საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-510-487-2016 15 ივლისი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ი/მ დ. კ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს-ა“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით შპს „ს-ას“ (შემდეგში - მოსარჩელე, კრედიტორი) სარჩელი ი/მ დ. კ–ის (შემდეგში - მოპასუხე, მოვალე, კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა, მოპასუხეს, ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა 1 980 ლარის გადახდა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ,477-ე მუხლი).
2. მოპასუხემ სააპელაციო საჩივრით მიმართა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 მაისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
4. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების (იხ. წინამდებარე განჩინების პირველი პუნქტი), სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდნენ, როგორც მოპასუხე, ასევე, მისი წარმომადგენელი (იხ. ს.ფ.94). არც მხარე და არც მისი რწმუნებული, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან, არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, არ გამოცხადებულა სასამართლოში (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსკ, 2591 მუხლი) და არ ჩაუბარებია განჩინების ასლი. აღნიშნული მოთხოვნით, მხარემ 2016 წლის 3 მაისს მიმართა სასამართლოს, რაც იმ დღესვე დაკმაყოფილდა და მოვალეს ჩაჰბარდა დასაბუთებული გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ.107).
5. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2016 წლის 22 აპრილს, რაც ამოიწურა იმავე წლის 5 მაისს; მოვალემ კი 6 მაისს წარადგინა სააპელაციო საჩივარი.
6. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 369-ე მუხლის საფუძველზე მიიჩნია, რომ მოვალემ სააპელაციო საჩივარი წარადგინა გასაჩივრების საპროცესო ვადის დარღვევით, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.
7. მოპასუხის წარმომადგენელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიმართა კერძო საჩივრით და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 16 მაისის განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება სააპელაციო საჩივარზე(იხ. ს.ფ. 132-135).
8. კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ მოვალემ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან გასაჩივრებისათვის დადგენილი 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო სწორედ დასაბუთებული გადაწყვეტილების მიხედვით, რომელიც 23 მარტით იყო დათარიღებული. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანის თარიღის შესახებ სასამართლოს მიღებული ჰქონდა უსწორობის გასწორების განჩინება (ს.ფ105-106), სადაც დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების თარიღად, 23 მარტის ნაცვლად, 22 მარტია მითითებული, თუმცა, აღნიშნული განჩინების არსებობა მისთვის ცნობილი არ იყო, შესაბამისად, მან საპროცესო ვადის დაცვით წარადგინა სააპელაციო საჩივარი.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 13 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
10. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
11. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.
12. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ მან კანონით დადგენილ საპროცესო ვადაში წარადგინა სააპელაციო საჩივარი და სასამართლომ არასწორად დატოვა იგი განუხილველად.
13. სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, „თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან, არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს, ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია“.
14. საქმის მასალებით უდავოა, რომ კერძო საჩივრის ავტორი ესწრებოდა საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას (იხ. ამ განჩინების მე-4 პუნქტი), შესაბამისად, მოხმობილი ნორმის თანახმად, მას გადაწყვეტილების ასლი უნდა ჩაებარებინა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების მეორე დღიდან, 2016 წლის 23 მარტიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღის ვადაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი მაქსიმალური, ზედა ზღვრის - 2016 წლის 21 აპრილის ჩათვლით, რაც არ გაუკეთებია. ამავე ნორმის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14 დღიანი ვადის დენა ავტომატურად დაიწყო 2016 წლის 22 აპრილიდან (პირველი დღე) და ამოიწურა 2015 წლის 5 მაისს (ხუთშაბათს).
15. უდავოა, რომ აპელანტმა გადაწყვეტილების ასლი 2016 წლის 3 მაისს ჩაიბარა, მაგრამ აღნიშნული არ აძლევდა მას უფლებას, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა მისი ასლის ჩაბარების თარიღიდან აეთვალა ან, როგორც კერძო საჩივრის ავტორი უთითებს, გადაწყვეტილებაზე დასმული თარიღიდან აეთვალა, რომელიც შემდეგ თვითონვე გაასწორა საქალაქო სასამართლომ, (იხ. ამ განჩინების მე-8 პუნქტი). ამასთან, საქმის მასალებით, არ დგინდება, რომ კერძო საჩივრის ავტორმა, სსსკ-ის 2591-ე მუხლით განსაზღვრულ ვადაში, მიმართა სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების მოთხოვნით.
16. სააპელაციო საჩივრის წარდგენის საპროცესო ვადა კანონით იმპერატიულად დადგენილი ვადაა, რაც გაგრძელებას და აღდგენას არ ექვემდებარება. ამიტომ საპროცესო ვადის დასაწყისი, კანონმდებელმა დაუკავშირა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან, კონკრეტულ ვადაში, მხარის მიერ გადაწყვეტილების ჩაბარებას, ხოლო აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, გასაჩივრების ვადის ათვლა კანონითვეა განსაზღვრული და, მხარის სურვილისამებრ, გადაწყვეტილების ჩაბარებაზე არ არის დამოკიდებული. შესაბამისად, მხარის საპროცესო რისკია, რამდენად სწორად გამოიყენებს იგი კანონით მინიჭებულ ამ შესაძლებლობას. სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ, რაც უფრო გვიან ჩაიბარებს მხარე გასასაჩივრებელ გადაწყვეტილებას, მით უფრო ნაკლები დრო რჩება გასაჩივრებისათვის, ხოლო 14 დღის გასვლის შემდეგ, გასაჩივრების შესაძლებლობა ესპობა.
17. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოთვალა, რომ მოვალეს გასაჩივრების ვადის ათვლა დაეწყო 2016 წლის 22 აპრილს (პირველი დღე) და ამოეწურა იმავე წლის 5 მაისს (მეთოთხმეტე დღე), რომელიც ხუთშაბათი იყო.
18. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია, სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად გამოთვლილი ვადის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, იმის გათვალისწინებით, რომ მხარეც და მისი წარმომადგენელიც ესწრებოდნენ 2016 წლის 22 მარტს, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას, ფაქტობრივ-სამართლებრივად დაუსაბუთებელია (იხ. ამ განჩინების მე-4 პუნქტი).
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონიერად დატოვა განუხილველად მოპასუხის სააპელაციო საჩივარი და არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი/მ დ. კ–ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 მაისის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 მაისის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე