Facebook Twitter

№ას-94-90-2016 12 ივლისი, 2016 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს ,,თ.” (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,ს.ა.ფ.კ.” (მოსარჩელე)

გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2015 წლის 8 დეკემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი :

1. შპს „S.A.f.c.“ - სა (შემდეგში მოსარჩელე ან მყიდველი) და შპს „თ–ს“ (შემდეგში მოპასუხე, კასატორი ან გამყიდველი) შორის 2013 წლის 28 თებერვალს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საგანი იყო ცოცხალი თევზის მიწოდება, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ასორტიმენტში, რაოდენობაში და ფასებში {საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 477-ე მუხლი}.

2. ხელშეკრულების დანართი #1-ის მიხედვით, მხარეებმა განსაზღვრეს მისაწოდებელი საქონლის ფასი და ოდენობა, კერძოდ:

2.1. ნასყიდობის ფასი ჯამში 246 000 ლარით განისაზღვრა: თევზის ჯიში „ამური“- 14 000 კგ, 1კგ-ს ფასი - 6 ლარი; „სქელშუბლა“ - 30 000 კგ, 1 კგ-ს ფასი - 3 ლარი; „კობრი“ - 12 000 კგ; 1 კგ-ს ფასი - 6 ლარი.

2.2. მყიდველი ნასყიდობის თანხას წინასწარ იხდიდა 2 ტრანშად - პირველი ტრანშის თანხა შეადგენდა 123 000 ლარს (გადახდის თარიღი - 05.03.2013) და მეორე ტრანში - 123 000 ლარი (გადახდის თარიღი - 05.04.2013).

3. 2013 წლის 22 მარტს მხარეებმა დადეს ახალი შეთანხმება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ აიღო ვალდებულება, მოსარჩელისათვის უკვე შეთანხმებული სახეობის თევზის გარდა, დამატებით მიეწოდებინა „ლოქოს“ ლიფსიტები.

4. მოსარჩელემ პირველი 123 000 ლარის გადახდა განახორციელა შეთანხმებულ ვადაში, თუმცა, მოპასუხემ მხოლოდ 102 468 ლარის ღირებულების პროდუქცია მიაწოდა.

5. მოსარჩელემ არაერთხელ გააფრთხილა მოპასუხე და მოსთხოვა დანაკლისის შევსება, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია.

6. მოპასუხემ პროდუქციის ფასი გამოიანგარიშა 2013 წლის 22 მარტის შეთანხმების საფუძველზე და მისაწოდებელი პროდუქციის საერთო ღირებულებამ შეადგინა 88134 ლარი. თავდაპირველი, 28 თებერვლის შეთანხმებით, პროდუქციის ღირებულება შეადგენდა 67602 ლარს. შესაბამისად, ფასთა შორის სხვაობა 88134-67602=20532 ლარი იყო.

7. 2013 წლის 3 სექტემბერს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ ხელშეკრულების დარღვევით მიყენებული ზიანის - 20532 ლარის - ანაზღაურების მოთხოვნით, იმ საფუძვლით, რომ მოპასუხემ ცალმხრივად შეცვალა საქონლის ფასი და მან (მოსარჩელემ) მიიღო იმაზე ნაკლები რაოდენობის საქონელი, ვიდრე ეს ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული.

8. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მან წარადგინა მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებელი და მიუთითა, რომ ვალდებულება შეასრულა შეთანხმებული ასორტიმენტისა და რაოდენობის ფარგლებში. შესაბამისად, მან ფასი განსაზღვრა ხელშეკრულების პირველი დანართისა და მოგვიანებით, 2013 წლის 22 მარტს შედგენილი მეორე დანართის მიხედვით.

9. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 20 532 ლარის გადახდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 327-ე, 394-ე, 477-ე, 487-488-ე, 493-ე, 405-ე, 408-ე მუხლები.

10. აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა შემდეგ გარემოებებზე დაყრდნობით:

10.1. სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელემ არაერთხელ მოითხოვა ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობით თევზის მიწოდება დაუსაბუთებელია, ვინაიდან მიწოდებული თევზის ოდენობა შეესაბამებოდა ხელშეკრულებითა და მხარეთა შორის შეთანხმებული მეორე დანართით გათვალისწინებულ ღირებულებას;

10.2. სასამართლომ არასწორი მსჯელობა განავითარა იმასთან დაკავშირებით, რომ დანართი №2 არ წარმოადგენდა ერთ მთლიან დოკუმენტს და რომ დანართი №1-ის ყველა გვერდზე წარმოდგენილია მხარეთა ხელმოწერები;

10.3. დანართ №2 -ზე ხელმოწერა იყო ნების გამოვლენა და მოწინააღმდეგე მხარეს საქმის მოსამზადებელ სხდომაზე უნდა გამოეცხადებინა, რომ დოკუმენტი ყალბია, რაც მას არ განუხორციელებია;

10.4. ექსპერტიზის დასკვნიდან გამომდინარე, ხელმოწერა ნამდვილად ეკუთვნოდა კომპანიის დირექტორს; შეთანხმება, რომელიც მხარეებმა მოგვიანებით გააფორმეს, სწორედ სადავო სამართლებრივ ურთიერთობას ეხება;

11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

12. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ, რადგანაც ხელშეკრულების #2 დანართი ყალბი არ არის, ვალდებულების დარღვევას ადგილი არ ჰქონია და აქედან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურების ვალდებულებაც არ არსებობს.

13. პალატამ განმარტა, რომ რადგან მოსარჩელემ აპელანტისაგან შესრულება მიიღო, იგულისხმება, რომ ვალდებულება, ე.ი გარიგება არსებობდა. რაც იმაზე მიუთითებს, რომ სადავო დანართით შეთანხმებული მონაცემები ნამდვილია.

14. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა კასატორმა მისი გაუქმებისა და 2014 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების ძალაში დატოვების მოთხოვნით, შემდეგი საფუძვლებით :

14.1. მართალია, ექსპერტიზამ დაადასტურა #2 დანართზე ხელმოწერის ნამდვილობა, მაგრამ სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია ამ დოკუმენტის სათანადო მტკიცებულებად მიჩნევის თაობაზე;

14.2. ექსპერტიზა ვერ დაადგენდა ხელმოწერილი ფურცელი ეკუთვნოდა თუ არა იმ დოკუმენტის ნაწილს, რომელზეც არ იყო ხელმოწერები. აღნიშნული სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია და არ შეაფასა;

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 28 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

16. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 10 ნოემბრის მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი, რის გამოც, მოწინააღმდეგე მხარემ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა იშუამდგომლა {საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 387-ე მუხლის პირველი ნაწილი}.

17. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 10 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, აპელანტს უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

18. დაუსწრებელი გადაწყვეტილება აპელანტმა გაასაჩივრა. მან პროცესზე გამოუცხადებლობა ახსნა იმით, რომ მისთვის არ იყო ცნობილი სხდომის ჩატარების ზუსტი დრო.

19. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 8 დეკემბრის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ მიზეზით, რომ არ არსებობდა სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საპატიო გარემოებები.

20. 2015 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება და ამავე წლის 8 დეკემბრის განჩინება, რომლითაც ძალაში დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, საკასაციო წესით გაასაჩივრა კასატორმა, მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვა, შემდეგი დასაბუთებით :

20.1. სასამართლომ სათანადო საფუძვლის გარეშე გამოიყენა სსსკ-ის 229-ე მუხლი და არ გამოიყენა იმავე კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქ/პუნქტები და 241-ე მუხლი.

20.2. არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი, რადგანაც მხარის გამოუცხადებლობას საპატიო მიზეზი ჰქონდა - გაუგებრობა, რომელიც მოსამართლის თანაშემწესთან სხდომის ჩატარების დროის გადამოწმებამ გამოიწვია. მათთვის ცნობილი იყო, რომ საქმის მოსმენა 2015 წლის 10 ნოემბერს, 14:00 საათზე ტარდებოდა.

20.3. 2015 წლის 6 ნოემბერს კასატორის წარმომადგენელი ესაუბრა მოსამართლის თანაშემწეს. მას სურდა საქმის მასალების გაცნობა სხდომის დღეს, მოსმენის დაწყებამდე ორი საათით ადრე, ანუ 12:00 საათზე. თანაშემწის დასტურის შემდეგ, წარმომადგენელს ეჭვი არ შეჰპარვია, იმაში რომ მოსმენა 14:00 საათზე იწყებოდა. 10 ნოემბერს, დაახლოებით პირველის ხუთ წუთზე, თანაშემწის სატელეფონო ზარის შემდეგ, წარმომადგენლისათვის ცნობილი გახდა, რომ საქმის განხილვა 12:00 და არა 14:00 საათზე იყო დანიშნული. ამის შემდეგ აპელანტის წარმომადგენელი სასამართლოში 15-20 წუთის დაგვიანებით გამოცხადდა, მაგრამ მანდატურმა მას არ მისცა საშუალება დასწრებოდა სხდომას.

21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.

სამოტივაციო ნაწილი:

22. საქმის მასალების გაცნობა, მათი შესწავლა და ანალიზი, ასევე, საკასაციო საჩივრის მოტივების ზეპირი მოსმენით შემოწმება, საკასაციო სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს გამოიტანოს დასკვნა საჩივრის უსაფუძვლობის თაობაზე.

23. სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ კანონის სრული დაცვით მიიღო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ასევე სწორად არ დააკმაყოფილა კასატორის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე. სახელდობრ:

23.1. სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით {სსსკ-ის 372-ე მუხლი}.

23.2. სასამართლომ 2015 წლის 29 სექტემბრის განჩინებით დანიშნა მთავარი სხდომა იმავე წლის 10 ნოემბრის 12:00 საათისათვის {სსსკ-ის 373-ე და 376-ე მუხლები}. ამის შესახებ კასატორის წარმომადგენელს 8 ოქტომბერს კანონით დადგენილი წესით ეცნობა. 10 ნოემბრის სხდომაზე არც აპელანტი და არც მისი წარმომადგენელი გამოცხადდა. მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი ნაწილით და გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი. კასატორის მტკიცება, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წანამძღვრები დაუსაბუთებელია.

23.3. უტყუარადაა დადგენილი, რომ მხარეს გამოუცხადებლობისთვის არ ჰქონდა საპატიო მიზეზი. სააპელაციო სასამართლომ ასევე სწორად შეაფასა საქმის გარემოებები და დაასკვნა, რომ 2015 წლის 10 ნოემბრის სხდომის თარიღისა და ადგილის შესახებ, ასევე გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებზე, კასატორის წარმომადგენელს კანონით დადგენილი წესით ეცნობა სხდომის ჩატარებამდე დიდი ხნით ადრე, 8 ოქტომბერს (იხ.ტ.3.ს.ფ.227), ეს კი კანონის დანაწესიდან გამომდინარე, გულისხმობს იმას, რომ აღნიშნულის შესახებ ეცნობა კასატორსაც {სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი}. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოობის შესაფასებელ წინაპირობებად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მხარისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას.

23.4. კასატორის არგუმენტი, რომ მის გამოუცხადებლობას საპატიო მიზეზი ჰქონდა, კერძოდ, გაუგებრობა, რომელიც მოსამართლის თანაშემწესთან სხდომის ჩატარების დროის გადამოწმებამ გამოიწვია, დამაჯერებლობასაა მოკლებული. ამ გარემოების დამადასტურებელი ობიექტური მტკიცებულება მხარემ ვერ წარუდგინა სასამართლოს. მისი განმარტების ანალიზი კი, მხოლოდ იმას მოწმობს, რომ იგი ყურადღებით არ გაეცნო მისთვის ჩაბარებულ უწყებაში მითითებულ სხდომის გამართვის დროის შესახებ ინფორმაციას, რაც განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად ვერ შეფასდება.

23.5. ასევე უსაფუძვლოა კასატორის პრეტენზია, რომ სასამართლომ სათანადო საფუძვლის გარეშე გამოიყენა სსსკ-ის 229-ე მუხლი და არ გამოიყენა იმავე კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქ/პუნქტები, ასევე 241-ე მუხლი. ეს უკანასკნელი ნორმა განსაზღვრავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამ კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. შესაბამისად, გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ გადაწყვეტილებას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები. სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილი იმ შემთხვევების ჩამონათვალს იძლევა, რომელთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, აღნიშნული ნორმის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები (შდრს. სუსგ საქმე №ას-914-876-2014, 19.02.2014, № ას-1243-1166-2015, 9.03.2016); ჩამოთვლილთაგან არც ერთი გარემოება საქმეზე დადგენილი არ ყოფილა.

24. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სსსკ-ის 393-394-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლები.

25.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-8, 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 408.1.-ე, 408.2-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,თ–ს” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2015 წლის 8 დეკემბრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მზია თოდუა

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი