საქმე №ა-1406-შ-34-2016 6 სექტემბერი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ე. ზ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ქ. ა-ჩ
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – თურქეთის ანტალიის მე-14 სამოქალაქო საქმეთა სასამართლოს 2011 წლის 13 მაისის განჩინება
დავის საგანი – განქორწინება, მეურვედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თურქეთის ანტალიის მე-14 სამოქალაქო საქმეთა სასამართლოს 2011 წლის 13 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა სარჩელი, ე. ზ-ი და ქ. ა-ჩი განქორწინდნენ. მხარეების მცირეწლოვან შვილზე ი. ა-ჩზე მეურვეობა დაეკისრა დედას.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ე. ზ-მა და მოითხოვა დასახელებული განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობითა და მასზე დართული განჩინებით დგინდება რომ მხარეები მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში, თურქეთის ანტალიის მე-14 სამოქალაქო საქმეთა სასამართლოს 2011 წლის 13 მაისის განჩინება შესულია კანონიერ ძალაში 2011 წლის 13 მაისს, ვინაიდან მხარეებმა ერთობლივი განცხადებით უარი განაცხადეს გასაჩივრებაზე. წარმოდგენილი განჩინებით ასევე დგინდება რომ ე.ზ-ი არის საქართველოს მოქალაქე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 აპრილის განჩინებით ე. ზ-ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 აპრილის განჩინება მისი ნოტარიულად დამოწმებული თურქულენოვანი თარგმანითა და ე. ზ-ის შუამდგომლობა თანდართული მასალით ორჯერ გაეგზავნა ქ. ა-ჩს საქმეში მითითებულ მისამართზე - თურქეთი, სტამბული, ს., ქ. რ-ნი, ქ.20/15, #6/3, მაგრამ არცერთხელ არ ჩაბარდა არასწორი მისამართის გამო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ე. ზ-ის შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მის წარმოებაში არსებულ სამოქალაქო საქმეებს განიხილავს სწორედ ეროვნული საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული წესების შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 აპრილის განჩინებით ე. ზ-ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარე ქ. ა-ჩს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 აპრილის განჩინება მისი ნოტარიულად დამოწმებული თურქულენოვანი თარგმანითა და ე. ზ-ის შუამდგომლობა თანდართული მასალით ორჯერ გაეგზავნა საქმეში არსებულ მისამართზე მაგრამ არასწორი მისამართის გამო ვერ ჩაბარდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლი კი ადგენს, რომ საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე უფლებამოსილია იხელმძღვანელოს ქვემდგომი ინსტანციის წესით საქმის განხილვის მარეგულირებელი ყველა იმ ნორმით, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან ზემდგომი წესით საქმის განხილვის მარეგულირებელ წესებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელის მიერ მითითებული თავისი ან მოპასუხის მისამართი არასწორი აღმოჩნდა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ანალოგიურ დანაწესს შეიცავს ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
მოცემულ შემთხვევაში, ირკვევა რა, რომ საქმეში არსებული მოწინააღმდეგე მხარის მისამართი არასწორია, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება შუამდგომლობის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ე. ზ-ის შუამდგომლობა თურქეთის ანტალიის მე-14 სამოქალაქო საქმეთა სასამართლოს 2011 წლის 13 მაისის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. ზ-ის შუამდგომლობა თურქეთის ანტალიის მე-14 სამოქალაქო საქმეთა სასამართლოს 2011 წლის 13 მაისის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური