Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-399-383-2016 15 ივლისი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს “გ-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,ი-ის“ წარმომადგენლობა საქართველოში (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება კასატორზე პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სს-ის ,,ი-ი'' წარმომადგენლობას (ს/კ 2.....) საქართველოში (შემდეგში: მოსარჩელე, შემკვეთი, შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორი) და შპს-ას ,,გ-ი’’ (ს/კ 4.....; შემდეგში: მოპასუხე, მენარდე, აპელანტი ან კასატორი) შორის, 2014 წლის 29 ნოემბერს, დაიდო ნარდობის ხელშეკრულება. (შემდეგში: ხელშეკრულება; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 629-ე მუხლი; ტ.1, ს.ფ. 35-41)

2. ხელშეკრულების თანახმად, მენარდემ იკისრა ვალდებულება, ქ. ბათუმში, ფ....ის ქუჩაზე #.... მდებარე, მშენებარე მრავალფუნქციური კომპლექსის საცხოვრებელი ბინები გაერემონტებინა.

3. შემკვეთის მიერ მიწოდებული საცხოვრებელი ბინების ჩამონათვალის შესაბამისად, მენარდეს უნდა გაერემონტებინა ბინები და ეწარმოებინა მათი კეთილმოწყობის სამუშაოები ხელშეკრულების 3.1. მუხლით განსაზღვრული პირობებით. ხელშეკრულების 4.1 პუნქტით, მენარდემ იკისრა ვალდებულება, პირველ ეტაპზე, შემკვეთის მიერ მიწოდებული 120 ბინის რემონტი დაესრულებინა სამუშაოების დაწყებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეში ანუ მხარეები შეთანხმდნენ, რომ მენარდე დაასრულებდა ბინის სარემონტო სამუშაოებს სრულად, ხოლო შემკვეთი იხდიდა მის ღირებულებას.

4. მხარეებმა ხელშეკრულებითვე განსაზღვრეს ანაზღაურების წესი და პირობები, კერძოდ, 3.6. მუხლის თანახმად, ,,საცხოვრებელი ბინების შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება შეადგენს: სარემონტო ბინის (იატაკის) ფართობის 1 (ერთი) კვადრატული მეტრი 50 (ორმოცდაათი) ლარს. თურქეთში თანხის გადარიცხვის შემთხვევაში 50 (ორმოცდაათი) ლარის ექვივალენტი აშშ დოლარი. ფასში შედის სარემონტო ბინაში სრული სამუშაოების ჩატარება წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი წესით“. 4.2 მუხლის თანახმად, „შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარება მოხდება შემდეგი წესით: ყოველი 15 (თხუთმეტი) დღის გასვლის შემდეგ, პირველივე პარასკევ დღეს, თითოეულ ბინის მიხედვით (ბინის ნომრის მითითებით), გამოიანგარიშება შესრულებული სამუშაოს მოცულობა მენარდის და შემკვეთის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ, რაზედაც თითოეულ ბინაზე შედგება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც ზუსტად აღინიშნება შესრულებული სამუშაოს დასახელება და მოცულობა შესაბამის განზომილებაში, ბინის ფართობი და გადასახდელი თანხის ოდენობა. შედგენილ მიღება-ჩაბარების აქტებს ხელს აწერენ ხელშეკრულებით განსაზღვრული მენარდის და შემკვეთის უფლებამოსილი წარმომადგენლები და შემკვეთის დირექტორი“.

5. ხელშეკრულების 3.5 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ შემკვეთი კისრულობდა ვალდებულებას, უზრუნველეყო მენარდის მუშახელი კვებით, საცხოვრებლით და საცხოვრებლიდან სამუშაო ადგილამდე გადაადგილებით. აღნიშნული ვალდებულება შემკვეთს უნდა შეესრულებინა საკუთარი ხარჯებით, რომელიც გამოიქვეთებოდა მენარდეზე გადასახდელი სამუშაოების ღირებულებიდან.

6. ხელშეკრულების 6.2. პუნქტის თანახმად, მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ მენარდეს სამუშაოების შესრულების დაგვიანების შემთხვევაში დაეკისრებოდა პირგასამტეხლო - 600 ლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

7. მენარდემ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულად არ შეასრულა, ხოლო 2015 წლის 25 იანვრის შემდეგ, მას ფაქტიურად აღარ უწარმოებია სარემონტო სამუშაოები და მხარეებს შორის ნარდობის ხელშეკრულება შეწყდა.

8. შემკვეთმა 2015 წლის 5 მარტს სარჩელი აღძრა მენარდის წინააღმდეგ და მოითხოვა მიყენებული ზიანისა და პირგასამტეხლოს - 94 085 ლარის დაკისრება მოპასუხისათვის. მენარდემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი წარადგინა იმ დასაბუთებით, რომ სამუშაოები ვერ დასრულდა არა მისი უმოქმედობის, არამედ, შემკვეთის მიერ ხელშეკრულების დარღვევის, მათ შორის საშენი მასალების დროულად მიუწოდებლობის გამო. შემკვეთმა შეწყვიტა მენარდესთან ხელშეკრულება და არა პირიქით (იხ. ტ.1, ს.ფ.177- 184).

9. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით, მენარდეს, შემკვეთის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო - 15 000 ლარი, ხოლო, ზიანის ანაზღაურების სახით, 79 085 ლარის დაკისრებაზე, მოსარჩელეს უარი ეთქვა, მოთხოვნის დაუსაბუთებლობის გამო, რადგან მენარდის მუშახელის კვებასა და ბინით უზრუნველყოფაზე შემკვეთის მიერ გაწეული ხარჯები მხარეთა შორის სახელშეკრულებო შეთანხმების საგანს წარმოადგენდა (იხ. ამ განჩინების მე-5 პუნქტი), განსახილველ დავაში კი მოსარჩელის მოთხოვნა ეხებოდა არა მის მიერ ანაზღაურების ანგარიშში წინასწარ გადახდილი თანხის დაბრუნებას, არამედ, ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არასათანადო შესრულებითა და ამავე ხელშეკრულების შეწყვეტით, მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანს.

10. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა.

11. მენარდემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შემკვეთის სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის უარყოფა შემდეგ სააპელაციო პრეტენზიებზე მითითებით:

11.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ თითქოს მენარდემ შეწყვიტა ხელშეკრულება და ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა;

11.2. სასამართლომ არ მიიჩნია დადგენილად, რომ მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოების უხარისხობა გამოწვეული იყო თავად შემკვეთის ბრალეული მოქმედებით;

11.3. სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.

12. შემკვეთმა შეგებებული სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ზიანის ანაზღაურებაზე უარყოფილი სარჩელის ნაწილში და ამ ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 მარტის განჩინებით მხარეთა სააპელაციო პრეტენზიები არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

14. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნები და შეფასებები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებზე, ხოლო განჩინების სამართლებრივი დასაბუთებისას, მიუთითა სსკ-ის 316-ე, 317-ე, 629-ე, 636-ე, 394-ე, 407-ე, 415-ე, 417-ე, 418-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4, 102-ე, 103-ე მუხლებზე.

15. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მართებული იყო ქვემდგომი სასამართლოს მიერ მოსარჩელის მტკიცების უარყოფა იმის თაობაზე, რომ მას მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობით მიადგა 79 085 ლარის ზიანი.

16. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მოითხოვდა არა მის მიერ ანაზღაურების ანგარიშში წინასწარ გადახდილი თანხის დაბრუნებას, არამედ - იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც მას მიადგა ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არასათანადო შესრულებით და აღნიშნული ხელშეკრულების შეწყვეტით. სსსკ-ით კი იმპერატიულადაა დადგენილი, რომ მოსარჩელე თავად განსაზღვრავს დავის საგანს და თვითონვე იღებს გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე მოითხოვდა. სასამართლომ მართებულად მიიჩნია საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები (სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლები) გულისხმობს მხარეების ვალდებულებას, წარადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან თავიანთი პოზიციის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. შესაბამისად, გადაწყვეტილების შინაარსის განმსაზღვრელია მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.

17. სასამართლომ დაასკვნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, შემკვეთმა სარწმუნო და უტყუარი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, ამ უკანასკნელისათვის მენარდის მიერ ზიანის მიყენების ფაქტი და ოდენობა.

18. სასამართლომ, საქმის მასალებით და მხარეთა განმარტებით, დადგენილად მიიჩნია, რომ ხელშეკრულება არ შესრულდა განსაზღვრულ ვადაში და იგი სრულდებოდა უხარისხოდ, რის გამოც, საბოლოოდ, ნარდობის ხელშეკრულება შეწყდა.

19. სსკ-ის 417-ე, 418-ე, 419-ე მუხლებზე დაყრდნობით, სასამართლომ განმარტა, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, რომლის გადახდაც ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარე დაკისრებულ ვალდებულებას ვერ ასრულებს. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მხარისათვის პირგასამტეხლო ერთგვარი სანქციაა, რაზედაც შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას (სსკ-ის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილი). პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევმა უპირობოდ უნდა გადაიხადოს პირგასამტეხლო. კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებას არ ასრულებს დადგენილ დროში (სსკ-ის 419-ე მუხლი).

20. სასამართლომ აღნიშნა, რომ ხელშეკრულების დარღვევის გამო, არსებობდა პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა და შესაბამისად, ამ ნაწილში შემკვეთის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია მენარდისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება ხელშეკრულების 6.2. მუხლის საფუძველზე, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის - 600 ლარი (იხ. ამ განჩინების მე-6 პუნქტი), რაც ხელშეკრულების შეწყვეტის მომეტისათვის, 25 დღეზე 15 000 ლარს შეადგენდა.

21. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მენარდემ, მოითხოვა განჩინების გაუქმება და, პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შემკვეთის სარჩელის უარყოფა.

22. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე. საკასაციო საჩივრის არგუმენტები იმეორებს სააპელაციო საჩივრის (იხ. 11.1.-11.2. ქვეპუნქტები) პრეტენზიებს.

23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2016 წლის 7 ივნისის განჩინებით, მენარდის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო, სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია, შემდეგ გარემოებათა გამო:

24. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული საფუძვლები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს.

25. სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

26. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ -ები: # ას-1560-1463-2012, 28.12.2012წ.; # ას-23-23-2014, 10.04.2014წ., #ას-943-905-204, 08.04.2015წ.; # ას-783-740-2015, 22.10.2015 წ.; #ას-1002-946-205, 13.11.2015წ.).

27. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

28. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა)განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

29. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის ნარდობის სახელშეკრულებო სამართლებრივი ურთიერთობის (სსკ-ის 629-ე მუხლი; იხ. წინამდებარე განჩინების პირველი პუნქტი) საფუძველზე, შემკვეთთან გაფორმებული ხელშეკრულებით, მენარდე არემონტებდა ბინებს, ხოლო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, წერილობით იყო შეთანხმებული პირგასამტეხლოს გადახდა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტი).

30. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, მენარდემ ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულად არ შეასრულა (სსკ-ის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, მე-400 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი), ხოლო 2015 წლის 25 იანვრის შემდეგ, მას ფაქტიურად აღარ უწარმოებია სარემონტო სამუშაოები და მხარეებს შორის ნარდობის ხელშეკრულება შეწყდა (იხ. ამ განჩინების მე-7 პუნქტი).

31. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ მენარდე არ უარყოფს ხელშეკრულების დარღვევის ფაქტს და პრეტენზიას არ აცხადებს პირგასამტეხლოს შეთანხმებულ ოდენობაზე, მისი პრეტენზია უკავშირდება იმას, რომ მას ბრალი არ მიუძღვის ხელშეკრულების დარღვევაში, თუმცა, ამ პრეტენზიის დასადასტურებლად, კასატორს დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია (სსსკ-ის 407.2.-ე მუხლი). ამასთან, შემკვეთის უფლებაზე, ნებისმიერ დროზე შეწყვიტოს მენარდესთან ხელშეკრულება სსკ-ის 636-ე მუხლის დანაწესთან დაკავშირებით არსებობს საკასაციო სასამართლოს პრეცედენტები (იხ. სუსგ # ას-697-663-2015, 15.12.2015წ.; ას- 901-851-2015, 05.02.2016წ.; ას- 981-926-2015, 11.03.2016წ.) , შესაბამისად, მენარდის საკასაციო საჩივარი ფაქტობრივ-სამართლებრივად დაუსაბუთებელია

32. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას მენარდისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების მართებულობაზე, ხელშეკრულების 6.2. მუხლის საფუძველზე (იხ. წინამდებარე განჩინების 16-18 პუნქტები).

33. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქვემდგომმა სასამართლომ დაადგინა სამართლებრივად მართებულად შეაფასა ისინი, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი განჩინება. კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რაც აღნიშნული საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის უარყოფისა და გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების სამართლებრივად დასაბუთებული საფუძველია.

34. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო განაცხადის დაუშვებლად ცნობის გამო, კასატორს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “გ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს “გ-ს“ (ს/კ 4.........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ. ზ-ის (პ/ნ 6.........) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 750 ლარის (გადახდის თარიღი 2016 წლის 27 მაისი), 70% – 525 (ხუთასოცდახუთი) ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე