Facebook Twitter

საქმე №ას-525-501-2016 15 ივლისი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს „ს-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „თ-ა“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სამედიცინო მომსახურების ღირებულებისა და პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. შპს „თ-ამ“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს-ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, კასატორი) მიმართ, სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში დაზღვეული ბენეფიციარების მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების _ 9 935 ლარის, 2015 წლის 30 აპრილამდე დარიცხული პირგასამტეხლოს _ 2 773,72 ლარისა და 2015 წლის 30 აპრილიდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად 9,94 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: საქართველოს მთავრობის 14.05.2012წ. სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში, სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის #177 დადგენილებით (შემდგომში _ #177 დადგენილება) მოსარჩელემ სამედიცინო მომსახურება გაუწია საქართველოს მთავრობის 09.12.2009წ. #218 და 07.05.2012წ. #165 დადგენილებებით (შემდგომში #218 და #165 დადგენილებები) გათვალისწინებულ მოპასუხე კომპანიის მიერ დაზღვეულ ბენეფიციარებს, 2014 წლის აპრილიდან 2014 წლის აგვისტოს ჩათვლით. გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 9 935 ლარი, რომელიც მოპასუხე კომპანიას, მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა და სამედიცინო მედიაციის სამსახურის შესაბამისი რეკომენდაციის გაცემისა, არ აუნაზღაურებია. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია, მოსარჩელეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე აუნაზღაუროს ასევე პირგასამტეხლო _ გადაუხდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მოსარჩელეს თავად არ წარუდგენია მოთხოვნა #177 დადგენილების მე-2 თავის 6.4 მუხლით დადგენილი წესითა და ვადაში. სარჩელზე დართული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დოკუმენტაცია წარდგენილია ფოსტით და არ გაფორმებულა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი. მოპასუხე მას აწვდიდა ანგარიშსწორების განხორციელებისათვის საჭირო ყველა ქმედების შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტებს, მათ შორის ურთიერთშედარების აქტებს, თუმცა, მოსარჩელე თავს არიდებდა შედარების აქტის გაფორმებას, რაც ადასტურებს #177 დადგენილების 6.7. მუხლის დარღვევას. სწორედ ამ ნორმის პირობების დარღვევის გამო, ასევე გაურკვეველია პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძველი

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 9 455 ლარის გადახდა, ხოლო 480 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამავე გადაწყვეტილებით, მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 256,85 ლარის გადახდა, ხოლო 2 516,87 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს 2015 წლის 30 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ასევე დაეკისრა ყოველდღიურად 0,92 ლარის გადახდა, ხოლო პირგასამტეხლოს სახით ყოველდღიურად 9,02 ლარის დაკისრების მოთხოვნაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი.

4. აპელანტების მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის სრულად დაკმაყოფილება, ამავე გადაწყვეილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემაც, რომლითაც მოთხოვნილ იქნა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 9 455 ლარის, პირგასამტეხლოს _ 2015 წლის 30 აპრილამდე 739,79 ლარის, ხოლო 2015 წლის 30 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1,89 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასაკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. მხარეები არიან სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის №177-ე დადგენილებით განსაზღვრული ურთიერთობის მონაწილენი. მოსარჩელემ ხსენებული დადგენილების შესაბამისად, სამედიცინო მომსახურება გაუწია მოპასუხის მიერ დაზღვეულ ბენეფიციარებს/დაზღვეულებს 2014 წლის აპრილში, მაისში, ივნისში, ივლისსა და აგვისტოში.

1.2.2. №177-ე დადგენილების 3.2. მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის 3.3. მუხლის „ზ“ ქვეპუნქტისა და 6.5 მუხლის თანახმად, საანგარიშგებო დოკუმენტების ინსპექტირება და ურთიერთშედარების აქტის გაფორმება მზღვეველის მოვალეობაა. ისეთ პირობებში, როცა კლინიკას მზღვეველისათვის მიწოდებული აქვს საანგარიშგებო დოკუმენტაცია, მზღვევლის მხრიდან ურთიერთშედარების აქტის გაუფორმებლობა არ შეიძლება კლინიკის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს. მოსარჩელემ 2014 წლის აპრილში შესრულებული სამედიცინო მომსახურების დამადასტურებელი დოკუმენტაცია მოპასუხეს ჩააბარა 2014 წლის 5 მაისს, არასრული სახით. მომსახურების ღირებულების გადახდა უნდა მომხდარიყო საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენიდან 19 სამუშაო დღის ვადაში – 2014 წლის 25 მაისამდე, თანახმად №177-ე დადგენილებისა. 2014 წლის აპრილში გაწეული მომსახურების ღირებულების მიზნით, მოპასუხემ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხიდან აღიარა 1 536 ლარის ანაზღაურების ვალდებულება, თუმცა, არ აუნაზღაურებია. 2014 წლის 5 ივნისს მოპასუხეს ჩაბარდა მოსარჩელის მიერ გაგზავნილი დოკუმენტაცია 2014 წლის მაისის თვეში შესრულებული სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ, მოთხოვნილმა თანხამ შეადგინა 1 723 ლარი, მომსახურების ღირებულება უნდა ანაზღაურებულიყო საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენიდან 19 სამუშაო დღის ვადაში – 2014 წლის 25 ივნისამდე. რაც შეეხება 2014 წლის მაისის თვეში გაწეული მომსახურების მოცულობას, 2014 წლის 20 ივნისის ელექტრონული შეტყობინების შედეგად, მოპასუხე სრულად დაეთანხმა და მოსარჩელეს შეატყობინა, რომ თანხასთან დაკავშირებით კორექტირებები არ გააჩნდა. მასვე, 2014 წლის 4 ივლისს ჩაბარდა მოსარჩელის მიერ ფოსტით გაგზავნილი #86- ე და #85 ანგარიშფაქტურები, ასევე ანგარიშგების უწყისი. 2014 წლის ივნისში გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების მიზნით მოთხოვნა შეადგენდა 4 158 ლარს, საიდანაც მოპასუხემ აღიარა 3 798 ლარის ანაზღაურების ვალდებულება, ივნისის მომსახურების ღირებულების გადახდა უნდა მომხდარიყო საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენიდან 19 სამუშაო დღის ვადაში – 2014 წლის 24 ივლისამდე. 2014 წლის ივლისში გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების მიზნით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხიდან - 1 872 ლარიდან, მოპასუხემ აღიარა 1 782 ლარის ანაზღაურების ვალდებულება. 2014 წლის 4 აგვისტოს მასვე ჩაბარდა მოსარჩელის მიერ ფოსტით გაგზავნილი #112 და #113 ანგარიშფაქტურები, ასევე, ანგარიშგების უწყისი. მომსახურების ღირებულების გადახდა უნდა მომხდარიყო საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენიდან 19 სამუშაო დღის ვადაში – 2014 წლის 24 აგვისტომდე. 2014 წლის აგვისტოში გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების მიზნით, 2014 წლის 4 სექტემბერს სადაზღვევო კომპანიას ჩაბარდა მოსარჩელის მიერ ფოსტით გაგზავნილი #129 და #130 ანგარიშფაქტურები, ასევე, ანგარიშგების უწყისი, საიდანაც მოპასუხემ აღიარა 526 ლარის ანაზღაურების ვალდებულება, აგვისტოს მომსახურების ღირებულების გადახდა უნდა მომხდარიყო საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენიდან 19 სამუშაო დღის ვადაში – 2014 წლის 24 სექტემბრამდე.

1.2.3. სადაზღვევო კომპანიის რეალური დავალიანება 2014 წლის აპრილის, მაისის, ივნისის, ივლისის და აგვისტოს პერიოდში გაწეული მომსახურებისათვის ძირითადი ვალდებულების სახით შეადგენს 9 455 ლარს.

1.2.4. მხარეთა შორის სახელშეკრულებო შეთანხმება პირგასამტეხლოს ოდენობაზე არ შემდგარა და ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა განისაზღვრა #177 დადგენილებით. ამავე დადგენილებაში შეტანილი ცვლილებებითვე მინიმალურ ზღვრამდე იქნა დაყვანილი პირგასამტეხლოს ოდენობა. #177 დადგენილების 3.2. მუხლის „ი“ ქვეპუნქტი, 01.09.2014წ. #528 დადგენილებით განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: მიმწოდებელი უფლებამოსილია დაზღვეულთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში, მზღვეველს მოსთხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა 2014 წლის 8 აგვისტომდე პერიოდზე ასანაზღაურებელი თანხის 0,1%-ის ოდენობით, ხოლო 2014 წლის 8 აგვისტოდან შემდგომ პერიოდზე - ასანაზღაურებელი თანხის 0,02%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. პირგასამტეხლოს გადახდა მზღვეველს არ ათავისუფლებს წარმოშობილი დავალიანების ძირითადი თანხის დაფარვის ვალდებულებისაგან, ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მისი მოქმედება ვრცელდება მანამდე არსებულ ურთიერთობებზეც, თანახმად „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24.1. მუხლისა, შესაბამისად, მოპასუხეს ეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა 2014 წლის აპრილის, მაისის და ივნისის ძირითადი თანხის 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 2014 წლის 8 აგვისტომდე, ხოლო 2014 წლის აპრილის, მაისის, ივნისის, ივლისის და აგვისტოს ძირითადი თანხის 0,02% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2014 წლის 8 აგვისტოდან - 2015 წლის 30 აპრილამდე და შემდგომ გადაწყვეტილების აღსრულებამდე, რომლის ოდენობასაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლზე დაყრდნობით ვერ შეამცირებდა სასამართლო.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ სასამართლოს მხედველობაში არ მიუღია ის გარემოება, რომ მხარეთა შორის ურთიერთშედარების აქტი არ გაფორმებულა, რომელიც #177 დადგენილების თანახმად, ანგარიშსწორების სავალდებულო წინაპირობაა. ზემოხსენებული დადგენილების 6.5 მუხლის, ასევე, მე-2 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დარღვევის გამო, კასატორისათვის მხოლოდ საანგარიშგებო დოკუმენტაციის მიწოდებისა და აღნიშნულზე მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება, არ წარმოადგენს გაწეული მომსახურების ანგარიშსწორების საფუძველს, რადგანაც მხარეთა შორის უნდა იყოს გაფორმებული ურთიერთშედარების აქტი, რომლითაც ზუსტად განისაზღვრება მზღვეველის მიერ ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა და მისი ანაზღაურების ვადები, ხოლო ამ წესის დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს დაკისრების წესი, ოდენობა და ვადები. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ის გარემოება, რომ კასატორსა და სს „ჩ-ას“ შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, 2013 წლის 1 მარტიდან სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაზღვეულ პირთა ცალკეული კონტიგენტის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფას, ინფორმაციის დამუშავებასა და მზღვეველისათვის მიწოდებას ახორციელებს სს „ჩ-ა“, ასევე, კასატორსა და მოსარჩელეს შორის 2013 წლის 1 მაისიდან სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაზღვეულ პირთა კონტიგენტის მომსახურებას ახორციელებს შპს „მ-ო“. სასამართლომ არ გაითვალისწინა ისიც, რომ #177 დადგენილების 6.7. მუხლით გათვალისწინებული ვადის დაცვით არ გაფორმებულა ურთიერთშედარების აქტი, რომლითაც განისაზღვრებოდა ანგარიშსწორების ვადები, შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობა პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე დაუსაბუთებელია.

1.5. საკასაციო პრეტენზიებთან დაკავშირებით, პალატა ყურადღებას იმ გარემოებაზე გაამახვილებს, რომ დაკისრებული ოდენობით ძირითადი ვალის კასატორის მიერ აღიარების ფაქტი მას სადავოდ არ გაუხდია. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კი, სწორედ ამ აღიარებას ემყარება, რომელიც იურიდიული თვალსაზრისით, წარმოადგენს კაუზალურ აღიარებას. ამგვარი აღიარება კი, თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, ადასტურებს ვალდებულების არსებობის ფაქტს და კრედიტორის მოთხოვნის მყარ გარანტიას ქმნის. სწორედ მოხმობილი განმარტებიდან გამომდინარე, ვერ იქნება გაზიარებული კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ სპეციალური ნორმატიული აქტის მოწესრიგების ფარგლბში დადგენილი გარკვეული დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოება გამორიცხავდა კასატორის ვალდებულებას გაწეული მომსახურების ანაზღაურების თაობაზე (თავად ვალდებულების არსებობის არასადავოობი პირობებში). საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებასაც და მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლომ სწორად განმარტა #177 დადგენილების 3.2. მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, 3.3. მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი, 6.5 მუხლი, ასევე, 3.2. მუხლის, როგორც ცვლილებამდელი, ისე შემდგომი რედაქცია, მის მიმართ სწორად გაავრცელა „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24.1 მუხლის მოქმედება. სწორედ აღიარების სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე უარყოფს პალატა კასატორის მითითებას სხვა კლინიკებთან არსებული სამართლებრივი ურთიერთობისა თუ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე და მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში მხარის პრეტენზია არ ემყარება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.

1.6. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ებები: #ას-859-809-2016, 19 ნოემბერი, 2015 წ; #ას-231-220-2016, 27 აპრილი, 2016 წ; #ას-1205-1147-2014, 04 მარტი, 2015 წ; #ას-1284-1226-2013, 24 მარტი, 2014წ; #ას-1171-1116-2014, 02 თებერვალი, 2015წ).

1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 05.11.2016წ. #... და 17.06.2016წ. #... საგადახდო დავალებებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 613,67 ლარის (552,17+61,50) 70% _ 429,569 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ს-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ სს „ს-ს“ (ს/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 05.11.2016წ. #... და 17.06.2016წ. #... საგადახდო დავალებებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 613,67 ლარის (552,17+61,50) 70% _ 429,569 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე