საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-418-401-2016 15 ივლისი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ყ. კ-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ “ (მოსარჩელე )
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ყ. კ-ა (შემდეგში: მოპასუხე, აბონენტი, შემკვეთი ან კასატორი) 2007 წლის 26 იანვრიდან, არის შპს "მ-ს" (შემდეგში: მოსარჩელე, საწარმო ან მენარდე) აბონენტი და ფლობს ტელ. ნომერს 5.. (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 629-ე მუხლი. იხ. ხელშეკრულება - ს.ფ.12)
2. აბონენტი, 2012 წლის 6-დან 15 ოქტომბრამდე იმყოფებოდა, საზღვარგარეთ და ჩართული ჰქონდა „როუმინგით“ მომსახურეობის სერვისი, რისთვისაც საწარმოს დეპოზიტზე წინასწარ შეიტანა 200 ლარი.
3. საწარმომ 2015 წლის 3 ივლისს სარჩელი აღძრა აბონენტის წინააღმდეგ და მოითხოვა ამ უკანასკნელის მიერ მიღებული მომსახურებისათვის აუნაზღაურებელი თანხის - 1092 ლარის გადახდა.
4. მოპასუხის სატელეკომუნიკაციო მომსახურების ხარჯის გაანგარიშებაში დაფიქსირებულია შემდეგი: აბონენტს საწყისად დეპოზიტზე შეტანილი აქვს 200 ლარი; როუმინგის ზარები (დღგ-ს გარეშე და დღგ-ით) - 1405.7300; GPRS - 4.1650; მობილური - 1.7865; ბონუსის ღირებულება - 30.0000; პრომო-აქციის საფასური - 1.0000; სულ ხარჯი - 1442.6815; ანგარიშის საბოლოო მდგომარეობა - 1096.1877ლარი (იხ. ს.ფ.14).
5. მოპასუხემ დაადასტურა სადავო პერიოდში როუმინგით მომსახურების მიღების ფაქტი, თუმცა, სადავო გახადა მომსახურების ხანგრძლივობა და საფასური.
6. მენარდის მიერ სასამართლო სხდომაზე წარდგენილი, ე.წ. დეტალური რეპორტის მიხედვით, 2012 წლის 6 - დან 15 ოქტომბრამდე, შემკვეთის მიერ მიღებული მომსახურეობისათვის ბალანსი შეადგენს 1296.1877 ლარს (იხ. ს.ფ. 76).
7. ფოთის საქალაქო სასამართლოს ხონის მუნიციპალიტეტში, მაგისტრატი სასამართლოს 2015 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მენარდის სარჩელი დაკმაყოფილდა და მის სასარგებლოდ, შემკვეთს დაეკისრა 1096 ლარის გადახდა.
8. მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა მაგისტრატი სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფა.
9.სააპელაციო საჩივარში მოპასუხემ შემდეგ არგუმენტებზე მიუთითა:
9.1.გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, ვინაიდან მოსარჩელეს არ წარუდგენია საკუთარი მოთხოვნის დასადასტურებლად საკმარისი მტკიცებულებები, ამონაწერი, რომლითაც დაადასტურებდა მოპასუხის მიერ დახარჯული ბაიტების მიღების ზუსტ დროს;
9.2.მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, თუ როდის, სად ან რომელ საიტზე იყო მოპასუხე შესული ან მის მიერ, როგორ იქნა დახარჯული ეს თანხები. ამასთან დაკავშირებით მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება. მოსარჩელემ ვერ გაარკვია, თუ რომელი ოპერატორიდან იღებდა ინფორმაციას თანხებთან დაკავშირებით.
10.ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
11.სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ქვედგომი სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც წინამდებარე განჩინების 1-2 და 4-6 პუნქტებშია მითითებული.
12.სასამართლომ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე, კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან მოწვეული სპეციალისტის განმარტება საქმეში განთავსებული წერილობითი დოკუმენტის, ე.წ. დეტალური რეპორტის (ს.ფ.76) შედგენის წესთან დაკავშირებით, რომ ბილინგის ინფორმაცია საერთაშორისო სტანდარტებით არის განსაზღვრული. ამ სტანდარტების შესაბამისად შედგენილ პროგრამებს იძენენ მობილური ოპერატორები, რომლითაც ხდება საკომუნიკაციო სადგურში არსებული ინფორმაციის წაკითხვად ფორმატში გადმოტანა. ამ პროგრამითვე ხდება უკვე წაკითხული ინფორმაციის მომხმარებლისათვის მიწოდება. როუმინგის მომსახურების დროს, მოსარჩელის სატელეფონო სადგურში არ ხდება სატელეფონო ზარების, ინტერნეტმომსახურების გაწევის შესახებ ინფორმაციის დაფიქსირება. ამ ინფორმაციის დაფიქსირება ხდება იმ ქვეყნის მობილური ოპერატორის ქსელში, სადაც განხორციელდა მომსახურება. წარმოდგენილი ე.წ. დეტალური რეპორტით, ერთ-ერთი მომსახურება მიღებულია ისრაელში, რაც დაფიქსირდებოდა ისრაელის მობილური ოპერატორის ქსელში. შემდეგ ეს მობილური ოპერატორი, საერთაშორისო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, აწვდის ბილინგის ინფორმაციას მოსარჩელეს, რომელიც არ არის წაკითხვად ფორმატში. სწორედ ეს ინფორმაცია გარდაიქმნება ტექნიკური მოწყობილობების მეშვეობით წაკითხვად ინფორმაციად. დეტალურ რეპორტში დაფიქსირებული ინფორმაციის თანმიმდევრობა დამოკიდებულია საზღვარგარეთის მობილური ოპერატორიდან საწარმოსათვის ინფორმაციის მოწოდების დროზე და არა უშუალოდ აბონენტის მიერ მომსახურების მიღების დროზე. თუ აბონენტი მომსახურებას მიიღებდა ადგილზე, მაშინ მომსახურების გაწევის დრო და თარიღები იქნებოდა ქრონოლოგიურად თანმიმდევრული. დეტალურ რეპორტში ოპერატორის მიერ ცვლილებების შეტანა ტექნიკურად შეუძლებელია.
13. სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, სასამართლომ განმარტა, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობდა ნარდობის ხელშეკრულებიდან. განსახილველ შემთხვევაში, სადავო იყო მენარდის მიერ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების შესრულების მოცულობა და შემკვეთის მიერ ამ მოცულობით მომსახურეობის მიღების ფაქტი.
14. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სსკ-ის 629-ე მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 102-ე მუხლის თანახმად, მენარდის (მოსარჩელის) საპროცესო ვალდებულებაა, სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენით დაამტკიცოს, რომ მის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო (მომსახურება) შესრულებულია და რომ შემკვეთმა (მოპასუხემ) არ გადაიხადა შეთანხმებული საზღაური (სსკ-ის 649-ე მუხლი).
15. სასამართლომ წინამდებარე განჩინების მე-2, მე-4, მე-6, მე-12 პუნქტებში აღნიშნული ფაქტების საფუძველზე დაასკვნა, რომ ვინაიდან, მოპასუხემ ვერ წარადგინა საკუთარი პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ 200 ლარის გარდა, დამატებით 1096,18 ლარის მომსახურება მოსარჩელისგან არ მიუღია, სასამართლომ დამტკიცებულად მიიჩნია, რომ მენარდემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურეობა შეასრულა, კერძოდ, 2012 წლის 6-დან 15 ოქტომბრამდე, აბონენტს გაუწია 1296.1877 ლარის მომსახურება, საიდანაც გადახდილია მხოლოდ 200 ლარი (იხ. ს.ფ.182).
16. აბონენტმა საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შემკვეთის სარჩელის უარყოფა.
17. კასატორის პრეტენზია ეხება იმას, რომ სასამართლომ არ მიიღო მის მიერ წარდგენილი მტკიცებულება - მოსარჩელის ოპერატორთან საუბრის აუდიოჩანაწერი, შესაბამისად, აბონენტმა სასამართლო სხდომაზე, თავის განმარტებაში გადმოსცა აუდიოჩანაწერის შინაარსი, რომელიც იმას ეხებოდა, რომ მოსარჩელის ოპერატორთან საუბარში, აბონენტმა გაარკვია, რომ თანხის ამოწურვის შემთხვევაში, ვალის წარმოშობა შეუძლებელი იყო; არსებობდა როუმინგში ინტერნეტის მომსახურების ორი განსახვავებული ტარიფი, სადაც 1 მგ-ის ღირებულება 100-ჯერ განსხვავდებოდა ერთი მეორისაგან. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის სპეციალისტმა არასწორად შეაფასა ბილინგის ინფორმაცია. სპეციალისტის მიერ განმარტებული ქრონოლოგიის დარღვევის ფაქტი, რომ ინფორმაცია მოდიოდა სხვადახვა მობილური ოპერატორებისაგან ერთ ქვეყანაში, არის მცდარი. ქვეყნის მობილური ოპერატორის არჩევა დამოკიდებულია აბონენტზე, რომელიც ქვეყანაში შესვლის დროს თვითონ ირჩევს მობილური ქსელის ოპერატორს.
18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2016 წლის 19 მაისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო, სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
19. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული საფუძვლები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
21. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.
22. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
24. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სატელეფონო კომუნიკაციით სარგებლობის საფასურის დავალიანების ანაზღაურება (სსკ-ის 629-ე მუხლი. წინამდებარე განჩინების პირველი, მე-4 პუნქტები). სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოპასუხემ ისარგებლა სატელეფონო (როუმინგული) მომსახურებით, მაგრამ მომსახურების საფასურის ნაწილი (1096.1877 ლარი) არ გადაუხდია (იხ. წინამდებარე განჩინების მე-15 პუნქტი).
25. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობასა და დასკვნებს, რომლებიც წინამდებარე განჩინების 11-15 პუნქტებშია ასახული და დამატებით აღნიშნავს, რომ საპროცესო სამართალში აღიარებული შეჯიბრებითობისა (სსსკ-ის მე-4 მუხლი) და მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების (სსსკ-ის 102-ე მუხლი) სტანდარტის გათვალისწინებით, მოსარჩელის (მენარდის) პროცესუალურ მოვალეობას წარმოადგენს, დაამტკიცოს შესრულებული მომსახურებისათვის მიუღებელი საზღაურის არსებობა და ოდენობა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოპასუხე უფლებამოსილია, წარადგინოს მოსარჩელის პოზიციის უარმყოფელი, გამაქარწყლებელი მტკიცებულებები, რითაც უზრუნველყოფს მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზაციას.
26. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი და საქმეში არსებული მტკიცებულებების (წინამდებარე განჩინების 2, 4, 6, 12 პუნქტები) საპირისპიროდ, კასატორმა ვერ შეძლო კანონით დადგენილი წესით (სსსკ-ის 103.3. მუხლი) მოპოვებული სარწმუნო და უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა სასამართლოსათვის.
27. ამ განჩინების 24-26 პუნქტებში განვითარებული მსჯელობისა და დასკვნების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა წარმოიშვა, იგი არ შეწყვეტილა და განხორციელებადია.
28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის განმხილველმა სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, რაც გამორიცხავს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის სამართლებრივ შესაძლებლობას.
29. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ყ. კ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ყ. კ-ას (პ/ნ 5..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადასახადო დავალება N0, გადახდის თარიღი 2016 წლის 25 აპრილი), 70% – 210 (ორას ათი) ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე