Facebook Twitter

№ას-389-373-2016 28 ივნისი, 2016წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ი/მ მ.კ.(მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,ს.პ.ჯ.“(მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ილ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2014 წლის 18 და 19 ნოემბერს მ.კ.სა (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, შემძენი) და შპს „ს.პ.ჯ.“ (შემდეგში: მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, გამყიდველი) შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების (შემდეგში: ხელშეკრულება) საფუძველზე, მოპასუხემ მოსარჩელისაგან შეისყიდა 2123 ლარის საავტომობილო საწვავი (შემდეგში - საწვავი) {საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 477-ე მუხლი}. 2. 18 და 19 ნოემბერს გაფორმებული ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურები (შემდეგში - ნსაფ), სერია „ეა“, ინდივიდუალური ნომრები - ... და ..., ადასტურებს მოპასუხის მიერ მოსარჩელისაგან 2123 ლარის საწვავის შეძენას, ასევე, იმავე თარიღებით შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტები დასტურია მოპასუხის მიერ 2123 ლარის საწვავის ტალონების მიღებისა.

3. მიღება-ჩაბარების ორივე აქტს ხელს აწერს დ.მ. (შემდეგში მინდობილი პირი ან წარმომადგენელი).

4. მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია და საწვავის ღირებულება არ გადაიხადა.

5. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ 2123 ლარის დაკისრების მოთხოვნით {სსკ-ის 477-ე მუხლის მეორე ნაწილი}.

6. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი იმ საფუძვლით, რომ მას მოსარჩელისაგან საწვავი არ შეუძენია და, შესაბამისად, არც რაიმე სახის ვალდებულება გააჩნია.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2123 ლარის გადახდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ს 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 477-ე და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლები.

8. გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

8.1. მოპასუხის განმარტებით, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული;

8.2. გადაწყვეტილება მიღებულია ფაქტობრივ უსწორობებზე დაყრნობით, კერძოდ, მოპასუხე მიუთითებს, რომ არსებობდა დადასტურებული ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურა, თუმცა მას დადასტურება არ განუხორციელებია და ამიტომ სადავოდ ხდიდა გარიგების ნამდვილობას;

8.3. მოსარჩელეს არც საწვავის და არც ტალონების პირადად მოპასუხის მიერ გატანის ან გამოყენების თაობაზე რაიმე სახის დოკუმენტი/საბუთი სასამართლოში არ წარმოუდგენია;

8.4. სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ საწვავის ტალონები მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე დაუდგენელმა პირმა გაიტანა.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება.

9.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ საგადასახადო ანგარიშფაქტურებთან მიმართებით, ვინაიდან ანგარიშ-ფაქტურის მყიდველის მიერ დადასტურებისას, უტყუარად ივარაუდება, რომ მან მიწოდებული საქონელი შეიძინა, ვინაიდან ანგარიშფაქტურა ეგზავნება უშუალოდ მყიდველს და მის დადასტურებაზე ხელი არ მიუწვდება მესამე პირს. შესაბამისად, თუ საწინააღმდეგოს ჰქონდა ადგილი (როგორც ამას მიუთითებს მოპასუხე) აღნიშნული ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მისი დადგენა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით შეუძლებელია.

9.2. სააპელაციო სასამართლომ წარმოდგენილი ანგარიშფაქტურების საფუძველზე, გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის ნამდვილად წარმოიშვა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს მოსარჩელისათვის გადასახდელი აქვს საწვავის ღირებულება - 2123 ლარი.

9.3. პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტმა ვერ უზრუნველყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების საპირისპიროდ შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული დასაბუთებული პრეტენზიის წარმოდგენა.

10. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა შემდეგი დასაბუთებით: 10.1. სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლი, ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ საგადასახადო ანგარიშფაქტურა წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს და მისი სერვისი მოიცავს საქონლისა და მომსახურების რთული პროცესების ერთობლიობას, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ელექტრონულად დადასტურება არცერთ შემთხვევაში ავტომატურად არ გულისხმობს, რომ მყიდველმა მიიღო ანგარიშფაქტურით შეთანხმებული საქონელი.

10.2. სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 361-ე მუხლი, რადგან, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ დაარღვია ვალდებულება საწვავის კასატორისათვის უცნობი პირისათვის გადაცემით.

10.3. სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 327-ე და 477-ე მუხლები, გამომდინარე იქიდან, რომ მოპასუხეს ნება არ გამოუვლენია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა არ წარმოშობილა, შესაბამისად, არც თანხის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2016 წლის 21 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი :

12. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგი გარემოებების გამო:

12.1. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

14. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებასთან მიმართებით არსებითად სწორია.

15. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ საქმე ას-1701-1685-2011 22.10.2012).

16. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

17.1. განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

17.2. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

17.3. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ

მხარეთა შორის წარმოიშვა ნასყიდობის {სსკ-ის 477-ე მუხლი} ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის საფუძველზეც მხარეებს წარმოეშვათ უფლება-მოვალეობები. გამყიდველი ვალდებული იყო, კასატორისათვის მიეწოდებინა საწვავი, ხოლო ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, ვალდებული იყო, მიეღო საწვავი და გადაეხადა ფასი. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში წარმოდგენილი ანგარიშფაქტურები და მიღება-ჩაბარების აქტები ადასტურებს კასატორის მიერ მოწინააღმდეგე მხარისაგან საწვავის შეძენასა და მიღებას. აქედან გამომდინარე, შემძენი ვალდებული იყო, სსკ-ის 477-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, გადაეხადა ნასყიდობის ფასი - 2123 ლარი.

17.4. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნის გამაქარწყლებელი დასაშვები მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ მოწინააღმდეგე მხარემ საწვავი კასატორისათვის უცნობ პირს გადასცა, არ არის საკმარისი სარჩელის უარსაყოფად, მაშინ, როდესაც, საქმეში არსებული ანგარიშ-ფაქტურებისა და მიღება-ჩაბარების აქტების გამაბათილებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას კასატორის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სარეზოლუციო ნაწილი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ი/მ მ.კ–ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ი/მ მ.კ–ს (პ/ნ ....) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება #0, გადახდის თარიღი 19.04.2016წ. სს ,,თიბისი ბანკი“), 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები : მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი