Facebook Twitter

საქმე №ას-650-621-2016 16 დეკემბერი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ნ. ლ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. გ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ნ. ლ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. გ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ 20 000 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2010 წლის 18 ივნისს მხარეთა შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მოსარჩელემ მოპასუხისაგან ისესხა 4 500 აშშ დოლარი. სესხი იყო უპროცენტო და მისი დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2010 წლის 18 დეკემბერი. აღნიშნულ ხელშეკრულებაში არაერთხელ იქნა შეტანილი ცვლილება და საბოლოოდ სესხის ოდენობა 43 000 აშშ დოლარით, ხოლო ვალდებულების შესრულების ვადა _ 2011 წლის 1 ნოემბრით განისაზღვრა. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მოპასუხემ მოითხოვა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება გამოსყიდვის უფლებით, რასაც დაეთანხმა მოსარჩელე და 2012 წლის 12 მარტს მხარეებს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. ამ ხელშეკრულებით მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება 24 თვის განმავლობაში (2014 წლის 12 მარტამდე) 50 000 აშშ დოლარად გამოესყიდა კუთვნილი უძრავი ქონება. 2014 წლის 13 მარტს მოპასუხემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა სადავო ქონებაზე 2012 წლის 12 მარტის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების რეგისტრაციის შეწყვეტა. მოსარჩელეს მოპასუხისაგან არ მიუღია ნასყიდობის საფასურის ნაწილი _ 20 000 აშშ დოლარი.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ ამავე მხარეებს შორის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ განხილულ დავაზე მიღებული გადაწყვეტილებით დგინდება მოსარჩელის მიერ მოპასუხისაგან 50 000 აშშ დოლარის სრულად მიღების ფაქტი, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება (იხ. დაზუსტებული საკასაციო საჩივარი).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 2010 წლის 18 ივნისს მხარეთა შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, სესხის თანხამ შეადგინა 4 500 აშშ დოლარი. სესხი იყო უპროცენტო და მისი დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2010 წლის 18 დეკემბერი. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის (მოსარჩელის) საკუთრებაში არსებული ქონება მდებარე ქ.ბათუმში, ბ-ის ქ#26-ში;

1.2.2. 2010 წლის 31 აგვისტოდან, მხარეთა შეთანხმებით ოთხჯერ იქნა შეტანილი ცვლილებები 2010 წლის 18 ივნისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში. აღნიშნული ცვლილებებით სესხის თანხა 2011 წლის 19 ივლისის მდგომარეობით განისაზღვრა 43 000 აშშ დოლარით, ხოლო სესხის დაბრუნების ვადად _ 2011 წლის 1 ნოემბერი;

1.2.3. 2012 წლის 12 მარტს მხარეებს შორის დაიდო ქ.ბათუმში, ბ-ის ქ#26-ში (ს/კ #05.22.40.004.01.5..) მდებარე უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 50 000 აშშ დოლარით, ქონების გამოსყიდვის ვადად _ 24 თვე, თუმცა მოსარჩელემ უძრავი ქონების გამოსყიდვა ვერ შეძლო და ნასყიდობის საგანი საჯარო რეესტრში რეგისტრირებული დარჩა შემძენის (მოპასუხე) სახელზე;

1.2.4. 2012 წლის 12 მარტის ხელშეკრულების 3.6. პუნქტის თანახმად, „უძრავი ქონება გაყიდულია გამოსყიდვის უფლებით. გამოსიდვა ხდება 2012 წლის 12 მარტს გაცემული თანხით, ანუ 50 000 აშშ დოლარად“;

1.2.5. სააპელაციო სასამართლოს მთვარ სხდომაზე მხარეებმა დაადასტურეს, რომ არსებობს კანონიერ ძალაში შესული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ლ-ის სასარჩელო მოთხოვნა 2012 წლის 12 მარტს, მას და მ. გ-ეს შორის დადებული უძრავი ქონების (მდებარე: ქ.ბათუმში, ბ-ის ქ#26-ში) ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით მიჩნეულ იქნა ნამდვილად და სარჩელს აღნიშნული ხელშეკრულების ბათილობაზე ეთქვა უარი. მხარეებს აღნიშნული გადაწყვეტილების წარმოდგენისა და საქმეზე დართვის თაობაზე შუამდგომლობით სააპელაციო სასამართლოსათვის არ მიუმართავთ.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ:

1.4.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ დაკითხა მოწმედ აპელანტის მიერ დასახელებული პირი, ასევე არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ის გარემოება, რომელიც შემძენის მიერ კასატორისათვის გადაცემული თანხის ოდენობას შეეხებოდა, მართალია, მოწმის დაკითხვის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, თუმცა სასამართლოს არავითარი ღონე არ უხმარია მოწმის სასამართლოში გამოცხადების უზრუნველსაყოფად;

1.4.2. პალატამ არასწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი, როდესაც მოსარჩელეს, მოპასუხის ნაცვლად დააკისრა იმ ფაქტის მტკიცება, რომ ნასყიდობის საფასური არ იყო გადახდილი. ამგვარი მტკიცებულება ბუნებაში არ არსებობს. პალატის მსჯელობის საპირისპიროდ, თანხის გადახდის ფაქტის დადასტურება ეკისრებოდა მოპასუხე მხარეს;

1.4.3. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა სარჩელში მითითებული გარემოებები, რომლებიც შეეხებოდა სესხის ხელშეკრულების დადებასა და მასში ცვლილებების შეტანის საკითხს. ამ ვალდებულების შესრულების ვადის გასვლის შემდეგ კასატორი იძულებული გახდა დათანხმებოდა მოწინააღმდეგე მხარის შეთავაზებას გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების დადების თაობაზე. მხარეთა ზეპირი შეთანხმებით, მოსარჩელეს უფლება ჰქონდა, სამი წლის განმავლობაში დაებრუნებინა სესხი, თუმცა, სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებით, ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 50 000 აშშ დოლარით, ხოლო შემძენმა გამყიდველს გადასცა მხოლოდ 30 000 აშშ დოლარი და განსაზღვრულ ფასსა და ანაზღაურებულ ოდენობას შორის სხვაობის გადახდა კვლავ ეკისრება მოწინააღმდეგე მხარეს.

1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ზემოხსენებულ პრეტენზიებს იმ დასაბუთებით, რომ სასამართლოს მხრიდან არც მატერიალური სამართლის და არც საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევის ფაქტი არ დასტურდება (სსსკ-ის 393-ე მუხლი). პალატა, უპირველესად აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპს ემყარება. საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სამართალწარმოების ეს უზოგადესი და ამავდროულად ფუნდამენტური პრინციპი სხვადასხვა საპროცესო ნორმაში სხვადასხვა სახით ვლინდება და იგი უმთავრესად მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილებაზე აისახება.

1.5.1. საკასაციო პალატა ზოგადად იზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ ვალდებულების შესრულების ფაქტის მტკიცება ეკისრება მოვალეს, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლისა, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, საგულისხმოა გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების ის დებულება, სადაც მხარეები ნასყიდობის თანხის ანაზღაურების ფაქტს წერილობით ადასტურებენ, რაც, ბუნებრივივია, სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, ვალდებულება მყიდველის მიერ შესრულებულად მიიჩნიოს იმ პირობებში, როდესაც წერილობითი ხელშეკრულების ამ დებულების საპირისპირო უტყუარი მტკიცებულება არ არის საქმეში წარმოდგენილი (ხელშეკრულების შინაარსი ამ ნაწილში კასატორს სადავოდ არ გაუხდია).

1.6. საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ განსახილველი დავის საგანს გამოსყიდვის უფლებით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მყიდველის მიერ ვალდებულების შესრულება წარმოადგენს. ამ ვითარებაში, გაურკვეველია მხარის მსჯელობა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებაზე, კერძოდ, საქმის მასალები არ იძლევა დათქმას, მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა გახდა თუ არა სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების დადების საფუძველი. ასეთ ვითარებაში, შესაძლოა სასამართლოს ემსჯელა სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის შესაბამისად (ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით) ვალდებულების შეწყვეტის საკითხზე, თუმცა, ამგვარი მტკიცება მხარეს სასამართლოსათვის არ შემოუთავაზებია.

1.7. რაც შეეხება მოწმის დაკითხვის თვალსაზრისით საპროცესო ნორმების დარღვევას, პალატა უპირველესად აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ მიღებული შუალედური განჩინება კასატორს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით არ გაუსაჩივრებია, თუმცა, ამ გარემოებასთან ერთად გასათვალისწინებელია ის საკითხიც, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 140-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოწმე შეიძლება გამოცხადდეს სასამართლოში დაინტერესებული მხარის მეშვეობით. ამ წესის საპირისპიროდ, საკასაციო საჩივარი არ შეიცავს არგუმენტირებულ მსჯელობას, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წინაპირობების მოსარჩელის მხრიდან დაცვის თაობაზე, რომ არაფერი ვთქვათ მოწმის ჩვენების ღირებულებით მნიშვნელობაზე, იმ პირობებში, როდესაც გამსხვისებელი წერილობითი ხელშეკრულებით ადასტურებს თანხის მიღების ფაქტს.

1.8. საკასაციო სასამართლო ეთანხება ქვემდგომი სასამართლოს დასკვნას, რომ საქმის მასალებით შემძენის მიერ ნასყიდობის ფასის სრულად აუნაზღაურებლობის ფაქტი არ დასტურდება, ამასთანავე, ქვემდგომმა სასამართლოებმა სწორად მოიძიეს მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმები _ სამოქალაქო კოდექსის 477-ე და 510-ე მუხლები და მართებულად განმარტეს ისინი.

1.9. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

1.10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „მ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ლ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური