საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-356-341-2016 1 ივლისი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს ,,ჯ-ი“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს-ი“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება (ძირითად სარჩელში); ხელშეკრულების პუნქტის ბათილად ცნობა და უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული შემოსავლის დაბრუნება (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. „სამედიცინო მომსახურების შესახებ“, 2012 წლის 20 ივლისს დადებული №EM 05/12 ხელშეკრულებით (შემდეგში: ხელშეკრულებით) შპს „ჯ-მა“ (შემდეგში: შემკვეთი, მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) იკისრა ვალდებულება, აენაზღაურებინა შპს „ს-ის“ (შემდეგში: მენარდე, მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე) მიერ შპს „დ–ი“ (შემდეგში: მზღვეველი) დაზღვეული პირებისათვის (შემდეგში: ბენეფიციარები) გაწეული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურების ღირებულება, ფაქტიურად შესრულებული გამოძახების მიხედვით, ერთ გამოძახებაზე - 40 ლარი. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2012 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით შესრულებული სამუშაოსათვის ასანაზღაურებელი/ანაზღაურებული თანხა არ უნდა აღემატებოდეს 250 000 ლარს. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2012 წლის 31 დეკემბრამდე. (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 629-ე მუხლი, ტ. 1, ს.ფ. 12-15).
2. ამავე ხელშეკრულებით შემკვეთმა იკისრა მენარდის მიერ, 2012 წლის 1 იანვრიდან 31 მაისის ჩათვლით, უკვე გაწეული მომსახურების ღირებულების - 261 360 ლარის დავალიანებიდან, ხელშეკრულების 5.1 პუნქტით გათვალისწინებული წლიური ლიმიტის - 250 000 ლარის გადახდის ვალდებულება შემდეგი კალენდარული გრაფიკით: ა) 2012 წლის 31 ივლისამდე - 41665 ლარი; ბ) 2012 წლის 31 აგვისტომდე - 41667 ლარი; გ) 2012 წლის 30 სექტემბრამდე - 41667 ლარი; დ) 2012 წლის 31 ოქტომბრამდე - 41667 ლარი; ე) 2012 წლის 30 ნოემბრამდე - 41667 ლარი; ვ) 2012 წლის 20 დეკემბრამდე - 41667 ლარი.
3. შემკვეთმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანების თანხიდან ნაწილი - 21 665 ლარი გადაიხადა 2012 წლის 9 აგვისტოს, ხოლო 20 000 ლარი - 16 აგვისტოს. დარჩენილი თანხა მოპასუხეს მოსარჩელისათვის არ გადაუხდია (ტ. 1, ს.ფ.19).
4. ქალაქ თბილისის მერიასა (შემდეგში: მერია) და მზღვეველს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება შეწყდა 2012 წლის პირველი ნოემბრიდან (ტ. 1, ს.ფ. 35-36).
5. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაწეული მომსახურების საფასურის ანაზღაურება მოხდებოდა შესაბამისი დოკუმენტაციის ჩაბარებიდან 21 სამუშაო დღეში, ხოლო ამ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მოპასუხეს ეკისრებოდა პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
6. მენარდემ 2014 წლის 5 ივნისს სარჩელი აღძრა შემკვეთის წინააღმდეგ და მოითხოვა ფულადი ვალდებულების შესრულება, ხოლო შემკვეთმა იმავე წლის 14 ივლისს წარდგენილი შეგებებული სარჩელით მოითხოვა მენარდესთან გაფორმებული ხელშეკრულების 5.1. პუნქტის (იხ. ამ განჩინების მე-2 პუნქტი) ბათილად ცნობა და უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული შემოსავლის დაბრუნება.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით მენარდის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მის სასარგებლოდ, შემკვეთს დაეკისრა დავალიანების ძირითადი თანხის 208 335 ლარის და პირგასამტეხლოს 6 426.40 ლარის გადახდა, ასევე, პირგასამტეხლოს - 20.83 ლარის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2014 წლის 04 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. შემკვეთის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
8. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება დააფუძნა სსკ-ის 316-ე, 317-ე, 361-ე, 341-ე და 36-ე, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4, 102-ე მუხლებზე.
9. შემკვეთმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მენარდის სარჩელის უარყოფა და მოპასუხის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
10. სააპელაციო საჩივარი მოპასუხემ შემდეგ პრეტენზიებზე დაამყარა:
10.1. ხელშეკრულების დადების დროს არ არსებობდა 2012 წლის იანვრიდან 31 მაისის ჩათვლით გაწეული მომსახურების გადახდის ვალდებულება, ვინაიდან მოსარჩელეს უკვე მიღებული ჰქონდა ამ პერიოდში გაწეული მომსახურების ხარჯები. მხარეებს შორის გაფორმებული 2012 წლის 20 ივლისის ხელშეკრულების, კერძოდ კი მისი 5.1. მუხლის საფუძველია სახელმწიფო პროგრამის საფუძველზე მერიასა და მზღვეველს შორის სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეთა სადაზღვევო მომსახურებით უზრუნველყოფის ხელშეკრულება. მერიასა და მზღვეველს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დაზღვევა არ ითვალისწინებდა სახელმწიფო ჯანდაცვითი პროგრამებით დაფარულ ხარჯებსა და მომსახურებას. აღნიშნულზე მიუთითებს 2012 წლის 18 სექტემბრის და 23 ოქტომბრის წერილები. 2012 წლის 18 სექტემბრის წერილში მითითებულია, რომ უქმდება მერიასა და მზღვეველს შორის სახელმწიფო პროგრამების დაზღვევის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების ის ნორმა, რომლითაც მზღვეველს არ ეკისრებოდა იმ თანხების ანაზღაურება, რომლებიც დაფარული იყო სახელმწიფო პროგრამებით. ხოლო 23 ოქტომბრის წერილით საერთოდ შეწყდა მერიასა და მზღვეველს შორის არსებული ხელშეკრულება. მოპასუხის მტკიცებით, ქალაქ თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 ნოემბრის №12-49 გადაწყვეტილებით, რომლითაც დამტკიცდა თბილისის 2012 წლის ბიუჯეტი, განსაზღვრული იყო სასწრაფო სამედიცინო პროგრამა, რომლის მიზანს წარმოადგენდა მოსახლეობისათვის კრიტიკულ მდგომარეობაში სასწრაფო სამედიცინო და გადაუდებელი დახმარების ხელმისაწვდომი, დროული და ეფექტიანი მომსახურების უზრუნველყოფა. აღნიშნულ აქტში პირდაპირ არის მითითებული, რომ ნებისმიერი პირისათვის სასწრაფო სამედიცინო მომსახურების საფასური იფარებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავდა მზღვეველის მიერ ამ მომსახურების საფასურის ანაზღაურებას;
10.2. სასამართლოს დადგენილად არ უნდა მიეჩნია, რომ ხელშეკრულების 5.1. მუხლით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. ხელშეკრულებამ, ერთი მხრივ, დაადგინა მხარეებს შორის ურთიერთობის წესი, მეორე მხრივ კი, მოაწესრიგა მხარეებს შორის ხელშეკრულების გაფორმებამდე არსებული ურთიერთობები. ხელშეკრულების 3.6. მუხლით განისაზღვრა, რომ მოპასუხე ვალდებულებას იღებდა, გადაეხადა მოსარჩელისათვის მომსახურების საფასური სრული სამედიცინო დოკუმენტაციის წარდგენიდან 21 დღეში, ხოლო გადაუხდელობის შემთხვევაში, მოპასუხეს ეკისრებოდა პირგასამტეხლო. რაც შეეხება დავალიანების ნაწილს, ამ ნაწილში (განსაკუთრებული პირობები) მხარეთა შეთანხმება პირგასამტეხლოზე არ არსებობს;
10.3. სასამართლომ დაარღვია მტკიცების განაწილების სტანდარტი, კერძოდ, ვალდებულების არარსებობის დადასტურების ტვირთი გადაიტანა მოპასუხეზე და არა მოსარჩელეზე. მოპასუხის მიერ წარდგენილ იქნა მტკიცებულებები, რომ ვალდებულება არ არსებობდა, ხოლო მოსარჩელემ ვერ წარადგინა მტკიცებულება, რომ ვალდებულება, რომელიც საფუძვლად დაედო ვალის აღიარებას, არსებობდა.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მენარდის სარჩელი პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. დავალიანების ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში კი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. შემკვეთის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
12. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა შემკვეთის მტკიცება იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ ხელშეკრულების დადების დროს არ არსებობდა 2012 წლის 1 იანვრიდან 31 მაისის ჩათვლით გაწეული მომსახურების გადახდის ვალდებულება, ვინაიდან მენარდეს მერიისგან უკვე მიღებული ჰქონდა ამ პერიოდში გაწეული მომსახურების ღირებულება.
13. სასამართლომ, სსსკ-ის მე-4, 102-ე მუხლების დანაწესის შესაბამისად, მიიჩნია, რომ მე-12 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ტვირთი, მოპასუხეს ეკისრებოდა, რომელმაც დამაჯერებელი მტკიცებულებებით ვერ შეძლო სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი ფაქტობრივი გარემოების დამტკიცება. სამოქალაქო საპროცესო სამართალში დამკვიდრებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი იმგვარად უნდა განაწილდეს, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს.
14. სასამართლომ აღნიშნა, განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე უთითებდა, რომ მენარდეს უკვე მიღებული ჰქონდა 2012 წლის 1 იანვრიდან 31 მაისის ჩათვლით გაწეული მომსახურების საფასური, თუმცა, რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა აღნიშნული გარემოება, საქმეში წარდგენილი არ იყო. საქმის მასალებში განთავსებული მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის 2015 წლის 08 სექტემბრის წერილზე თანდართული მოსარჩელის 2012 წლის დაფინანსების ცხრილით დასტურდებოდა, რომ, 01/01/2012 – 31/12/2012 წწ. პერიოდში, მერიამ მენარდეს გადაურიცხა 14 500 000 ლარი №25096 ხელშეკრულების საფუძველზე. ამავე სამსახურის 2015 წლის 21 დეკემბრის წერილით ირკვევა, რომ მენარდის 2012 წლის დაფინანსების ცხრილში, ხელშეკრულების ნომრად მითითებული - „25096“ არ წარმოადგენს ხელშეკრულების ნომერს, არამედ არის 2012 წლის 04 იანვრის 010903/10/2-2 ხელშეკრულების პროგრამა FOXPRO-ში გატარების უნიკალური კოდი. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, 2012 წლის 04 იანვრის ხელშეკრულებით დგინდება, რომ მერიასა და მენარდეს შორის დაიდო ქ.თბილისის მოსახლეობისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულება. შესყიდვების ობიექტის საერთო ღირებულება შეადგენს 14 500 000 ლარს. ხელშეკრულების 6.2. პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ მოხდება ყოველთვიურად, ფაქტიურად გაწეული მომსახურებისა (კალენდარული თვის ბოლოს განხორციელებული მომსახურების ნუსხის მიხედვით), გარდა ქ.თბილისის მერიის მიერ დაზღვეული მოსახლეობისა, და აღნიშნულის თაობაზე, მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან, არა უგვიანეს 10 კალენდარული დღის განმავლობაში.
15. წინამდებარე განჩინების მე-14 პუნქტში მითითებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო პერიოდში მერია დაზღვეული მოსახლეობის სასწრაფო სამედიცინო მომსახურებას არ ანაზღაურებდა.
16. სასამართლომ, ასევე, იმსჯელა, საქმეში 2012 წლის 29 თებერვლის №1 მიღება-ჩაბარების აქტზე, რომლითაც დასტურდება, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში, მერიის მიერ ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, 33 090 გამოძახებიდან დაზღვეულ პაციენტთა მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების რაოდენობამ შეადგინა 2 399, საიდანაც მზღვეველის მიერ დაზღვეული იყო 837. შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ მომსახურებას გამოაკლდა აღნიშნული რაოდენობის მომსახურების თანხები (ტ. 1, ს.ფ 148).
17. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი სასამართლოს დასკვნა, რომ დასაბუთებული იყო ძირითადი დავალიანების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
18. სასამართლომ, ხელშეკრულების მე-3 მუხლის საფუძველზე, დადგენილად მიიჩნია მხარეთა შორის მომავალი ურთიერთობის ანგარიშსწორების წესი და პირობები. ხელშეკრულების 3.6. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაწეული მომსახურების საფასურის ანაზღაურება მოხდებოდა შესაბამისი დოკუმენტაციის ჩაბარებიდან 21 სამუშაო დღის ვადაში. ამ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მოპასუხეს ეკისრებოდა პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების მე-5 მუხლი კი წარმოადგენდა განსაკუთრებულ პირობას, სადაც გაწერილია მოპასუხის ვალდებულება, მერიას განსაზღვრული გრაფიკით გადაუხადოს 2012 წლის იანვრიდან 31 მაისამდე წარმოშობილი დავალიანება (იხ.ტ.1, ხელშეკრულება-ს.ფ. 13-14). მითითებული ნორმების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ ხელშეკრულებით, ერთი მხრივ, დადგინდა მხარეთა შორის მომავალი ურთიერთობის წესი, ხოლო მეორე მხრივ, მოწესრიგდა მხარეებს შორის, აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებამდე, არსებული ურთიერთობები. ამდენად, ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება დაკავშირებული იყო მომავალ ურთიერთობასთან და კონკრეტულ პროცედურებთან: დოკუმენტაციის წარდგენასთან და, წარდგენიდან 21 დღეში, თანხის გადახდასთან. რაც შეეხება ხელშეკრულების განსაკუთრებულ პირობას, აღნიშნული მუხლი, გარდა ძველი დავალიანების განსაზღვრული გრაფიკით გადახდისა, რაიმე დამატებით პროცედურებს და ვადებს არ ითვალისწინებს, შესაბამისად, ამ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს დარიცხვა, მხარეთა შორის შეთანხმებული არ ყოფილა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში უსაფუძვლო იყო.
19. მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მენარდის სარჩელის უარყოფა და შემკვეთის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
20. კასატორის მტკიცებით, ეს უკანასკნელი არ იყო მზღვეველსა და მერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების მხარე, რის საფუძველზეც წარმოიშვა დავალიანება. მოპასუხემ მოახდინა მერიის მიმართ მზღვეველის არსებული ვალდებულებების უზრუნველყოფა. სასამართლომ დაასკვნა, რომ თავისი ბუნებით აღნიშნული ურთიერთობა თავდებობაა. საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ, მერიის 2012 წლის 18 სექტემბრისა და 23 ოქტომბრის წერილებით დასტურდება, რომ მზღვეველი არ იყო ვალდებული, აენაზღაურებინა სახელმწიფო ბიუჯეტით დაფარული მომსახურებები. თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით განსაზღვრული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების პროგრამა. მერიის ინფორმაციით დასტურდება, რომ მოსარჩელისთვის სამედიცინო მომსახურების საფასურის გადახდა ხდებოდა მთელი წლის მანძილზე. მითითებული გარემოებები გამორიცხავდა მზღვეველის მიერ მომსახურების საფასურის ანაზღაურებას. შესაბამისად, ნათელია, რომ ხელშეკრულების 5.1. მუხლი ეფუძნებოდა ისეთი ვალდებულების უზრუნველყოფას, რომელიც არ არსებობდა, რაც გამორიცხავს მოპასუხისთვის თანხის ანაზღაურების მოთხოვნას. კასატორის მოსაზრებით, სსკ-ის 54-ე და 976-ე მუხლების საფუძველზე, სახეზეა სარჩელის უარყოფისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.
21. კასატორი კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე აცხადებს პრეტენზიას და აღნიშნავს, რომ მცდარია გასაჩივრებული გადაწყვეტილების 4.4. პუნქტი, რომლის მიხედვით, თითქოსდა ვერ დადასტურდა, რომ 2012 წლის 20 ივლისის ხელშეკრულების დადების დროს არ არსებობდა გაწეული მომსახურების ღირებულების გადახდის ვალდებულება. კასატორი კვლავაც აპელირებს საქმეში განთავსებულ 2012 წლის 18 სექტემბრისა და 23 ოქტომბრის წერილებზე (იხ. ამ განჩინების 10.1 ქვეპუნქტი) და იმაზე, რომ 2015 წლის 8 სექტემბრის წერილით დადასტურებულია, რომ მენარდის მომსახურება მთლიანად იყო დაფინანსებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან 14 500 000 ლარით, ხოლო თანხა გადახდილი. შესაბამისად, კასატორს, როგორც მენარდესა და მზღვეველს შორის ურთერთობაში, ამ უკანასკნელის თავდებს, მენარდისადმი არანაირი ვალდებულება არ გააჩნია. კასატორი ყურადღებას ამახვილებს, რომ 2012 წლის 20 ივლისის ხელშეკრულების საფუძველზე, სასამართლოში მოთხოვნილია მხოლოდ ხელშეკრულების დადებამდე ანუ 2012 წლის 1 იანვრიდან 20 ივლისამდე გაწეული სასწრაფო სამედიცინო მომსახურების საფასური, ხოლო 20 ივლისის შემდგომ პერიოდზე არა, რაც, კასატორის მტკიცებით, ასევე, ადასტურებს, რომ მენარდის მომსახურებას აფინანსებდა სახელმწიფო. სასწრაფო სამედიცინო დახმარება უფასო მომსახურებაა, რაც საყოველთაოდ ცნობილია, ანუ მას დაზღვეულთა და დაზღვევის არქმონე პირებისათვის სრულად ფარავს სახელმწიფო. კასატორის მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის საქმეებზე საკასაციო სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას, ასევე, უპირისპირდება ვალის აღიარების, თავდებობის საკითხებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს.
22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2016 წლის 16 მაისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
23.სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული საფუძვლები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
25. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან. თავად კასატორი მარტოოდენ უთითებს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საკასაციო სასამართლოს პრაქტიკას, თუმცა, მას არ მიუთითებია კონკრეტულ განსხვავებულ პრეცედენტზე. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
26. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა)განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
27. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის საგანს მოსარჩელის მიერ 2012 წლის იანვრიდან 31 მაისის ჩათვლით გაწეული სამედიცინო მომსახურების საფასურის გადახდა წარმოადგენს.
28. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პრეტენზიას, რომ მოსარჩელეს უკვე მიღებული ჰქონდა ამ პერიოდში გაწეული მომსახურების ხარჯები. კასატორის მტკიცებით, საქმეშია მტკიცებულებები, კერძოდ, მერიის 2012 წლის 18 სექტემბრისა და 23 ოქტომბრის წერილები იმის თაობაზე, რომ მზღვეველი არ იყო ვალდებული აენაზღაურებინა სახელმწიფო ბიუჯეტით დაფარული მომსახურება, ასევე, თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც განსაზღვრული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების პროგრამა და მერიის ინფორმაცია, რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელეს მთელი წლის მანძილზე უხდიდნენ სამედიცინო მომსახურების საფასურს, რაც გამორიცხავს მზღვეველის მიერ მომსახურების საფასურის ანაზღაურებას. მოპასუხემ უზრუნველყო მზღვეველის არსებული ვალდებულებების შესრულება მერიის წინაშე. შესაბამისად, ხელშეკრულების 5.1. მუხლი ეფუძნებოდა არარსებული ვალდებულების უზრუნველყოფას (იხ. წინამდებარე განჩინების 21-ე პუნქტი)
29. კასატორის აღნიშნული პრეტენზიის საწინააღმდეგოდ, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომელიც ასახულია 13-16 პუნქტებში და სსსკ-ის მე-4, 102-ე მუხლების საფუძველზე მიაჩნია, რომ კასატორს ეკისრებოდა მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დამტკიცების ტვირთი, რაც მან ვერ შეძლო ანუ ვერ დაძლია მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები დამაჯერებელი და სარწმუნო არგუმენტებით, რომლებიც, ასევე, კონკრეტულ მტკიცებულებებზე იქნებოდა დაფუძნებული.
30. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შემკვეთსა და მენარდეს შორის გაფორმებული ხელშეკრულება (იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი), თავისი შინაარსით კომპლექსური ხასიათისაა, რომლის მე-5 მუხლით მხარეებმა გაითვალისწინეს განსაკუთრებული პირობები. 5.1. პუნქტის ჩანაწერი ეხება შემკვეთის ვალდებულებას, მენარდის მიერ 2012 წლის 1 იანვრიდან 31 მაისის ჩათვლით უკვე გაწეული სამედიცინო მომსახურებისათვის საფასურის გადახდას, ხელშეკრულების ხელმოწერიდან მის მოქმედებამდე - 2012 წლის 31 დეკემბრამდე და 5.1. პუნქტით გაწერილი 6 თვიანი განრიგი სწორედ წლის ბოლოს მთავრდება. კასატორის მითითება, საქმეში არსებულ 18.09.2012 -ით და 23.20.2012-ით დათარიღებულ წერილებზე (იხ. ტ.1, ს.ფ.65-67), შემკვეთის საწინააღმდეგო არგუმენტებს ეხება, რადგან მათში საუბარია 2012 წლის 1 ნოემბრიდან სადაზღვევო კომპანიებთან სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების შეწყვეტასა და ბენეფიციართა უწყვეტი მომსახურების უზრუნველსაყოფად შემდგომ ქმედებებზე. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული წერილები ვერ გახდება საფუძველი კასატორის პოზიციის დასამტკიცებლად, ამ უკანასკნელის მიერ ხელშეკრულების განსაკუთრებული პირობებით ნაკისრი ვალდებულების, თითქოსდა მისი არარსებობის გამო, შეუსრულებლობაზე. 2012 წლის 20 ივლისის ხელშეკრულებით, ფაქტიურად უკვე გაწეული სამედიცინო მომსახურებისათვის, 2012 წლის 1 იანვრიდან 31 მაისის ჩათვლით, მერიის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, დაზღვეულ პირთა დადგენილი კონკრეტული რაოდენობის, გაწეული მომსახურების დადგენილი საფასურის მიხედვით, შემკვეთმა აიღო ვალდებულება, გადაეხადა მენარდისათვის მომსახურების ღირებულება ამავე ხელშეკრულების 3.1. პუნქტით დადგენილი ლიმიტის ფარგლებში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს წლის ფინანსურ ლიმიტს, შესაბამისად, გაიწერა ექვსთვიანი განრიგი უკვე შესრულებული სამუშაოსათვის გადასახდელი ღირებულების დასაფარავად. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას, რომ მომავალში გასაწევი მომსახურების საფასური, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენიდან 21 სამუშაო დღეში უნდა გადაეხადა შემკვეთს მენარდისათვის და ამ ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო (იხ. ხელშეკრულების 3.6. პუნქტი), ხოლო განსაკუთრებული პირობების საფუძველზე გადასახდელი თანხის ვადაგადაცილებისათვის დადგენილი კალენდარული გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლო არ იყო მხარეთა შორის შეთანხმებული (იხ. ამ განჩინების მე-18 პუნქტი). სსკ-ის 418-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, პირგასამტეხლოს წარმოშობის საფუძველია წერილობითი შეთანხმება, რაც ამ შემთხვევაში არ არსებობს.
31. მოსარჩელის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშვა, იგი არ შეწყვეტილა და განხორციელებადია, ვალდებულების კასატორისათვის დაკისრება დასაბუთებულია, შეესაბამება სახელშეკრულებო პირობებს და კანონიერია. წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, კასატორის პრეტენზიებით არ დგინდება სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის უარყოფისა და მოპასუხის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
32. ზემოაღნიშნული მოტივაციის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, რაც გამორიცხავს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის სამართლებრივ შესაძლებლობას.
33. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო განაცხადის დაუშვებლად ცნობის გამო, კასატორს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "ჯ-ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს "ჯ-ს" (ს/კ 4...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8 000 ლარის (საგადასახადო დავალება N1799, გადახდის თარიღი 2016 წლის 3 მაისი), 70% – 5 600 (ხუთი ათას ექვსასი) ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე