Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-1-1-2016 4 ივლისი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სს „თ-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს „მ-მა“ (შემდეგში მოსარჩელე, მიმწოდებელი, მენარდე ან მოწინააღმდეგე), 2012 წლის 23 აგვისტოს, მომსახურების მიწოდების ხელშეკრულებით (შემდეგში მომსახურებს ხელშეკრულება), იკისრა ვალდებულება, უზრუნველეყო სს „ბ-ასათვის“, რომელიც შემდეგში შეერწყა (იხ. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან ტ.1. ს.ფ. 284-286) სს „თ-ს» (შემდეგში მოპასუხე, მომხმარებელი, შემკვეთი, აპელანტი ან კასატორი), მობილური სატელეფონო მომსახურების მიწოდება მომხმარებლისათვის გამოყოფილ სააბონენტო ნომრებზე, ხელშეკრულების დანართში განსაზღვრული პირობებით, ხოლო მომხმარებელმა იკისრა ვალდებულება, რომ სრულად გადაიხდიდა მომსახურების საფასურს გარიგების პირობების შესაბამისად (იხ. 2012 წლის 23 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება, ტ.1. ს.ფ. 14-19; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 629-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილები).

2. გასაწევი მომსახურების ჩამონათვალი და ტარიფები განისაზღვრა ხელშეკრულების №1 დანართით. მენარდეს შემკვეთთან ანგარიშსწორება უნდა ეწარმოებინა არა უგვიანეს ყოველი საანგარიშო თვის 25 რიცხვისა. ხელშეკრულების შესაბამისად, მენარდეს გამოეყო კორპორატიული სააბონენტო ნომრები, განესაზღვრა სარგებლობის ინდივიდუალური ტარიფები და მომსახურების პირობები.

3. ხელშეკრულების დანართის მიხედვით, აბონენტთა კატეგორიის პირველი ჯგუფისათვის დადგენილი იყო ანგარიშსწორება კორპორატიული ტარიფით განსაზღვრულ თანხაზე და, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ზარებზე და როუმინგულ მომსახურებაზე, ისევე, როგორც სხვა მომსახურებებზე მთლიანად, ხორციელდებოდა მომხმარებლის მიერ შემდგომი გადახდის პირობით (ტ.1. ს.ფ. 19).

4. მიმწოდებლისათვის, 2012 წლის 14 ივნისს, გაგზავნილი წერილით დასტურდება, რომ მომხმარებელმა მოითხოვა მის სახელზე რიცხულ ნომერზე - 9........, 25 ივნისამდე, როუმინგის ჩართვა მუდმივად და აღნიშნული აბონენტის მომხმარებელთა პირველ ჯგუფში გადაყვანა; მომხმარებელმა მორიგი 24.08.2012 წერილით, იმავე ნომერზე მოითხოვა აბონენტის პირველ ჯგუფში გადაყვანა, 2012 წლის 27 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით (ტ.1, ს.ფ. 20-21).

5. წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტში მითითებული მოთხოვნები ორივე შემთხვევაში დაკმაყოფილდა და მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად, მის აბონენტზე რიცხული ნომერი გადავიდა მომსახურების პირველ ჯგუფში და იგი იღებდა როუმინგის მუდმივ მომსახურებას.

6. ამ განჩინების მე-5 პუნქტში მითითებული სატელეფონო ნომრის მფლობელი (შემდეგში აბონენტი) იმყოფებოდა ეგვიპტეში და, დავალიანების წარმოშობის პერიოდი, მის მიერ ეგვიპტეში ყოფნის პერიოდში მიღებულ მომსახურებას უკავშირდება.

7. აბონენტმა ინტერნეტის მოხმარება დაიწყო 2012 წლის 1 სექტემბერს. 3 სექტემბერს, მიმწოდებლის შეტყობინების საფუძველზე, მომხმარებლის მოთხოვნით, აბონენტის სარგებლობაში არსებული სატელეფონო ნომერი გადაყვანილი იქნა კორპორატიული პაკეტის მე-3 ჯგუფში, ხოლო 4 სექტემბერს, აბონენტს დამატებით გაეთიშა GPRS, BlackBerry და როუმინგის სერვისიც (იხ. ტ.1, ს.ფ. 27).

8. აბონენტის მიერ მოხმარებული როუმინგული მომსახურების ხარჯმა, 2012 წლის 1-დან 3 სექტემბრის ჩათვლით, შეადგინა 50 611 ლარი, ინტერნეტ მოხმარება დაფიქსირდა როგორც დღის, ასევე ღამის (შუაღამის) საათებშიც (იხ. ბილინგი, ტ. 1. ს.ფ. 185-187).

9. მომხმარებელს მიწოდებული მომსახურების ღირებულება არ გადაუხდია.

10. მიმწოდებელმა, 2014 წლის 4 აპრილს, სარჩელი აღძრა მომხმარებლის წინააღმდეგ და მოითხოვა მისგან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება - როუმინგული მომსახურების ხარჯის 50 611 ლარის გადახდა. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი წარადგინა და აღნიშნა, რომ აბონენტის პირველი კატეგორიის მომსახურების ჯგუფში გადაყვანა შემკვეთის თხოვნით მოხდა, თუმცა, მენარდეს არ წარუდგენია შემკვეთისათვის, ამ უკანასკნელის აბონენტისათვის გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინება, ამასთან, არც დარიცხული დავალიანების შესაბამისი მომსახურება არ მიუღია, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო როუმინგული კომპანიისაგან ინფორმაციის მიღება იმ საიტების IP მისამართებზე, რომლიდანაც, თითქოსდა მოხდა ინფორმაციის ჩამოტვირთვა და მონაცემთა გაცვლის სერვისით სარგებლობა.

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით მიმწოდებლის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს დაეკისრა წინამდებარე განჩინების მე-10 პუნქტში მითითებული თანხის გადახდა.

12. მომხმარებელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მიმწოდებლის სარჩელის უარყოფა.

13. სააპელაციო საჩივარი ემყარებოდა შემდეგ არგუმენტებს:

13.1. აბონენტის ნომრით, ტელეფონზე ინტერნეტ როუმინგული მომსახურების მიღება დაიწყო 2012 წლის 01 სექტემბერს და გაითიშა იმავე წლის 4 სექტემბერს, შესაბამისად, 50 611.90 ლარის ღირებულების მომსახურების მიღება აბონენტს უფიქსირდება არა 11 დღის, არამედ არასრული 4 დღის განმავლობაში;

13.2. სასამართლომ უპირობო მტკიცებულებად ჩათვალა მოსარჩელის მიერ წარდგენილი საბილინგო ინფორმაცია, მასში მითითებული უსწორობების გაუთვალისწინებლად, რომელზეც მოპასუხე უთითებდა. მოწმის განმარტებით, მიღებული ინფორმაცია სათანადოდ არ შეფასდა;

13.3. არასწორია სასამართლოს მითითება, რომ აბონენტი ინფორმირებული იყო, ეგვიპტეში ჩასვლისას, ინტერნეტ-როუმინგული მომსახურების სავარაუდო ხარჯის შესახებ, ვინაიდან, მხარე პროცესის მიმდინარეობისას აპელირებდა, რომ პროვაიდერმა არ გააფრთხილა ნომრის მფლობელი მოსალოდნელი ხარჯის შესახებ, რაც მოწმემაც დაადასტურა თავისი განმარტებით. სასამართლომ არ გაითვალისწინა სპეციალისტის განმარტება, რომ ერთი საღამოს განმავლობაში დიდი ოდენობით მობილური ინტერნეტის მოხმარებისას, რაც გამოიხატებოდა ონლაინ რუქების ჩამოტვირთვასა და სანავიგაციო სისტემის მოხმარებაში, რაც ძალიან დიდ ტრაფიკს განაპირობებდა, მას მოუწია 500 ლარის გადახდა;

13.4. სასამართლოს უნდა დაედგინა მთავარი ფაქტი, მიმწოდებელმა გაუწია თუ არა 50 611.90 ლარის ღირებულების მომსახურება კონკრეტული სატელეფონო ნომრით მოსარგებლე აბონენტს. მოსარჩელე ეყრდნობოდა და სასამართლომაც გაიზიარა, მტკიცებულების სახით წარდგენილი საბილინგო ინფორმაცია, რომლის შესაბამისადაც, თითქოს დასტურდებოდა მიმწოდებლის მიერ მომსახურების გაწევის ფაქტი, თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია შეიცავდა რამდენიმე საეჭვო ჩანაწერს, მაგალითად, ჩამოტვირთული ბაიტების რაოდენობის გრაფაში ხშირად მეორდება ზუსტად ერთი და იმავე მოცულობის ინფორმაციის ჩამოტვირთვის შესახებ ინფორმაცია (მაგ.10 240 ბაიტი), არცერთი ბაიტით მეტი ან ნაკლები, ინტერნეტში ყოფნის დრო კი, მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან. იმ შემთხვევის დაშვებითაც კი, რომ ტელეფონით ავტომატურად ხდებოდა განახლების ფაილების ჩამოტვირთვა რომელიმე პროგრამისათვის, ან მომხმარებელი ზუსტად ერთსა და იმავე საიტზე შედიოდა, გამორიცხული იყო, რომ ერთმანეთს ბაიტის სიზუსტით დამთხვეოდა მიღებული ინფორმაციის მოცულობა, ასეთი მნიშვნელოვნად განსხვავებული ინტერნეტ სესიის პირობებში. საბილინგო ინფორმაციაში მოცემული ინტერნეტ სესიის დრო ეწინააღმდეგება საღ აზრს, აბონენტს არასრული 4 დღის განმავლობაში დაახლოებით 41 საათი აქვს გატარებული ინტერნეტში. სააბონენტო ნომრის მფლობელი დასასვენებლად იმყოფებოდა ეგვიპტეში და ყოველგვარ ლოგიკას იყო მოკლებული იმის მტკიცება, რომ იგი დღეში, დაახლოებით, 13 საათს ატარებდა ინტერნეტში;

13.5. პროვაიდერისგან დამოუკიდებლად, მომსახურების ოდენობის აღრიცხვას, ვერ შეძლებდა სააბონენტო ნომრის მფლობელი, თუმცა, მან დაადასტურა, რომ ინტერნეტს მოიხმარდა დღეში, დაახლოებით, ერთი საათი, მაშინ, როცა საბილინგო ინფორმაციით, ეს ციფრი დაახლოებით ცამეტჯერ მეტია;

13.6. მიმწოდებელი არ შეწინააღმდეგებია დასასვენებლად წასული პირის მიერ დღეში 13 საათი ინტერნეტში მუშაობის არაგონივრულობას, თუმცა, ამას იმით ხსნიდა, რომ ტელეფონს აქვს საშუალება, ავტომატური განახლებები გააკეთოს და ამით იყო განპირობებული ასეთი «ინტერნეტ ტრაფიკი».

14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 19 ნოემბრის განჩინებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.

15. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-9 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

16. სასამართლომ მიუთითა მომხმარებლის ძირითად პრეტენზიებზე, რომლებიც ბილინგში დაფიქსირებული მონაცემების არაგონივრულობას ეხებოდა და ფაქტობრივ გარემოებას, რომ შეუძლებელი იყო ეგვიპტეში დასასვენებლად მყოფ პირს, სამი დღის მანძილზე, თითქმის 41 საათი გაეტარებინა ინტერნეტში, მათ შორის, შუაღამის საათებშიც.

17. სასამართლომ განმარტა, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ’’ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) მეორე მუხლის ,,ნ’’ ქვეპუნქტის თანახმად - ბილინგის ინფორმაცია ესაა მომხმარებლისთვის მიწოდებული მომსახურების ან ოპერატორის ქსელის შესაბამისი ელემენტების დატვირთვის (ტრაფიკის) და მათი საოპერაციო რესურსების გარკვეულ პერიოდში გამოყენებული მოცულობის შესახებ მონაცემები, რომელთაც ოპერატორები აწვდიან ერთმანეთს, ან ბოლო მომხმარებელს, ანგარიშსწორების მიზნით;

18. დავის საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე, საკითხის მართებულად გადასაწყვეტად, სააპელაციო სასამართლომ შეაფასა სპეციალისტების მიერ სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებები.

19. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ქვემდგომ სასამართლოში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან მოწვეული სპეციალისტის ალ. ღლონტის განმარტებებზე; სპეციალისტმა აღნიშნა, რომ მობილური ტელეფონით ავტომატურად ხდება პროგრამების განახლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომატურად იხარჯება შესაბამისი ინტერნეტ რესურსი. რაც შეეხება “მეილებს“, თუ იგი მხოლოდ ტექსტის შემცველია, მისი გაგზავნა და მიღება ნაკლებ ინტერნეტს მოიხმარს, მაგრამ თუ ტექსტთან ერთად ფაილის მიმაგრებაც ხდება, ასეთ შემთხვევაში, მის გახსნას დიდი ადგილი სჭირდება და, შესაბამისად, ინტერნეტიც მეტი მოცულობით იხარჯება. ასევე, ინტერნეტში ფილმის ყურების შემთხვევაში, ფილმის მიმდინარეობის პარალელურად, შესაძლებელია, გაიხსნას დამატებითი ინტერნეტ სესია, რის გამოც, ასევე დამატებით იხარჯება ინტერნეტ ბაიტები (იხ. საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 დეკემბრის სხდომი ოქმი 17:07:52-17:57:30სთ).

20. მომხმარებლის შუამდგომლობის საფუძველზე, სს „ს-იდან“ მოწვეულმა ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტმა, დ. ი-ემ, სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 16 სექტემბრის სხდომაზე, ბილინგის მონაცემების სანდოობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე, განმარტა, რომ ბილინგის მონაცემები წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე უტყუარ მტკიცებულებას, მასში მონაცემების ასახვა ავტომატიზებული პროცესია და სადგურის მონაცემები ავტომატურად აისახება ბილინგში (იხ.16.09.2015. სხდომის ოქმი; CD დისკი; 16:48:48; 16:50:16). საქმეში წარდგენილ ბილინგის მონაცემებთან დაკავშირებით, სპეციალისტმა განმარტა, რომ აღნიშნულ ბილინგში არაფერი იყო არარეალური, რადგან შესაძლებელია, ორდღიან პერიოდში უფრო მეტი ინტერნეტის მოხმარებაც მოხდეს, მოხმარებული ინტერნეტი არ შეიძლება განხილული იქნეს არაგონივრულ მოხმარებად, ვინაიდან დრო პირდაპირ არ არის მიბმული ბაიტებზე, ერთი და იგივე ხანგრძლივობის დროში, შეიძლება გამოყენებული იქნეს სხვადასხვა მოცულობის ბაიტი. თუ ზოგადად სისტემა და ბრაუზერი ჩართულია, თუ ინტერნეტი აქტიურია, მომხმარებელი კავშირზეა სადგურთან, თუმცა, შესაძლოა, ამ დროს დაპაუზებული ჰქონდეს სესიის მიმდინარეობა, ან შეიძლება სკაიპი იყოს გახსნილი. ზოგიერთი საიტი მომხმარებლის აქტივობის გარეშეც მოიხმარს ინტერნეტს და ა. შ. (იხ. 16.09.2015. სხდომის ოქმი; CD დისკი; 16:40:16; 16:41:25; 16:44:55; 16:50:57; 16:56:47).

21. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მომხმარებლის პოზიცია, შესაძლო არასანქცირებულ შეღწევასთან (ჰაკერობასთან) დაკავშირებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 102-ე, 103-ე მუხლებზე მითითებით, სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ, დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. მოცემულ სამოქალაქო დავაში, მხოლოდ მომხმარებლის ახსნა-განმარტებით შეუძლებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოების დადგენა, როგორიცაა ქსელში არასანქცირებული შეღწევა. მომხმარებელს არ წარუდგენია სათანადო მტკიცებულება სასამართლოსთვის, რომელიც დაადასტურებდა დანაშაულს ან თუნდაც სათანადო ორგანოებისათვის მიმართვას. მომხმარებლის აღნიშნული პოზიცია მხოლოდ თეორიულ შესაძლებლობას ეფუძნებოდა.

22. სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, იდენტიფიცირებული იყო სატელეფონო ნომერი, რომლითაც აბონენტმა მიიღო მომსახურება, და მომსახურების მიმღები პირიც.

23. სასამართლომ მიუთითა სპეციალისტთა განმარტებებზე, რომ მოცემული ბილინგით შეუძლებელი იყო იმის გაშიფრვა, თუ კონკრეტულად რა მომსახურება მიიღო მომხმარებელმა ინტერნეტით (ეს იყო ფილმის ყურება, მეილების გაგზავნა, თუ სხვ.). სასამართლოს მოსაზრებით, სადავო შემთხვევაში, დავალიანება წარმოიშვა არა სატელეფონო მომსახურების მიღებით (რა დროსაც არაგონივრულობის ფაქტის შეფასება უფრო მარტივია), არამედ ინტერნეტის მომსახურების მიღებით, რა დროსაც ინტერნეტის ხარჯი და, შესაბამისად, თანხის ოდენობაც დამოკიდებულია არა დროის ფაქტორზე, არამედ მოხმარებულ ტრაფიკზე, ბაიტების ოდენობაზე. სს ,,ს-იდან’’ მოწვეულმა სპეციალისტმა, მაგალითისთვის განმარტა, რომ ერთი ფილმის ყურებით შეიძლება 30000 ლარის ინტერნეტი დაიხარჯოს, ან ერთი კარგი ხარისხის სურათის გაგზავნით - 30 ლარი და ა. შ.

24. მომხმარებლის ერთ-ერთი პრეტენზია ეხებოდა ბილინგში დაფიქსირებული ერთ-ერთი მონაცემის - 10 240 ბაიტის საეჭვოობას, რადგან ასეთი მონაცემი არაერთხელ მეორდებოდა, ხოლო ზუსტად ერთი და იგივე ბაიტების მოხმარება ფიქსირდება სხვადასხვა დროის მონაკვეთში. მაგალითად, ბილინგის მიხედვით, ერთ შემთხვევაში, 10 240 ბაიტის მოხმარებას დასჭირდა 875 წამი, მეორე შემთხვევაში - 75 წამი და ა. შ. (იხ. ბილინგი, ტ.1. ს.ფ. 185). სს ,,ს-იდან’’ მოწვეულმა სპეციალისტმა განმარტა, რომ დრო პირდაპირ არ არის მიბმული ბაიტებთან. ერთი სესიის ხანგრძლივობის დროში, შეიძლება სხვადასხვა ბაიტის გამოყენება, ხანგრძლივობას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია მოცულობა (იხ. 16.09.2015. სხდომის ოქმი; CD დისკი; 16:57:54).

25. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მომხმარებლის პრეტენზია, რომ დავალიანება გაიზარდა იმის გამო, რომ ეგვიპტელი ოპერატორისაგან დროულად არ მოხდა მონაცემების მიწოდება მიმწოდებლისთვის; თუკი შემკვეთს ტექნიკური შესაძლებლობა ექნებოდა, რომ უცხოელი ოპერატორისაგან ყოველ საათში მიეღო მონაცემები, ასეთ შემთხვევაში, დროულად შეუწყვეტდა მომხმარებელს პირველი ჯგუფის მომსახურებას.

26. სასამართლომ აღნიშნა, რომ ბილინგის მონაცემებით დასტურდება 1 სექტემბერს მოხმარებული ინტერნეტის რეგისტრაცია მიმწოდებელთან მოხდა 2-3 სექტემბერს, 2 სექტემბერს მოხმარებული მომსახურება დარეგისტრირდა 3 სექტემბერს, 3 სექტემბრისა კი 4 სექტემბერს. სასამართლომ მიიჩნია, რომ განჩინების 25-ე პუნქტში მითითებული არგუმენტი, არ შეიძლება გახდეს მომხმარებლის დავალიანების გადახდისაგან (ან ნაწილობრივ გადახდისაგან) გათავისუფლების საფუძველი, ვინაიდან მომსახურების ხელშეკრულებით, მიმწოდებელს არ აუღია ასეთი ვალდებულება მომხმარებლის წინაშე, ხოლო რა სახელშეკრულებო ვალდებულებები აკავშირებდა მიმწოდებელს ეგვიპტელ ოპერატორთან, მოცემული დავის ფარგლებში, ვერ იქნებოდა განხილული. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, რომ სწორედ მომხმარებლის მოთხოვნით მოხდა კონკრეტული სატელეფონო ნომრის გადაყვანა მომსახურების პირველ ჯგუფში და მას მუდმივად ჩაერთო როუმინგი, რითაც მან უკვე გასწია გარკვეული რისკი მოსალოდნელ შედეგებზე.

27. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, ქვემდგომ სასამართლოში, მოწმედ დაკითხული სააბონენტო ნომრის მფლობელი პირის განმარტებაზე, რომელმაც დაადასტურა, რომ სარგებლობდა მიმწოდებლის როუმინგული მომსახურებით. სატელეფონო ნომრის მფლობელი იმყოფებოდა ეგვიპტეში და ის ინტერნეტს იყენებდა „მეილების“ გასაგზავნად, ასევე, შედიოდა რამდენიმე საიტზე. მოწმემ ისიც აღნიშნა, რომ ზუსტად არ ახსოვდა, თუმცა, უშვებდა შესაძლებლობას, რომ მის მიერ მიღებულ ან გაგზავნილ მეილებს ჰქონდა დანართებიც (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 დეკემბრის სხდომი ოქმი16:12:10-16:47:50სთ).

28. სასამართლომ, მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტით, შეაფასა, მოსარჩელის მიერ წარდგენილი საბილინგო ინფორმაცია (იხ. ტ.1. ს.ფ. 185-188), ამ ინფორმაციის შემცველი ინვოისი, რომლის თანახმად, მომხმარებელს გადასახდელი აქვს 50 611.89 ლარი (იხ. ტ.1. ს.ფ. 22-23). მიმწოდებლის მტკიცებულებების საწინააღმდეგოდ, მიმწოდებელს სასამართლოში შესაბამისი მტკიცებულება არ წარუდგენია.

29. სასამართლომ არ გაიზიარა მიმწოდებლის პოზიცია იმის თაობაზე, რომ

ეგვიპტეში ჩასვლისას, სააბონენტო ნომრით მოსარგებლეს გაუგზავნეს გამაფრთხილებელი სმს-ი შემდეგი ტექსტით: „გაცნობებთ, რომ ახალი მოდელის მობილურები, ჩართული ინტერნეტსერვისის დროს, ავტომატურად უკავშირდებიან ინტერნეტს და დავალიანება მნიშვნელოვან თანხებს აღწევს. ამის თავიდან ასაცილებლად, უცხოეთში როუმინგით სარგებლობისას ტელეფონში ფუნქცია DATA ROUMING დააყენეთ OFF“. აღნიშნული შეტყობინების გაგზავნის, ან სააბონენტო ნომრის მფლობელის მიერ მისი მიღების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. აღნიშნული არც სააბონენტო ნომრის მფლობელს დაუდასტურებია თავისი განმარტებისას, როგორც ამას მიუთითებს საქალაქო სასამართლო. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მითითებული გარემოება არ წარმოადგენდა მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა დავაზე სწორი გადაწყვეტილების მისაღებად. სასამართლოს მოსაზრებით, საზღვარგარეთ თანამედროვე ტელეფონებით სარგებლობის წესის განუმარტებლობა არ შეიძლება შეფასდეს, მომხმარებელთა უფლებების დარღვევად.

30. სააპელაციო სასამართლომ საკუთარი განჩინება დააფუძნა სსკ-ის 316-ე, 317-ე, 361-ე, 629-ე მუხლებზე.

31.მომხმარებელმა, საკასაციო წესით, გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 19 ნოემბრის განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მიმწოდებლის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ტ.2, ს.ფ.124-137).

32. საკასაციო საჩივარი ძირითადად იმეორებს სააპელაციო საჩივრის პრეტენზიებს (იხ. ამ განჩინების მე-13 პუნქტი) და უთითებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ პუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებზე;

32.1. კასატორის მოსაზრებით, სადავო საკითხი რთული და აქტუალურია, მომხმარებლის ინტერესების დაცვას ეხება, რა დროსაც შესაფასებელია გონივრულობის ფარგლები. ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით, აუცილებელია განსახილველ საქმეზე შესაბამისი ნორმების განმარტება და უზენაესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

32.2. კასატორი უთითებს სასამართლოს მიერ დასადგენ მთავარ ფაქტზე - მოხდა თუ არა ორ არასრულ კალენდარულ დღეში (01.09.2012 – 03.09.2012) მიმწოდებლის მიერ 50 611.90 ლარის ღირებულების მომსახურების გაწევა. საბილინგო ინფორმაციის გარდა, სხვა რაიმე სახის მტკიცებულება საქმეში არ არის წარმოდგენილი და გასაჩივრებული გადაწყვეტილება მხოლოდ ამ დოკუმენტის უტყუარობაზეა დამყარებული;

32.3. ქვემდგომმა სასამართლოებმა არ შეაფასეს, სამი დღის ვადაში მოხმარებული მეგაბაიტების მოცულობა მის ღირებულებასთან, რამდენად განჭვრეტადი იყო მომხმარებლისათვის შესაძლო რისკები და რა ზომები მიიღო მომსახურების გამწევმა იმისთვის, რომ მომხმარებელს მიეღო ინფორმაცია შესაძლო შედეგის თაობაზე;

32.4. სასამართლომ არ ჩათვალა წარდგენილი საბილინგო ინფორმაცია საეჭვოდ და მთლიანად დადასტურებულად მიიჩნია მასში ასახული ინფორმაცია. სააპელაციო სასამართლოს შეფასებაზე (იხ. წინამდებარე განჩინების 23-ე პუნქტი) მითითებით, კასატორი აღნიშნავს, რომ საბილინგო ინფორმაციით არ დასტურდება ყოველი კონკრეტული IP მისამართზე შესვლისას, რა ოდენობის მეგაბაიტები იქნა გამოყენებული. სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია, რამდენად გონივრულია მოხმარებული ბაიტების მოცულობის გონივრულობა დროსთან და ღირებულებასთან მიმართებით, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია მომხმარებელთა უფლებების დაცვისათვის, მაშინ, როცა კანონმდებლობა აღნიშნულს პირდაპირ ავალდებულებს პროვაიდერს (იხ. „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის #3 დადგენილების (შემდეგში: კომუნიკაციების კომისიის # 3 დადგენილება) 25-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტი - „მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს შეთავაზებული მომსახურების ადეკვატურობა მიღებულთან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიღოს შესაბამისი ზომები შეუსაბამობის დროული, ჯეროვანი, სრული აღკვეთის მიზნით“);

32.5. მომხმარებელი არ იყო ინფორმირებული, SMS შეტყობინებით, საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში, ტარიფების შესახებ. მიმწოდებელს არ წარმოუდგენია საამისო მტკიცებულება, რაც არ გაიზიარეს ქვემდგომმა სასამართლოებმა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ვალდებულება ეკისრება პროვაიდერს /ოპერატორს/ (იხ. კომუნიკაციების კომისიის #3 დადგენილების 10(5) მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტი, ასევე ,,ვ’’ ქვეპუნქტი). მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენდა მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა მოცემულ დავაზე სწორი გადაწყვეტილების მისაღებად; საზღვარგარეთ თანამედროვე ტელეფონებით სარგებლობის წესის განუმარტებლობა არ შეიძლებოდა შეფასებულიყო მომხმარებელთა უფლებების დარღვევად (იხ. განჩინების 29-ე პუნქტი). ეს წესი, მომხმარებლის უფლებების დაცვას ემსახურება, რათა არიდებული იქნეს (ტარიფის გაზრდის შემთხვევაში) მომხმარებლისათვის არასასურველი (მისთვის უცხო და მიუღებელი) ხარჯები. ეს წესი არ დაიცვა თავად მოსარჩელემ, რაც არსებითი გარემოებაა კონკრეტულ შემთხვევაში. მითითებული დადგენილების 10(5)-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტით განისაზღვრება, რომ მომსახურების მიმწოდებელი უზრუნველყოფს მომხმარებლის მიერ როუმინგული მომსახურების მიღების ქვეყანაში მოქმედი საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების საკონტაქტო ინფორმაციის მომხმარებლისათვის მიწოდებას. თუმცა, მოსარჩელემ ეს ვალდებულებაც არ შეასრულა;

32.6. სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო ძალზედ მნიშვნელოვანი ფაქტი, მომსახურების გამწევის მიერ შეტყობინების მნიშვნელობა და აუცილებელია, საკასაციო სასამართლომ იმსჯელოს აღნიშნულ გარემოებაზე. მიმწოდებელი აცხადებს, რომ ეგვიპტეში ჩასვლისას, მომხმარებელს გაეგზავნა შეტყობინება. აღნიშნული განცხადებით მიმწოდებელმა ფაქტიურად, აღიარა, რომ მას გააჩნდა შესაბამისი შეტყობინების გაგზავნისა და მომხმარებლის გაფრთხილების ვალდებულება. თუკი როუმინგული მომსახურების გამოყენება მსგავსი საფრთხის შემცველი გახლდათ მომხმარებლისათვის და მას შესაძლოა განეცადა სერიოზული დანაკარგი, მიმწოდებელს, როგორც სპეციალური მომსახურების განმახორციელებელ პირს, რომელსაც გააჩნია ინფორმაცია ამ სფეროში არსებული რისკების შესახებ, უნდა გაეფრთხილებინა მომხმარებელი და მიეცა მისთვის საშუალება, თავიდან აეცილებინა აღნიშნული რისკები;

32.7. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ მიმწოდებლის წარმომადგენელი დაუკავშირდა მომხმარებლის წარმომადგენელს, შეატყობინა როუმინგული მომსახურების საფასურის - 3000 ლარის დარიცხვა და შესთავაზა აღნიშნული მომსახურების გათიშვა, რაც, მომხმარებლის მტკიცებით, ცხადყოფს, რომ მიმწოდებლისათვის მოულოდნელი გახლდათ 3000 ლარის მომსახურების მიღებაც კი, რომ არაფერი ვთქვათ, 50 612 ლარზე, რომლის გახარჯვაც მომხმარებელმა, თითქოსდა, 41 საათში მოახერხა;

32.8. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორის მტკიცებით, მიმწოდებელმა დაარღვია მომხმარებლის რისკებისგან დაცვის თაობაზე, მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება, რა ფაქტსაც სააპელაციო სასამართლო უგულებელყოფს. მნიშვნელოვანია, საკასაციო სასამართლომ შეაფასოს, თუ რამდენად იყო განჭვრეტადი მომხმარებლისთვის შესაძლო შედეგები, მაშინ, როდესაც მას არანაირი შეტყობინება არ მიუღია შესაძლო რისკების თაობაზე, ამასთან, რამდენად არის გონივრული საბილინგო ინფორმაციით მოწოდებული დავალიანების ოდენობა;

32.9. უდავოა, რომ სააბონენტო ნომერი მომსახურების პირველ ჯგუფში გადაიყვანა მიმწოდებელმა და მომხმარებელს ულიმიტოდ ჩაურთო როუმინგი. კასატორის მოსაზრებით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მომსახურების გამწევს არ უნდა მიეღო ყველა ზომა იმისათვის, რომ მიეწოდებინა ინფორმაცია, რა სახის რისკის შემცველი შეიძლებოდა ყოფილიყო როუმინგის გამოყენება. ,,ულიმიტობა’’ უნდა შეფასდეს გონივრულ ფარგლებში, რაზეც ქვემდგომ სასამართლოებს არ უმსჯელიათ. უზენაესმა სასამართლომ უნდა განმარტოს, რათა დაცული იქნეს მომხმარებლის უფლება, რომელიც ვერ განჭვრეტდა, თუ რა მნიშვნელოვანი დანახარჯი შეიძლება გამოეწვია 01.09.2012-03.09.2012 პერიოდში, აბონენტის მიერ როუმინგის გამოყენებას;

32.10. საქართველოს უზენაესი სასამართლო, 2011 წლის 17 ოქტომბრის #ას-1019-1050-2011 გადაწყვეტილებით, სატელეფონო და ინტერნეტ მომსახურების ხელშეკრულებას განმარტავს, როგორც ნარდობის ხელშეკრულებას და აცხადებს, რომ თუ სახეზე არ არის სამუშაოს შესრულების ფაქტი, არ წარმოიშობა შეთანხმებული საზღაურის გადახდის ვალდებულება. იმავე გადაწყვეტილებით, უზენაესმა სასამართლომ სადავო ზარების კონკრეტული ნუმერაციის რესურსის (სატელეფონო ნომრის) იდენტიფიცირების შეუძლებლობა ჩათვალა იმდენად მნიშვნელოვან გარემოებად, რომ სატელეფონო მომსახურების გაწევის ფაქტი არ ჩათვალა დადგენილად და არ დააკისრა მხარეს მომსახურების საფასურის გადახდა;

32.11. მიმწოდებლის მიერ მომხმარებლისათვის გაგზავნილი ამონაწერი არასრულყოფილია, მასში მითითებული არ არის ინტერნეტ-სესიის დასრულების დრო, საიტები, საიდანაც მოხდა ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ასევე გამოყენებული ინფორმაციის მოცულობა (მბ) (იხ. ხელშეკრულების დანართი 1). აღნიშნული ინფორმაცია არ არის იდენტიფიცირებული და, როგორც ფაქტობრივი გარემოებებითა და კასატორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, არც არსებობს მათი იდენტიფიცირების საშუალება, რამდენადაც აღნიშნული ინფორმაციის აღრიცხვა მოსარჩელეს არ განუხორციელებია. აღნიშნულს, ასევე, ადასტურებს ელექტრონული კორესპონდენცია მიმწოდებელსა და ეგვიპტის ოპერატორს შორის, რომ, ფაქტობრივად, შეუძლებელია სავარაუდოდ მოხმარებული ვებ-საიტების იდენტიფიცირება, მაშინ, როცა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მომწოდებელი ვალდებულია, მიაწოდოს მომხმარებელს დეტალური ამონაწერი გაწერილი მომსახურების შესახებ;

32.12. ამონაწერით დასტურდება, რომ როუმინგული დარიცხვა დაიწყო 01.09.2012, 10:45:36 და დასრულდა 03.09.2012, 03:29:08. ამასთან აღსანიშნავია, რომ არასრულ 41 საათში (ზუსტად 40:43:32, ანუ 2444 წუთი) აბონენტს დაერიცხა 50 612 ლარი (ანუ უწყვეტად წუთში ხარჯი შეადგენდა საშუალოდ 21 ლარს), თუმცა, აი-პი მისამართების აღურიცხაობის გამო, მომხმარებლის მიერ შეუძლებელია იდენტიფიცირება, მიიღო თუ არა მან კონკრეტული მომსახურება;

32.13. კომუნიკაციების კომისიის #3 დადგენილების მე-20 მუხლის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, მიწოდებულ ანგარიშს თან დაურთოს ინფორმაცია საანგარიშო პერიოდის შესაბამისი მომსახურების სახის, ტარიფის, თარიღის, მომსახურების გაწევის დროის, დროის ხანგრძლივობის (წუთობრივად), შემომავალი და გამავალი ზარების ნომრების შესახებ. თუ აღნიშნული წესი პირდაპირ გამოიყენება სატელეფონო ზარების შემთხვევაში, ანალოგიურად უნდა გამოიყენებოდეს ინტერნეტ მომსახურების პირობებშიც და ზარების ნომრების ნაცვლად უნდა მოიაზრებოდეს ინტერნეტ web გვერდის (IP მისამართების) ჩამონათვალი. აღნიშნული შესაძლებლობა და ვალდებულება ოპერატორს გააჩნია, ასევე, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის # 355 დადგენილებით „ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“;

32.14. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია სრულად მოსარჩელის მიერ წარდგენილი ამონაწერის შესაბამისობა კანონმდებლობასთან. მან არ ჩათვალა არსებითად გარემოება, რომ ამონაწერი არ მოიცავს მნიშვნელოვან მონაცემებს მომსახურების ტარიფის, ასევე, შესაძლოდ გამოყენებული, ან ავტომატურად მიმართვადი ინტერნეტ web გვერდების მონაცემების შესახებ. შესაბამისად, უცნობი რჩება, თუ რა ინტერნეტ მომსახურების საფუძველზე დაერიცხა მომხმარებელს 2 არასრულ დღეში უზარმაზარი თანხა, რაც სააპელაციო სასამართლომ უმნიშვნელო გარემოებად შეაფასა;

32.15. სსკ 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. კომუნიკაციების კომისიის # 3 დადგენილების 25-ე მუხლის ,,ი’’ ქვეპუნქტის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, მიიღოს ზომები მომხმარებელთა დასაცავად მომსახურებით გამოწვეული ნებისმიერი შესაძლო რისკისგან. მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომხმარებელი საფილტრო პროგრამით; საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თავის 2012 წლის 01 ნოემბრის #ას-1131-1062-2012 გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სწორედ პროვაიდერს (მოსარჩელეს) ეკისრება ვალდებულება ქსელის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ვინაიდან ის არის სპეციფიკური მომსახურების განმახორციელებელი პირი და მას აქვს ინფორმაცია ამ სფეროში არსებული რისკების შესახებ და საშუალება ამ რისკების აღსაკვეთად. იგი ვალდებული იყო, თუნდაც მცირე საფრთხეების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა მოპასუხისათვის’’;

32.16. მომხმარებელს სრული უფლება აქვს, მიიღოს ინფორმაცია წარმოებული მომსახურების შესახებ. მიუხედავად მრავალგზის მცდელობისა, მოსარჩელის მხრიდან ვერ იქნა მიღებული ინფორმაცია გამოყენებული web გვერდების შესახებ. წარდგენილია მხოლოდ სარჩელზე თანდართული ამონაწერი, რომელიც სააპელაციო სასამართლომ უტყუარ მტკიცებულებად მიიჩნია, თუმცა, აღნიშნულ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაცია სრულად არ შეესაბამება საკანონმდებლო მოთხოვნებს, კერძოდ, კომუნიკაციების კომისიის #3 დადგენილების მე-4 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტს. აღნიშნული ნორმის თანახმად, პროვაიდერი ვალდებულია, წარმოადგინოს ინფორმაცია საანგარიშო პერიოდის შესაბამისი მომსახურების სახის, ტარიფის, თარიღის მომსახურების გაწევის დროის, დროის ხანგრძლივობის, გამავალი ზარების ნომრების შესახებ, ხოლო მომსახურების მიმწოდებლის მიერ დადგენილი საფასურის, რომელიც უნდა იყოს ხარჯებზე ორიენტირებული გადახდის შემთხვევაში - შემომავალი ზარებისა და არასაანგარიშო პერიოდის დეტალური ანგარიში;

32.17. პროვაიდერის მიერ წარმოდგენილ ამონაწერში არსებული მონაცემები არაზუსტია. მოყვანილი წუთობრივი მონაცემები, ყოველ ერთეულ შემთხვევაზე, განსხვავებული თანხით არის დატვირთული. აღნიშნული აიხსნება იმით, რომ დროის სხვადასხვა მონაკვეთში ინტერნეტით მომსახურების ტარიფი განისაზღვრება გამოყენებული ბაიტების შესაბამისად, თუმცა, ამ ბაიტების ჩამონათვალი და, რაც უმთავრესია, გამოყენებული web საიტების მისამართები არ არის განსაზღვრული;

32.18. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორის მოსაზრებით, მიმწოდებელმა დაარღვია მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება, მომხმარებლის რისკებისგან დაცვის თაობაზე. გარდა ამისა, მიმწოდებელს არ აღურიცხვას იმ მომსახურების მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია, რომელიც მან, თითქოსდა, მიაწოდა აბონენტს, რაც შესაძლებელს გახდიდა, დადგენილიყო მომხმარებლის მიერ აღნიშნული მომსახურების მიღების ფაქტი. მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის არარსებობა გამორიცხავს მომხმარებლის მიერ მომსახურების მიღების ფაქტის დადასტურებას.

33. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 იანვრის განჩინებით, მომხმარებლის საკასაციო საჩივარი, წარმოებაშია მიღებული, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო იმავე წლის 26 თებერვლის განჩინებით, საკასაციო განაცხადის დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად, 11 მარტს დაინიშნა საქმის ზეპირი მოსმენა.

34. საქმის ზეპირი მოსმენისას, 11 მარტს გამოცხადებულმა მხარეებმა შემდეგნაირად წარმოაჩინეს საკუთარი პოზიციები:

34.1. კასატორმა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლად სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე მიუთითა და განმარტა, რომ განსახილველი საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკისათვის. საქმე ეხება მომხმარებლის უფლებებს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში და მიმწოდებლის კეთილსინდისიერების საკითხს, ამასთან, არა მხოლოდ კონკრეტულ დავაზე, არამედ კონკრეტულ განმარტებებსა და დასკვნებს მსგავს შემთხვევებში. კასატორმა განმარტა, რომ აბონენტს სერვისი ჩართული ჰქონდა, მომსახურება გაწეულია, თუმცა, არაგონივრულია დაკისრებული თანხა, რადგან არ შეესაბამება საღ, გონივრულ აზრს და განუჭვრეტადი იყო ამგვარი რისკი მომხმარებლისათვის. ამასთან, მხარისათვის უცნობი იყო ტარიფის ასეთი სახით ცვლილების თაობაზე, რაც ხელშეკრულების არსებითი პირობა იყო; თუკი, საქართველოში ტარიფი 70 თეთრი იყო ერთ მეგაბაიტზე, აღმოჩნდა, რომ ეგვიპტეში 16 ევრომდე იყო გადასახდელი იგივე მეგებაიტზე, რამაც განაპირობა თანხის ამ მოცულობით დარიცხვა. საკამათოა, დათანხმდებოდა თუ არა, მომხმარებელი ასეთ პირობებს, თუკი მას ეცოდინებოდა ტარიფის ამგვარი ცვლილების შესახებ და საკასაციო სასამართლომ უნდა განმარტოს, თუ რამდენად არის ვალდებული მიმწოდებელი, გამოიჩინოს კეთილსინდისიერება ასეთ ურთიერთობაში. ასევე, საკამათოა საბილინგო ინფორმაციაც, რადგან მასში არ ჩანს დახარჯული მეგაბაიტები, აი-პი მისამართები. კასატორმა მიუთითა რეგლამენტით დაცულ მომხმარებელთა უფლებებზე. მომხმარებელმა აღნიშნა, რომ ფაქტობრივი გარემოებები არასწორად შეაფასა სასამართლომ, რამაც გამოიწვია არასწორი გადაწყვეტილების მიღება, სილქნეთიდან მოწვეულმა სპეციალისტმა განმარტა ახალი თაობის ტელეფონების ტექნიკური შესაძლებლობები, ავტომატურ რეჟიმში ჩამოტვირთოს ინფორმაციები და ერთდროულად რამდენიმე ინტერნეტ-სესია გახსნას. მომხმარებელი არ იყო სათანადოდ ინფორმირებული მიმწოდებლის მიერ.

34.2. მოწინააღმდეგემ განმარტა, რომ მომსახურების გაწევა დადასტურებულია საბილინგო ინფორმაციით, რომელიც უტყუარი მტკიცებულებაა, ამასთან, უცხოელ ოპერატორს მან უკვე გადაუხადა ის თანხა, რაც მოპასუხემ უნდა აანაზღაუროს. აღსანიშნავია ისიც, რომ მოპასუხე თავადაც სოლიდური იურიდიული პირია და ისეთ სფეროში საქმიანობს, რომელიც მის გაუთვითცნობიერებლობაზე, ცხადია, არ მეტყველებს, მან თავადვე მოითხოვა ე.წ. “VIP” მომსახურება. დაუსაბუთებულია კასატორის პოზიცია, რომ ახალი თაობის მობილური ტელეფონით თუკი მიიღებდა მომხმარებელი როუმინგულ მომსახურებას, მან არ იცოდა, რომ მეტი იქნებოდა დარიცხული თანხები, მიმწოდებელს არ ევალება მომხმარებლისათვის განმარტებების მიწოდება იმის მიხედვით, თუ რა მოდელის სატელეფონო აპარატი აქვს მას. მიმწოდებელმა მყისიერად გამოიჩინა წინდახედულება და შეატყობინა მომხმარებელს, რომ მის თანამშრომელს დაერიცხა გარკვეული თანხა როუმინგული მომსახურებით, ამასთან, ეს რომ ფიზიკური პირი ყოფილიყო, მოსარჩელე არც კი ჰკითხავდა მას, ისე, გაუთიშავდა სერვისს, მაგრამ საქმე ეხება სოლიდურ იურიდიულ პირს, რომლის კატეგორიული მოთხოვნაც იყო კონკრეტული სატელეფონო ნომრის მფლობელის პირველი ჯგუფის მომხმარებელთა კატეგორიაში გადაყვანა და მისი უზრუნველყოფა უწყვეტი როუმინგული მომსახურებით. მოწინააღმდეგეს მიაჩნია, რომ კასატორის მიერ მითითებულ საკითხებს არ სჭირდება განმარტება, რადგან დავალიანება არსებობს, რაც დადასტურებულია უტყუარი მტკიცებულებით, ამავე საქმეზე დაკითხული არიან სპეციალისტები და, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობის წინაპირობები.

35. საკასაციო სასამართლოს, 2016 წლის 11 მარტის ზეპირი განხილვით ჩატარებულ, სხდომაზე, მომხმარებლის საკასაციო განაცხადი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, მომხმარებლის საკასაციო საჩივრის შესწავლისა და მტკიცებულებათა ერთობლიობით გაანალიზების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო განაცხადი საფუძვლიანია და იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

36. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). კასატორის პრეტენზიათა ნაწილი საფუძვლიანია, რის გამოც საკასაციო განაცხადი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

37. განსახილველ დავაში, საკასაციო სასამართლოს კვლევისა და შეფასების საგანია მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც ნარდობის მომწესრიგებელი ნორმების მიხედვით არის ქვემდგომი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილი, რაც შეესატყვისება საკასაციო სასამართლოს პრაქტიკას და მართებულია მხარეთა შორის არსებული ურთიერთობისადმი სამოქალაქო კოდექსის დასახელებულ ნორმათა მისადაგება.

38. განსახილველი ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობა მიმწოდებლისა და მომხმარებლის ურთიერთვალდებულებებს მოიცავს, ამ კონტექსტში კი, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე (იხ. ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტი) და აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის სადავო არ არის მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურება, იდენტიფიცირებულია სატელეფონო ნომერიც და ამ ნომრით მომსახურების მიღება კონკრეტული აბონენტის მიერ (იხ. 22-ე პუნქტი), თუმცა, სადავოა გაწეული მომსახურებისათვის მომხმარებლის (შემკვეთის) კონკრეტული აბონენტისათვის დაკისრებული დავალიანების საფუძველი, დაანაგარიშება და მიმწოდებლის კეთილსინდისიერება, რადგან დავა ეხება სპეციფიკურ ურთიერთობას - ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების ფლობის, გამოყენებისა და მომსახურების მიწოდების დროს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებებსა და მოვალეობებს (იხ. სპეციალური კანონის პირველი მუხლი). ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის მიზანია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურებაზე ფიზიკური და იურიდიული პირების მოთხოვნილებათა უზრუნველყოფა და საინფორმაციო საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. ამ სფეროში კი სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია მომხმარებელთა კანონიერი ინტერესების დაცვა (იხ. სპეციალური კანონის მეოთხე მუხლი), ხოლო მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და მომსახურების ზოგად წესებს არეგულირებს სპეციალური კანონის 62-ე მუხლი, რომლის მე-3 ნაწილით მომხმარებელს აქვს უფლება, მიიღოს ინფორმაცია, მათ შორის, გაწეული ან არჩეული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ტარიფების, მომსახურების მიწოდებისა და ანგარიშსწორების პირობების, საანგარიშო პერიოდის დეტალური ბილინგის ინფორმაციის შესახებ. დასახელებული ნორმის მე-4 ნაწილით დადგენილია ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულება, საკუთარ აბონენტს, დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, მიაწოდოს მომსახურება სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც, სხვა მრავალ პირობასთან ერთად, უნდა მოიცავდეს „დეტალურ ინფორმაციას მომსახურების ტარიფების, აგრეთვე ცვლილების შემთხვევაში განახლებული ინფორმაციის მიღების შესახებ“ („ე“ ქვეპუნქტი);

39. მენარდემ, როგორც ავტორიზებულმა პირმა (იხ. სპეციალური კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი) შემკვეთს შესთავაზა ხელშეკრულების (იხ. ამ გადაწყვეტილების პირველი და მეორე პუნქტები) სტანდარტული პირობები, ხოლო მომსახურებებისა და მათი საფასურის დანართში, მიუთითა როუმინგის შემომავალი ზარისა და საერთაშორისო მიმართულებით განხორციელებული ზარების (კოდით 00 ან +) კონკრეტული პროცენტით ფასდაკლებაზე, ამასთან, განმარტა, რომ: „ტარიფი, შესაძლოა, მცირედით აღემატებოდეს მოცემულს, იმ შემთხვევაში, თუ საზღვარგარეთ მომსახურე ოპერატორს დაწესებული აქვს ან მომსახურების პერიოდში დააწესებს დამატებით ტარიფს შემავალ ზარებზე“ (იხ. ტ.1, ს.ფ. 17). აღნიშნული შეთანხმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ შემკვეთმა უკვე გასწია გარკვეული რისკი მოსალოდნელ შედეგებზე, როდესაც მოითხოვა კონკრეტული აბონენტის მომსახურების პირველ ჯგუფში გადაყვანა და მისთვის მუდმივი როუმინგული მომსახურების უზრუნველყოფა (იხ. 26-ე პუნქტი). საკასაციო სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია გასაჩივრებული განჩინების აღნიშნული დასკვნა, რადგან მომსახურების მიღება შეუძლებელია დაკავშირებული იყოს განუჭვრეტად რისკთან. განსახილველი დავა ორ სოლიდურ იურიდიულ პირს შორის ურთიერთობას უკავშირდება, სადაც, მიმწოდებელი, როგორც ავტორიზებული პირი, რომელიც კონკრეტული პირობების შემთავაზებელია, კანონითაა ვალდებული, უზრუნველყოს მის მიერ სპეციფიკური მომსახურების გაწევისას, მომხმარებელს მიაწოდოს ადეკვატური, დროული და გასაგები ინფორმაცია. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოწინააღმდეგის პოზიციას (იხ. საკასაციო სასამართლოს 11.03.2016წ. სხდომის ოქმი; ამ გადაწყვეტილების 34.2. ქვეპუნქტი), რომ მენარდე არ იყო ვალდებული, შეესწავლა მომხმარებლის აბონენტის ტერმინალური აპარატი (მობილური ტელეფონის მოდელი; იხ. სპეციალური კანონის მე-3 მუხლის 10ჰ ქვეპუნქტი) და აქედან გამომდინარე განემარტა მისთვის, შესაძლო ინტერნეტ-სესიების ავტომატურ რეჟიმში ჩამოტვირთვის რისკები, მაგრამ ორ იურიდიულ პირს შორის სამართლებრივ ურთიერთობაში, კონკრეტულ სფეროში ავტორიზებული სამეწარმეო სუბიქტი ვალდებულია, მომხმარებელ საწარმოს მიაწოდოს წინამდებარე განჩინების 32.4 და 32.5 ქვეპუნქტებში მითითებული #3 დადგენილებით განსაზღვრული ინფორმაცია.

40. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომელიც ამ გადაწყვეტილების 29-ე პუნქტშია ასახული. ქვემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილია გარემოება, რომ ეგვიპტეში ჩასვლისას, სააბონენტო ნომრით მოსარგებლისათვის გამაფრთხილებელი სმს-ით შეტყობინება არ გაუგზავნია მიმწოდებელს, თუმცა, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით, მითითებულ გარემოებას არ ჰქონდა არსებითი მნიშვნელობა დავაზე სწორი გადაწყვეტილების მისაღებად, რადგან საზღვარგარეთ თანამედროვე ტელეფონებით სარგებლობის წესის განუმარტებლობა არ შეიძლება შეფასდეს, მომხმარებელთა უფლებების დარღვევად. აღნიშნული მსჯელობა მცდარია და ეწინააღმდეგება სპეციალური კანონის 62-ე მუხლს (იხ. 38-ე პუნქტი) და # 3 დადგენილებას (იხ. 32.4. ქვეპუნქტი), რომლის მე-2 მუხლით: „წინამდებარე რეგლამენტი ადგენს მომხმარებლისათვის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების, მათ შორის, ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო, მობილური სატელეფონო და ინტერნეტით მომსახურების მიწოდების წესებსა და პირობებს, განსაზღვრავს მომსახურების მიმწოდებლისა და მომხმარებლის უფლებებსა და ვალდებულებებს და მისი მიზანია უზრუნველყოს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის მიერ „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი მომსახურების მიწოდება და მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა“, ხოლო მე-4 მუხლით მოწესრიგებულია საანგარიშსწორებო და საინფორმაციო უზრუნველყოფა, რომლის თანახმად: „1. მომხმარებელს უფლება აქვს მომსახურების მიმწოდებლისაგან შეუფერხებლად და უფასოდ მიიღოს ინფორმაცია, მათ შორის: ა) მომსახურების სახეობის, ინტერნეტით მომსახურებისას სიჩქარისა და ღირებულების თაობაზე; ბ) მომსახურების მიწოდებისა და მოხმარების წესების, გადახდის ფორმებისა და საშეღავათო სისტემის შესახებ; გ) საანგარიშო პერიოდის შესაბამისი მომსახურების სახის, ტარიფის, თარიღის, მომსახურების გაწევის დროის, დროის ხანგრძლივობის, გამავალი ზარების ნომრების შესახებ, ხოლო მომსახურების მიმწოდებლის მიერ დადგენილი საფასურის, რომელიც უნდა იყოს ხარჯებზე ორიენტირებული გადახდის შემთხვევაში – შემომავალი ზარებისა და არაასაანგარიშო პერიოდის დეტალური ანგარიში; დ) მომსახურების მიწოდების შეზღუდვისა და შეწყვეტის მიზეზებისა და ხაგრძლივობის თაობაზე; ე) მომსახურების შეფერხების დროული აღმოფხვრის, მიუწოდებელი და უხარისხო მომსახურებისათვის გათვალისწინებულ საკომპენსაციო პირობების თაობაზე; ვ) იმის თაობაზე, თუ რამ შეიძლება რაიმე სახის ზეგავლენა მოახდინოს მომსახურების ხარისხსა ან/და მის პირობებზე; ზ) მომხმარებელთა უფლებებისა და ვალდებულებების თაობაზე; თ) იმ ღონისძიებების თაობაზე, რომლებსაც მომსახურების მიმწოდებელი მიმართავს მომხმარებლის მიერ მოხმარების წესების დარღვევის შემთხვევაში; ი) იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების მიმწოდებელი სთავაზობს მომსახურებას, რომლის საფასურიც არ არის გათვალისწინებული სამომხმარებლო პაკეტში, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მიაწოდოს ინფორმაცია მომხმარებელს დამატებით საფასურის თაობაზე ან შეზღუდოს მსგავსი მომსახურების თავისუფალი მიღება. 2. მომსახურების მიმწოდებელი მომხმარებელთა ინფორმაციული უზრუნველყოფისათვის: ა) მომხმარებელს მიაწვდის საინფორმაციო კატალოგებს საჩივრისა და საპრეტენზიო განცხადების შეტყობინების უფასო ნომრების მითითებით და უზრუნველყოფს მუდმივმოქმედი 24–საათიანი ცხელი ხაზის მუშაობას; ბ) უზრუნველყოფს მომხმარებელს მასთან დაკავშირების მიზნით თავისი საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო ინფორმაციით. 3. მომხმარებლისათვის მიწოდებული ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი, უტყუარი, ამომწურავი და გასაგები, რომელსაც არ ექნება დამაბნეველი ან მაცდური ხასიათი. 4. მომსახურების მიმწოდებელი მომსახურების წესისა და პირობების ნებისმიერი ცვლილებების თაობაზე ატყობინებს მომხმარებელს არა უგვიანეს 10 სამუშაო დღით ადრე“.

41. საკასაციო სასამართლო, სსკ-ის 632-ე მუხლზე დაყრდნობით, აღნიშნავს, რომ: „მენარდემ პირადად უნდა შეასრულოს სამუშაო მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა ეს გამომდინარეობს კონკრეტული გარემოებიდან ან სამუშაოს ხასიათიდან“, ელექტრონული კომუნიკაციის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, სპეციალური კანონისა და # 3 დადგენილების საფუძველზე, სწორედ მენარდე იყო ვალდებული, შეესრულებინა სამუშაო - გაეგზავნა უტყუარი, ამომწურავი და გასაგები შეტყობინება მომხმარებლის კონკრეტული აბონენტისათვის, რომელსაც, ეგვიპტეში ჩასვლისთანავე, როუმინგული მომსახურებით, პირველივე დღეს დაერიცხა ისეთი გადასახადი, რომლის თაობაზე, ინფორმაციის მიღებისთანავე, მენარდემ თავადვე მიიჩნია საჭიროდ, ინფორმაცია მიეწოდებინა მომხმარებლისათვის. სწორედ ამ უკანასკნელის მითითებით, აბონენტის სარგებლობაში არსებული სატელეფონო ნომერი, 3 სექტემბერს გადაყვანილი იქნა კორპორატიული პაკეტის მე-3 ჯგუფში, ხოლო მომდევნო დღეს - 4 სექტემბერს აბონენტს დამატებით გაეთიშა სხვა სერვისებიც (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-7 პუნქტი). მითითებული მოტივაციით, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების - სმს- შეტყობინების გაგზავნის საკითხი, სწორედ არსებითი მნიშვნელობის ფაქტობრივი გარემოებაა, რომელიც მიმწოდებლის (მენარდის) კანონისმიერი ვალდებულებაა და არა შესაძლებლობა, რომელსაც საკუთარი მიხედულებით, იგი გამოიყენებდა ან არა. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ ეს ფაქტი არ იყო მტკიცების საგანში შემავალი გარემოება, იურიდიულად დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნებიდან (იხ. ამ გადაწყვეტილების მე-40 პუნქტი), შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს საფუძვლიანად მიაჩნია ამ ნაწილში კასატორის შედავება (იხ. 32.5-32.9 ქვეპუნქტები).

42. კასატორის პრეტენზიათა იმ ნაწილის კვლევისას, რომელიც ეხება მოხმარებული ბაიტების მოცულობის გონივრულობას დროსთან და ღირებულებასთან მიმართებით (იხ. 32.2-32.4 ქვეპუნქტები), საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურებულია, რომ მომხმარებლის კონკრეტული აბონენტი იყენებდა ინტერნეტს „მეილების“ გასაგზავნად, ასევე, არ გამორიცხავდა, რომ მის მიერ მიღებულ ან გაგზავნილ მეილებს ჰქონდა დანართებიც (იხ. ამ გადაწყვეტილების 27-ე პუნქტი). საკასაციო სასამართლო, მტკიცებულებათა ერთობლიობით გაანალიზების საფუძველზე, იმ პირობებში, როდესაც სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ აბონენტის განმარტებით, მან, ეგვიპტეში ყოფნისას, ტელეფონი მცირე დროით ათხოვა მეგობრის შვილს (იხ. ტ.1, ს.ფ. 268), რაც საკასაციო სასამართლოში ზეპირი მოსმენის დროსაც არ უარუყვია მოპასუხის წარმომადგენელს. საკასაციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მომხმარებლის აბონენტმაც დაარღვია მომხმარებლის მოქმედების გონივრული წინდახედულების ფარგლები. საზღვარგარეთ, უწყვეტი როუმინგული მომსახურებით სარგებლობისას, ნებისმიერი აბონენტისათვის, განსახილველ შემთხვევაში კი, სოლიდური სამეწარმეო საზოგადოების ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირისათვის, რომელსაც საკუთარმა სამსახურმა შეუქმნა საზღვარგარეთ ინტერნეტ-მომსახურების მისაღებად პირველი კატეგორიის მომხმარებლად ყოფნის საფუძველი, მენარდესთან გაფორმებული ხელშეკრულებით, ობიექტურად ცნობილი იყო საზღვარგარეთ განსხვავებული ტარიფებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შესახებ. სხვა პირისათვის, განსახილველ შემთხვევაში, როგორც აბონენტმა განმარტა, მეგობრის შვილისათვის, ტელეფონის თხოვებით, აბონენტმა დაარღვია წინდახედულების მინიმალური სტანდარტი, რომელიც მას ობიექტურად უნდა და შეეძლო კიდეც გაეთვალისწინებინა, მით უფრო, რომ განვითარებული ელექტროტექნიკური კომუნიკაციების ეპოქაში, ახალგაზრდა თაობა ხშირად უფრო აქტიური და გამოცდილი მომხმარებელია და ადვილად ხელეწიფება სასურველი მომსახურების მიგნება და გამოყენება. ამასთან, სამოქალაქო მატერიალურ და საპროცესო სამართალში აღიარებული მტკიცების ტვირთის სტანდარტის გათვალისწინებით, მომხმარებელს შეეძლო, დასაბუთებულად ედავა და ემტკიცებინა, თუ კონკრეტულად რა “მეილები“, დანართებით თუ მის გარეშე, გაგზავნა აბონენტმა ეგვიპტეში ყოფნისას, რითაც, წარმოდგენილი საბილინგო ინფორმაციიდან, შესაძლებელი გახდებოდა რეალურად მიღებული მომსახურების მიხედვით, მომხმარებლის პოზიციის დასაბუთება, რა მომსახურების მიღებასაც თვითონვე ადასტურებს აბონენტი, დღეში საშუალოდ ერთი საათის განმავლობაში (იხ. 13.4-13.5 ქვეპუნქტები). კასატორის პრეტენზიები ეხება არაიდენტიფიცირებად IP მისამართებს და ერთი და იგივე ოდენობის ბაიტების მოხმარებას დროის სხვადასხვა მონაკვეთში, თუმცა, ამ სპეციფიკურ საკითხებზე მოწვეული არაერთი სპეციალისტის განმარტების საწინააღმდეგოდ, რაიმე მტკიცებულება არ არის საქმეში წარმოდგენილი. საკასაციო სასამართლო კვლავ ამახვილებს ყურადღებას, რომ ე.წ. არაიდენტიფიცირებული აი-პი მისამართებისაგან განსხვავებით, კასატორს ჰქონდა შესაძლებლობა, წარედგინა სასამართლოსათვის ეგვიპტიდან უშუალოდ აბონენტის მიერ გაგზავნილი ელ-ფოსტისა და დანართების შესახებ ზუსტი მონაცემები, რაც, შესაძლებელია გამხდარიყო სპეციალისტთათვის კითხვების დასმისა, მსჯელობისა და შეფასების საგანი, ეგვიპტეში ინტერნეტის მომსახურების მიღებით, ავტომატურ რეჟიმში მიმდინარე ინტერნეტ-სესიებისა და დაფიქსირებული ტრაფიკისაგან განსხვავებით, რაც მას არ გაუკეთებია.

43. სსკ-ის 415-ე მუხლის შესაბამისად: „თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი მხარის ბრალით არის გამოწვეული ზიანი. ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში - თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი“. ამ გადაწყვეტილების 40 – 42 პუნქტებში ასახული გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, საკასაციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მიმწოდებელმა დაარღვია ერთ-ერთი უმთავრესი ვალდებულება, მიეწოდებინა უტყუარი, ამომწურავი და გასაგები ინფორმაცია მომხმარებლისათვის, საზღვარგარეთ როუმინგული მომსახურებით სარგებლობისას, იმგვარად შეცვლილი ტარიფის შესახებ, რომელიც, ხელშეკრულების გაფორმებისას ცნობილი რომ ყოფილიყო, მაღალი ალბათობით, შეთავაზებულ პირობას არ მიიღებდა შემკვეთი, რაც მისი შემდგომი მოქმედებითაც დადასტურდა, როდესაც 3 სექტემბერს, მენარდემ შემკვეთს მიაწოდა ინფორმაცია დარიცხული ტარიფის შესახებ, რის შემდეგაც, მომხმარებლის მოთხოვნით, აბონენტი პირველიდან მესამე კატეგორიის მომხმარებელთა ჯგუფში გადაიყვანეს, ხოლო 4 სექტემბერს - სხვა სერვისებიც გაუთიშეს (იხ. მე-7 პუნქტი). მომხმარებელმა, მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს ვერ დაუპირისპირა დასაბუთებული შესაგებელი, სათანადო მტკიცებულებებით, ამასთან, მან თავისი მოქმედებითაც შეუწყო ხელი დავალიანების წარმოშობას. იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მოდავე მხარეებს თანაბრად მიუძღვით ბრალი ზიანის (დავალიანების) წარმოშობაში, ხოლო მომხმარებელს, არ უარუყვია მომსახურების მიღება, თუმცა, ვერ დაასაბუთა, თუნდაც, საკუთარი მტკიცების ფარგლებში, არ წარუდგენია შედავება, თუ რა ღირებულების მომსახურება მიიღო, საკასაციო სასამართლო მხარეთა შორის პასუხისმგებლობას თანაბრად ანაწილებს და, საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით, კასატორს აკისრებს 25 306 ლარის ანაზღაურების ვალდებულებას მენარდის სასარგებლოდ. სსკ-ის 325-ე მუხლის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე. „სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ {სსკ-ის 8.3 მუხლი}. „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონების იმპერატიული ნორმები“ {სსკ-ის 10-ემუხლის მესამე ნაწილი}. შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული“ (იხ. სუსგ # ას-896-846-2015, 12.02.2016წ.). განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, დავა ორ სამეწარმეო სუბიექტს შორის მიმდინარეობს, თუმცა, მათგან ერთ-ერთი (მოსარჩელე) ელექტროკომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირია, რომელმაც განსაზღვრა და შესთავაზა მომხმარებელს ხელშეკრულების ის სტრანდარტული პირობები (იხ. 39-ე პუნქტი), რომლითაც მომხმარებლისათვის ცნობილი ტარიფი, შესაძლოა, მცირედით მეტი ყოფილიყო ხელშეკრულებით განსაზღვრულზე. ამ შეთავაზებას მომხმარებელი დაეთანხმა იმ განჭვრეტადი რისკის გათვალისწინებით, რომელიც უცხოელი პროვაიდერის ტარიფებს, დადგენილზე მცირედით აღმატებულს, უკავშირდებოდა, თუმცა, კონკრეტულად, ეგვიპტეში ჩასვლისას, აბონენტს არ მიუღია მიმწოდებლისაგან ის ინფორმაცია, გამაფრთხილებელი სმს-შეტყობინება, რომლის უტყუარი, ამომწურავი და გასაგები ფორმით მიწოდება სწორედ მენარდის ვალდებულება იყო, რაც ვალდებულების შესრულების პირობების, სამართლიანობის საფუძველზე, განსაზღვრას ეწინააღმდეგება. მოდავე მხარეებს თანაბრად ეკისრებათ პასუხისმგებლობა წარმოშობილი დავალიანების გამო, რადგან თითოეულის მოქმედება ამ დავალიანების წარმოქმნაში ფაქტობრივად დადგენილია, ხოლო საკასაციო სასამართლოს სამართლებრივი კვალიფიკაციით, სადავო ურთიერთობა გადაწყვეტილია საკასაციო განაცხადის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მენარდის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით.

44. სსსკ-ის 53-ე მუხლის მე- 3 პუნქტის შესაბამისად, თუ საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. აღნიშნული ნორმის თანახმად, სარეზოლუციო ნაწილშია ასახული მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების- სახელმწიფო ბაჟის განაწილების საკითხი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე და 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სს "თ-ის" საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 ნოემბრის განჩინება და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. შპს "მ-ის" სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. სს "თ-ს" (ს/კ 2...) შპს "მ-ის" (ს/კ 2...) სასარგებლოდ დაეკისროს 25 306 ლარის გადახდა;

5. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად;

6. სს "თ-ს" შპს "მ-ის" სასარგებლოდ დაეკისროს პირველი ინსტანციის სასამართლოში შპს "მ-ის" მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევრის - 760 ლარის გადახდა;

7. შპს "მ-ს" სს "თ-ის" სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სს "თ-ის" მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევრის - 1012.24 ლარისა და 1265.3 ლარის, სულ 2277.54 ლარის გადახდა;

8. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე