Facebook Twitter

№ას-60-58-2016 12 ივლისი, 2016 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ი.ა–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ჩ–ლი(მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2013 წლის 21 ოქტომბერს ი.ა–ძემ (შემდეგში: მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან კასატორი) მ.ჩ–ს ასესხა 12 000 აშშ დოლარი (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი) {საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შემდეგში სსკ-ის 623-ე და 625-ე მუხლები}.

2. სესხის დაბრუნებას უზრუნველყოფდა ქ. ბათუმში, ... მდებარე უძრავი ქონების (ს/კ/ ...., შემდეგში: უძრავი ქონება) ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით (შემდეგში ხელშეკრულება), რომლითაც დაიფარა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება {საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შემდეგში სსკ-ის 477-ე, 509-ე, 56.2 მუხლები}.

3. ქონების გამოსყიდვის ვადა სამი თვით განისაზღვრა.

4. მოსარჩელემ მოპასუხისაგან მიიღო 12 000 აშშ დოლარი; იგი დარჩა წინამდებარე განჩინების მეორე პუნქტში აღნიშნული უძრავი ქონების პირდაპირ მფლობელად გამოსყიდვის უფლების ვადის გასვლამდე. მას ნივთით სარგებლობისათვის მოპასუხისათვის ყოველთვიურად 600 აშშ დოლარი უნდა ეხადა. ხელშეკრულების დადების დროისათვის, მოსარჩელემ წინასწარ გადაუხადა მოპასუხეს 2 თვის სარგებელი - 1200 აშშ დოლარი {იხ. ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები}.

5. თუ მოსარჩელე 2014 წლის 21 იანვრის ჩათვლით, სარგებელს არ გადაიხდიდა ან უძრავი ქონების გამოსყიდვას არ განახორციელებდა, გამოსყიდვის უფლება გაუქმდებოდა და მოპასუხე ქონების სრულფასოვანი მესაკუთრე გახდებოდა {იხ.ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტი}.

6. ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 31 იანვრის დადგენილების თანახმად, (შემდეგში: ბათუმის საკრებულოს დადგენილება) ქალაქის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, II ქვეზონის 1 კვ.მ მიწის ნორმატიული ფასი შეადგენდა 81 ლარს. შესაბამისად, სადავო უძრავი ქონების, მხოლოდ მიწის ღირებულება (შენობა-ნაგებობის გარეშე) შეადგენდა 42 282 ლარს (522*81=42 282).

7. მოსარჩელემ 12 000 აშშ დოლარი მოპასუხეს დადგენილ ვადაში არ დაუბრუნა.

8. 2014 წლის 7 ოქტომბერს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დაბრუნების მოთხოვნით:

8.1. იგი მოქმედებდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადების განზრახვით, სინამდვილეში კი მან ხელი მოაწერა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებას გამოსყიდვის უფლებით, ამიტომ ეს გარიგება ბათილია.

8.2. მას მხოლოდ სესხის მიღება სურდა. თავის მხრივ, მოპასუხესაც კუთვნილი თანხის გასესხება და სარგებლის მიღება უნდოდა.

9. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება სინამდვილეს და არ დასტურდება სასარჩელო განცხადებაზე თანდართული მტკიცებულებებით. გარდა ამისა, ხელშეკრულების დადება განაპირობა მხარეების მიერ გამოვლენილმა ორმხრივმა გაცნობიერებულმა ნებამ, ხელშეკრულება აკმაყოფილებს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს და მოსარჩელემ მიიღო ნასყიდობის საფასური.

10. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 316-ე, 319-ე, 327-ე, 509-ე, 510-ე, 183-ე, 477-ე მუხლები.

11. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ მისი გაუქმებისა და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგი საფუძვლებით:

11.1. სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია დადგენილ გარემოებად, რომ მხარეთა შორის 2013 წლის 21 ოქტომბერს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით და არა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება;

11.2. 94.10 კვ.მ. საცხოვრებელ სახლსა და 522 კვ.მ. მიწის ნაკვეთს ის არ გაყიდდა ისეთ შეუსაბამო ფასში, როგორიც არის 12 000 აშშ დოლარი;

11.3. იგი აღნიშნულ სახლში ცხოვრობს 14 სულიან ოჯახთან ერთად. სხვა უძრავი ქონება მათ არ გააჩნიათ, შესაბამისად, მისი ნება ქონების გასხვისება ვერ იქნებოდა;

11.4. სასამართლომ არ იმსჯელა და შეფასება არ მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, კერძოდ, ბათუმის შინაგან საქმეთა სამმართველოს მე-5 განყოფილებიდან გამოთხოვილ მასალებს, ზეპირი გასაუბრების ოქმებს, სადაც გამოკითხული პირები ადასტურებენ, რომ მოსარჩელე ეძებდა სესხად მისაღებ თანხას და იპოთეკით სურდა უძრავი ქონების დატვირთვა;

11.5. სასამართლომ ასევე სათანადოდ არ შეაფასა საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულება - ხელწერილი, რომლიდანაც დასტურდებოდა სესხის ხელშეკრულების დადების დღეს, მოპასუხის მიერ სესხისათვის 2 თვის სარგებლის მიღება.

12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის უძრავი ქონების გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება; დადგინდა, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებული იქნა 12 000 აშშ დოლარის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება; უძრავი ქონების მესაკუთრედ საჯარო რეესტრში კვლავ მოსარჩელე აღირიცხა; აღნიშნულ ქონებაზე მოპასუხის სასარგებლოდ იპოთეკა დადგინდა {სსკ-ის 623-ე, 289.1 და 311-ე მუხლები}.

13. სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული მტკიცებულებების: მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებული ხელშეკრულების, ასევე, ამავე რიცხვით დათარიღებული მოპასუხის ხელწერილის, სარჩელთან დაკავშირებით წარმოდგენილი შესაგებლის შინაარსისა და ბათუმის საკრებულოს დადგენილების ერთობლიობაში შეფასებით დაადგინა, რომ გარიგების საგანი არა უძრავი ქონება, არამედ ფული იყო.

14. სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში მითითებული ნასყიდობის ფასი არანაირად არ შეესაბამებოდა ნივთის მინიმალურ ღირებულებასაც კი.

15. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით არ დგინდებოდა, რომ მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება მიმართული იყო, ერთი მხრივ, უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების დაკარგვისაკენ და, მეორე მხრივ, ამ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლების წარმოშობისაკენ;

16. მოსარჩელის პოზიცია, რომ მხარეთა შორის დაიდო არა ნასყიდობის, არამედ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, პალატამ დამაჯერებლად ჩათვალა; ხელშეკრულებაში დაფიქსირებული - 12 000 აშშ დოლარი წარმოადგენდა სესხად აღებულ თანხას, მოპასუხისათვის გადაცემული 1200 აშშ დოლარი კი, ორი თვის საპროცენტო სარგებელს და სადავო უძრავი ქონება სესხის უზრუნველყოფის საშუალებას. შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულებით დაიფარა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება {სსკ-ის 56-ე მუხლის მეორე ნაწილი}.

17. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, შემდეგი დასაბუთებით:

17.1. გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. სასამართლომ არასწორად განმარტა სამართლის მთელი რიგი ნორმები, შედეგად კი მიიღო დაუსაბუთებელი და დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, რითაც დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 393-394-ე მუხლების მოთხოვნები.

17.2. სააპელაციო სასამართლომ შეჯიბრებითობის და დისპოზიციურობის პრინციპის საწინააღმდეგოდ დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, რომლის დადგენასაც მოსარჩელე არ მოითხოვდა არც სასარჩელო განცხადებით და არც სააპელაციო საჩივრით;

17.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაემყარა იმ ფაქტებს, რომლებსაც არ ემყარებოდა მოსარჩელის მოთხოვნა, ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის საწინააღმდეგოდ, სასამართლომ გამოიყენა საგამოძიებო ორგანოში განხორციელებული ზეპირი გამოკითხვის ოქმები;

17.4. გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობა გარიგების საგნის ფასზე აბსოლუტურად უსაფუძვლოა, ვინაიდან სასამართლოს მიერ საქმეში წარმოდგენილი დადგენილება გასაზღვრავს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიულ ფასს ზონების მიხედვით, ხოლო კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ფასებს იგი არ ეხება (დადგენილების მუხლი პირველი);

17.5. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქმეში იქნებოდა მტკიცებულება კონკრეტულად გარიგების საგნის განსხვავებულ ფასზე, სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, გარიგების ფასის საბაზრო ფასთან შეუსაბამობა, თუნდაც არსებითი, არ შეიძლება გამხდარიყო გარიგების ბათილად ცნობის წინაპირობა;

17.6. სასამართლომ სსკ-ის 477-ე, 511-ე და 512-ე მუხლების არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინა;

17.7. ხელშეკრულება არ შეიძლება ჩაითვალოს მოჩვენებით გარიგებად, ვინაიდან, მისი დადება განაპირობა მხარეების მიერ გამოვლენილმა ორმხრივმა გაცნობიერებულმა ნებამ, იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მოსარჩელემ მიიღო ნასყიდობის საფასური;

17.8. სასამართლომ არ გამოიყენა შემდეგი ნორმები: სსკ-ის 56-ე მუხლის მეორე ნაწილი, სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი, 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილები, 105-ე მუხლის პირველი ნაწილი. მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება დადგენილ სასამართლო პრაქტიკას (საქმე #ას-1485-1401-2012, 11.11.2013 წელი, საქმე #ას-678-638-2012 12.12.2013 წელი, საქმე #ას--1657-1554-2012, 10.10.2013 წელი, საქმე #ას-763-722-2015, 28.09.2015, საქმე #ას-571-879-09, 30.04.2012 წელი).

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი სსსკ-ის 391-ე მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.

სამოტივაციო ნაწილი :

19. საქმის მასალების გაცნობა, მათი შესწავლა და ანალიზი, ასევე, საკასაციო საჩივრის მოტივების ზეპირი მოსმენით შემოწმება, საკასაციო სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს, გამოიტანოს დასკვნა საჩივრის უსაფუძვლობის თაობაზე.

20. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ ძირითადად სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, გასაჩივრებული გადაწყვეტილება სწორად გააუქმა და მიიღო ახალი გადაწყვეტილება, სახელდობრ:

20.1. სსკ-ის 56-ე მუხლის მეორე ნაწილის შინაარსი და მისი სამართლებრივი შედეგები საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებასა და განჩინებაშია განმარტებული. ასე მაგალითად: ა) „თვალთმაქცური გარიგების დროს, მართალია, ნების გამოვლენა მიმართულია სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ, თუმცა არა იმ ხელშეკრულების შესაბამისად, რომელზეც მხარეები თანხმდებიან. ამგვარი გარიგების მიზანს წარმოადგენს იმ გარიგების დაფარვა, რომლის მიღწევის სურვილი მხარეებს რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში არსებობს ორი გარიგება, ერთი თვალთმაქცური და მეორე –რომელიც მხარეებმა უშუალოდ გაითვალისწინეს. ამდენად, თვალთმაქცური გარიგება ერთგვარად ფარავს ნამდვილ გარიგებას, შესაბამისად, მას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და იგი ბათილია. თუმცა, ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას გარკვეული სპეციფიკურობა ახასიათებს. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია მხარეთა რეალური ნების გათვალისწინებით. ხშირ შემთხვევაში, მხარეები ვერ ერკვევიან, რა შინაარსის ხელშეკრულების გაფორმება სურთ ან კიდევ ვერ ასხვავებენ ერთმანეთისაგან გარიგების სხვადასხვა ტიპებს. სამოქალაქო კოდექსი შესაძლებლობას ანიჭებს ხელშეკრულების სუბიექტებს, გამოასწორონ დაშვებული შეცდომები თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობით და მხარეთა შეთანხმების მიმართ გამოიყენონ ის მოთხოვნები, რაც დამახასიათებელია იმ გარიგებისათვის, რომლის მიღწევაც მხარეებს სურდათ“ (იხ. სუსგ ას # 487-461-2015, 17.06.2015წ, #ას-474-455-2016, 7.07.2016, #ას-871-821-2015, 2.02.2016 ).

20.2. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სსკ-ის 56-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმად, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები. მან ყოველმხრივად, სრულად და ობიექტურად გამოიკვლია და შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა და მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სწორად განაწილებით დაასკვნა, რომ 2013 წლის 21 ოქტომბერს მხარეთა ნება მიმართული იყო სესხისა და იპოთეკის და არა გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისაკენ. მტკიცების ტვირთის მატარებელმა მოსარჩელემ {სსკ-ის 102-ე მუხლი} დამაჯერებლად და დასაშვები მტკიცებულებებით დაამტკიცა აღნიშნული. კერძოდ:

ა) ფაქტია, რომ მოპასუხე არ დაუფლებია უძრავ ნივთს;

ბ) 2013 წლის 21 ოქტომბრის ხელშეკრულება შეიცავს ნასყიდობის ურთიერთობისათვის უჩვეულო დებულებას, რომლის თანახმადაც, მოსარჩელე ვალდებული იყო 94.10 კვ.მ ფართით სარგებლობისათვის ყოველთვიურად ეხადა სარგებელი 600 აშშ დოლარი, ანუ მოსარჩელისათვის გადაცემული თანხის 5%, რაც შეესაბამება ბაზარზე სესხისათვის დადგენილ ყოველთვიურ საპროცენტო განაკვეთს;

გ) ფაქტია, რომ მოპასუხეს ორი თვის სარგებელი 1200 აშშ დოლარი წინასწარ, ხელშეკრულების დადების დღესვე გადასცა მოსარჩელემ;

დ) „ნასყიდობის ფასი“ – 12 000 აშშ დოლარი - მნიშვნელოვნად ნაკლებია ნივთის საბაზრო ღირებულებაზე, მართალია, ეს გარემოება ცალკე აღებული არ წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების უპირობო საფუძველს, მაგრამ ზემოაღნიშნულ გარემოებებთან ერთობლიობაში იგი იძლევა იმის დადგენის საშუალებას, რომ 2013 წლის 21 ოქტომბერს მხარეთა გამოვლენილი ნება რეალურად სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებისკენ იყო მიმართული.

20.3. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ მხარეებს შორის 2013 წლის 21 ოქტომბერს ადგილი ჰქონდა შეთანხმებას სესხის ხელშეკრულებაზე, რომლის უზრუნველყოფაც განხორციელდა იმ დროისათვის მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, შესაბამისად, გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულებით, როგორც თვალთმაქცური გარიგებით დაიფარა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რაც სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მისი ბათილად ცნობისა და აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი იყო.

20.4. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიებს და თვლის, რომ ამ პრეტენზიების არგუმენტაცია არ არის საკმარისი საქმეში წარმოდგენილი გარემოებების გასაქარწყლებლად. კასატორის მიერ მითითება იმაზე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება დადგენილ სასამართლო პრაქტიკას დაუსაბუთებელია (საქმე #ას-1485-1401-2012, 11.11.2013 წელი, საქმე #ას-678-638-2012 12.12.2013 წელი, საქმე # ას-1639-1539-2012. 15.06.2013, საქმე #ას-1657-1554-2012, 10.03.2013 წელი, საქმე #ას-763-722-2015, 28.09.2015, საქმე #ას-571-879-09, 30.04.2012 წელი), რადგანაც მითითებულ საქმეებზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდება გასაჩივრებულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი ვითარებისგან:

20.4.1. საქმე #ას-1485-1401-2012, საქმე #ას-678-638-2012 - ამ საქმეებში დავის საგანს წარმოადგენდა ორ იურიდიულ პირს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ფულადი თანხის დაკისრება. კასატორის მიერ მოყვანილი ამონარიდები: „სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების განსაზღვრის შემდეგ უნდა განსაზღვროს სადავო და უდავო ფაქტები. სადავო ფაქტები მტკიცების საგანში შემავალ ფაქტებს წარმოადგენს და მტკიცების ტვირთის განაწილების პროცესიც სწორედ აქ ჰპოვებს გამოვლინებას“, ... „საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა გაანაწილონ იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია“, ორივე შემთხვევაში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილებას ეხებოდა და ამ თვალსაზრისით, მოცემულ საქმეში სააპელაციო სასამართლოს კანონის მოთხოვნები დარღვეული არა აქვს (იხილეთ განჩინების 19.2. პუნქტი).

20.4.2. საქმე # ას-1639-1539-2012 - ამ საქმეში დავის საგანი სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ხარჯების ანაზღაურება იყო. საკასაციო სასამართლო რასაკვირველია, ეჭვქვეშ არ აყენებს კასატორის მიერ გადაწყვეტილებიდან მოყვანილი ფრაგმენტის: „სასამართლო თავისუფალია მტკიცებულებათა შეფასების პროცესში და შეუძლია დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების შინაგან რწმენაზე დაყრდნობით დადგენა, მაგრამ აღნიშნული არ გულისხმობს გადაწყვეტილების ვარაუდზე დაყრდნობით მიღების შესაძლებლობას“, მართებულობას, მაგრამ ზემოთ განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ ამ კონკრეტულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს შეფასებები და დასკვნები მტკიცებულებათა ობიექტურ კვლევასა და ანალიზს ეფუძნება და არა ვარაუდებს, როგორც ეს კასატორს უნდა წარმოაჩინოს.

20.4.3. - კასატორი თავისი პოზიციის დასასაბუთებლად, ასევე უსაფუძვლოდ იშველიებს ამონარიდებს შემდეგი საქმეებიდან: #ას-1657-1554-2012 (...„საქმის განმხილველი სასამართლოსათვის სავალდებულოა სარჩელის ფაქტობრივი საუძვლები“), #ას-763-722-2015 („სამოქალაქო კანონმდებლობა მხარეებს ანიჭებს ნების თავისუფალი გამოვლენის უფლებამოსილებას, რაც იმაში მდგომარეობს, რომ მათ შორის, სახელშეკრულებო ურთიერთობათა წარმოშობა, მათივე ნებაზეა დამოკიდებული და ამ ურთიერთობის შინაარსი განსაზღვრავს გარიგების მიზანს ანუ, იმ სამართლებრივ შედეგს, რომლის მიღწევაც სურთ ნების გამომვლენ მხარეებს“), #ას-571-879-09 („საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში არ არსებობს გამოვლენის გარეგანი დათქმა. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდნენ ნების ნაკლს. მოჩვენებითი გარიგების დროს, კანონი ადგენს კავშირს ფიქტიურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). ამრიგად, განსახილველი ნორმით იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“ მოჩვენებითი ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში, ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას არ მოჰყვება იურიდიული შედეგი“). ამ უკანასკნელ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენდა გარიგების ბათილობა სსკ-ის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მაშინ, როდესაც გასაჩივრებულია გადაწყვეტილება, რომელიც თვალთმაქცური გარიგების {სსკ-ის 56-ე მუხლის მეორე ნაწილი} სამართლებრივ შედეგებს ემყარება.

21. ამრიგად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოპასუხე სადავო ნივთის მესაკუთრე კი არა იპოთეკარია და აქედან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნაც უძრავი ქონების მოსარჩელის აღრიცხვის თაობაზე საფუძვლიანია.

22. პალატა მართებულად მიიჩნევს, სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობის შემთხვევაში, მის ადგილს დაიკავებს სწორედ ზემოაღნიშნული დაფარული გარიგება და იპოთეკის ძალაში შესვლისათვის, სსკ-ის 289-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უნდა განხორციელდეს მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. შესაბამისად, პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უძრავ ქონებაზე მოსარჩელის მესაკუთრედ აღრიცხვისა და ამ ქონების მოპასუხის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთვის თაობაზე, გამომდინარე იქიდან, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება წარმოადგენდა სესხისა და იპოთეკის და არა ნასყიდობის ხელშეკრულებას.

23. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სსსკ-ის 393-394-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 408.1.-ე, 408.2-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.ა–ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მზია თოდუა

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი