Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-558-533-2016 15 ივლისი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. მ-ე, მ. ა-ე, ნ. თ-ი, მ. შ-ე, ა. ბ-ი, კ. ქ-ა, ვ. ნ-ე, ი. კ-ა (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საპროცესო ვადის აღდგენა

დავის საგანი – ბრძანებების ბათილად ცნობა, განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქლაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. მ-ის, მ. ა-ის, ნ. თ-ის, მ. შ-ის, ა. ბ-ის, კ. ქ-ას, ვ. ნ-ის, ი. კ-ას (შემდეგში მოსარჩელეები ან დასაქმებულები) სარჩელი სსიპ-ის „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი“ (შემდეგში: მოპასუხე, უნივერსიტეტი, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ და ბათილად იქნა ცნობილი უნივერსიტეტის 2011 წლის 5 ივლისის # 02-1536, #02-1527, #02-1549, #02-1542, # 02-1526, #02-1557, # 02-1540, #02-1556 ბრძანებები, თითოეული დასაქმებულის სასარგებლოდ, მოპასუხეს დაეკისრა იძულებითი განაცდურის სახით მიყენებული ზიანისათვის, კონკრეტული თანხა.

2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა უნივერსიტეტმა.

3. მოპასუხის სააპელაციო საჩივარზე, სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 აპრილის განჩინებით დადგინდა ხარვეზი, რომლის შევსების მიზნით, აპელანტს დაევალა ამ განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში სასამართლოში წარედგინა დაზუსტებული და დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის სახით გადაეხადა, თითოეული მოსარჩელის მიმართ მოთხოვნის შესაბამისი თანხა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნები (შემოსავლის ორდერები) წარედგინა სასამართლოსთვის (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ, 368.5.მუხლი; იხ. განჩინება - ს.ფ. 267-274).

4. აღნიშნული განჩინება უნივერსიტეტის კანცელარიის თანამშრომელს, 2016 წლის 5 მაისს ჩაჰბარდა სააპელაციო საჩივარში მოპასუხის მიერვე მითითებულ მისამართზე (ს.ფ. 254, 276;).

5. სასამართლოს განჩინებით დადგენილ ვადაში, აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის.

6. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2016 წლის 31 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა დაუშვებლობის გამო (სსსკ-ის 374-ე მუხლი) და განჩინების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სსსკ-ის 59-ე, მე-60, 61-ე, 63-ე, 65-ე, 368.5.-ე და 372-ე მუხლებზე.

7. მოპასუხემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში კერძო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვის მიზნით საქმის სააპელაციო სასამართლოში გადაგზავნა.

8.აპელანტის წარმომადგენლის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ კანცელარიის თანამშრომელმა ჩაიბარა 2016 წლის 5 მაისს, რომელმაც, სამწუხაროდ, იმავე დღეს არ გადასცა გზავნილი მოპასუხის იურიდიულ სამსახურს, ხოლო 10-დან 16 მაისამდე გავიდა შვებულებაში, ხოლო შვებულებიდან დაბრუნების შემდეგაც გამორჩა გზავნილის ადრესატისათვის გადაცემა. მოპასუხისათვის სასამართლოს განჩინების თაობაზე ცნობილი გახდა მხოლოდ 2016 წლის 2 ივნისს (იხ. კერძო საჩივარი - ს.ფ. 282-283).

9. კერძოს საჩივრის ავტორი ითხოვს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის აღდგენას, სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე და უთითებს, რომ კერძო საჩივარში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება სწორედ ის ობიექტური გარემოებაა, რის გამოც აპელანტი მოკლებული იყო საშუალებას გამოესწორებინა ხარვეზი.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2016 წლის 24 ივნისის განჩინებით, მოპასუხის კერძო საჩივარი მიიღო წარმოებაში განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

11. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

12. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორს დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

13. საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია და კერძო საჩივრის ავტორიც არ უარყოფს, რომ მოპასუხეს, რომელიც კანონით დადგენილი წესით ჩაჰბარდა სასამართლოს გზავნილი - განჩინება, რომლითაც დადგენილი იყო სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის საფუძვლები და მათი აღმოფხვრის ვადა, აღნიშნულ ვადაში არც ხარვეზი შეუვსია და არც შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის საპროცესო ვადის გაგრძელების ან სხვა შინაარსის მოთხოვნით (იხ. წინამდებარე განჩინების 3-5 პუნქტები).

14. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო სასამართლოსთვის ვადის აღდგენის მოთხოვნით არ მიუმართავს, რის გამოც სააპელაციო სასამართლო ამ შუამდგომლობაზეც ვერ იმსჯელებდა, თუმცა, ასეთი შუამდგომლობის არსებობის შემთხვევაშიც კი სსსკ-ის 65-ე (საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები) და ამავე კოდექსის 215.3. მუხლის (ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას) მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, იგი დაუსაბუთებელი იქნებოდა, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით.

15. მოპასუხის კერძო საჩივარში მითითებული არგუმენტები, მისი თანამშრომლის დაუდევრობაზე მიუთითებს და არ შეიძლება განხილული იქნეს სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ იმ ობიექტურ წინაპირობად, რომლის გამოც, აპელანტმა, მისგან დამოუკიდებელი საპატიო მიზეზით, ვერ შეძლო ხარვეზის შევსება (იხ. წინამდებარე განჩინების 8-9 პუნქტები).

16. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თანამშრომლის დაუდევრობა, რაც შესაძლოა მოპასუხის მენეჯმენტის გარკვეულ ნაკლოვანებებზე მიუთითებდეს, არ შეიძლება შეფასდეს განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად, რომელიც მხარისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას და, შესაბამისად, გამორიცხავს ვადის აღსადგენად საპატიო მიზეზის არსებობას.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის /თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლის 1-4 ნაწილებში მითითებულ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს, თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება/ და ამავე კოდექსის 374-ე მუხლის /თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ/ დანაწესის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ კანონიერად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად.

18. „საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება" (იხ. სუსგ # ას-299-284-2016).

19.ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 31 მაისის განჩინება მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მაისის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მაისის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე