგიური მამა არ არის მოწინააღმდეგე მხარე.

8. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ საქმეში მოწინააღმდეგე მხარის მიერ წერილობით გაცემული თანხმობა გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე არ არის გაცემული სანოტარო წესით, თუმცა, მიუხედავად ამისა, მის მიერ გამოვლენილი ნება ნამდვილად უნდა ჩაითვალოს, რადგან უტყუარადაა დადგენილი, რომ სასამართლოში საქმის წარმოება, მცირეწლოვანის დაბადების სააქტო ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე, ჟელეზნოდოროჟნის რაიონულ სასამართლოში სწორედ მოწინააღმდეგე მხარის მიმართვის საფუძველზე დაიწყო (იხ. წინამდებარე განჩინების პირველი პუნქტი). საკასაციო სასამართლო იმასაც აღნიშნავს, რომ განსახილველი შუამდგომლობა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 3 მაისის განჩინება, კანონით გათვალისწინებული წესით ჩაჰბარდა მოწინააღმდეგეს, თუმცა, მას არ მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის და შუამდგომლობის ან საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოებების თაობაზე რაიმე სახის მოთხოვნა არ დაუყენებია.

9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

10. ამ განჩინების მე-9 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები, საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი და არც შუამდგომლობაში მითითებული მხარე ეწინააღმდეგება ჟელეზნოდოროჟნის რაიონული სასამართლოს 16.10.2013 წლის № 2-3369/2013 გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებას საქართველოს ტერიტორიაზე (იხ. წინამდებარე განჩინების 7-8 პუნქტები).

11. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. მ-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და აღსასრულებლად მიექცეს რუსეთის ფედერაციის ქ. ეკატერინბურგის ჟელეზნოდოროჟნის რაიონული სასამართლოს 16.10.2013 წლის № 2-3369/2013 გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. მ-ას, დაბადებული 2011 წლის 19 თებერვალს, ბოლნისში, საქართველოში, პ/ნ …, სააქტო ჩანაწერი №…, შედგენილი 2011 წლის 22 თებერვალს, ცნობილი იქნა ბათილად, რომლის საფუძველზე 2013 წლის 2 აგვისტოს ოდესაში, საქართველოს გენერალურმა საკონსულომ გასცა დაბადების მოწმობა №… ბავშვის მამობის მონაცემების ნაწილში. 2011 წლის 22 თებერვალს შედგენილი №… დაბადების სააქტო ჩანაწერიდან ამოირიცხა მონაცემი ე. ბ-ის შესახებ (პ/ნ …), როგორც ლ. მ-ას მამა;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე