№ას–1252–1174–2015 24 ივნისი, 2016 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
პაატა ქათამაძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვა
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
საკასაციო საჩივრის ავტორი - კომპანია „B.G.S.t. A.S.“
(მოსარჩელე)
წარმომადგენელი - ზ.ქ.
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა.“ (მოპასუხე)
წარმომადგენელი - პ.ლ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 ოქტომბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. კომპანია B.G.S.T. A.S.-სა (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, გამყიდველი, კრედიტორი, კომპანია) და შპს „ი.კ–ს“ (შემდეგში: პირველი მოპასუხე, მოვალე) შორის 2008 წლიდან არსებობდა ნასყიდობის ურთიერთობა ზეპირი ფორმით {საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 477-ე მუხლი}.
2. 2008–2010 წლებში მოსარჩელემ პირველ მოპასუხეს მიაწოდა 4 528 671,17 ევროს ღირებულების საქონელი, საიდანაც 2010 წლის 30 სექტემბრის ინვოისების საფუძველზე მიაწოდა 210,845,52 ევროს, ხოლო 2010 წლის სექტემბერ–ოქტომბერ– ნოემბრის თვეში სულ მიაწოდა 542 006,71 ევროს ღირებულების საქონელი.
3. 2011 წლიდან მოსარჩელეს პირველი მოპასუხისათვის საქონელი აღარ მიუწოდებია.
4. პირველმა მოპასუხემ მოსარჩელეს 2010 წლის 1 დეკემბრიდან 2014 წლის 24 ივნისის ჩათვლით გადაუხადა 510 560,71 ევრო {სსკ-ის 477.2-ე მუხლი}.
5. დარჩენილ 32 446 ევროს ფარგლებში მიწოდებული პროდუქციის ღირებულებაზე მოსარჩელემ გააკეთა ფასდაკლება.
6. 2010 წლის 15 სექტემბერს, მოსარჩელესა და შპს „ა.ს“ (შემდეგში, მეორე მოპასუხე, დილერი) შორის დაიდო სადილერო ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა იმ ვადებისა და პირობების განსაზღვრა, რომლებიც არეგულირებენ დილერის მიერ კომპანიისაგან შესყიდული საქონლის მიყიდვას მომხმარებლებისათვის მაღაზიაში.
7. ხელშეკრულების პირველი მუხლის თანახმად, დილერი აცხადებდა თანხმობას და იღებდა ვალდებულებას, კომპანიისაგან საქონელი შეესყიდა ბითუმად, წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად და მოქმედი პრინციპების ფარგლებში დროდადრო წერილობით ყოფილიყო ინფორმირებული კომპანიისაგან და საცალოდ გაეყიდა იგივე საქონელი თავის მომხმარებლებზე მაღაზიაში, იმავე მოქმედი პრინციპების ფარგლებში. კომპანია თავის მხრივ, თანახმა იყო მიწოდების აღნიშნულ პირობებზე.
8. ხელშეკრულების 2.7 მუხლის თანახმად, დილერს კომპანიისათვის უნდა გადაეხადა ზამთრისა და ზაფხულის სეზონის განმავლობაში შესასყიდი საქონლის მთლიანი ღირებულება, კომპანიის მიერ გაცემული ინვოისის თარიღიდან 90 (ოთხმოცდაათი) დღის შემდეგ; თუ დილერი გააჭიანურებდა გადახდას, დაგვიანებისათვის გათვალისწინებული იყო კომპანიის მიერ დადგენილი ტარიფით პროცენტის დარიცხვა. ხელშეკრულების ამავე პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერით, დილერი ვალდებული იყო, კომპანიის ანგარიშზე გადაერიცხა ავანსის სახით 250 000 ევრო, 2011 წლის გაზაფხულ–ზაფხულის კოლექციის მიწოდების ანგარიშში.
9. 2010 წლის 23 სექტემბერს დილერმა (მეორე მოპასუხემ) მოსარჩელეს ავანსად გადაურიცხა 250 000 ევრო (იხ. ტომი სამი, ს.ფ.395)
10. 2011 წლის 20 იანვრიდან 2012 წლის 2 მაისამდე მოსარჩელემ დილერს 1 007 710,38 ევროს ღირებულების საქონელი მიაწოდა.
11. მეორე მოპასუხემ მოსარჩელეს მთლიანად გადაუხადა მიწოდებული საქონლის ღირებულება.
12. მოსარჩელემ 2013 წლის 6 სექტემბერს მეორე მოპასუხეს წარუდგინა პრეტენზია და მოსთხოვა დავალიანების, 387 325.42 ევროს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ დაფარვა (იხ.ტ.4. ს.ფ.372-373). პრეტენზიის ადრესატმა არ გადაიხადა მოთხოვნილი თანხა. მოგვიანებით, 2014 წლის ივლისში, საქმის სასამართლოში წარმოების დროს, მოსარჩელე ეყრდნობოდა მისივე ინიციატივით ჩატარებულ სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვითაც, 2012 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით, ვალდებულება არ იყო შესრულებული და დავალიანება შეადგენდა 356 028,54 ევროს (იხ.ტ.5, ს.ფ.268-275).
13. 2013 წლის 27 სექტემბერს, კომპანიამ სარჩელი აღძრა მოპასუხეთა წინააღმდეგ და მოითხოვა:
13.1 პირველი მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დავალიანების ძირითადი თანხის 400 000 ევროს, ზიანის 103 000 ევროს და საპროცენტო სარგებლის 2013 წლის 1 ოქტომბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადასახდელი ძირითადი თანხის წლიური 9%–ის (ყოველთვიურად 3 000 ევროს) დაკისრება.
13.2. მეორე მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დავალიანების ძირითადი თანხის 356 028,54 ევროს, ზიანის (2011 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის სექტემბრის ჩათვლით) 66 755,25 ევროს და საპროცენტო სარგებლის, 2013 წლის 1 ოქტომბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადასახდელი ძირითადი თანხის წლიური 9%–ის (ყოველთვიურად 2 670,21 ევროს), დაკისრება.
14. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
14.1 პირველმა მოპასუხემ წარადგინა როგორც მოთხოვნის შემწყვეტი, ისე მოთხოვნის განხორციელების ხელისშემშლელი (ხანდაზმულობა) შესაგებელი. სახელდობრ:
14.1.1. მიწოდებული საქონლის თაობაზე მოსარჩელის მიმართ დავალიანება არ არსებობს, აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს მოსარჩელე კომპანიის მიერ, პირველი მოპასუხისათვის მიწერილი წერილები, საიდანაც დასტურდება, რომ 400 000 ევროს პატიება მოხდა და ამით დავალიანება შეწყდა {სსკ-ის 448-ე მუხლი}.
14.1.2. გარდა ამისა, დავალიანება შეწყვეტილი რომც არ იყოს, ის ხანდაზმულია, რადგანაც მოთხოვნის წარმოშობიდან (2009 წლის ბოლო) სარჩელის წარდგენამდე (27.09.2013) გასულია სამ წელზე მეტი {სსკ-ის 129-ე, 130-ე და 144.1-ე მუხლები}.
14.2. მეორე მოპასუხემ წარადგინა სარგებლის (პროცენტის) ნაწილში მოთხოვნის გამომრიცხავი, ხოლო დანარჩენ ნაწილში მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებელი. სახელდობრ:
14.2.1. მიწოდებული პროდუქციის ღირებულება სრულად დაიფარა ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში. ექსპერტიზის დასკვნა, რომლის საფუძველზეც მოთხოვნილია 356 028,54 ევროს გადახდა, არასრულყოფილია. მოსარჩელის მიერ შედგენილ ცხრილში არ არის ასახული დილერის მიერ წარმოებული გადახდების შესახებ ყველა ინფორმაცია, მათ შორის: 2010 წლის 23 სექტემბერს ავანსად გადახდილი თანხა - 250 000 ევრო, ასევე 2011 წლის 28 აპრილიდან წარმოებული გადახდების შესახებ მონაცემები, რომლის ოდენობაც საერთო ჯამში შეადგენდა 148 491.92 ევროს. სახელდობრ:
ა. 2011 წლის 28 აპრილს გადახდილია 60 000 ევრო, რაც დასტურდება საგადახდო დავალება #1-ით და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ინვოისებით: 0916 423 102, 0916 423 018, 0916 402 180 (იხ.ტ.3 ს.ფ. 392, ტ.4. ს.ფ. 172-177)
ბ. 2011 წლის 29 აპრილს გადახდილია 60 000 ევრო, რაც დასტურდება საგადახდო დავალება #1-ით და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ინვოისებით: 0916 402 180, 652454-652458, 652472-73-74-75-76 (იხ.ტ.3 ს.ფ.391, ტ.4 ს.ფ. 172-177)
გ) 2011 წლის 26 ივლისს გადახდილია 18 491,82 ევრო (იხ. ტ.4. ს.ფ. 47-48), დანიშნულებაში მითითებულია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ინვოისები, 652454-652458 (იხ.ტ.4 ს.ფ. 215-219)
დ) 2012 წლის 30 იანვარს გადახდილია 10 000 ევრო (იხ. ტ.4. ს.ფ. 39-40), დანიშნულებაში მითითებულია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ინვოისები, 652454-652458 (იხ.ტ.4 ს.ფ. 215-219)
14.2.2. მოსარჩელის მოთხოვნას დავალიანების ძირითად თანხაზე დარიცხული პროცენტის დაკისრებასთან დაკავშირებით, სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, რადგანაც მხარეები არ შეთანხმებულან პროცენტის ზღვრულ ოდენობაზე, თანახმად ხელშეკრულების 2.67 პუნქტისა.
15. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლო დაეთანხმა მოპასუხეთა შესაგებლებს და უარყო სასარჩელო მოთხოვნები. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 477-ე, 129-131-ე, 144-ე, 394-ე, 408-ე და 411-412-ე მუხლები.
16. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე მითითებით:
16.1. პირველმა მოპასუხემ 2010 წლის დეკემბერში გადახდილი 170 000 ევრო მიმართა 2009–2010 წლებში დაგროვილი ვალდებულებების დასაფარად. ის 2010 წლის პირველი დეკემბრის შემდგომაც აგრძელებდა ძველი დავალიანების გადახდას, მათ შორის გადაიხადა 100,560.71 ევრო, რაც ასევე მიმართული იყო ძველი 2009–2010 წლების დავალიანების დასაფარად და სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ 2010 წლის 24 სექტემბრის შემდგომ შეტანილი სარჩელი ხანდაზმულია, არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი.
16.2. სასამართლოს მოსაზრება, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა არ მოიცავს ხელშეკრულების თანახმად, 2011 წლის გაზაფხულ–ზაფხულის სეზონისათვის გადარიცხულ ავანსს, არის ასევე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი. დავის განხილვის პროცესში სასამართლოს წარედგინა შესაბამისი საბაჟო დეკლარაციები და ინვოისები, რომელიც ქრონოლოგიურად ასახავს მოსარჩელის მიერ გამოწერილ ყველა ინვოისს, მის შესაბამის ზედდებულს და საბაჟო დეკლარაციებს. სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული ხსენებული ცხრილი და ექსპერტიზის დასკვნა. ბუნდოვანია, სასამართლომ რა გარემოებების საფუძველზე დაასკვნა, რომ გარკვეული გადახდები არ არის ასახული ცხრილში, მეორე მოპასუხის მიერ ავანსად გადახდილი 250 000 ევრო თანდათან გამოიქვითა 2011 წლის განმავლობაში და ეს გამოქვითვები განხორციელდა რამდენჯერმე სხვადასხვა ინვოისებთან მიმართებით. ცხრილიდან მარტივად დგინდება, რომ მოსარჩელემ მეორე მოპასუხეს გადასცა 1.007,710.34 ევროს ღირებულების საქონელი, ხოლო მეორე მოპასუხემ კი გადაიხადა ამ საქონლის ღირებულების ნაწილი 651,181.8 ევრო, შესაბამისად დავალიანება შეადგენს 356.528.54 ევროს.
17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
18. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასება პირველი მოპასუხის მიმართ მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე. პალატის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე არ დადგინდა მხარეთა შორის ნასყიდობის ფასის გადახდის განსხვავებულ წესზე შეთანხმების არსებობა. შესაბამისად, კომპანიას არ ჰქონდა უფლება, ცალმხრივად განეხორციელებინა მიმდინარე გადასახადი თანხის ჩათვლამდე ძველ დავალიანებაში. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგინდა, რომ მოვალე იხდიდა მიწოდებული პროდუქციის ღირებულებას და არა ძველ დავალიანებას, ხოლო კანონმდებლობამ ვადამოსული ვალდებულებების შესრულებისას შესასრულებელი ვალდებულების ამორჩევის პრიორიტეტი მოვალეს განუსაზღვრა.
19. პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მეორე მოპასუხემ შეასრულა 2010 წლის 15 სექტემბრის ხელშეკრულების 2.7. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება ავანსის სახით 250 000 ევროს გადარიცხვის თაობაზე. აღნიშნული ტრანზაქცია არ იქნა ასახული საქმეში წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში და ამდენად არ შედის დილერის მიერ გადახდილ 651 181.8 ევროში. პალატის განმარტებით, აღნიშნული დასკვნის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ ექსპერტიზის დასკვნა ასახავს 2011 წლის 20 იანვრის შემდგომ წარემოებულ გადახდებს, ხოლო ავანსის თანხა დილერმა გადაიხადა 2010 წლის 23 სექტემბერს, ამასთან ექსპერტი დაეყრდნო გამყიდველის მიერ წარდგენილ ცხრილს, რომელშიც მოცემული თანხა არ დაფიქსირდა. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი დადგინდა, რომ დილერმა 651 181,8 ევროს გარდა, ასევე გადაიხადა ავანსი და 148 491,82 ევრო. შესაბამისად, მეორე მოპასუხემ 2011 წლის 20 იანვრიდან 2012 წლის 2 მაისამდე განვლილ პერიოდში სულ გადაიხადა 10 496 73,62 ევრო (651 181,8 ევროს + 39849,82 ევრო) რაც გამორიცხავდა მოსარჩელის წინაშე დილერის (მეორე მოპასუხის) დავალიანების არსებობას.
20. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით ნაწილობრივ, მეორე მოპასუხის მიმართ მოთხოვნის ნაწილში, გაასაჩივრა მოსარჩელემ შემდეგი საფუძვლებით:
20.1. სასამართლომ დაარღვია მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების პრინციპი; ვალდებულებით სამართალში ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთის მატარებელი მხოლოდ მოვალე შეიძლება იყოს, გამყიდველის მტკიცების ტვირთი მხოლოდ პროდუქციის მიწოდების გარემოების დადასტურებით შემოიფარგლება, რაც შეეხება პროდუქციის მყიდველს, მას წარმოეშობა ვალდებულება, დაადასტუროს, რომ მან მიღებული პროდუქციის საფასური გადაიხადა. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მტკიცების ტვირთი, როგორც საქონლის მიწოდების, ისე საფასურის გადახდისა, მთლიანად მოსარჩელეს დააკისრა, რითაც დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 102-ე მუხლის მოთხოვნები.
20.2. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ მეორე მოპასუხეს მიაწოდა 1 007 710.38 ევროს პროდუქცია, ამ უკანასკნელმა კი ვერ დაამტკიცა, რომ მან ეს თანხა სრულად გადაიხადა. მან სასამართლოს წარუდგინა გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელთა ჯამი შეადგენდა მხოლოდ 708 492. 61 ევროს და არა 1 049 673.62 ევროს, როგორც ეს სასამართლომ დაადგინა. მოსარჩელემ ექსპერტს მიაწოდა ინფორმაცია მხოლოდ მეორე მოპასუხის მიერ გადახდილი თანხის საერთო ოდენობის შესახებ, რაც შეადგენს 651 181.80 ევროს, რაც ასახული იყო ექსპერტისათვის წარდგენილ ცხრილში და რომელშიც შედიოდა მოპასუხის მიერ გადახდილი ყველა თანხა მათ შორის, 250.000 ევროს ავანსი და შემდგომში გადახდილი 148,491,82 ევროც.
20.3. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რასაც შედეგად მოჰყვა არასწორი გადაწყვეტილების მიღება.
21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარი სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ და „გ“ ქ/პუნქტების საფუძველზე ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებული იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
22. საქმის მასალების გაცნობა, მათი შესწავლა და ანალიზი, ასევე, მხარეთა მოსაზრებების ზეპირი მოსმენით შემოწმება, საკასაციო სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს, გამოიტანოს დასკვნა საკასაციო საჩივრის უსაფუძვლობის თაობაზე, სახელდობრ:
23. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
24. კასატორის ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ სააპელაციო სასამართლომ საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი ზოგადი წესის საწინააღმდეგოდ (თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, სსსკ-ის 102-ე მუხლი) გაანაწილა მტკიცების ტვირთი და ნაცვლად მოპასუხისა, მოსარჩელეს დააკისრა მიწოდებული პროდუქციის ფასის გადახდის, ანუ ფულადი ვალდებულების შესრულების დამტკიცება.
25. რასაკვირველია, საპროცესო სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების კასატორისეული განმარტება სრულ შესაბამისობაშია უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკასთან („სსსკ-ის მე-4 მუხლის დანაწესით, სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. შეჯიბრებითობის პრინციპი მოიცავს მხარეთა საქმიანობას საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სფეროში. მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი დასაბუთება ეკისრებათ თავად მხარეებს. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ თუ რომელი ფაქტები დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს და რა კონკრეტულ გარემოებებს დაემყარება მათი შესაგებელი. შეჯიბრებითობის პრინციპის კონკრეტული გამოვლენაა სსსკ-ის 102-ე მუხლის დებულება, ამავე მუხლით განსაზღვრულია მტკიცებულებათა სახეები, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. საბოლოოდ კი, მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს სასამართლო მათ ერთობლიობაში სსსკ–ის 105–ე მუხლის მეორე ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, მტკიცებულებათა შეფასება უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ“ (იხ. საქმე#ას-151-147-2016. 19.04.2016), მაგრამ, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ამ პრინციპების დარღვევისა და არასწორი გადაწყვეტილების მიღების ფაქტი არ დგინდება.
26. უფრო მეტიც, სააპელაციო პალატამ სწორედ ზემოაღნიშნული საპროცესო ნორმების გამოყენებით დაასკვნა, რომ ვალდებულება შესრულებით იყო შეწყვეტილი {სსკ-ის 427-ე მუხლი} და დავალიანების არსებობა არ დასტურდებოდა, რადგანაც მეორე მოპასუხემ დასაშვები მტკიცებულებების საშუალებით დაამტკიცა ის გარემოება, რომ მან მიწოდებული პროდუქციის ღირებულება სრულად გადაიხადა:
26.1 დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2010 წლის 15 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება აკმაყოფილებდა გარიგების დადების ზოგად პირობებს {სსკ-ს 477-ე და 54-59-ე მუხლები}. მეორე მოპასუხემ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და იმავე წლის 23 სექტემბერს მოსარჩელეს ანგარიშზე ავანსად (შენიშვნა:ავანსი წარმოადგენს ფულად თანხას, რომელიც გაიცემა წინასწარ შემდგომი გადახდის ანგარიშში საქონლის მიწოდებისთვის) ჩაურიცხა 250 000 ევრო; პროდუქციის მიწოდება დაიწყო 2011 წლის იანვრიდან, და მოსარჩელემ მეორე მოპასუხეს 2011 წლის 20 იანვრიდან 2012 წლის 2 მაისამდე 1 007 710,38 ევროს ღირებულების საქონელი მიაწოდა;
26.2 სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლის საფუძველზეც მოთხოვნილია დავალიანების, 356 028,54 ევროს გადახდა, სარჩელის საფუძვლიანობას ვერ ადასტურებს, რადგანაც მოსარჩელის მიერ შედგენილი და ექსპერტიზის ჩასატარებლად წარდგენილი ცხრილი არ შეიცავს მეორე მოპასუხის მიერ წარმოებული გადახდების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციას, მათ შორის: 2010 წლის 23 სექტემბერს ავანსად გადახდილ თანხას - 250 000 ევროს, ასევე 2011 წლის 28 აპრილიდან წარმოებული გადახდების შესახებ მონაცემებს, რომლის ოდენობაც საერთო ჯამში შეადგენდა 148 491.92 ევროს (იხ. წინამდებარე განჩინების 13.2.1. პუნქტი).
27. ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ მეორე მოპასუხემ სათანადო და დასაშვები მტკიცებულებებით დაამტკიცა შესრულების საფუძველზე ვალდებულების შეწყვეტის ფაქტი {სსკ-ის 427-ე მუხლი}, ხოლო მოსარჩელემ, რომელიც დავალიანების არსებობის მტკიცების მატარებელია, ვერ შეძლო მეორე მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების სარწმუნო და დამაჯერებელი არგუმენტებით გაბათილება.
28. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარში მითითებული კანონი არ დარღვეულა, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სსსკ-ის 393-394-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-8, 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 408.1.-ე, 408.2-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კომპანია „B.G.S.t. A.S.“-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 ოქტომბრის განჩინება
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მზია თოდუა
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი