ბს-975-561(კ-05) 12 სექტემბერი, 2006წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი),
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: ბინის პრივატიზების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
1997წ. 21 იანვარს თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა გარდაბნის რაიკოოპკავშირის გამგეობამ მოპასუხე ვ. დ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის უფლებადაკარგულად ცნობა ქ. თბილისში, ... მდებარე ¹12 ბინაზე. მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული ბინა იყო გარდაბნის რაიკოოპკავშირის საუწყებო ბინა. მათ რამდენჯერმე შეამოწმეს ბინა და დაფიქსირდა, რომ ვ. დ-ი და მისი ოჯახის წევრები უკანასკნელ წლებში ბინაში აღარ ცხოვრობდნენ, ამასთან, გადაუხდელი ჰქონდათ ბინის ქირა. ამჟამად საუწყებო ბინა რაიკოოპკავშირს ესაჭიროებოდა თანამშრომელთა დასაკმაყოფილებლად.
თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოს 1997წ. 3 თებერვლის გადაწყვეტილებით გარდაბნის რაიკოოპკავშირის გამგეობის სარჩელი დაკმაყოფილდა, ვ. დ-ი უფლებადაკარგულად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისში, ... მდებარე ¹12 ბინაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
1998წ. 10 ოქტომბერს გარდაბნის რაიკოოპკავშირის გამგეობამ იმავე სასამართლოში კვლავ აღძრა სარჩელი მოპასუხეების _ ვ. დ-ისა და თბილისის ¹27 სახელმწიფო სანოტარო კანტორის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა თბილისში, ... მდებარე ¹12 ბინაზე თბილისის 103-ე საბინაო-საექსპლუატაციო უბნის წარმომადგენელსა და მოქალაქე ვ. დ-ს შორის 1993წ. 14 სექტემბერს დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმება იმ მოტივით, რომ ბინის პრივატიზაცია განხორციელდა მათი წერილობითი ნებართვის გარეშე. მოსარჩელე ასევე მიუთითებდა, რომ რაიკოოპკავშირის მეპაიეთა ქონება უსასყიდლო პრივატიზებას არ ექვემდებარებოდა, ამასთან ვ. დ-ს გადასახდელი ჰქონდა უკანასკნელი ორი წლის ქირა.
თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოს 1998წ. 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით გარდაბნის რაოკოოპკავშირის გამგეობის სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის 103-ე საბინაო-საექსპლუატაციო უბნის წარმომადგენელსა და მოქალაქე ვ. დ-ს შორის დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულება თბილისში, ... მდებარე ¹12 ბინაზე, აღნიშნული ბინა აღირიცხა ცეკავშირის გარდაბნის რაიკოოპკავშირის სახელზე. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
1999წ. 1 დეკემბერს თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა ვ. დ-მა, რომელმაც მოითხოვა სამგორის რაიონის სასამართლოს 1998წ. 27 ნოემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999წ. 17 დეკემბრის განჩინებით გაუქმდა თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოს 1998წ. 27 ნოემბრის გადაწყვეტილება, დადგენილ იქნა საქმის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით განხილვა.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999წ. 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით გარდაბნის რაიკოოპკავშირის სარჩელი პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გარდაბნის რაიკოოპკავშირმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 4 აპრილის საოქმო განჩინებით მოცემული საქმე მიჩნეულ იქნა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსჯადად და განსახილველად გადაეცა იმავე სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001წ. 22 იანვრის საოქმო განჩინებით საქმეში მოპასუხედ ჩაება სამგორის რაიონის ¹103 საბინაო სახლმმართველობა, ამჟამად შპს «.. ..».
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001წ. 8 თებერვლის განჩინებით გარდაბნის რაიკოოპკავშირის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999წ. 28 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გარდაბნის რაიკოოპკავშირის გამგეობამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2001წ. 13 ივლისის განჩინებით გარდაბნის რაიკოოპკავშირის გამგეობის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001წ. 8 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 იანვრის გადაწყვეტილებით გარდაბნის რაიკოოპკავშირის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999წ. 28 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, გარდაბნის რაიკოოპკავშირის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ვ. დ-სა და სამგორის რაიონის ¹103 საბინაო-საექსპლუატაციო უბანს შორის 1993წ. 15 სექტემბერს დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. დ-ის წარმომადგენელმა დ. ჩ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004წ. 15 იანვრის განჩინებით ვ. დ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 22 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ კასატორს წარმოდგენილი ჰქონდა დასაბუთებული და დამატებითი საკასაციო პრეტენზია. მის მიერ საკასაციო წარმოების დროს წარმოდგენილი იყო თბილისის ისანი-სამგორის რაიპროკურატურის 2002წ. 10 აპრილის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, რომლითაც სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის გამო არ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ¹103 საბინაო-საექსპლოატაციო კანტორის თანამშრომლების მიმართ, მაგრამ პროკურატურამ დაადგინა, რომ გარდაბნის რაიკოოპკავშირის მიერ მართლაც იქნა გაცემული მინდობილობა ვ. დ-ის განცხადების საფუძველზე, რის შემდეგაც მოხდა ბინის პრივატიზება. მინდობილობა გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა ჯერ კიდევ 1997 წელს, დაუდევრობის გამო. ზემდგომი სასამართლოს განჩინებებით დადგენილება არ გაუქმებულა. საკასაციო სასამართლოში ასევე წარმოდგენილ იქნა გარდაბნის რაიონის პროკურატურის 2002წ. 15 აგვისტოს დადგენილება, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო ლ. ჯ-ის მიმართ ყალბი დოკუმენტების შექმნის, გამოყენებისა და დოკუმენტების გადამალვის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, რომლის მიხედვითაც ასევე დადგენილი იყო, რომ გარდაბნის რაიკავშირის მიერ თავის დროზე გაიცა მინდობილობა მათ ბალანსზე რიცხული ბინის პრივატიზების შესახებ, ხოლო ლ. ჯ-ი პირადი ინტერესებით მოქმედებდა და უკანონოდ გადამალა ვ. დ-ის ბინის პრივატიზაციის დოკუმენტები, რომლებიც მასთან ინახებოდა და რისი მეშვეობითაც მიაღწია ბინის თავის საკუთრებაში მიღებას. საკასაციო სასამართლოში წარდგენილი გარდაბნის რაიონის საგამოძიებო განყოფილების 2003წ. 14 სექტემბრის დადგენილებით გამოძიებამ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. დ-მა 1993წ. სექტემბერში შეიტანა განცხადება გარდაბნის რაიკოოპკავშირში; ორი ქვითრით სახ. ბანკში გარდაბნის რაიკოოპკავშირის ანგარიშზე შეიტანა შესაბამისი თანხა; მიიღო გარდაბნის რაიკოოპკავშირის მინდობილობა და სხვა აუცილებელი საბუთების საფუძველზე მოახდინა ბინის პრივატიზება. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო საქმის ფაქტობრივი გარემოებები, ასევე სარჩელის ხანდაზმულობის საკითხი, ხელახალ მსჯელობასა და შეფასებას საჭიროებდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 21 აპრილის გადაწყვეტილებით გარდაბნის რაიონის სამომხმარებლო რაიკოოპერატივების კავშირის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999წ. 28 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, გარდაბნის რაიონის სამომხმარებლო რაიკოოპერატივების კავშირის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები:
თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1988წ. 4 მაისის გადაწყვეტილებით ვ. დ-ის ოთხსულიან ოჯახს ნება დაერთო ქ. სირაგუტიდან ბინის გაცვლაზე ქ. თბილისში ... მდებარე ბინა ¹12-ზე, გარდაბნის რაიკოოპკავშირის თანხმობის გათვალისწინებით და თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საბინაო განყოფილებამ 1988წ. 16 ივლისს გასცა საცხოვრებელი ფართის გაცვლის ორდერი ¹004031. გაცვლის ორდერზე არ იყო აღნიშვნა იმის შესახებ, რომ ბინა საუწყებოა და ეკუთვნის გარდაბნის რაიკოოპკავშირს. აღნიშნული გაცვლის ორდერის საფუძველზე ვ. დ-ი ოჯახის წევრებთან ერთად ჩაეწერა და ცხოვრობდა მითითებულ ბინაში;
1993წ. 14 ოქტომბერს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების საფუძველზე თბილისის ¹103 საბინაო-საექსლუატაციო უბანსა და ვ. დ-ს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც დ-ს საკუთრებაში გადაეცა მის სახელზე რიცხული, ქ. თბილისში ... მდებარე ბინა ¹12. ხელშეკრულება დადასტურდა სანოტარო წესით და 1993წ. 15 სექტემბერს რეგისტრირებულ იქნა თბილისის მერიის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში, რის შედეგადაც ბინა საკუთრების უფლებით აღირიცხა ვ. დ-ის სახელზე. ბინის პრივატიზაციის გაფორმების შემდეგ ვ. დ-ი ოჯახის წევრებთან ერთად გაემგზავრა რუსეთში;
თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 2001წ. 25 ოქტომბრის ¹24-2349 ცნობით დასტურდებოდა, რომ ქ. თბილისში, ... მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, მათ შორის ბინა ¹12 ცეკავშირის გარდაბნის რაიკოოპკავშირის გამგეობის 1989წ. 24 აპრილის ¹20/06 მიმართვის თანახმად აღირიცხა ამ უკანასკნელის სახელზე 1989წ. 11 მაისს;
სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ თბილისის ისანი-სამგორის რაიონის პროკურატურის 2002წ. 10 აპრილის დადგენილებით დადგენილად იქნა ცნობილი, რომ ვ. დ-მა სადავო ბინის პრივატიზაცია მოახდინა გარდაბნის რაიკოოპკავშირის გამგეობის წერილობითი თანხმობის საფუძველზე, მაგრამ შემდგომში ეს საბუთი დაიკარგა ¹103 საბინაო-საექსპლუატაციო უბნის თანამშრომლების _ ა. ი-ის, ე. ბ-ისა და გ. ს-ის დაუდევრობით. ამასთან, მხედველობაში იქნა მიღებული ის გარემოება, რომ მითითებული პირების სამსახურებრივი მოვალეობის დაუდევრად შესრულების შემდეგ გასული იყო სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა, რის გამოც არ იქნა აღძრული სისხლის სამართლის საქმე მათ მიმართ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის პროკურატურის 2002წ. 10 აპრილის დადგენილება უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 20 თებერვლის დადგენილებითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003წ. 29 აპრილის განჩინებებით;
ნოტარიუს ა. შ-ის 1999წ. 27 ნოემბრის ¹13 ცნობით დასტურდებოდა, რომ სამგორის რაიონის სანოტარო ბიუროდან ლ. ჯ-ს პირადად გადაეცა ვ. დ-ის ბინის პრივატიზაციის საბუთები;
გარდაბნის რაიონის პროკურატურის 2002წ. 15 აგვისტოს დადგენილებით არ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ლ. ჯ-ის მიმართ ყალბი დოკუმენტების შექმნის, გამოყენების და დოკუმენტების გადამალვის ნაწილში კანონით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. ამავე დადგენილებით დადგენილ იქნა, რომ გარდაბნის რაიკოოპკავშირმა თავის დროზე გასცა წერილობითი თანხმობა, მინდობილობა მათ ბალანსზე რიცხული ბინის პრივატიზაციის შესახებ, ხოლო ლ. ჯ-მ, რომელიც მოქმედებდა პირადი ინტერესებით, უკანონოდ გადამალა ვ. დ-ის ბინის პრივატიზაციის დოკუმენტები, რომლებიც მასთან ინახებოდა და რისი მეშვეობითაც მიაღწია ბინის თავის საკუთრებაში მიღებას. დადგენილება უცვლელად იქნა დატოვებული გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2002წ. 21 ოქტომბრის დადგენილებით, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003წ. 18 თებერვლის განჩინებით გაუქმდა გარდაბნის რაიონის პროკურატურის 2002წ. 15 აგვისტოს და გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2002წ. 21 ოქტომბრის დადგენილებები და საქმე სისხლის სამართლის საქმის საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა იმავე რაიონულ პროკურატურას;
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2003წ. 25 დეკემბრის განაჩენით ლ. ჯ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 268.1 მუხლის «ზ» ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-7 ნაწილით გათავისუფლდა სასჯელისაგან სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. დადგინდა, რომ ლ. ჯ-მ პირადი დაინტერესებით, ბინის ხელში ჩაგდების მიზნით, 1996წ. აპრილსა და 1997წ. იანვარს შორის პერიოდში, ერთდროულად, ერთსა და იმავე ქაღალდზე, ერთნაირი საწერი საშუალებების გამოყენებით, საკუთარი სახელით შეადგინა 1994წ. 20 მარტით, 1995წ. 27 მაისით, 1996წ. 17 აპრილით და 1996წ. 25 ნოემბრით დათარიღებული ოთხი ყალბი აქტი. მანვე უკანონოდ გადამალა ბინის პრივატიზაციის დოკუმენტები, რომლებიც მასთან ინახებოდა და ამ გზით მიაღწია ვ. დ-ის სახელზე რიცხული ბინის თავის საკუთრებაში მიღებას და ამით მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ვ. დ-ს. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2003წ. 25 დეკემბრის განაჩენი უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004წ. 23 ივნისის განაჩენით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004წ. 21 სექტემბრის განჩინებით;
გარდაბნის რაიონის საგამოძიებო განყოფილების 2003წ. 14 სექტემბრის დადგენილებით არ იქნა აღძრული სისხლის სამართლის საქმე გარდაბნის რაიკოოპერატივის გამგეობის ყოფილი თავმჯდომარე დ. კვიჟინაძის მიმართ სამსახურებრივი დაუდევრობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. ამავე დადგენილებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ვ. დ-მა 1993 წელს შეიტანა განცხადება გარდაბნის რაიკოოპკავშირში, ორი ქვითრით სახ. ბანკში გარდაბნის რაიკოოპკავშირის ანგარიშზე შეიტანა შესაბამისი თანხა, მიიღო გარდაბნის რაიკოოპკავშირის მინდობილობა და სხვა აუცილებელი საბუთების საფუძველზე მოახდინა სადავო ბინის პრივატიზება. ამასთანავე, გარდაბნის რაიკავშირის საქმეებიდან გაქრა და დაიკარგა ვ. დ-ის 1993წ. განცხადება, 1993წ. 14 სექტემბრის პრივატიზაციის ხელშეკრულების ასლი, 1993წ. შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაციის ჟურნალი (რომელშიც რეგისტრირებული იყო მითითებული დოკუმენტები), გარდაბნის რაიკოოპკავშირის მიერ ვ. დ-ის ბინის პრივატიზაციაზე გაცემული მინდობილობის ასლი. აღნიშნულის მიზეზი იყო რაიკოოპკავშირში წლების მანძილზე საქმეთა წარმოების წესების, ორგანიზაციის დაუცველობა, შემსრულებლობის დისციპლინის დარღვევა.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სსკ-ის 106-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები თავისუფლდებოდნენ მტკიცებულებათა წარდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარებოდა მათი მოთხოვნები თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებდნენ. ასეთს განეკუთვნებოდა ფაქტები მოქმედებისა და პირის მიერ ამ მოქმედების ჩადენის თაობაზე, რაც დადგენილი იყო სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, როცა საქმეს იხილავდა სასამართლო იმ პირის მოქმედების სამოქალაქოსამართლებრივი შედეგების შესახებ, ვის მიმართაც გამოტანილი იყო განაჩენი. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში პრეიუდიციული ძალა გააჩნდა სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენით დადგენილ ფაქტებს და ისინი დამტკიცებას არ საჭიროებდა. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ 1993წ. სექტემბერში ვ. დ-ის განცხადების საფუძველზე გარდაბნის რაიკოოპერატივის გამგეობამ გასცა მინდობილობა ¹103 საბინაო საექსპლუატაციო უბანზე, რომლითაც ვ. დ-ს ნება დაერთო, განეხორციელებინა მის სახელზე რიცხული სადავო ბინის პრივატიზება; 1993წ. 14 სექტემბერს ვ. დ-სა და ¹103 საბინაო საექსპლუატაციო უბანს შორის საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილებისა და გარდაბნის რაიკოოპკავშირის გამგეობის წერილობითი თანხმობის საფუძველზე დაიდო ხელშეკრულება სადავო ბინის საკუთრებაში უსასყიდლო გადაცემის შესახებ, რომელიც დადასტურდა სანოტარო წესით და რეგისტრირებულ იქნა თბილისის მერიის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში 1993წ. 15 სექტემბერს. ბინა საკუთრების უფლებით აღირიცხა ვ. დ-ის სახელზე. საქმეში მონაწილე მესამე პირის _ ლ. ჯ-ის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად გადამალულ იქნა ბინის პრივატიზაციის დოკუმენტები, ამასთან, ¹103 საბინაო-საექსპლუატაციო უბნის თანამშრომლების (ა. ი-ი, ე. ბ-ი, გ. ს-ი) დაუდევრობის გამო დაიკარგა გარდაბნის რაიკოოპერატივის გამგეობის წერილობითი თანხმობა ვ. დ-ის ბინის პრივატიზების თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ გარდაბნის რაიონის საგამოძიებო განყოფილების 2003წ. 14 სექტემბრის დადგენილებით დადგინდა, რომ ვ. პ-მ და ვ. დ-ის ნათესავმა ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების ასლი მიიტანეს და ჩააბარეს გარდაბნის რაიკოოპკავშირში, ხოლო თავმჯდომარემ მდივანს დაავალა ამ ხელშეკრულების ჟურნალში რეგისტრირება. ყოველივე ზემოაღნიშნულისა და 1964წ. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე და მე-80 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი სასამართლოში წარდგენილი იყო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ აპელანტის მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილი «შემოსული კორესპონდენციების» ჟურნალი არ იყო აკინძული, დანომრილი, დალუქული ან დამოწმებული სათანადო ბეჭდით ან ხელმოწერით, ფურცლები ზოგან იყო ამოვარდნილი, ხოლო ჩანაწერები _ გადასწორებული. ამის გამო სამართლებრივ საფუძველს იყო მოკლებული ჟურნალის იმგვარ მტკიცებულებად მიჩნევა, რომლითაც უდავოდ დადასტურდებოდა სადავო პრივატიზების ხელშეკრულების ან პრივატიზაციაზე თანხმობის არსებობა ან არარსებობა, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ჟურნალს არ გააჩნდა მტკიცებულების ძალა.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა საქმის მასალებზე, რომლებითაც დასტურდებოდა, რომ 1993-1994 წლებში ქ. თბილისში, ორხევის დასახლება ... ქ.¹9-ში მდებარე სახლში განთავსებული ბინების იქ მცხოვრებ სხვა მობინადრეებზე საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა განხორციელდა ¹103 საბინაო-საექსპლუატაციო უბნის მიერ გარდაბნის რაიკავშირის მიერ გაცემული მინდობილობისა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების საფუძველზე და არა «სამომხმარებლო კოოპერაციის სისტემაში ქონების პრივატიზაციის შესახებ» ცეკავშირის გამგეობის 1994წ. 4 ოქტომბრის ¹203 დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად.
ამდენად, საპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ბინის პრივატიზება განხორციელდა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების მოთხოვნათა დაცვით, რაიკოოპკავშირის თანხმობით და შესაბამისად, სარჩელი არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას უსაფუძვლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გარდაბნის რაიონის სამომხმარებლო რაიკოოპერატივების კავშირმა (წარმომადგენელი ტ. კ-ი), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორის მითითებით, ვ. დ-ის მიერ სადავო ბინის პრივატიზებისას გამოყენებული არ ყოფილა გარდაბნის რაიკოოპკავშირის მიერ კანონით დადგენილი წესით გაცემული წერილობითი თანხმობა, ვერ იქნა დადგენილი, თუ რა თარიღით იქნა გაცემული იგი და საქმეზე არ იქნა წარმოადგენილი მისი ასლი. აღნიშნული ასლი არ არსებობდა არც გარდაბნის რაიკოოპკავშირშიც, ასევე, დ-ს არ ჩაუბარებია პრივატიზაციის ხელშეკრულება გარდაბნის რაიკოოპკავშირისათვის კანონით დადგენილი წესით. აღნიშნულის დასადასტურებლად კასატორმა სააპელაციო სასამართლოში წარადგინა 1992-1993 წლების კორესპონდენციების რეგისტრაციის ჟურნალი. მოცემულ შემთხვევაში პრივატიზაცია განხორციელდა «სამომხმარებლო კოოპერაციის სისტემაში ქონების პრივატიზაციის შესახებ» ცეკავშირის გამგეობის 1994წ. 4 ოქტომბრის ¹203 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. ¹107 დადგენილების დარღვევით, რაც პრივატიზაციის ბათილობის საფუძველს წარმოადგენდა. კასატორის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა ასევე გარდაბნის რაიკოოპკავშირის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდებოდა, რომ 1992-1993 წლებში ვ. დ-ს ბინის ქირა არ ჰქონდა გადახდილი. ამდენად, სასამართლოში წარდგენილი ქვითრების ასლები ბინის ქირის დავალიანების გადახდაზე ვ. დ-ის მიერ ვერ გამოდგებოდა მტკიცებულებად, ხოლო რამდენადაც სადავო ბინა იყო საუწყებო, პრივატიზაციისას თანხმობასთან ერთად სავალდებულო იყო ბინის ქირის დავალიანების გადახდაც.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლო არასწორად დაეყრდნო ლ. ჯ-ის მიმართ გამოტანილ 2003წ. 25 დეკემბრის განაჩენს, რადგან კანონიერ ძალაში შესული 1997წ. 3 თებერვლის სასამართლოს გადაწყვეტილებით იმავე აქტების საფუძველზე ფართზე უფლებადაკარგულად იქნა ცნობილი ვ. დ-ი.
კასატორის მოსაზრებით, უსაფუძვლო იყო სასამართლოს მოტივაცია, რომ გარდაბნის რაიკოოპკავშირში შეტანილ იქნა ვ. დ-ის მიერ ბინის ქირის გადასახადი 1993 წელს და დაიკარგა ვ. დ-ის განცხადება, რეგისტრაციის ჟურნალი და მინდობილობის ასლი. 1992-1993 წლების ჟურნალი საქმეზე წარმოადგენილი იყო და მასში არ იყო რეგისტრირებული აღნიშნული განცხადება ან პრივატიზაციის ხელშეკრულება.
კასატორის მოსაზრებით, ასევე უსაფუძვლო იყო სასამართლოს მოტივაცია ხანდაზმულობის ვადის გაშვების თაობაზე. გარდაბნის რაიკოოპკავშირისათვის პრივატიზაციის შესახებ ცნობილი გახდა 1997წ. ივლისში, ანუ მას შემდეგ რაც მან ნოტარიუსისაგან მიიღო მისი ასლი. ასევე უსაფუძვლო იყო «შემოსული კორესპონდენციების» ჟურნალთან დაკავშირებით სასამართლოს პოზიცია, ვინაიდან ჟურნალი იმ სახით იქნა წარმოადგენილი, რა სახითაც არსებობდა 1992-1993 წლებში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკსაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ გარდაბნის რაიონის სამომხმარებლო რაიკოოპერატივების კავშირის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 21 აპრილის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გარდაბნის რაიონის სამომხმარებლო რაიკოოპერატივების კავშირის საკასაციო საჩივარი ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანას.
კასატორი თავის საკასაციო საჩივარს ამყარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენას, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ თბილისის ისანი-სამგორის რაიონის პროკურატურის 2002წ. 10 აპრილის დადგენილებით დადგინდა ვ. დ-ის მიერ სადავო ბინის პრივატიზება გარდაბნის რაიკოოპკავშირის გამგეობის წერილობითი თანხმობის საფუძველზე, ასევე დადგინდა, რომ შემდგომში ეს საბუთი დაიკარგა ¹103 საბინაო-საექსპლუატაციო უბნის თანამშრომლების _ ა. ი-ის, ე. ბ-ისა და გ. ს-ის დაუდევრობით. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის პროკურატურის 2002წ. 10 აპრილის დადგენილება უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 20 თებერვლის დადგენილებითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003წ. 29 აპრილის განჩინებით.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2003წ. 25 დეკემბრის განაჩენით დადგენილია, რომ ლ. ჯ-მ პირადი დაინტერესებით, სადავო ბინის ხელში ჩაგდების მიზნით, 1996წ. აპრილსა და 1997წ. იანვარს შორის პერიოდში, ერთდროულად, ერთსა და იმავე ქაღალდზე, ერთნაირი საწერი საშუალებების გამოყენებით, საკუთარი სახელით შეადგინა 1994წ. 20 მარტით, 1995წ. 27 მაისით, 1996წ. 17 აპრილით და 1996წ. 25 ნოემბრით დათარიღებული ოთხი ყალბი აქტი. მანვე უკანონოდ გადამალა ბინის პრივატიზაციის დოკუმენტები, რომლებიც მასთან ინახებოდა და ამ გზით მიაღწია ვ. დ-ის სახელზე რიცხული ბინის თავის საკუთრებაში მიღებას. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2003წ. 25 დეკემბრის განაჩენი უცვლელად არის დატოვებული თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004წ. 23 ივნისის განაჩენით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004წ. 21 სექტემბრის განჩინებით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა სსკ-ის სსკ-ის 106-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. მითითებული ნორმა ასეთს განაკუთვნებს ფაქტებს იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა მოქმედებას ადგილი და ჩაიდინა თუ არა ეს მოქმედება პირმა, რაც დადგენილია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, როცა საქმეს იხილავს სასამართლო იმ პირის მოქმედების სამოქალაქოსამართლებრივი შედეგების შესახებ, ვის მიმართაც გამოტანილი იყო განაჩენი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა მითითებული ნორმა და მართებულად მიიჩნია, რომ განსახილველ საქმეზე პრეიუდიციული ძალა გააჩნდა სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003წ. 29 აპრილის განჩინებით, გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2003წ. 25 დეკემბრის განაჩენით დადგენილ ფაქტებს და ისინი დამტკიცებას არ საჭიროებდა, კერძოდ, სადავო ბინის პრივატიზების განხორციელების ფაქტი გარდაბნის რაიკოოპკავშირის ნებით, მისი თანხმობის საფუძველზე, რაც მითითებული საპროცესო აქტებით უტყუარადაა დადგენილი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს საკასაციო საჩივრის მოტივს, რომ პრივატიზება არ მომხდარა გარდაბნის რაიკოოპკავშირის ნებით და თანხმობით, რაც სარჩელის ძირითადი საფუძველია. კასატორი ვერ ადასტურებს სადავო ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლის არსებობას მათი აუცილებელი ნებართვის გარეშე დადების საფუძვლით. კასატორი ვერ ასაბუთებს მათი ნებართვით განხორციელებული ბინის პრივატიზების ბათილობის საფუძვლის არსებობას პრივატიზების განხორციელების შემდგომ.
კასატორი ასევე ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას «შემოსული კორესპონდენციების» ჟურნალის მტკიცებულების ძალის არმქონედ მიჩნევის თაობაზე. კასატორის მხოლოდ ის არგუმენტი, რომ ჟურნალი იმ სახით იქნა წარმოადგენილი, რა სახითაც არსებობდა 1992-1993 წლებში, არ შეიძლება გახდეს ჟურნალის ისეთ მტკიცებულებად მიჩნევის საფუძველი, რაც გააქარწყლებდა სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული ზემოაღნიშნული საპროცესო დოკუმენტებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
რაც შეეხება კანონიერ ძალაში შესული თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოს 1997წ. 3 თებერვლის გადაწყვეტილების არსებობას, რომლითაც ვ. დ-ი უფლებადაკარგულადაა ცნობილი ფართზე, ამ გადაწყვეტილებას ვერ ექნება პრეიუდიციული ძალა მოცემულ საქმეზე, რამდენადაც გადაწყვეტილებით ვ. დ-ი ფართზე უფლებადაკარგულად ცნობილია როგორც საუწყებო ბინის მოსარგებლე 1997 წელს, მაშინ როდესაც ამ დროისათვის იგი უკვე ბინის მესაკუთრეს წარმოადგენდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ ამ თვალსაზრისით დასაბუთებული და დამატებითი საკასაციო პრეტენზია წარმოყენებული არ არის.
ამასთან, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე 1964წ. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლის საფუძველზე. სკ-ის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სკ-ის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს. აღნიშნული მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო მოთხოვნის ხანდაზმულობის მიმართ უნდა გავრცელდეს სამოქალაქო კოდექსით უძრავი ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების მიმართ დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შეადგენს 6 წელს და რისი გათვალისწინებითაც სარჩელი ხანდაზმული არ არის. მიუხედავად ამისა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რადენადაც სააპელაციო სასამართლოს მიერ არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი საკითხი და ზემოაღნიშნულ გარემოებას არ გამოუწვევია საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გადაწყვეტილების გაუქმების საპროცესო საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს და უცვლელად ტოვებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გარდაბნის რაიონის სამომხმარებლო რაიკოოპერატივების კავშირის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 21 აპრილის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.