საქმე №ას-586-561-2016 29 ივლისი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ზ. და ს. წ-ები (მოსარჩელე)
თავდაპირველი თანამოპასუხე _ დ. წ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ზ. და ს. წილოსნებმა (შემდგომში _ მოსარჩელეები, მოწინააღმდეგე მხარეები, მესაკუთრეები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში დ. წ-ისა (შემდგომში _ მოპასუხე, მოვალე) და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში _ მოპასუხე, კასატორი ან კრედიტორი) მიმართ და მოითხოვეს 2014 წლის 7 ოქტომბერს თბილისის სააღსრულებო ბიუროს ნივთის აღწერისა და დაყადაღების აქტით დაყადაღებული შემდეგი ნივთების: 1) რუხი, დიდი ზომის „შარპის“ მაცივრის; 2) რუხი, მცირე ზომის „ჯივისის“ ფირმის ტელევიზორის; 3) რუხი ფერის ელექტროღუმელის; 4) ჭურჭლის კარადის; 5) ლურჯი ზედაპირის მქონე სამზარეულოს მაგიდის; 6) ლითონის სადგამიანი რბილი ზედაპირის სამზარეულოს სკამის; 7) შავი, საშუალო ზომის „ელ.ჯის“ ფირმის ტელევიზორის; 8) კაბინეტის მაგიდის, ხის სათავსოთი; 9) „ფილიფსის“ ფირმის, საშუალო ზომის შავი პლაზმური ტელევიზორის; 10) ტანსაცმლის კარადის (ორი ხის, ორი სარკიანი კარით); 11) ყავისფერი ტუმბოს; 12) ხის, ყავისფერი, მოჩუქურთმებული დიდი ზომის მაგიდის; 13) ხის, მოჩუქურთმებული, რბილი ზოლიანი სკამი-სავარძლის; 14) დაზიანებული, ხის ჭრელი ნაჭრის სკამის; 15) რუხი, დიდი ზომის „პანასონიკის“ ფირმის ტელევიზორის; 16) ტელევიზორის რუხი ფერის სადგამის; 17) სამეულის კრემისფერი ნაჭრით; 18) ყავისფერი, გერმანული „როინიშის“ ფირმის პიანინოს; 19) „ჰიუნდაის“ ფირმის კონდიციონერის ყადაღისაგან გათავისუფლება.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: მოპასუხე დ. წ-ს, რომელიც მოსარჩელეების შვილია, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, დაეკისრა თანხის გადახდა. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, დაიწყო იძულებითი აღსრულება, რომლის ფარგლებშიც, აღმასრულებელმა ყადაღა დაადო მოსარჩელეების საცხოვრებელ სახლში არსებულ მოძრავ ნივთებს. სარჩელის თანახმად, მოპასუხე მოვალე აღარ ცხოვრობს მშობლების საცხოვრებელ სახლში დაახლოებით ათი წელია. ნივთები, რომლებიც გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით დაყადაღდა, არ წარმოადგენს მოვალის საკუთრებას, რის გამოც სააღსრულებო ღონისძიება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოვალემ სარჩელი სრულად ცნო, იგი დაეთანხმა მასში მითითებულ გარემოებებს და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება.
2.2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ სარჩელი არ ცნო, იშუამდგომლა მისი სათანადო მოპასუხით შეცვლა, ხოლო სასამართლო სხდომაზე მხარი არ დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნას.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ყადაღისაგან გათავისუფლდა 2014 წლის 7 ოქტომბრის თბილისის სააღსრულებო ბიუროს ნივთის აღწერისა და დაყადაღების №... აქტით მოსარჩელეების კუთვნილი დაყადაღებული შემდეგი ნივთები: 1) მაცივარი „შარპის“ ფირმის, რუხი, დიდი ზომის; 2) ტელევიზორი „ჯივისის“ ფირმის, რუხი, მცირე ზომის; 3) ელექტრო ღუმელი, რუხი ფერის; 4) ჭურჭლის კარადა; 5) სამზარეულოს მაგიდა, ლურჯი ზედაპირით; 6) სამზარეულოს სკამი, ლითონის სადგამით, რბილი ზედაპირით; 7) ტელევიზორი „ელ.ჯის“ ფირმის, შავი ფერის, საშუალო ზომის; 8) მაგიდა კაბინეტის, ხის სათავსოთი; 9) ტელევიზორი „ფილიფსის“ ფირმის, შავი ფერის პლაზმური, საშუალო ზომის; 10) ტანსაცმლის კარადა, ორი ხის, ორი სარკიანი კარით; 11) ტუმბო, ყავისფერი; 12) დიდი ზომის მაგიდა, ხის, ყავისფერი, მოჩუქურთმებული; 13) სკამი ხის მოჩუქურთმებული, რბილი, ზოლიანი სკამი-სავარძელით; 14) დაზიანებული ხის სკამი, ჭრელი ნაჭრის; 15) ტელევიზორი „პანასონიკის“ ფირმის, რუხი ფერის, დიდი ზომის; 16) ტელევიზორის სადგამი, რუხი ფერის; 17) სამეული, კრემისფერი ნაჭრით; 18) პიანინო, ყავისფერი, გერმანული „როინიშის“ ფირმის; 19) კონდიციონერი „ჰიუნდაის“ ფირმის.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, მოითხოვა მისი, ასევე 30.11.2015წ. საოქმო განჩინების (სათანადო მხარით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ) გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩვარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. ქ.თბილისში, ვ-ას გამზირზე, VI კვარტლის 22-ე კორპუსში მდებარე ბინა №10 (ფართი 89.58 კვ.მ, ს.კ. #...) წარმოადგენს მოსაჩელე ზ. წ-ის საკუთრებას.
1.2.2. აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ №... აქტით, დ. წ-ის ვალის უზრუნველსაყოფად, დაყადაღებული იქნა მოსარჩელეების ბინაში არსებული მოძრავი ნივთები.
1.2.3. სასამართლოს დასკვნით, ვინაიდან უძრავი ქონება წარმოადგენს ზ. წ-ის საკუთრებას, ივარაუდება, რომ აღნიშნულ უძრავ ქონებაში არსებული მოძრავი ნივთებიც მისივე საკუთრებაა. ამ პრეზუმფციის სათანადო მტკიცებულებებით გაქარწყლება მოპასუხე მერიამ ვერ უზრუნველყო, ამასთანავე, სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების: თ. და ზ. კ-ების ჩვენებებით, დ. წ-ი მრავალი წელია აღარ ცხოვრობს მშობლებთან, არასოდეს ოჯახში არანაირი ნივთი არ მიუტანია და დაყადაღებული ნივთები მოსარჩელეების მიერ არის შეძენილი.
1.2.4. სასამართლოს მიერ აღსასრულებელი გადაწყვეტილება გამოტანილია ქალაქ თბილისის მერიის მიმართვის (სარჩელის) საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 181 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაწყვეტილების აღსრულებისას, სახელმწიფოს წარმოადგენს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ სასამართლომ კანონის, საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის დარღვევით, არ დაასაბუთა, თუ რატომ არ დააკმაყოფილა მხარის შუამდგომლობა სათანადო მოპასუხით მისი შეცვლის თაობაზე, რამდენადაც სახელმწიფო ბაჟი, რომელიც დაკისრებული ჰქონდა მოვალეს, უნდა ანაზღაურდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ და სააღსრულებო ფურცელში სწორედ ბიუჯეტი წარმოადგენს კრედიტორს, ამასთანავე, თავად სააღსრულებო ფურცელი არ არის გაცემული კასატორის სასარგებლოდ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. სახელმწიფო ბიუჯეტის წარმომადგენლობას უნდა ახორციელებდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და არა კასატორი. სასამართლო განჩინება არ არის დასაბუთებული, კერძოდ, სასამართლო არ მიუთითებს იმას, თუ რაზე დაყრდნობით ჩათვალა, რომ დაყადაღებული ნივთები წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას. მოსარჩელეთა ერთადერთ არგუმენტს წარმოადგენდა ის, რომ მოვალე მათთან აღარ ცხოვრობს, ეს გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდება. გასათვალისწინებელია, რომ მოვალეს, განაჩენის თანახმად, ბრალად დაედო დიდი ოდენობით თანხის მითვისება, რაც კიდევ ერთი საფუძველია იმის ვარაუდისა, რომ სწორედ ამ თანხით იქნა შეძენილი ქონება. ნივთების მოსარჩელისათვის კუთვნილების ფაქტის დადგენისას, სასამართლო დაეყრდნო მოწმეთა ჩვენებებს, თუმცა, მოწმეებს მსგავსი გარემოება არ დაუდასტურებიათ, საპირისპირო ვითარებაშიც კი, მოწმის ჩვენება გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი საფუძველი არ შეიძლებოდა გამხდარიყო, თანახმად, საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილისა.
1.5. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის მოთხოვნების დარღვევის ფაქტი არ დასტურდება, რადგანაც სააპელაციო პალატამ სათანადო მოპასუხის საკითხი დაუკავშირა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 181 მუხლის მე-2 პუნქტს, რაც სრულ შესაბამისობაშია მსგავსი საკითხის თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკასთან (იხ. სუსგ №ას-168-162-2011, 16 ivnisi, 2011 weli). რაც შეეხება საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის დარღვევისა თუ მოწმეთა ჩვენებების არასწორად შეფასების თაობაზე წარდგენილ პრეტენზიას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლით დაშვებულია კანონისმიერი პრეზუმფცია, რომელიც დამატებით მტკიცებას არ ექვემდებარება, ეს ვარაუდი არსებობს მანამ, ვიდრე პირი, რომლის წინააღმდეგაცაა იგი მიმართული (მოცემულ შემთხვევაში _ კასატორი), დამაჯერებლად არ გააქარწყლებს ამ მოსაზრებას, შესაბამისად, სასამართლოს არ დაურღვევია სამოქალაქო საპროცესო ნორმები. აქვე უნდა განიმარტოს, რომ საკუთვნებელი, არ არის მხოლოდ მთავარი ნივთით სარგებლობის უკიდურესი აუცილებლობა, არამედ ნებისმიერი ნივთია, რომლებიც ხელს უწყობს მთავარი ნივთის სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებას. მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომმა სასამართლოებმა მართებულად იხელმძღვანელეს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტით და მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სწორად განაწილების, ასევე, მტკიცებულებათა სწორი ანალიზით, მართებულად დაადგინეს მოსარჩელის საკუთრების უფლება ყადაღადადებულ ნივთებზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ანდა ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას. ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში, აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება.
1.6. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არ აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ №ას-1777-1755-2011, 4 ივნისი, 2012 წელი).
1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ნ. ბაქაქური