Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-498-478-2016 28 ივლისი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი – შპს "ჩ-ი" (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს "ს-ი" (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 თებერვლის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს-ის „ს-ი“ (შემდეგში მოსარჩელე, სტუდია ან შემკვეთი) სარჩელი შპს-ის „ჩ-ი“ (შემდეგში მოპასუხე, მენარდე ან საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ და, ამ უკანასკნელს, ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, შემკვეთის სასარგებლოდ დაეკისრა 7000 აშშ დოლარის ანაზღაურება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 629-ე, 639-ე, 641-ე მუხლები).

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მენარდემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შემკვეთის სარჩელის უარყოფა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2016 წლის 28 იანვრის განჩინებით, წარმოებაში მიიღო მოპასუხის სააპელაციო საჩივარი, რომელზეც იმავე წლის 10 თებერვალს შემკვეთმა წარადგინა სააპელაციო შესაგებელი და, თავდაპირველი სარჩელიდან გამომდინარე, იშუამდგომლა, მოპასუხის საკუთრებად რიცხულ უძრავ ქონებაზე (მდებარე ქ. თბილისში, დ..., ნაკვეთი # 7.., ს/კ 0.....) ყადაღის დადება, ასევე, მოითხოვა, რომ მოპასუხეს (აპელანტს) დავის დასრულებამდე, აკრძალვოდა უძრავ ნივთზე რაიმე სახის სამართლებრივი მოქმედების განხორციელება (იპოთეკით დატვირთვა, გასხვისება და სხვ.; იხ. ს.ფ.224-225).

4. სააპელაციო სასამართლოს მიერ, 2016 წლის 12 თებერვლის განჩინებით განსაზღვრულ ვადაში, მოსარჩელემ სახელმწიფო ბაჟის ქვითართან ერთად, იმავე წლის 17 თებერვალს წარადგინა დაზუსტებული შუამდგომლობა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე. შემკვეთმა, თავდაპირველი სარჩელიდან გამომდინარე, მოითხოვა საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების (იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი) უზრუნველყოფა, კერძოდ, მოპასუხის კუთვნილ ქონებაზე (იხ. ამ განჩინების მე-3 პუნქტი) ყადაღის დადება და დავის დასრულებამდე ამ ქონებაზე რაიმე სახის სამართლებრივი მოქმედების განხორციელების აკრძალვა (იხ. ს.ფ. 240-241).

5. სააპელაციო სასამართლომ, 2016 წლის 17 თებერვლის განჩინებით წარმოებაში მიიღო შემკვეთის დაზუსტებული შუამდგომლობა და ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი. სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 371-ე, 271-ე, 193-ე, 191-ე და 198-ე მუხლებზე დაყრდნობით, იმსჯელა უზრუნველყოფის ღონისძიების, როგორც საპროცესო სამართლებრივი ინსტიტუტის მთავარ პრინციპზე, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირდება. სასამართლომ განმარტა, რომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით ხდება მოსარჩელის კანონიერი ინტერესების დაცვა იმ რეალობის ან მოსალოდნელი საფრთხის გათვალისწინებით, რომ, მოპასუხე, შესაძლოა, არაკეთილსინდისიერი აღმოჩნდეს და საკუთარი ქონება გაასხვისოს, ფინანსური სახსრები განკარგოს, გადამალოს, რის შედეგადაც მოსარჩელის უფლება განუხორციელებელი დარჩება.

6. სასამართლომ აღნიშნა, რომ შემკვეთის სარჩელი დაკმაყოფილდა და, მის სასარგებლოდ, მოპასუხეს დაეკისრა 7000 აშშ დოლარის გადახდა (იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი), ხოლო 2016 წლის 17 თებერვლის განცხადებით (იხ. ამ განჩინების მე-5 პუნქტი), შემკვეთმა მოითხოვა, სწორედ მის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა იმ დასაბუთებით, რომ მოპასუხის მიერ სააპელაციო საჩივრის წარდგენა, ერთგვარად ვალდებულების შესრულების არიდებას და დროში შეუქცევადი პროცესის გაჭიანურებას უკავშირდებოდა.

7. სასამართლომ შეამოწმა მოპასუხის კუთვნილი ქონების შესაბამისი მონაცემები საჯარო რეესტრის ამონაწერის საფუძველზე და დარწმუნდა, რომ სწორედ მენარდის კუთვნილ ქონებაზე იყო მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამასთან, სასამართლომ ისიც აღნიშნა, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ეტაპზე, მხოლოდ მოთხოვნის იურიდიული მართებულობა მოწმდება, რადგან მოთხოვნის დასაბუთებულობა და საფუძვლიანობა სარჩელზე არსებითად მსჯელობის საგანს წარმოადგენდა, რაზეც, ამ ეტაპზე ვერ იმსჯელებდა სააპელაციო სასამართლო.

8. სასამართლომ იმსჯელა, უფლების დროებით შეზღუდვის დროს, გონივრული ბალანსის დაცვის აუცილებლობაზე დაცულ სიკეთესა და შეზღუდულ უფლებას შორის და მიზანშეწონილად მიიჩნია მოსარჩელის შუამდგომლობის ნაწილობრივ დაკმაყოფილება იმგვარად, რომ მოპასუხეს აეკრძალა, მის საკუთრებად რიცხული უძრავი ქონების 1/10 (ერთი მეათედი) იდეალური წილის გასხვისება და სანივთო სამართლებრივი უფლებით დატვირთვა.

9. სააპელაციო სასამართლომ, ასევე, სსსკ-ის 196-ე მუხლზე მითითებით, განმარტა სარჩელის უზურნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის კანონმდებლობით მხარეთათვის მინიჭებული შესაძლებლობა, რაც მოპასუხეს ანიჭებდა უფლებას, მოეთხოვა უძრავ ნივთზე ყადაღის სახით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა სხვა, მისთვის უფრო მისაღები უზრუნველყოფის ღონისძიებით, თუკი, სასამართლოს მიერ გამოყენებული ღონისძიება ხელყოფდა მის უფლებამოსილებას.

10. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 17 თებერვლის განჩინების საფუძველზე, იმავე დღეს, მოსარჩელეზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი (იხ. ს.ფ. 253).

11. მოპასუხემ (აპელანტი) საჩივარი წარადგინა მე-10 პუნქტში მითითებულ განჩინებაზე და აღნიშნა, რომ იგი წარმატებული საწარმოა, ამდენად ვარაუდი, რომ გაძნელდებოდა გადაწყვეტილების აღსრულება დაუსაბუთებელი იყო, ხოლო საწარმოს საქმიანობასა და იმიჯზე, ნეგატიურად აისახებოდა უზრუნველყოფის გამოყენებული ღონისძიება, რომელიც ხელყოფდა მოპასუხის უფლებას, აყენებდა ზიანს და გაართულებდა ურთიერთობას ინვესტორებთან (იხ. მოპასუხის საჩივარი თანდართული მტკიცებულებებით - ს.ფ. 258 – 408).

12. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 16 მაისის განჩინებით, არ დაკმაყოფილდა მოპასუხის საჩივარი და უცვლელად დარჩა იმავე სასამართლოს 17 თებერვლის განჩინება.

13. სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხის საჩივრის არგუმენტებს არ იზიარებდა, რადგან უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ნაკლები საფრთხის შემცველი იყო მოპასუხისათვის, ვიდრე მისი გამოუყენებლობა მოსარჩელისათვის. მოპასუხის საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2016 წლის 10 ივნისს შეატყობინა მხარეებს, რომ საჩივარი განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე იმავე წლის 15 ივლისს.

15. 2016 წლის 12 ივლისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მოპასუხემ და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა, სსსკ-ის 196-ე მუხლის საფუძველზე, იმ დასაბუთებით, რომ მოპასუხე თანახმა იყო, სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე შეეტანა 7000 აშშ დოლარი, რაც სრულად უზრუნველყოფდა მოსარჩელის მოთხოვნას.

16. საკასაციო სასამართლომ მოპასუხის წერილობითი შუამდგომლობა 2016 წლის 13 ივლისს ელ-ფოსტით გადაუგზავნა მოსარჩელეს, ხოლო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა გადადო იმავე წლის 28 ივლისს, რაც ასევე, ეცნობათ მხარეებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა მოპასუხის საჩივრისა და შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოტივაციით:

17. მოპასუხის საჩივრის მოტივები, რომელიც ასახულია წინამდებარე განჩინების მე-11 პუნქტში, დაუსაბუთებელია, რადგან მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება საფუძვლიანად და კანონიერად დაასაბუთა სააპელაციო სასამართლომ, ხოლო საწინააღმდეგო არგუმენტი მოპასუხეს არ წარუდგენია.

18. მოპასუხის შუამდგომლობასთან დაკავშირებით, რომელიც საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზეა წარმოდგენილი, ყურადღება უნდა მიექცეს მოპასუხის მოთხოვნას - გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების სხვა ღონისძიებით შეცვლა (იხ. ამ განჩინების მე-15 პუნქტი), საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 196-ე მუხლი ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლის შესაძლებლობას, რომელიც, საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე დაიშვება მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, თუმცა, ეს არ არის მხარის აბსოლუტური უფლება და იგი შეიძლება გამოყენებული იქნეს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი წინაპირობების არსებობისას. მითითებული ნორმის მე-3 ნაწილით განსაზღვრულია, რომ ფულადი თანხების გადახდევინების შესახებ სარჩელის უზრუნველყოფისას, მოპასუხეს შეუძლია, მიღებულ უზრუნველყოფის ღონისძიებათა ნაცვლად, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა შეიტანოს სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე.

19. განსახილველ შემთხვევაში, დავა სწორედ ფულადი ვალდებულებიდან გამომდინარეობს და კანონით დასაშვები უზრუნველყოფის ღონისძიების ზომად თანხის დეპოზიტზე განთავსება მიიჩნევა, თუმცა, მოპასუხეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომ მან უკვე განათავსა მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული გადაწყვეტილების უზრუნველსაყოფად შესაბამისი თანხა სადეპოზიტო ანგარიშზე, მან მხოლოდ ასეთი შესაძლებლობა განიხილა და შესთავაზა სასამართლოს უკვე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების - მოპასუხის საკუთრებად რიცხულ ქონებაზე ყადაღის მოხსნის სანაცვლოდ, თანხის მომავალში შეტანა სადეპოზიტო ანგარიშზე.

20. სასამართლომ მოსარჩელეს, პოზიციის დაფიქსირების მიზნით, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა გადაუგზავნა, თუმცა, მას რაიმე მოსაზრება არ წარმოუდგენია (იხ. ამ განჩინების მე-16 პუნქტი).

21. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რაც ასახულია წინამდებარე განჩინების მე-13 პუნქტში და აღნიშნავს, რომ მოპასუხემ, საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზეც, შუამდგომლობით მოითხოვა უზრუნველყოფის ერთი ღონისძიების მეორე სახით შეცვლა ისე, რომ არ წარმოუდგენია სარწმუნო მტკიცებულება, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა, ემსჯელა და მიეღო გადაწყვეტილება იმგვარად, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებულ გადაწყვეტილებას, აღსრულების ეტაპზე, არ შეექმნას საფრთხე. სწორედ ამ კონტექსტში, სასამართლოს, მხარეთა ლეგიტიმური ინტერესების შეპირისპირების გათვალისწინებით, გამართლებულად მიაჩნია გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვება, რათა არ მოხდეს მოსარჩელის დაკმაყოფილებული მოთხოვნის აღუსრულებლობა. რაც შეეხება მოპასუხის შეზღუდულ უფლებას, სასამართლოს მიაჩნია, რომ მას ჰქონდა პროცესუალურ-სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ მის მიერვე მითითებული რისკების (საწარმოს ავტორიტეტი, შესაძლო გართულებები ინვესტორებთან, საქმიანობის შეფერხება - იხ. ამ განჩინების მე-11 პუნქტი) საპირწონედ, რეალურად განეთავსებინა სადეპოზიტო ანგარიშზე შესაბამისი თანხა, რაც ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებასა და მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფდა. თუმცა, მოპასუხემ აღნიშნული სამართლებრივი შესაძლებლობა არ გამოიყენა.

22. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ბალანსის გონივრულად შეფასებისას, სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია გადაწყვეტილების აღსრულებადობა, რაც რეალური უნდა იყოს. მოპასუხის შეთავაზება ეხება არა არსებულ ფაქტს - სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის შეტანას, არამედ მომავალ მოქმედებას, რაც უზრუნველყოფილი გადაწყვეტილების აღსრულებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. სსსკ-ის 196-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე „სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა არის სასამართლოს უფლებამოსილება და არა ვალდებულება, რომელიც განპირობებული უნდა იყოს მნიშვნელოვნად შეცვლილი გარემოებებით და მიზანშეწონილობით“ (სუსგ # ას 1165-1095-2015, 25.11.2015წ.). მოპასუხემ ვერ წარმოადგინა სარწმუნო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მნიშვნელოვნად შეცვლილ გარემოებას და დაარწმუნებდა საკასაციო სასამართლოს უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლის მიზანშეწონილობაში.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის როგორც საჩივარი, ისე შუამდგომლობა უსაფუძვლოა და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე მუხლებით, 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს "ჩ-ის" საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. შპს "ჩ-ის" შუამდგომლობა, სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლასთან დაკავშირებით, არ დაკმაყოფილდეს;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე