საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-548-523-2016 15 ივლისი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – თ. ჩ-ა(მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – იბა "ქ", კ. ხ-ე, ა. მ-ე, შ. კ-ე (მოპასუხეები)
მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - ე. პ–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე წარმოების განახლება
დავის საგანი – უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით თ. ჩ-ას (შემდეგში: პირველი მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობისათვის „ქ“, 30 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, თბილისში, ქ....ის ქ. #.... ში მდებარე # 6 ბინის (შემდეგში სადავო ბინა ან უძრავი ქონება) მესაკუთრედ ცნობისა და მისი უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში გადაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 477-ე მუხლი). სარჩერლი აღძრულია ამხანაგობის „ქ“ (შემდეგში: ამხანაგობა ან მოპასუხე), კ. ხ-ის ა. მ-ის, შ. კ-ის (შემდეგში: ამხანაგობის დამფუძნებლები) წინააღმდეგ.
2. პირველმა მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის, 2015 წლის 27 ივლისის, განჩინებით პირველი მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი მიღებული იქნა განსახილველად (ს.ფ. 149-151), ხოლო 2016 წლის 10 მაისის სასამართლო სხდომაზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ე. პ–ი (შემდეგში: მესამე პირი, მეორე მოსარჩელე - იხ. ს.ფ. 223). ამავე სხდომაზე, მესამე პირმა წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 ნოემბრის #2/12101 -13 გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 236-244), რომელშიც თვითონვეა მოსარჩელე, ხოლო მოპასუხე ამ განჩინების პირველ პუნქტში დასახელებული ამხანაგობაა, რომელიც პირველი მოსარჩელის სარჩელშიც მოპასუხეა.
4. საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 ნოემბრის #2/12101 -13 გადაწყვეტილებით მესამე პირის (მეორე მოსარჩელის) სარჩელი დაკმაყოფილდა და, მის სასარგებლოდ, ამხანაგობას დაეკისრა ზიანის - 44 837 ლარის ანაზღაურება (იხ. ს.ფ.244).
5. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 მაისის განჩინებით შეჩერდა წარმოება პირველი მოსარჩელის სააპელაციო საჩივარზე (საქმე # 2ბ/2548-15), რომელშიც მოწინააღმდეგე მხარეები არიან - ამხანაგობა და მისი დამფუძნებლები (იხ. პირველი პუნქტი), წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტში მითითებულ სამოქალაქო საქმეზე #2/12101 -13 საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ, 279-ე მუხლის “დ“ პუნქტი).
6. სააპელაციო სასამართლომ განჩინების სამართლებრივი დასაბუთებისას აღნიშნა, რომ სამოქალაქო საქმეზე #2ბ/2548-15, რომელშიც აპელანტია პირველი მოსარჩელე (მოწინააღმდეგე მხარე: ამხანაგობა და მისი დამფუძნებლები, დავის საგანი - უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა), ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული სადავო უძრავი ქონება - ბინა #6, საკადასტრო კოდით 0........, მხარეთა განმარტებით, მეორე მოსარჩელის მიერ აღძრული დავის ფარგლებში (საქმე #2/12101-13), ამ უკანასკნელის სასარგებლოდ არის დაყადაღებული.
7. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 372-ე /საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით/, 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი /სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით/ და 281-ე /საქმის წარმოება შეჩერდება ამ კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სასამართლოს გადაწყვეტილების, განაჩენის, განჩინების, დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან ადმინისტრაციული წესით განხილულ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე/ მუხლებზე და განმარტა, რომ, განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანი (უძრავი ქონება- ბინა # 6), რომლის თაობაზეც პირველი მოსარჩელის ინიციატივით მიმდინარეობს სასარჩელო წარმოება, მესამე პირის (იხ. ამ განჩინების მე-3 პუნქტი) სასარგებლოდ არის დაყადაღებული. იმ შემთხვევაში, თუ მესამე პირის სარჩელი ამხანაგობისა და მის დამფუძნებელთა წინააღმდეგ დაკმაყოფილდება, ასეთ შემთხვევაში, ამ უკანასკნელთა სახელზე რიცხული უძრავი ქონების რეალიზაციის გზით, მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა წარმოეშობა მესამე პირს (მეორე მოსარჩელეს), შესაბამისად, დავის მიმდინარეობის ფარგლებში, აღნიშნულ ქონებაზე პირველი მოსარჩელის მესაკუთრედ ცნობა, თუნდაც, სასამართლო გზით, მეორე მოსარჩელეს, მისსავე სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობას წაართმევს. ნიშანდობლივია, რომ ორივე დავაში მოპასუხეები ერთი და იგივე პირები არიან. ერთ შემთხვევაში, მათ წინააღმდეგ მიმართული სასარჩელო მოთხოვნა ფულადი ვალდებულების შესრულებაა, ხოლო მეორე შემთხვევაში, იმ ქონების მესაკუთრედ ცნობა, რომელსაც ფულადი ვალდებულების შესრულების მიზნით ყადაღა ადევს. ამდენად, სასამართლო აღნიშნულ სამოქალაქო დავებში მოპასუხედ დასახელებულ პირთა წინააღმდეგ ვერ მოახდენს მოთხოვნათა რანგირებას, ვინაიდან იმთავითვე ცხადია, რომ როდესაც ქონებას ყადაღა დაედო, აღნიშნული ქონება მოპასუხეთა საკუთრებაში იყო. შესაბამისად, მითითებული მოთხოვნის აღსრულებამდე დაყადაღებულ ქონებაზე მესაკუთრე ვეღარ შეიცვლება. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული მსჯელობის სამართლებრივი საფუძველია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში სააღსრულებო კანონი) 631-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის შესაბამისადაც, ბათილია ყადაღადადებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ყველა გარიგება. ეს კი ნიშნავს, რომ ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ აღნიშნული ქონების განკარგვა იკრძალება.
8.ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ დაუშვებელია მითითებული მუხლის განმარტება იმგვარად, რომ თუ გარიგება ქონებაზე ყადაღის დადებამდეა შედგენილი, ყადაღის დადება აღნიშნული გარიგების საფუძველზე ქონების განკარგვას არ კრძალავს. მითითებული ნორმის სხვაგვარი განმარტების შედეგად, დაყადაღებული ქონება ყოველთვის გადავა მესამე პირთა საკუთრებაში სასამართლო წესით, როდესაც მოსარჩელე ყადაღამდე არსებულ გარიგებას წარმოადგენს, ხოლო მოპასუხე ქონების გადაცემის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნას ცნობს. განსახილველ შემთხვევაში, სწორედ ამგვარი ფაქტობრივი წინაპირობებია სახეზე, კერძოდ, წინამდებარე საქმე დაყადაღებული ქონების განკარგვას ეხება. ამიტომაც, სასამართლომ მიიჩნია, რომ სანამ არ გადაწყდება ყადაღის მართლზომიერების საკითხი, დაყადაღებულ უძრავ ქონებაზე მესაკუთრე არ უნდა შეიცვალოს.
9. პირველმა მოსარჩელემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში კერძო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
10. კერძო საჩივრის ავტორი შემდეგ არგუმენტებზე უთითებს:
10.1. მხარეებს შორის ერთმანეთის პარალელურად მიმდინარე სამოქალაქო საქმეებში დავის საგანი იდენტური არ არის. თუ პირველი მოსარჩელე ამხანაგობისაგან შეძენილი ნივთის მისთვის გადაცემას მოითხოვს მოპასუხეთაგან, მეორე მოსარჩელე, იგივე მოპასუხეებს- ამხანაგობასა და მის დამფუძნებლებს მიყენებული ზიანის ფულად ანაზღაურებას ედავება;
10.2. უკანონოა უძრავ ნივთზე შემძენის საკუთრების მოპოვების ხელშეშლა საქმის წარმოების შეჩერების მეშვეობით. სააღსრულებო კანონის 63-ე მუხლის არსებული რედაქცია არ შეიძლება არგუმენტად გამოდგეს ნივთზე მესაკუთრის ცვლილების დაუშვებლობის შესახებ, ვინაიდან კანონი კრძალავს ყადაღის დადების შემდეგ გაფორმებული გარიგების საფუძველზე ტრანზაქციის განხორციელებას და არ აცხადებს ბათილად უკუქრონოლოგიური წესით დადებულ გარიგებას. დაუშვებელია კანონის ეს მუხლი იმგვარად განიმარტოს, თითქოს კანონმდებელი ყადაღის დადების დროს კრძალავს, როგორც განჩინების მიღებამდე, ასევე, მის შემდეგ გაფორმებული გარიგებების შესრულებას;
10.3. თუ სასამართლომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა კანონიერად ცნო, ფულადი ანაზღაურების გადახდევინება მხოლოდ ამ ბინის მეშვეობით არ განხორციელდება. მითუმეტეს, რომ სადავო ბინაზე პირველი მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია ნასყიდობის გარიგებიდან გამომდინარე. ამხანაგობის დამფუძნებელი წევრები სოლიდარულ მოვალეებს წარმოადგენენ, რაც აფართოებს იმ ქონების წრეს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია მეორე მოსარჩელის (მესამე პირის) სასარჩელო მოთხოვნის აღსრულება. ორივე სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება ვერ აღსრულდება. ასეთი გარემოების შექმნით, სასამართლო, ერთი მხრივ, მხარეთა თანასწორობის, ხოლო მეორე მხრივ, უძრავი ნივთის ნასყიდობის კანონით დადგენილი წესის სრულ იგნორირებას ახდენს. სასამართლოს მოქმედებით შეუძლებელი ხდება ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთის მესაკუთრისათვის გადაცემა და ეჭვქვეშ დგება საჯარო რეესტრის ჩანაწერის სისწორის პრეზუმფცია, ვინაიდან, ასევე უდავოა, რომ ხელშეკრულების გაფორმების დროს ნასყიდობის ობიექტზე რაიმე შეზღუდვა რეგისტრირებული არ ყოფილა.
11.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2016 წლის 24 ივნისის განჩინებით მოსარჩელის კერძო საჩივარი მიიღო წარმოებაში განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
12. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
13. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.
14. სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას გასაჩივრებული განჩინების უკანონობაზე, იმ საფუძვლით, რომ განსახილველ საქმეთა დავის საგანი იდენტური არ არის და პირველი და მეორე მოსარჩელეების მოთხოვნები მოპასუხეებისადმი განსხვავებულია (იხ. წინამდებარე განჩინების 10.1. ქვეპუნქტი).
15.სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის დანაწესის /სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით/ მიხედვით, საქმის წარმოების შეჩერებისთვის დავის საგანთა იდენტურობა საჭირო და/ან აუცილებელი არ არის. კანონი დავის სპეციფიკიდან და შინაარსიდან გამომდინარე, მთავარ ფაქტობრივ-სამართლებრივ წინაპირობად მიიჩნევს ერთი საქმის განხილვამდე მეორე საქმის გადაწყვეტის შეუძლებლობას.
16.დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ სააღსრულებო კანონი ყადაღის დადების შემდეგ არ აცხადებს ბათილად უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებამდე გაფორმებულ გარიგებას. ასეთი მსჯელობა გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებული არ არის. ყადაღის დადება, რა თქმა უნდა, არ იწვევს მის დადებამდე არსებული გარიგების ბათილობას.
17. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და დასკვნებს (იხ. წინამდებარე განჩინების 7-8 პუნქტები) და განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის უზრუნველყოფის - ყადაღის - მიზანი, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში მისი აღსრულების უზრუნველყოფაა. ყადაღას, სანივთო უზრუნველყოფის საშუალებებისაგან განსხვავებით, არა აქვს ნივთის მიდევნების ფუნქცია, ანუ ის არ გადაჰყვება ნივთს. პირიქით, ყადაღის სახით უზრუნველყოფის გამოყენების მიზანი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მისი დადების შემდეგ ნივთზე იკრძალება ნებისმიერი ტრანზაქცია და აღნიშნული იცავს ნივთის სამართლებრივ ხელშეუხებლობას.
18. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ სააღსრულებო კანონის 631 -ე მუხლის მე-2 ნაწილის (იხ. განჩინების მე-7 პუნქტი) შესაბამისად, ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ, აღნიშნული ქონების განკარგვა იკრძალება. განკარგვა გულისხმობს საკუთრების გადაცემას. ასევე, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ ქონებაზე მესამე პირის მესაკუთრედ ცნობა, თუნდაც, სასამართლო გზით, პირველ მოსარჩელეს წაართმევს მის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობას. ამიტომ მოთხოვნის აღსრულებამდე დაყადაღებულ ქონებაზე მესაკუთრე ვეღარ შეიცვლება. აღნიშნული კი საქმის წარმოების შეჩერების კანონით დადგენილი საფუძველია.
19. ზემოხსენებული ფატქობრივ-სამართლებრივი მოტივაციით, საკასაციო სასამართლოს დასაბუთებულად და კანონიერად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 20 მაისის განჩინება საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე, რაც კერძო საჩივრის დაუსაბუთებელი არგუმენტების გაუზიარებლობის გამო, მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. ჩ-ას კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 მაისის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 მაისის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე