Facebook Twitter

№ას- 363-347-2016 28 ივნისი, 2016 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ქ.ბ.მ.მ. (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე –შპს „ზ.“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 თებერვლის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის არ დაკმაყოფილება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი :

1. ქ.ბ.მ.მ–სა (შემდეგში: აპელანტი, მოპასუხე ან შემკვეთი) და შპს „ზ–ს“ (საიდენტიფიკაციო №...., შემდეგში: მოწინააღმდეგე მხარე, მოსარჩელე ან მენარდე) შორის დადებული 2014 წლის 27 მაისის (სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება #125) ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მენარდემ, 374 000 ლარის გადახდის სანაცვლოდ, ქ. ბათუმში, .... სანიაღვრე კოლექტორის სამშენებლო სამუშაოების შესრულების ვალდებულება იკისრა (შემდგომში სამუშაოები) {საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 629-ე მუხლის პირველი ნაწილი}.

2. შემკვეთი 2014 წლის 31 დეკემბრამდე ასევე სახელშეკრულებო ურთიერთობაში (2014 წლის 29 მაისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ # 129 ხელშეკრულება) იყო შპს „გ–თან“ (ს/№.., შემდგომში: ზედამხედველი), რომელიც, თავის მხრივ, ვალდებული იყო, მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოების მიმდინარეობაზე გაეწია ტექნიკური ზედამხედველობა და უზრუნველეყო სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტის შემკვეთისათვის წარდგენა.

3. შესრულებული სამუშაოების ღირებულებას შემკვეთი ეტაპობრივად, ექსპერტიზის დასკვნის, მიღება-ჩაბარების აქტისა და დღგ-ს ანგარიშფაქტურის წარდგენის შემდეგ იხდიდა.

4. მენარდემ სამუშაოები შეასრულა 4 ეტაპად, საიდანაც შემკვეთმა აანაზღაურა 3 ეტაპი. დარჩენილი ერთი ეტაპის ანაზღაურებაზე (სამუშაოების ღირებულება - 136 161.95 ლარი; ყველა შესრულებიდან დაკავებული თანხის ნახევარი 11 133.84 ლარი) შემკვეთის უარი განაპირობა იმან, რომ ზედამხედველმა არ შეადგინა შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი მენარდესთან დადებული ხელშეკრულების ვადის გასვლის მოტივით.

5. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ 147 295.46 ლარის დაკისრების მოთხოვნით. მან მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძვლად სხვა მტკიცებულებებთან ერთად, მიუთითა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №.. დასკვნაზეც {სსკ-ის 629- ე მუხლი}.

6. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ მას ვერ წარუდგინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მეოთხე ეტაპის სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები.

7. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 147 295 79 ლარის გადახდა.

8. გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 10 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

10. სააპელაციო სასამართლომ სამუშაოები დადგენილ ვადაში შესრულებულად მიიჩნია, რომელიც არ მიიღო აპელანტმა, რის გამოც, სსკ-ის 649-ე მუხლის თანახმად, აპელანტს წარმოეშვა შემხვედრი ვალდებულება შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების შესახებ. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მე-4 ეტაპის სამუშაოების ღირებულების (5%-ის ნაკლებობით) 136 161,95 ლარის, ასევე, ფაქტობრივად შესრულებული მთლიანი სამუშაოს ღირებულების მიხედვით დაკავებული 5%-ის -22 267,67 ლარის, სულ - 147 295 79 ლარის გადახდა, არსებითად სწორი იყო, რაც, სასამართლოს დასკვნით, გამორიცხავდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას.

11. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 10 თებერვლის განჩინება, აპელანტმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

11.1. სასამართლომ არასწორად მიიჩნია სამუშაო შესრულებულად, ვინაიდან, სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება, ტექნიკური ზედამხედველის მიერ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტი, მოსარჩელეს არ წარუდგენია.

11.2. სასამართლო დაეყრდნო მოსარჩელის ერთადერთ მტკიცებულებას, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №... დასკვნას, ხელშეკრულებით ნაკისრი მეოთხე ეტაპის სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით.

11.3. სასამართლომ არასწორად დაადგინა მოსარჩელის მიერ სამუშაოთა შესრულება, ვინაიდან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოთა მეოთხე ეტაპის სამუშაოების ღირებულებასა და ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებას შორის სხვაობა შეადგენდა 16 708,50 ლარს დღგ-ს ჩათვლით.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ საკასაციო საჩივარი 2016 წლის 21 აპრილის განჩინებით, წარმოებაში მიიღო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში, სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

13. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგი გარემოებების გამო:

13.1. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

15. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებასთან მიმართებით არსებითად სწორია.

16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ საქმე ას-1701-1685-2011 22.10.2012).

17. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

18.1. განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

18.2. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

18.3. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მეოთხე ეტაპის სამუშაოთა შესრულების ღირებულებამ, რომელიც შემკვეთს არ აუნაზღაურებია, დღგ-სა და ხელშეკრულების 9.5. პუნქტით გათვალისწინებული დაკავებული 5 %- ის გათვალისწინებით, შეადგინა 147 295, 79 ლარი, შესაბამისად, მოპასუხის დავალიანება 147 295,79 ლარია.

18.4. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელემ მოპასუხესთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები სრულად შეასრულა დადგენილ ვადაში, ხოლო შემკვეთმა შესრულებული სამუშაო არ მიიღო.

18.5. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დაამტკიცა სამუშაოების ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესაბამისად შესრულება. საპირისპიროს დამტკიცება შემკვეთს არც კი უცდია. მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ მასთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფმა ტექნიკურმა ზედამხედველმა ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის მოტივით არ შეადგინა მიღება-ჩაბარების აქტი, არ არის საკმარისი სარჩელის უარსაყოფად, მაშინ როდესაც, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის გამაბათილებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც ის განუხილველად უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ.ბ.მ.მ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ქ.ბ.მ.მ. გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი