Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-562-537-2016 15 ივლისი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა. კ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ. ფ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. დ. ფ-ემ (შემდეგში: მოსარჩელე), 2015 წლის 9 სექტემბერს სარჩელი აღძრა ა. კ-ის წინააღმდეგ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) და მოითხოვა მოპასუხისათვის 3190 ლარის დაკისრება, ზიანის ანაზღაურების მიზნით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 992-ე, 408-ე და 411-ე მუხლების საფუძველზე.

2.ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და, მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხეს დაეკისრა პირუტყვის - ძროხის ღირებულების - 1800 ლარისა და მიუღებელი შემოსავლის 900 ლარის, ჯამში - 2700 ლარის გადახდა. მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხისათვის 490 ლარის დაკისრებაზე, ამ უკანასკნელსვე დაეკისრა პროცესის ხარჯების - 168 ლარის და ადვოკატისთვის გადახდილი თანხიდან - 72 ლარის ანაზღაურება მოსარჩელისათვის. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზნით, 2015 წლის 10 სექტემბერს სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება, მოპასუხის თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, დარჩა უცვლელი.

3. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და განმარტა, რომ მან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაუშვა გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა; შესაბამისად, სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრების ვადის გაგრძელება, სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2016 წლის 22 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის გასვლის გამო (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ, 259 1 - ე, 369-ე, 374-ე მუხლები).

5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ განსახილველ სარჩელზე რაიონულმა სასამართლომ 2016 წლის 25 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება და გამოაცხადა მისი სარეზოლუციო ნაწილი (იხ. ს.ფ. 240-241). გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას არ ესწრებოდა მოპასუხე, თუმცა გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი მისთვის ცნობილი იყო კანონით დადგენილი წესით (ს.ფ. 239). სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მოპასუხეს, მისივე განცხადების საფუძველზე, ჩაჰბარდა 2016 წლის 11 აპრილს (იხ. ს.ფ. 254). მოპასუხემ 2016 წლის 14 აპრილს წარადგინა სააპელაციო საჩივარი რაიონულ სასამართლოში (იხ. ს.ფ. 256).

6. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტი უთითებდა, რომ იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი (შშმპ), რის საფუძველზეც გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, თუმცა, სააპელაციო საჩივარზე თანდართული ცნობით (იხ. ს.ფ. 260) დგინდება, რომ მოპასუხე სახელმწიფო პენსიის მიმღებია და აღნიშნულის საფუძველია მისი ასაკი, ანუ მოპასუხე ასაკით პენსიონერია, რაც სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, გამორიცხავს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან უპირობოდ გათავისუფლებას, რასაც სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ვ” პუნქტი ითვალისწინებს, და რაც სასამართლო გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარების წესს უკავშირდება.

7. სასამართლომ განმარტა, რომ სსსკ-ის 259 1 - ე მუხლის თანახმად, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების, სააპელაციო წესით გასაჩივრების 14 დღიანი ვადის ათვლა იწყებოდა 2016 წლის 26 მარტიდან. შესაბამისად, სააპელაციო გასაჩივრების ბოლო ვადას წარმოადგენდა ამავე წლის 10 აპრილი, მოპასუხემ კი სააპელაციო საჩივარი ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში წარადგინა 2016 წლის 15 აპრილს, ანუ გასაჩივრების ვადის დარღვევით.

8. განჩინების წინა პუნქტში მითითებული გარემოებების საფუძველზე სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის, ამავე კოდექსის 369-ე და 374-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად მიიჩნია.

9. მოპასუხემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 აპრილის განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და, სააპელაციო საჩივრის განსახილველად, საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება.

10. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, იგი რაიონულ სასამართლოში გადაწყვეტილების გამოცხადებას ვერ დაესწრო ავადმყოფობის გამო, რაც სააპელაციო საჩივარზე დართული ცნობით დაადასტურა. ამავე მიზეზით, ვერ შეძლო გასაჩივრებისთვის დადგენილ ვადაში საჩივრის შეტანა. მომჩივნის აზრით, სასამართლომ საპატიოდ უნდა მიიჩნიოს ვადის გაშვება და აღადგინოს იგი სსსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე. სასამართლომ არასწორად შეაფასა ცნობა მისი ინვალიდობის შესახებ, რის დასტურადაც კერძო საჩივარს დაურთო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების 06.06.2016 წ. დათარიღებული # 0.. ცნობა (იხ. ს.ფ. 285-286).

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2016 წლის 27 ივნისის განჩინებით მოპასუხის კერძო საჩივარი მიიღო წარმოებაში განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრისა და თანდართული მტკიცებულების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

12. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყ ვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

13. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

14. საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია და კერძო საჩივრის ავტორიც არ უარყოფს, რომ მოპასუხე, რომელიც კანონით დადგენილი წესით იყო გაფრთხილებული სასამართლო სხდომის თაობაზე, 2016 წლის 25 თებერვალს არ ესწრებოდა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას (იხ. წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტი).

15. მომჩივანი ადასტურებს იმ გარემოებასაც, რომ გაუშვა სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით განსაზღვრული 14 დღიანი ვადა. მისი პრეტენზია ძირითადად იმას ეხება, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მის მიერ წარდგენილი ცნობა სასამართლოს საპატიოდ უნდა მიეჩნია და, სსსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, აღედგინა სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა.

16. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობასა და დასკვნებს, რომელიც საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარეობს, კერძოდ: სსსკ - ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით „სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591-ე მუხლის შესაბამისად, ასევე 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ“, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონით იმპერატიულადაა განსაზღვრული სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა, რაც გაგრძელებას და აღდგენას არ ექვემდებარება, შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია პროცესუალურ შესაძლებლობას, საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაშიც კი, აღადგინოს აღნიშნული ვადა.

17. სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს მიერ შშმპ ცნობის არასწორად შეფასების თაობაზე და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომელიც წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტშია ასახული კანონშესაბამისია, კერძოდ, საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებით - სააპელაციო საჩივარზე დართული 2016 წლის 14 აპრილით დათარიღებული #0.. ცნობით მხოლოდ ის დასტურდება, რომ მოპასუხე ნამდვილად ირიცხება სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის რაიონულ განყოფილებაში, როგორც სახელმწიფო პენსიის მიმღები. „საპენსიო პაკეტით პენსია (მნიშვნელოვანი) დანიშნული აქვს 2013 წლის 1 მარტიდან ცვლილებამდე თვეში 160 ლარის ოდენობით“ (იხ. ს.ფ. 260), ხოლო 2016 წლის 6 ივნისის # 0.. ცნობის მიხედვით, მოპასუხე საპენსიო ასაკის გამო ღებულობს თვეში 160 ლარს, ამავდროულად აქვს მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი (იხ. ს.ფ. 285). აღსანიშნავია, რომ მოპასუხის მიერ სააპელაციო საჩივარზე დართულ ცნობაში არ არის მითითებული, რომ მოპასუხე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირია, რაც, ბუნებრივია, ვერ გახდებოდა სააპელაციო სასამართლოს მიერ საპენსიო ცნობის დამატებით გადამოწმების საფუძველი და სხვაგვარი შეფასების საგანი. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე წარმოდგენილი ცნობა კი, არ იძლევა საქმის სააპელაციო საჩივრის ეტაპზე დაბრუნების სამართლებრივ წინაპირობას, „საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება" (იხ. სუსგ # ას-299-284-2016).

18. საკასაციო სასამართლოს დასკვნით, სსსკ-ის 374-ე მუხლის (თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ) დანაწესის შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად.

19. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 22 აპრილის განჩინება მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე კანონშესაბამისია, ხოლო კერძო საჩივარი დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. კ-ის კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 აპრილის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 აპრილის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე