Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-569-540-2015 1 ივლისი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ. მ–ი (მოსარჩელე)

მოპასუხე - ე. ჭ-ა

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – მესაკუთრედ აღიარება, ქონების ყადაღისგან გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ნ. მ–ი (შემდეგში მოსარჩელე) 1997 წლის 14 იანვრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მოპასუხე ე. ჭ-ასთან (შემდეგში: პირველი მოპასუხე, მოსარჩელის მეუღლე, ინდ.მეწარმე ან მოვალე; იხ. ქორწინების მოწმობა - ტ.1, ს.ფ.27).

2. ქორწინების პერიოდში, 2001 წლიდან, მოსარჩელის მეუღლე დაეუფლა ქ. ა–ი, რკინიგზის გადასასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ 54.00 კვმ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე არსებული 54.00 კვმ. შენობა-ნაგებობით (საკადასტრო კოდით - 4.), რომელიც აბაშის მუნიციპალიტეტის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2008 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით გადაეცა საკუთრებაში და საჯარო რეესტრში აღირიცხა მოვალის საკუთრებად (იხ. ტ.1, ს.ფ.19-24).

3. უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, შეადგენს 17 820 ლარს (იხ. ტ.1, ს.ფ.14-18).

4. პირველი მოპასუხე 2007 წლის 5 ივნისიდან რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ და სსიპ შემოსავლების სამსახურში ირიცხება გადასახადის გადამხდელად. მისი საქმიანობის საგანს წარმოადგენს სურსათით ვაჭრობა, რისთვისაც გამოყენებული ჰქონდა მის სახელზე აღრიცხული, შენობა - ნაგებობა.

5. ინდ.მეწარმეს ერიცხება ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება - 67516.45 ლარი, რასაც ყოველდღიურად ემატება საურავი.

6. საბიუჯეტო დავალიანების გადაუხდელობის გამო, დავალიანების დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით, სსიპ შემოსავლების სამსახურმა (შემდეგში მეორე მოპასუხე, შემოსავლების სამსახური, აპელანტი ან კასატორი) 2013 წლის 27 სექტემბერს გამოსცა №0.. ბრძანება ინდ.მეწარმის კუთვნილ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს საგადასახადო ოფიცერმა, 2013 წლის 13 ნოემბერს გამოსცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ №0.. აქტი, რომლითაც ყადაღა დაედო ინდ.მეწარმის საკუთრებად რიცხულ უძრავ ქონებას (იხ. ამ განჩინების მე-2 პუნქტი).

7. სენაკის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 30 ივნისის ბრძანებით, დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა, დადგინდა დაყადაღებული ქონების რეალიზაცია აუქციონის გზით, რეალიზაციის დროისათვის არსებული დავალიანების ფარგლებში. აღნიშნული ბრძანება აღსასრულებლად მიქცეული არ არის.

8. ინდ.მეწარმის მეუღლემ 2014 წლის 1 აგვისტოს სარჩელი აღძრა პირველი და მეორე მოპასუხეების წინააღმდეგ და მოითხოვა მოვალის საკუთრებად რიცხული, დაყადაღებული სადავო უძრავი ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ ცნობა და ქონების ამავე ნაწილის ყადაღისაგან გათავისუფლება; მანვე, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოითხოვა დაყადაღებული ქონების რეალიზაციის შეჩერება.

9. სენაკის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 2 აგვისტოს განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა და, 2013 წლის 13 ნოემბრის # 0.. აქტის საფუძველზე, სადავო ქონებაზე (იხ. ამ განჩინების მე-2 პუნქტი), შეჩერდა რეალიზაცია.

10. იმავე რაიიონული სასამართლოს 2014 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა და მოსარჩელე ცნობილი იქნა წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტში მითითებული, პირველი მოპასუხის საკუთრებად აღრიცხული უძრავი ქონების 1/2 ნაწილის მესაკუთრედ, შესაბამისად, ყადაღისაგან გათავისუფლდა სააღსრულებო ბიუროს საგადასახადო ოფიცრის 2013 წლის 13 ნოემბრის №0.. აქტით (იხ. ამ განჩინების მე-6 პუნქტი) დაყადაღებული უძრავი ქონების - დასახელებული ნაწილიც. უცვლელად დარჩა ამ განჩინების მე-9 პუნქტში მითითებული, მოსარჩელის სასარგებლოდ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.

11. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ამ განჩინების 1-7 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 1151-ე, 1158-ე, 1164-ე, 1168-ე, 183-ე, 185-ე, 312-ე მუხლები.

12. სსკ-ის 1151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება. ამავე კოდექსის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის მეორე ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო მეურნეობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონდა დამოუკიდებელი შემოსავალი.

13. სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული ნორმა განსაზღვრავს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების მიმართ. განსახილველი ნორმის მიზანს წარმოადგენს ოჯახის ინტერესების დაცვა. ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად, ამიტომ, დავის შემთხვევაში, ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი (კანონით დადგენილი გამონაკლისების გარდა) საკმარისი საფუძველია საიმისოდ, რომ ეს ქონება მიჩნეული იქნეს მეუღლეთა თანასაკუთრებად.

14. დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონება შეძენილია მეუღლეთა ქორწინების პერიოდში (იხ. ამ განჩინების პირველი და მეორე პუნქტები), მათივე საერთო სახსრებით, ამდენად, აღნიშნული უძრავი ქონება მეუღლეთა თანასაკუთრებაა. საქორწინო კონტრაქტი, რომელიც განსხვავებულ რეჟიმს დაადგენდა მეუღლეთა ქონებრივი უფლებების შესახებ, მხარეთა შორის გაფორმებული არ არის.

15. სსკ-ის 1159-ე მუხლის თანახმად, თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს თანაბარი უფლებები აქვთ. ამავე კოდექსის 1164-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით, შეიძლება გაიყოს, როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგაც, ხოლო 1168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დადგენილია, რომ იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

16. ზემოხსენებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ დაასკვნა, რომ ვინაიდან ქორწინების განმავლობაში შეძენილ უძრავ ქონებაში მეუღლეთა წილი თანაბარია, თითოეული მათგანის წილი უძრავი ქონებიდან უნდა განისაზღვროს 1/2 ნაწილით.

17. სასამართლომ სსკ-ის 183-ე, 185-ე და 1158-ე მუხლების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, აღნიშნა, რომ მითითებულთაგან, ბოლო ნორმა, ქმნიდა იმ ნორმატიულ საფუძველს, რაც რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს აძლევდა შესაძლებლობას, მოეპოვებინა და სათანადო წესით დაერეგისტრირებინა საჯარო რეესტრში თანასაკუთრების უფლება. თუმცა, ამ შესაძლებლობის გამოუყენებლობისა და ქორწინებაში შეძენილი ნივთის რეგისტრირებული მესაკუთრის მიერ გასხვისების შემთხვევაში, ნორმატიული საფუძვლის არსებობის მიუხედავად, პირი ვერ შეიძენს საკუთრების უფლებას უძრავ ნივთზე ან მის ნაწილზე სსკ-ის 183-ე და185-ე მუხლების თანახმად, რაც განპირობებულია სამართალურთიერთობის სტაბილურობის, კეთილსინდისიერი შემძენის კანონით დადგენილ უფლებების დაცვის ინტერესებით. ამასთან, ვინაიდან საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონისმიერი ვალდებულება ან რაიმე კონკრეტული ვადა საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის კანონმდებლობით დადგენილი არ არის, პირი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოახდინოს თავისი უფლების რეალიზაცია, საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის გზით, მხოლოდ, რეგისტრირებული მესაკუთრის მიერ, საკუთრების ობიექტის განკარგვამდე.

18. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პირველ მოპასუხეს უძრავი ნივთი არ გაუსხვისებია და ამ მხრივ რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება (კეთილსინდისიერი შემძენის სახით), რაც გამორიცხავდა უძრავი ნივთის მიმართ მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარებას, არ არსებობდა. შესაბამისად, სსკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დადგენილი იყო პირველი მოპასუხის საკუთრებად საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, რომლის უზუსტობის გამო, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების შეტანით, მოსარჩელე უნდა დარეგისტრირებულიყო ამავე უძრავი ქონების 1/2 ნაწილის მესაკუთრედ.

19. მოსარჩელის მეორე მოთხოვნის თაობაზე (იხ. ამ განჩინების მე-8 პუნქტი) მსჯელობისას, სასამართლომ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის (შემდეგში საგადასახადო კოდექსი) 155-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილების, 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტის ანალიზის საფუძველზე, განმარტა, რომ ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოები და მეწარმე ფიზიკური პირები, ვალდებული არიან მიმდინარე გადასახდელების თანხები ბიუჯეტში შეიტანონ გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის მიხედვით. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გამოიყენება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად, დააყადაღოს ქონება და მოახდინოს მისი რეალიზაცია. საგადასახადო კოდექსის 241.1-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. იმავე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების პროცედურების განხორციელება საგადასახადო ორგანომ შეიძლება დაავალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს. ხოლო იმავე მუხლის 21-ე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს, მასში მითითებული პირის ქონებაზე ყადაღის დადების უზრუნველყოფის მიზნით, უგზავნის აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს ქონებაზე ყადაღის დადების პროცედურების განხორციელებას.

20. გარდა ამისა, სასამართლომ აღნიშნა, რომ საგადასახადო ორგანოების და საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული უფლებამოსილი პირების მიერ კონტროლის განხორციელების, მათ შორის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების და სამართალდარღვევების საქმისწარმოების პროცედურები, განსაზღვრულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბერის №994 ბრძანებით დამტკიცებული „საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესით“. იმავე წესის 41-ე მუხლით დადგენილია პირის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცედურა, რომლის თანახმად, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გადაწყვეტილება ფორმდება საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომლის გამოცემა და გადასახადის გადამხდელისთვის წარდგენა ხორციელდება ამ წესის მე-2 მუხლის შესაბამისად.

წესის 42-ე მუხლით კი, დადგენილია ქონებაზე ყადაღის დადების პროცედურა, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ან/და მისი წარმომადგენელი ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ჩაბარების შემდეგ ვალდებულია სრულად წარმოადგინოს მის საკუთრებაში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ქონების ნუსხა (ქონების დასახელებისა და ადგილმდებარეობის ზუსტი მისამართის ჩვენებით), რომელშიც უნდა მიუთითოს ის ქონებაც, რომელიც მას სხვებისაგან ეკუთვნის (42-ე მუხლის პირველი პუნქტი). საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს მარეგისტრირებელი ორგანოებიდან გადასახადის გადამხდელის ქონების შესახებ ინფორმაციის მიღებას (42-ე მუხლის მეორე პუნქტი), საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი, მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული და საგადასახადო ორგანოში არსებული მონაცემების შესწავლის საფუძველზე ახორციელებს ქონებაზე ყადაღის დადებას (42-ე მუხლის მესამე პუნქტი).

21. ამრიგად, მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, უდავოა, რომ ყადაღის დადება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად დასაშვებია მხოლოდ გადასახადის გადამხდელის (მოვალის) კუთვნილ ნივთებზე.

22. სასამართლომ განმარტა, რომ დადგენილია, რომ სადავო უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება განხორციელდა გადასახადის გადამხდელის - ინდ.მეწარმის ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების გამო, რაც გამორიცხავს, მისი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, იმ პირის კუთვნილი ქონების აღწერა-დაყადაღებასა და რეალიზაციას, რომელიც გადასახადის გადამხდელს (მოვალეს) არ წარმოადგენს და საგადასახადო დავალიანებაც არ ერიცხება. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე არ არის გადასახადის გადამხდელი, ანუ პირი, ვინც შეიძლება პასუხი აგოს კრედიტორის (სახელმწიფო ბიუჯეტის) წინაშე. შესაბამისად, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ნივთის დაყადაღებით მოპასუხე კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

23. სასამართლომ „სააღსრულებო წარმოებათა“ შესახებ საქართველოს კანონის (შემდეგში სააღსრულებო კანონი) მიზნებზეც იმსჯელა, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. იგივე კანონი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში, აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი უფლებამოსილია, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება (იხ. კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები).

24. მოსარჩელის მოთხოვნა, სწორედ დასახელებული კანონის 32-ე მუხლით გათვალისწინებული ქონების ყადაღისაგან გათავისუფლებას ეხებოდა. მოსარჩელე სადავოდ ხდიდა მეუღლის - ინდ.მეწარმის, საგადასახადო ვალდებულებათა აღსრულების მიზნით, მიმდინარე სააღსრულებო წარმოების ფარგლებში გამოყენებულ ყადაღას. მოსარჩელე უთითებდა, რომ დაყადაღებული უძრავი ნივთი მისი საკუთრებაც იყო. აღსანიშნავია, რომ მესამე პირთა უფლებების დაცვის მექანიზმი, ყადაღის აქტიდან ამ პირთა კუთვნილი ქონების ამორიცხვის გზით, დადგენილია, ასევე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბერის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტით, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანო ან საგადასახადო ორგანოსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია, მესამე პირის შუამდგომლობის საფუძველზე, რომელსაც დაერთვის საკუთრების უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ამორიცხოს მესამე პირის ქონება ქონებაზე ყადაღის დადების აქტიდან.

25. სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული ნორმები ქმნიდნენ ნორმატიულ საფუძვლებს საკუთრების კონსტიტუციური უფლების დაცვის თვალსაზრისით. ამავე ნორმებით დაცულია სამართლის ზოგადი - კანონიერების პრინციპი, რაც გამორიცხავდა კონკრეტული პირის ვალდებულების გამო, არავალდებული პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოითხოვა ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება, მანვე დაამტკიცა აღსრულების საგნის - დაყადაღებული ნივთის ნაწილზე მისი საკუთრების უფლების არსებობა, რის გამოც ეს ნივთი უნდა გათავისუფლებულიყო ყადაღისაგან, სააღსრულებო კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად. სასამართლომ არ გაიზიარა მეორე მოპასუხის (შემოსავლების სამსახური) მითითება, რომ მოსარჩელე, როგორც მოვალის მეუღლე წარმოადგენდა ვალდებულ პირს მეუღლის (ინდ.მეწარმის) მიმართ წარმოშობილ საგადასახადო ვალდებულებებზე, რის გამოც არ არსებობდა სადავო ნივთის ყადაღისაგან გათავისუფლების საფუძველი.

26. სასამართლომ აღნიშნა, რომ მეორე მოპასუხის მსჯელობა ფაქტობრივად მეუღლეთათვის სოლიდარული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მოთხოვნას წარმოადგენდა, რომლის სამართლებრივ საფუძვლებსაც ადგენს სსკ-ის 464-ე და 1170.2 მუხლები, მაგრამ აღნიშნული სცილდებოდა განსახილველი დავის საგანს და მისი განხილვა მხოლოდ დამოუკიდებელი სარჩელის აღძვრის შემთხვევაში იყო შესაძლებელი. უდავოა, რომ მეორე მოპასუხის მხრიდან სადავო უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება სსკ-ის 1170.2 მუხლის საფუძველზე არ მომხდარა. უძრავ ქონებას ყადაღა დაედო არა როგორც მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებულ ქონებას, არამედ, როგორც გადასახადის გადამხდელის ინდ.მეწარმის კუთვნილ ქონებას.

27. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მეორე მოპასუხემ, რომელმაც მიუთითა საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტზე: „საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის საშუალებაა ქონებაზე ყადაღის დადება“, ასევე სსკ-ის 311-ე და 312-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოვალის ქონებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაედო ყადაღა და არ არსებობდა დაყადაღებული ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების საფუძველი, მით უმეტეს, რომ მოვალეს, გააჩნდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება - 68 256,16 ლარი, რომელსაც ყოველდღე ერიცხებოდა საურავი. დაყადაღებულ უძრავ ქონებას ინდ.მეწარმე იყენებოდა სამეწარმეო საქმიანობისათვის, რაც თავისთავად ცნობილი იყო მისი მეუღლისათვისაც და ეს გარემოება დაადასტურა კიდეც მოსარჩელემ სასამართლო პროცესზე. ამდენად, მოსარჩელე წარმოადგენდა ვალდებულ პირს მისი მეუღლის მიერ ამ ქონების სამეწარმეო საქმიანობის შედეგად წარმოშობილ ვალდებულებებზეც.

28. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ამ განჩინების 1-7 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით (სსსკ-ის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტი), შესაბამისად, არ დააკმაყოფილა მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

29. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად მიუთითა, რომ სსკ-ის1158-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მოსარჩელეს ეკუთვნოდა სადავო ქონების 1/2 წილი. სააღსრულებო კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სსკ-ის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

30. სასამართლომ აღნიშნა, რომ დადგენილი იყო მოსარჩელის თანასაკუთრების უფლება სადავო ქონებაზე და ამ უფლების ხელყოფა სადავო ყადაღით, ამიტომ, ქონების ყადაღისგან გათავისუფლების თაობაზე, მოსარჩელის მოთხოვნა კანონიერი იყო და რაიონულმა სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა იგი.

31.სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება იმის თაობაზე, რომ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება დაუშვებელი იყო, რადგან მასზე ყადაღის დადება კანონიერად მოხდა.

32. სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანი იყო არა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტის კანონიერება, არამედ მესაკუთრის უფლებების დაცვა დაუშვებელი ხელყოფისაგან. ამის გამო, იმ საკითხს, რამდენად იყო უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი განეხორციელებინა სააღსრულებო მოქმედება, ამ დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა არ ჰქონდა.

33.სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ უძრავ ნივთზე მის მიერ გამოყენებულ საჯარო-სამართლებრივ შეზღუდვას იცავდა საჯარო რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ რაიონულმა სასამართლომ, ამ ნაწილშიც სავსებით სწორად განმარტა სსკ-ის 185-ე და 312-ე მუხლები და აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციაზე შეიძლება მიუთითოს მხოლოდ იმ პირმა, ვინც ქონებას იძენს გარიგების საფუძველზე. აპელანტს კი სადავო ქონება გარიგებით არ შეუძენია. არამოვალის ქონებაზე მიქცეულ აღსრულებას კი ზემოხსენებული დაშვება არ იცავს.

34. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ მოსარჩელემ თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე უფლება დაკარგა, რადგან არ მოახდინა ამ უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და განმარტა, რომ მოსარჩელე სადავო ქონების თანამესაკუთრე გახდა კანონის ძალით და ამ უფლების რეალიზაცია, ქორწინების განმავლობაში, ვადით შეზღუდული არ არის. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ სადავო ქონებაზე აღსრულების მისაქცევად აუცილებელი იყო, რომ აპელანტს აღეძრა სარჩელი (იხ. ამ განჩინების 25-ე პუნქტი).

35. სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო ქონება ისედაც მიქცეული იყო აღსასრულებლად და ამისთვის კრედიტორის მხრიდან ცალკე სარჩელის აღძვრა საჭირო აღარ იყო. თუმცა, მიუხედავად ამისა, სასამართლოს მოსაზრებით, სადავო ქონებაზე აღსრულების მიქცევა დაუშვებელი იყო. სსკ-ის 1170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთ-ერთი მეუღლის ვალის დასაფარავად გადახდევინება შეიძლება მოხდეს მისი ქონებიდან ან/და თანასაკუთრებაში მისი წილიდან, რომელსაც იგი მიიღებდა ქონების გაყოფის შემთხვევაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, აღნიშნული ვალების გამო, მეუღლეთა საერთო ქონებიდან გადახდევინება შეიძლება, მხოლოდ, მაშინ, თუ სასამართლო დაადგენს, რომ, რაც ვალდებულებით იყო მიღებული, გამოყენებულია მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის.

36. სასამართლომ მიიჩნია, რომ სსკ-ის 1170-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მეუღლეთა საერთო ქონებიდან გადახდევინება დასაშვებია, თუ სასამართლო იმ ვალდებულებას, რომლის გამოც აღსრულება უნდა მოხდეს, სსსკ-ის 1169-ე მუხლის საფუძველზე, მიიჩნევს მეუღლეთა საერთო ვალად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი ნაწილის დათქმა, პრაქტიკულ აზრს დაკარგავდა.

37.ამასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ დამატებით, მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 16 ივნისის განჩინებაზე - საქმე №ას-412-389-2014, რომლითაც საკასაციო ინსტანციამ საერთო სასამართლოების ერთიან პრაქტიკასთან შესაბამისად ჩათვალა სააპელაციო სასამართლოს იდენტური განმარტება.

38. ამის გამო, სადავო ქონებაში მოსარჩელის წილზე აღსრულება შეიძლება მიქცეულიყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდებოდა, რომ ის საგადასახადო ვალდებულება, რომლის გამოც ქონებას ყადაღა დაედო, იყო მეუღლეთა (მოსარჩელისა და მოვალის) საერთო ვალი.

39. საგადასახადო კოდექსის მე-20 მუხლის პირველი ნაწილისა და 272-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადასახადისა და საგადასახადო საურავების გადახდის ვალდებულება ეკისრება მხოლოდ გადასახადის გადამხდელს. ამის გამო, ინდ.მეწარმის გადასახდელი შეუძლებელია ჩაითვალოს მოვალისა და მოსარჩელის საერთო ვალად. ამიტომ, ამ ვალდებულების გამო, საერთო ქონებაში მოსარჩელის კუთვნილ წილზე აღსრულების მიქცევა დაუშვებელი იყო.

40. სააპელაციო სასამართლოს განჩინება, საკასაციო წესით გაასაჩივრა მეორე მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა.

41. კასატორს დაუსაბუთებლად მიაჩნია გასაჩივრებული განჩინება და საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტსა და 241-ე მუხლის დანაწესზე უთითებს, ამასთან საკასაციო პრეტენზიაში იმავე არგუმენტებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც სააპელაციო საჩივარში ჰქონდა აღნიშნული (იხ. შესაბამისად, ამ განჩინების მე19 და 26 -ე პუნქტები). კასატორი, სსკ-ის 311-ე, 312-ე მუხლებზე აპელირებს და აღნიშნავს, რომ სასამართლოს თავდაპირველად უნდა ემსჯელა სადავო ქონებაზე ყადაღის დადების კანონიერების შესახებ და შემდეგ უნდა მიეღო გადაწყვეტილება, რამდენად მართებული იყო მოთხოვნა სადავო ქონებაზე საკუთრების აღიარების თაობაზე (რაც გაზიარებული არ იქნა), მით უმეტეს, რომ სსსკ-ის 180-ე მუხლის თანახმად, აღიარებითი სარჩელის აღძვრისას, მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. აღიარებითი სარჩელი კი დაუშვებელია, თუ შესაძლებელია მიკუთვნებითი აღსრულებითი სარჩელის აღძვრა. კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელის აღიარებითი სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან მას ჰქონდა უფლება, გაეყო მეუღლეთა საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და დაერეგისტრირებინა მის საკუთრებად, ვიდრე მოხდებოდა აღნიშნულ ქონებაზე ყადაღის დადება. შესაბამისად, ვინაიდან მეუღლეთა საკუთრება გაყოფილი არ არის, უსაფუძვლოა, ასევე, მოთხოვნა დაყადაღებული უძრავი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ, ვინაიდან, ცხადია, რომ მოსარჩელის მიზანს წარმოადგენს მოვალის (მეუღლის) საგადასახადო ვალდებულებების თავის ასარიდებლად ქონების განრიდება.

42. კასატორი უთითებს, ანალოგიურ დავებზე საკასაციო სასამართლოს პრაქტიკაზე (საქმე # 3კ/932-02), რომელშიც სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება წარმოიშობა საჯარო რეესტრში რეგისტრაციის გზით და ამის ძირითადი მიზანია შემძენის ინტერესების დაცვა. კასატორი უთითებს საკასაციო სასამართლოსეულ განმარტებაზე სსკ-ის 1158-ე მუხლთან დაკავშირებით: „მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), რაც არ უნდა განიმარტოს მარტოოდენ სიტყვა-სიტყვითი აზრით. ასეთი ქონება საკუთრებად იქცევა მხოლოდ ორივე მეუღლის უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, კასატორმა, მისივე ნებით, ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა, საჯარო რეესტრში აღრიცხულიყო, როგორც თანამესაკუთრე“.

43. კასატორი სადავოდ ხდის, ასევე, გასაჩივრებულ განჩინებაში სსკ-ის 1170-ე მუხლის გამოყენებას და აღნიშნავს, რომ დაყადაღებული ქონებას პირველი მოპასუხე იყენებდა სამეწარმეო საქმიანობისათვის, რაც ცნობილი იყო მისი მეუღლისათვის (მოსარჩელისათვის), რაც ამ უკანასკნელმა დაადასტურა კიდეც სხდომაზე. ამდენად, კასატორს მიაჩნია, რომ მოსარჩელეც ვალდებული პირია თავისი მეუღლის სადავო ქონების სამეწარმეო საქმიანობის შედეგად წარმოშობილ ვალდებულებებზე;

44. კასატორი უთითებს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 23 მარტის განჩინებაზე (# ას-1035-1228-08), რომლითაც სასამართლომ განმარტა, რომ სამეწარმეო საქმიანობა მოგების მისაღებად ხორციელდება, ხოლო ოჯახის წევრის ლეგალური სამეწარმეო საქმიანობა, რომლის მიზანია მოგების მიღება, ყოველთვის მიმართულია ოჯახის მატერიალური და სოციალური კეთილდღეობისაკენ და ოჯახის წევრის მიერ სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები შედის ოჯახის საერთო ინტერესებში. კასატორი უთითებს მეუღლეთა თანასაკუთრების ინსტიტუტის განსაკუთრებულობაზე, რომლითაც დაცული უნდა იქნეს არა მხოლოდ მეუღლეთა ინტერესები, არამედ მეუღლეთა მიმართ წარმოშობილი ვალდებულებებიდან გამომდინარე მესამე პირის ინტერესებიც, რათა მიღებული არ იქნეს არამართლზომიერი და უსამართლო შედეგები და თავიდან იქნეს აცილებული მესამე პირებისათვის საზიანო და არაკეთისინდისიერი, წინასწარ შეთანხმებული ქმედებები. სასამართლომ, სსსკ-ის 105-ე მუხლის საფუძველზე, მტკიცებულებები უნდა შეაფასოს შინაგანი რწმენით, საქმის გარემოებათა ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად განხილვით.

45. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ივნისის განჩინებით, საკასაციო განაცხადი წარმოებაშია მიღებული, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შემოწმების მიზნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მეორე მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

46. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული საფუძვლები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

47. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

48. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ებები: #ას-1522-1529-2011, 29.12.2011 წ.; # ას-305-293-2012, 07.05.2012 წ.; # ას-1777-1755-2011, 04.06.2012 წ.; # ას-262-253-2012, 25.06.2012 წ.; # ას-№ას-1101-1050-2014, 06.02. 2015 წ., # ას -997-877-2015, 16.02.2016წ.) .

49. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს, არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

50. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

51.საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში დავის საგანს მეუღლეთა საერთო ვალების თანაბარწილად დაკისრება წარმოადგენს. მოსარჩელის მტკიცებით, მისმა დამ ბანკიდან აიღო სესხი იმ მიზნით, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს (ყოფილ მეუღლეებს) საცხოვრებელი სახლის შესაძენად გამოეყენებინათ.

52. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ მოვალეს გააჩნდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, რის გამოც, საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის დაცვით, განხორციელდა იმ ქონების დაყადაღება, რომელიც საჯარო რეესტრში მოვალის საკუთრებად იყო რეგისტრირებული (სსკ-ის 311-ე და 312-ე მუხლები), შესაბამისად, სსსკ-ის 180-ე მუხლის ფარგლებში სასამართლოს ჯერ დაყადაღების კანონიერებაზე უნდა ემსჯელა, ხოლო შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება. განსახილველი აღიარებითი სარჩელი დაუშვებელია, რადგანაც მოსარჩელეს ჰქონდა შესაძლებლობა, გაეყო თანასაკუთრება, ხოლო სარჩელის მიზანს, გადასახადის გადახდისაგან თავის არიდება წარმოადგენს; ასევე, კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ, სსკ-ის 1151-ე და 1158-ე მუხლების საფუძველზე, დასაბუთებულად მიიჩნია სარჩელი და არ გაიზიარა სასამართლო პრაქტიკა (სუსგ #3კ/932-02). ასევე, სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტება (სუსგ #ას-1035-1228-08), რითაც სასამართლოს მიერ დარღვეულია სსსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნები.

53. საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიათა საპირისპიროდ განმარტავს, რომ სსსკ-ის 1158-ე მუხლი „წარმოადგენს საკუთრების კონსტიტუციური უფლების წარმოშობის წინაპირობას და კანონის ძალით აღჭურავს მეუღლეს ამ უფლებით, თუკი ქონება მეორე მეუღლის მიერაა შეძენილი და ქონებრივი ნამატი რეგისტრირებული ქორწინების პერიოდს ემთხვევა, რადგანაც სწორედ ქორწინების ფაქტის რეგისტრაცია წარმოშობს ქონებრივ უფლებებს (სკ-ის 1151-ე მუხლი). განსახილველ შემთხვევაში, სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ქონების დაყადაღება საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით განხორციელდა, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ასეთ შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით გათვალისწინებული მესამე პირის დაცვითი ფუნქცია არ გამოიყენება, რამდენადაც სპეციალური კანონი _ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი პირდაპირ ითვალისწინებს სასარჩელო წარმოების გზით მესაკუთრის უფლების დაცვის გარანტიას“ (იხ. სუსგ # ას-621-588-2015წ.)

54. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თაობაზე დადებული გარიგების ბათილობა არ წარმოადგენს, რის გამოც სასამართლო არ იზიარებს კასატორის შედავებას გასაჩივრებული განჩინების სასამართლო პრაქტიკისაგან განსხვავებულობის თაობაზე (იხ. სუს დიდი პალატის 09.12.2002წ. #3კ/932-02 განჩინება), ხოლო უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 23 მარტის განჩინებაზე (საქმე #ას-1035-1228-08), კასატორის მითითების შესახებ, საკასაციო სასამართლო სსკ-ის 1170-ე მუხლის დისპოზიციაზე ამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ მოხმობილი ნორმის მე-2 ნაწილით სარგებლობისათვის, სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან იმის დადგენა, რომ ვალდებულება, რომელსაც მოვალეს ედავებიან, გამოყენებულია მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის. „მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს შეგებებული სარჩელის უფლებით არ უსარგებლია, რის გამოც, მხოლოდ შესაგებლის ფარგლებში სამოქალაქო კოდექსის 1170-ე მუხლის გამოყენება დაუშვებელია“ (იხ. სუსგ # ას-621-588-2015წ.).

55. სასამართლო, სააღსრულებო კანონის 32-ე მუხლის დანაწესზე უთითებს, რომლითაც დადგენილია აღსრულების საგანზე მესამე პირის უფლების დაცვის გარანტია და ნორმის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება (იხ. ამ განჩინების 47-ე პუნქტში მითითება საკასაციო სასამართლოს პრაქტიკაზე).

56. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კრედიტორის წინაშე მოვალის ვალდებულება - საგადასახადო დავალიანება წარმოიშვა საგადასახადო კანონმდებლობის საფუძველზე, რაც საჯარო მართლწესრიგის მოწესრიგებას განეკუთვნება და მეუღლეთა თანასაკუთრების სამართლებრივი რეჟიმის შეფასებისას ვერ გახდება მხარეთა კერძოსამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, დადგენილია, რომ სადავო ქონება მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს და მათ შორის არ ყოფილა შეთანხმება (საქორწინო კონტრაქტი - სსკ-ის 1158-ე მუხლის მე-2 ნაწილი), რაც ქონების განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმზე მიუთითებდა და ცაკლე მსჯელობის საგანი გახდებოდა.

57. კანონმდებელი ერთმანეთისაგან მიჯნავს სსკ-ის 1170-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებს, როგორც მოთხოვნის წარმოშობის ორ დამოუკიდებელ საფუძველს, დასახელებული ნორმის მე-2 ნაწილზე, საკასაციო სასამართლომ გაამახვილა ყურადღება წინამდებარე განჩინების 53-ე პუნქტში და სრულად იზიარებს სააპელაციო სასმართლოს დასკვნას, რომელიც 35-ე პუნქტშია ასახული, ხოლო სსკ-ის 1170-ე მუხლის მე-3 ნაწილის წინაპირობა სრულიად განსხვავებულია და ერთ-ერთი მეუღლის დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას მეუღლეთა თანასაკუთრებიდან გადახდევინებას შესაძლებლად მიიჩნევს მხოლოდ მაშინ, თუკი განაჩენით დადგინდება, რომ ეს ქონება შეძენილია დანაშაულის ჩადენის შედეგად მიღებული სახსრებით. ამდენად, 1170-ე მუხლის მოწესრიგება მეუღლეთა თანასაკუთრებიდან გამომდინარე ერთ-ერთი მეუღლის ვალის დაფარვის სპეციალურ წინაპირობებს ადგენს, რაც განსახილველ შემთხვევაში, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული და შეფასებული სააპელაციო სასამართლოს.

58. კასატორის პრეტენზია, როდესაც ის სსკ-ის 311-ე, 312-ე მუხლებზე აპელირებს და აღნიშნავს, რომ სასამართლოს თავდაპირველად უნდა ემსჯელა სადავო ქონებაზე ყადაღის დადების კანონიერების შესახებ და შემდეგ უნდა მიეღო გადაწყვეტილება, რამდენად მართებული იყო მოთხოვნა სადავო ქონებაზე საკუთრების აღიარების თაობაზე (იხ. ამ განჩინების მე-40 პუნქტი), დასაბუთებულად გააქარწყლა სააპელაციო სასამართლომ (იხ. ამ განჩინების მე-32 პუნქტი), რასაც სრულად იზიარებს და ეთანხმება საკასაციო სასამართლო, ისევე , როგორც გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებულ მსჯელობასა და დასკვნებს, რომლებიც ასახულია წინამდებარე განჩინების 27-38 პუნქტებში.

59. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

60.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

61. "სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის "უ" ქვეპუნქტის თანახმად კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე