საქმე №ას-650-621-2016 29 ივლისი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ნინო ბაქაქური, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – ნ. ლ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. გ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 მაისის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 ივლისის განჩინების ძალაში დატოვება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 ივლისის განჩინებით ნ. ლ-ის განცხადება სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მ. გ-ეს აეკრძალა ქ.ბათუმში, ბ-ის ქუჩა #...-ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ #...) გასხვისება, ხოლო ამავე უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ მოთხოვნაზე განმცხადებელს ეთქვა უარი.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ლ-ის სარჩელი მ. გ-ის მიმართ 20 000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული ზემოხსენებული ღონისძიება, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მ. გ-ემ და მოითხოვა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე უზრუნველყოფის გარანტიის სახით მის მიერ შეტანილი თანხით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა, რაც სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 4 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა, შეიცვალა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 ივლისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, გაუქმდა ქ.ბათუმში, ბ-ის ქ#...-ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ#...) გასხვისებაზე მ. გ-ისათვის დადგენილი აკრძალვა და ნ. ლ-ის სარჩელის უზრუნველყოფა განხორციელდა 2016 წლის 18 აპრილს #... სალაროს შემოსავლის ორდერით, სსიპ საერთო სასამართლების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული 48 115 ლარით.
4. სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა ნ. ლ-ემ, მოითხოვა მისი დაუქმება და განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ივნისის განჩინებით ნ. ლ-ის საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინებების დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ლ-ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, თავის მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით დადგენილია, რომ საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღინისძიების ერთი სახის მეორეთი შეცვლის კანონიერება. ამ თვალსაზრისით კი, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებით დადგენილ, საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე:
2.1. განსახილველი დავის საგანს ფულადი ვალდებულების შესრულება წარმოადგენს, რომელსაც მოსარჩელე უკავშირებს მას და მოპასუხეს შორის დადებულ სესხის ხელშეკრულებას, კერძოდ, სარჩელის თანახმად, მხარეთა შორის არსებობდა სასესხო ვალდებულება, რომლის შესრულების ვადაც, ურთიერთმოლაპარაკების გზით არაერთხელ შეიცვალა, ასევე, შეიცვალა სესხის ძირი თანხის ოდენობა და ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით გამსესხებელმა (მოპასუხემ) მსესხებელს (მოსარჩელეს) მოსთხოვა გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება იმ პირობით, თუკი მოვალე ვალდებულებას შეასრულებდა, მხარეები გააუქმებდნენ ნასყიდობის ხელშეკრულებას.
2.1.1. მოსარჩელის განმარტებით, მან ვალდებულების დროულად შესრულება ვერ უზრუნველყო, რის გამოც უძრავი ქონება მოპასუხის საკუთრებად დარჩა და სარჩელით მოთხოვნილი თანხა წარმოადგენს უზრუნველყოფის საგნის ღირებულებასა და სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე მოსარჩელის ვალდებულების სხვაობას.
2.2. საქმის მასალებით უდავოა, რომ არც გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობა გაუხდია მოსარჩელეს სადავოდ და არც საკუთრების უფლებაზე განუცხადებია პრეტენზია.
3. საქმეში არსებული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 ივლისის განჩინებით დასტურდება, რომ ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მის აღძვრამდე მოპასუხეს აეკრძალა საკუთრებაში გადაცემული ქონების გასხვისება.
4. სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი განცხადებით მოპასუხემ მოითხოვა ზემოხსენებული უზრუნველყოფის ღონისძიების სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის განთავსებით შეცვლა. განცხადება დასაბუთებულია შემდეგნაირად:
4.1. სახლი, რომელიც გამოყენებულ იქნა უზრუნველყოფის ღონისძიებად, მდებარეობს იტალიურ ეზოში, რომლის დანგრევითა და მის ნაცვლად ახლის აშენებით დაინტერესებულია ინვესტორი და მოპასუხეს ნაცვლად არსებული ფართისა სთავაზობს მეტი ოდენობისა და ღირებულების ფართს, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებით კი, ზიანი ადგება მას.
5. სააპელაციო პალატამ, საქმეში არსებული მტკიცებულებების შესწავლით დაადგინა, რომ მოპასუხის მიერ საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული თანხა _ 48 115 ლარი ეკვივალენტურია 20 000 აშშ დოლარისა, რომლის ანაზღაუარებაც მოთხოვნილია მოსარჩელის მიერ.
6. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხი, რომელიც რეგულირებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით, წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან იმ პრევენციული ღონისძიების სახეს, რომელიც ორიენტირებულია მართლმსაჯულების აქტის _ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობასა და მხარის დარღვეული უფლების რეალურად აღდგენაზე. თავად ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ დაკმაყოფილდება სარჩელი, თუმცა, მხოლოდ ქვეყნის სახელით მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება არ აღმოჩნდეს დარღვეული უფლების აღდგენის საუკეთესო საშუალება. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება არ წარმოადგენს საქმის არსებითი განხილვის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას, არამედ, იგი ფორმალურ გარემოებებზე დაყრდნობით შექმნილი მოსამართლის შინაგანი რწმენის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებაა, რომელიც საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლით დამკვიდრებულ კანონის წინაშე მხარეთა თანასწორობის პრინციპის განუხრელ დაცვას მოითხოვს. სწორედ ამ პრინციპის დაცვას ემსახურება უზრუნველყოფის ღონისძიების მარეგულირებელი ნორმების ის დათქმები, სადაც საუბარია მოპასუხის უფლებაზე, გაასაჩივროს ან მოითხოვოს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების სხვა სახის უზრუნველყოფის ღონისძიებით შეცვლა.
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, მხარეთა თხოვნით დასაშვებია სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა. სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის საკითხის განხილვა დასაშვებია საქმის ყველა სტადიაზე. ამავე ნორმის მე-3 ნაწილით კი, რეგულირებულია შემდეგი: ფულადი თანხების გადახდევინების შესახებ სარჩელის უზრუნველყოფისას მოპასუხეს შეუძლია მიღებულ უზრუნველყოფის ღონისძიებათა ნაცვლად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა შეიტანოს სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე.
8. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ თანხის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსება, რომელიც შეესაბამება სარჩელით მოთხოვნილ თანხას, სწორად გახდა სააპელაციო სასამართლოს მხრიდან საქალაქო სასამართლოს მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის საფუძველი, რადგანაც მოპასუხის მიერ შეთავაზებული ზომა დავის საგნის დასაცავად ადეკვატურია, როგორც დასაშვებობის, ისე _ საკმარისობის თვალსაზრისით და სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, იგი ქმნის მიღებული გადაწყვეტილების რეალურად აღსრულების გარანტიას.
9. რაც შეეხება ნ.ლ-ის საჩივარს, საკასაციო პალატა მთლიანად იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს 2016 წლის 29 ივნისის განჩინების დასკვნას მისი დაუსაბუთებლობის თაობაზე, რადგანაც რეალურად საჩვარი არ შეიცავს პრეტენზიას _ მითითებას იმის თაობაზე, თუ რატომ არ შეიძლებოდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მოერეთი შეცვლა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინებები კანონიერია და არ არსებობს მათი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ლ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 მაისისა და 29 ივნისის განჩინებები დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
პ. ქათამაძე